Archive for February, 2020

ჩვენი ტესტი – ВПО-148/”Vepr-1V”

Saturday, February 29th, 2020

P1120347

2007 წელს, ერთ შაბათ დღეს მე და ჩემი მეგობარი ვვარჯიშობდით კუს ტბაზე. ვარჯიშის მერე გადავწყვიტეთ ვესტუმროთ ჩვენი მეორე მეგობრის  იარაღების მაღაზიას. უბრალოდ გასართობათ და დროის გაყვანის მიზნით. არ ვიცი როგორ, მაგრამ სახლში მე დავბრუნდი 5.45 კალიბრის „ვეპრით“ ჩემი მანქანის საბარგულში. ვისაც არ გახსოვთ ან უბრალოდ ძალიან ახალგაზრდები ხართ, 2007 წელს საქართველოში გრძელი იარაღების არჩევანი იყო ძალიან მოკრძალებული. 99.9% პროცენტით ეს აარჩევანი შედგებოდა ე.წ. „ნზ“-ს ან რუსული წარმოების იარაღებით. მიუხედავად ამისა, 5.45 კალიბრის იარაღი საქართველოში პრაქტიკულად არ იყო გაყიდვაში. პრინციპში ის ეკზოტიკად ითვლებოდა ყველგან რუსეთის ჩათვლით, სადაც 5.45 როგორც საარმიო კალიბრი, იმ დროს იყო აკრძალული სამოქალაქო ბრუნვაში. დნარაჩენი  მსოფლიოც ამ შედარებით ახალგაზრდა კალიბრს პრაქტიკულად არ იცნობდა. საქართველოში რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მხოლოდ რამდენიმე ერთეული 5.45 კალიბრის „ვეპრები“ შემოიტანეს და მაღაზიის მეპატრონის სიტყვებით, ყველა ეს იარაღი „დაიტაცეს“ ახლობლებმა. ეს იარაღიც ერთ-ერთ ასეთ ახლობელს ეკუთვნოდა და მერე უკვე მოხვდა ჩემ ხელებში.

მომდვენო წელი მე დავუთმე ამ კალიბრის, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, სიღრმისეულ შესწავალას. ამდენი ომების და კონფლიქტების  შემდეგ  ”აკაესის ტყვიაზე” უამრავი მითი და ლეგენდა დადიოდა. ჩვენ  ვისროდით წინაღობებში, რომ გვენახა რა მოსდის ტყვიას ხეში, რკინაში გავლისას, ვისროდით ბუჩქების გავლით, რომ გვენახა რა გავლენას ახდენდა ტოტები და ფოთლები ტყვიის ტრაექტორიაზე, რა თქმა უნდა ვისროდით სიზუსტეზეც. ერთი წლის შემდეგ მე დავრწმუნდი, რომ 5.45 არის კარგი კალიბრი, მყარი ტყვიით, რომელიც კარგად ინარჩუნებდა მასას და ფორმას წინაღობებში გავლისას. ასევე დავადგინეთ, რომ ბუჩქებს ამოფარებულ მოწინააღმდეგეს ტყვია მაინც მიწვდებოდა, თუმცა დაყირავებული და ასევე დავრწმუნდი იმაში რომ ეს კალიბრი არის ძალიან ზუსტი და სროლა, უკუცემის მცირე იმპულსის გამო, ძალიან კომფორტულია. „ვეპრითაც“ ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ეს იარაღი ხარისხით და შესრულებით ბევრად უკეთესი იყო ვიდრე ნებისმიერი “საიგა”.  კარგი დაფარვა, ლამაზად შესრულებული დამღები და წარწერები, კარგი ხარისხის ხის ფურნიტურა და განსხვავებული იერსახე, გამოარჩევდა „ვეპრებს“ ნაჯახით გამოთლილი „საიგებისგან“.  იარაღს მოყვა ПСО-1 ტიპის ოპტიკური სამიზნე და მისი ოთხჯერადი გადიდება საკმარისი იყო რომ ძალიან კარგი ჯგუფები მიგვეღო.  შეძენიდან სადღაც ერთი კვირის მერე იარაღი მე გავასხვისე და ეს კალიბრი დავივიწყე 13 წლით.

არც ისე დიდიხანია, რაც თბილისში ისევ გამოჩნდა “მოლოტის” პროდუქცია. “მოლოტ” ანუ ურო, ასე ქვია ქარხანას, რომელიც განლაგებულია  რუსეთში, კიროვის ოლქის ქალაქ ვიატსკიე პოლიანიში.  მანდ განლაგებული საწარმო კარგახანი უშვებდა საბჭოთა და რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის, კალაშნიკოვის სისტემის  მსუბუქ ტყვიამფრქვევებს, მას მერე მოყოლებული ამ ქარხნის სამოქალაქო “კალაშნიკოვები”, ისევე როგორც საარმიო РПК, აღჭურვილია უფრო სქელი ფოლადის ფირფიტისგან დამზადებული ნაშტამპი რესივერით და უფრო მასიური “ტრუნიუონით” რომელიც უკეთ შთანთქავს სიცხეს ინტენსიური სროლისგან. ამიტომ  ”ბეჭებიანი” რესივერი იყო ყველაზე თვალში საცემი ნიშანი, რომელიც ყოველთვის გამოარჩევდა “მოლოტის” შაშხანებს და კარაბინებს.  ქარხანა მრავალი წელია არის გაკოტრების რეჟიმში, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებს პროდუქციის გამოშვებას, რომელიც მიუხედავად ფინანსური და სხვაგვარი პრობლემებისა ასე თუ ისე ინარჩუნებს ხარისხს და მისი პროდუქცია სარგებლობს მოთხოვნით.

განცხადებას  ამ “ვეპრის” გასხვისებაზე, რომელზეც წავა საუბარი ამ სტატიაში მე ორი კვირა ვადევნებდი თვალს, სანამ საბოლოო ჯამში გადავწყვიტე მისი შეძენა. ფასი კარგი იყო, იარაღის კომპლექტაციაც საინტერესო, 5.45 ვაზნები ასე თუ ისე იყიდება მაღაზიებში და ამიტომ იარაღი გადმოვიფორმე.

ჩემს მიერ შეძენილი კარაბინის ოფიციალური დასახელება არის ВПО-148 და ის წარმოადგენს საკმაოდ საინეტერესო ქმნილებას, რომელიც საერთოდ არ გავს ტიპიური სამოქალაქო „კალაშნიკოვებს“, რომლებსაც ჩვენ მიჩვეულები ვართ. დავიწყოთ ყველაზე თვალში საცემი განსხვავებებით. იარაღი იყენებს 90 გრადუსიან, დენთის აირების კამერას, რაც დამახასიათებელია „კალაშნიკოვის“ შედარებით ახალი მოდელებისთვის. უჩვეულოდ მოკლე 350მმ-ნი ლულა (ბიჯი 1:195, ლულის არხი და სავაზნე ქრომირებულია) არის სქელი პროფილის ხოლო მის ბოლოს დაყენებულია მასიური სამკამერიანი, მიჩულეკის ტიპის ლულის მუხრუჭი. რესივერის ხუფზე, მოქლონების გამოყენებით დაყენებულია პიკატინის სამაგრი, ხოლო ხუფი თავისმხრივ უკავშირდება რესივერს (ტრუნიონს) სახსარით, დაახლოებით ისევე, როგორც  ეს განხორციელებულია AKС-74У-ში. კარაბინზე ასევე დაყენებულია РПК-ს უკანა სამიზნი მოწყობილობა, რომელიც გარდა ვერტიკალური შესწორებებისა ასევე გაძლევს საშუალებას მარტივად შეიატანო ჰორიზონტალური შესწორებები.  განსხვავდება „ვეპრის“ კონდახიც, მასიურ რკინის სახსარზე დაყენებულია სტანდარტული AR-15-ის რესივერის დაგრძელება (ე.წ. ბუფერის მილი), რაც გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ AR-15-ზე გათვლილი კონდახები. გარდა ამისა, სახსრის მეშვეობით, კონდახი იკეცება მარჯვნივ. გაშლილ მდგომარეობაში კარაბინის სიგრძე 840მმ-ია, ბოლომდე გაშლილი 6 პოზიციანი კონდახით – 920მმ, გვერძე მოკეცილი კონდახით სულ რაღაც 630მმ.

P1120339

ВПО-148-ის უკანა სამიზნი მოწყობილობა, ასევე კარგად ჩანს რესვიერის. ხუფის სახსარი. სამიზნი მოწყობილობის დოლურა გამოწეულია.

კარაბინი აღჭურვილია ე.წ. “სუხარით”, ნაწილით რომელიც დამაგრებულია რესივერის შიგნით და უზრუნვლეყოფს ვაზნების მიწოდებას სტანდარტული AK-74-ის მჭიდებიდან.  ეს ცალსახად არის უპირატესობა “საიგებთან” შედარებით. როგორც ყველა, რუსული წარმოების სამხედრო იარაღი, ჩვენი “ვეპრიც” დაფარულია სქელი შავი საღებავით.

ამ ნაწილის წაკითხვის შემდეგ უნდა დაგრჩეთ შთაბეჭდილება, რომ ВПО-148 არის მაგარი იარაღი, რომელიც ქარხნიდან მოდის ისეთ კომპლექტაციაში, რომ საკმარისია მარტო ოპტიკის და ღვედის დაყენება და მიიღებთ პრაქტიკულად “დატუნინგებული” “კალაშნიკოვს”. მაგალითად “საიგა” რომ მოიყვანოთ ანალოგიურ მდგომარეობამდე დაგჭირდებათ ასობით ლარის დახარჯვა. სამწუხაროდ მთლად ასე არ არის. დავიწყოთ იქიდან, რომ ВПО-148 ღირს საკმაოდ ძვირი – 2850 ლარი, რაც უკვე პრაქტიკულად AR-15-ის ტერიტორიაა. მაგრამ მაღალი ფასი მისი ერთადერთი ნაკლი არ არის. ახლოდან გაცნობის შემდეგ, ხვდები რომ პრობლემების ჩამონათვალი გაცილებით გრძელია. მაგალითად პირველი, რასაც ხვდებით ВПО-148-ის ხელში აღებისას არის ის, რომ ეს მოკლე კარაბინი არის ძალიან მძიმე.  მოკლე კარაბინი, გათვლილი დაბალიმპულსიან კალიბრზე,  იწონის არც მეტი არც ნაკლები 4,6 კილოს სავსე მჭიდით. სტანდარტული “საიგის” წონა მაგალითად არის სადღაც 3.3 კგ. 1.3კგ სხვაობა წონაში არის კოლოსალური განსხვავება. როგორც მე მიყვას ხოლმე თქმა, თუ იარაღი არის მსუბუქი, ოპტიკის და სხვა მოწყობილობების დაყენების შემდეგაც თქვენ გექნებათ გოინივრულად მსუბუქი იარაღი.  მთავარი მიზეზი ამხელა სხვაობის წონაში არის სქელი პროფილის ლულა, უფრო სქელი რესივერი და უფრო მასიური ტრუნიონი, მაგრამ მარტო წონით და ფასით ამ იარაღის პრობლემები არ შემოიფარგლება.

ВПО-148-ის ყველა დანარჩენი ნაკლოვანება გამომდინარეობს იქიდან, რომ იარაღი არ არის კარგად ნაფიქრი. დავიწყოთ ჩამოთვლა იმით, რომ იარაღის კონდახი იკეცება მარჯვნივ და თუ გვერდითა სამაგრზე ოპტიკა გიყენიათ, მაინც შეძლებთ კონდახის მოკეცვას, რაც კარგია. მაგრამ კონდახის მოკეცვისას მას ერჭობა მცველზე შესრულებული დამატებითი თარო, რის გამოც FAB Defense-ის კონდახზე გაჩნდა სელექტორით “ამოჭმული” ადგილი. კონდახის სახსარი არის რკინის, რაც კარგია, მაგრამ იმისთვის რომ ის მოკეცოთ, მთლიანად კონდახი უნდა ჩაწიოთ ქვევით, რისთვისაც საჭიროა დაძლიოთ საკმაოდ მძიმე ზამბარის წინააღმდეგობა და ასე, მანამ სანამ კონდახი ბოლომდე არ მოიკეცება. კონდახის გაშლა არ ხდება ერთი მოძრაობით. ამის მაგივრად ის ისევ უნდა ჩაწიოთ დაბლა (რაც ასევე არ გამოდის ადვილად და სწრაფად) და გაშალოთ, თუ პროცესში დაწოლა ქვევით შეწყვიტეთ კონდახი გაიჭედება ან საკეტის ერთი ნაწილი დაარტყავს მეორეს და დააზიანებს მას. ასეთი უცნაური გადაწყვეტილება იწვევს იმას, რომ იარაღის სწრაფად საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა შეუძლებელია. მცდელობამ ერთი მოძრაობით კონდახის გახსნის, გამოიწვია მისი გაჭედვა ღია მდგომარეობაში, იმიტომ რომ დაზიანდა მცველი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს გასროლას მოკეცილი კონდახით. საჭირო გახდა, ურო, “ბარგალკა” და ქლიბი. შემდგომში ეს ინსტრუმენტები ისევ არაერთხელ გახდა საჭირო…

შემდეგი პუნქტი ჩამონათვალში არის მცველის გადამრთველი და მასზე დაყენებული დამატებითი “თარო”. დიახ ВПО-148 კომპლექტდება “გაუმჯობესებული” მცველით, რაც კარგია, მაგრამ პირდაპირ ყუთიდან მისი გამოყენება შეუძლებელია. თუ ჰალკი არ ხართ ამ თაროს გამოყენებით მცველს ადგილიდან ვერ დაძრავთ. საჭიროა გადამრთველის მოღუნვა, მაგრამ მაშინაც თაროს ფორმა და განლაგება დიდად ხელს არ გიწყობთ სისწრაფეში. ან პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ თაროს დანიშნულებით გამოყენება უბრალოდ შეუძლებელია. ეს თარო გერჭობათ ხელში და როგორც ბონუსი, ასეთი გადამრთველი თან დააზიანებს კონდახის პლასტმასას და შეუძლებელს გახდის მის ჩართვა-გამორთვას დაკეცილ კონდახზე. ეს გადაწყვეტილება ანალოგიურია Krebs-ის Ambi Enhanced AK Safety-ის მაგრამ ჩემი აზრით ის მოუხერხებელია, პირდაპირ ყუთიდან არ მუშაობს და რაც უფრო ცუდია, რომც აიძულოთ ის იმუშაოს, ჩამოგიყალიბებთ არასწორ ჩვევას და სხვა AK-ს ხელში აღებისას მოგიწვევთ გადაჩვევა. ამიტომ საჭირო გახდა “დრემელი” და “გაუმჯობესებული” მცველი გაუმჯობესება. მე ეს თარო უბრალოდ მოვჭერი.

ak sel

ასე (მარჯვნივ) გამოიყურება “კალაშნიკოვის” სელექტორის მოდიფიკაცია, რომელიც ხდის მას უფრო მოსახერხებელს, რუსებს მხოლოდ უნდა ეს გაემეორებინათ, ამის მაგივრად მათ შექმნეს სელექტორი, რომელიც უფრო მოუხერხებელი გახდა ვიდრე სტანდარტული.

ასევე თავისებურად არის მოგვარებული „კალაშნიკოვის“ პლატფორმის ტრადიციული პრობლემა, რომელიც უკავშირდება ოპტიკის დაყენების სირთულეს. კარგია, რომ გვერდითა სამაგრი შენარჩუნებულია, ხოლო ხისტი რესივერი უზრუნველყოფს ოპტიკის უფრო საიმედო დაფიქსირებას. გვერდითი სამაგრის გარდა „ვეპრზე“ ასევე არის რესივერის ხუფის მთელ სიგრძეზე დაყენებული “უივერის” სამაგრი. აქამდე ასეთ ხუფებს იყენებდნენ მარტო აირსოფტის იარაღები ან ჩინური ნაკეთობები, რომლებსაც თავმოყვარე ადამიანი არ დააყენებდა ცეცხლსასროლ იარაღზე. ხუფი თხელია, არ წარმოადგენს რესივერის ნაწილს და ამიტომ მასზე ოპტიკის დაყენების შემდეგ “ნოლის” შენარჩუნება არის პრაქტიკულად შეუძლებელი. „ვეპრში“ ეს პრობლემა „მოგვარებულია“ იმით, რომ ხუფი მაგრდება რესივერზე სახსარის მეშვეობით. ასევე კარგია, რომ  სამაგრი მეტალის არის და ალბათ გამოდგება მცირე ზომის „რედ-დოტის“ დასაყენებლად და 50-100 მეტრზე სასროლად, მაგრამ მე პირადად მეეჭვება ამ კონსტრუქციამ გაუძლოს სრულფასოვან ოპტიკურ სამიზნეს და არ დაკარგოს ზერო, ხუფის გახსნის შემდეგ ან უბრალოდ სროლისგან გამოწვეული ვიბრაციით. მართალი ვარ მე თუ ვცდები, ამ ეტაპზე არ ვიცი, უბრალოდ ვიცი რომ ოპტიკის ასეთი მონტაჟი ეწინააღმდეგება ჟანრის კანონებს.  მიჭირს ასევე წარმოვიდგინო რა წონასს აარტყავს „ვეპრი“, როდესაც მასზე დააყენებთ, ფარანს, გვერდითა კრონშტეინს და ოპტიკას. ალბათ იარაღის გადასატანად საჭირო გახდება სოკოლოვის ლაფეტი….

კრიტიკას იმსახურებს ასევე „ვეპრის“ ტიბჟირი, რომლის მასალაც გამოიყურება როგორც რაღაც იაფი, დაბალხარისხიანი, თანაც პრიალა, სათამაშო პლასტმასა. ტიბჟირიც და დენთის აირების მილაკის გარსაცმი დაფარულია ღარებით, სადაც გროვდება მტვერი და ჭუჭყი, ჩემი აზრით უბრალო სადა პლასტმასის ფურნიტურა იქნებოდა საკმარისი. კარგი ის არის რომ ტიბჟირის ქვევიდან არის პიკატინის სამაგრი, ხოლო გვერდებიდან პიკატინის სამაგრის სეგმენტების დასაყენებლად გათვლილი შესაბამისი წერტილები. სამაგრი პლასტმასის არის და შესრულებულია ტიბჟირთან ერთად. ტიბჟირის გვერდითა სამაგრები არ მოყვა, ან წინა პატრონს დაავიწყდა გადმოეცა…

vepr furnit

ფურნიტურა გაიწმინდა და შეიღება. 

ქარხნულად „ვეპრი“ კომპლექტდება უცნაური ფორმის სახელურით, რომელიც წინა პატრონმა გამოცვალა Magpul-ით, რისთვისაც მას დიდი მადლობა, იმიტომ რომ ქარხნული ფსევდო-ორთოპედიული სახელური უფრო მოუხდებოდა პაკისტანის მთიან რეგიონებში კუსტარულად დამზადებულ იარაღს.

P1120338

FAB-ის კონდახი არის კარგი ხარისხის, ერგონომიულია, გააჩნია სწრაფად მოსახსნელი საღვედისთვის გათვალისწინებული სამაგრი. ქარხნულად „ვეპრი“ კომპლექტდება მთლიანობაში დამაკმაყოფილებელი თუმცა ჩემი აზრით ზედმეტად რთული და გადატვირთული კონსტრუქციის კონდახით. ზოგი მოდელი კომპლექტდება ასევე დასაკეცი ლითონის დუგლუგით. 

P1120343

ВПО-148-ის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი. კარაბინზე დაყენებულია ე.წ. “ავტოსპუსკი”, რომელიც ბუნებრივია დაყენებულია არა იმიტომ, რომ კარაბინმა ისროლოს ჯერებთ არამედ ამ შემთხვევაში უბრალოდ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, როდესაც სანამ საკეტი არ მივა უკიდურესად წინა პოზიციაში ჩაჩხმახი დარჩება ჩაკეტილი.  

საქართველოში “ვეპრები”, როგორც ჩანს იყიდება სტანდარტული 30 ვაზნიანი მჭიდებით. ჩემ იარაღს მოყვა სტანდარტული АК-74-ის მჭიდები, აქიდან ერთი იყო პლასტმასის ორი კიდე ბაკელიტის. მე არ ვიცი ეს მჭიდები წინა პატრონს ეკუთვნოდა თუ მოყვა იარაღს ქარხნიდან (რუსები წერენ, რომ „ვეპრს“ შეიძლება მოყვეს, როგორც ახალი „კომერციული“ მჭიდები ასევე ბაკელიტის) მაგრამ სამივე მჭიდი იყო შეღებილი რაღაც საღებავით, რომელიც გავს ბიტუმის ლაკის ნაირსახეობას, რომლითაც რუსები ღებავენ იარაღს. ეჭვი მაქვს, რომ ეს სამღებრო სამუშაოები „მოლოტში“ ჩატარდა. მეორადი თანაც არც ისე კარგად შენახული მჭიდებით ახალი იარაღის დაკომპლექტება კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს რუსი მწარმოებლების დამოკიდებულებას მათი კლიენტების მიმართ. ყველაზე სამწუხარო კი ის იყო, რომ მჭიდის მეტალის დეტალები ატარებდნენ კოროზიის ნიშნებს, რის გამოც მჭიდის საკეტელა ხშირად იჭედებოდა ბჯენზე იმიტომ, რომ უკანასკნელი იყო კოროზიისგან დეფორმირებული. საჭირო გახდა ისევ დრემელის გამოყენება და ბჯენის ზედაპირის გასწორება. სიმართლე გითხრათ, ასეთი მჭიდები მე მაინც მირჩევნია ნებისმიერ “მაგპულებს” ან სხვა თანამედროვე წარმოების მჭიდებს. თანაც 40 წუთი, 1 ლიტრი ბენზინი და მჭიდებს დაუბრუნდათ „ცივი ომის“ ხიბლი.

 vepr diy mods

„ვეპრს“ კომპლექტში ასევე მოყვება საარმიო ზეთის მათარა და რკინის ცილნდრი საწმენდი კომპლექტით, “sneaky russians” გავიფიქრე მე, ვერ მოიფიქრეს კარაბინის ნორმალური ინვენტარით დაკომპლექტება, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ამერიკელების ეკონომიიდან გამომდინარე საღვედეებსაც კი არ უყენებენ იარაღს და ვინმემ რომ ჩაგიდოს საწმენდი ნაკრები საერთოდ წარმოუდგენელია, ასე რომ აქ ჯობია გავჩუმდეთ.

P1120342

ВПО-148-ის მოძრავი ნაწილები.  დამაბრუნებელი ზამბარის მოდულზე დაყენებულია რეზინის ბუფერი, რომელიც ალბათ წინა პატრონმა დააყენა. “ვეპრის” დგუში დამაგრებულია საკეტის ჩარჩოზე ხრახნებით და გვერდებიდან წერტილოვანი პრესით (მრგვალი ჩაღრმავებები ჩარჩოს და დგუშის მიერთების ადგილას). შტიფტით დამატებითი ფიქსაცია რუსეთში კარაგხანია (ასე 90-ების დასაწყისიდან) აღარ გამოიყენება, თუმცა ითვლება, რომ უფრო საიმედოა და შესაბამისად უფრო ძვირიც.

დაშლის, აწყობის და მოვლა/მომსახურების თვალსაზრისით, ВПО-148 არაფრით არ განსხვავდება ნებისმიერი სხვა “კალაშნიკოვისგან” ამიტომ ამ თემაზე არაფერს აღარ დავწერ.

მე მიჭირს ამ „მონსტრი“ კარაბინის შეფასება. თუ ეს არის ის, როგორც რუსები უყურებენ „კალაშნიკოვის“ პლატფორმის განვითარებას, მაშინ მე კიდე უფრო ვრწმუნდები, რომ რუსებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორი უნდა იყოს პირადი ცეცხლსასროლი იარაღი და საერთოდ რა ტრენდები და ტენდენციებია სამოქალაქო ტაქტიკური იარაღების სეგმენტში.  ან მეორე ვარიანტი, ВПО-148 არის გათვლილი ტიპიურ საშუალო სტატისტიკურ რუსული იარაღის მოყვარულ “სასტავზე”, რომელსაც უდაოდ მოეწონება ასეთი „კალაშნიკოვი“ სტეროიდებზე. მე ყურადღებით შევისწავლე რუსების გამოხმაურებები ВПО-148-ზე და გამოხმაურებები საკმაოდ თავშეკავებულია. იარაღი მუშაობს, მაგრამ ხალხს არ ესმია ამ იარაღის დანიშნულება….

გაგიკვირდებათ და „მოლოტს“ აქვს ჩამოყალიბებული კონცეფცია ამ იარაღისთვის. ოფიციალური ვერსიით, ВПО-148 შექმნეს ”გარკვეულ სპეცდანიშნულების რაზმებთან” თანამშრომლობით. “მოლოტის” განმარტებით ВПО-148 არის მსუბუქი (!!!) მხარდაჭერის იარაღი. ერთგვარი M4 მძიმე SOCOM ლულით ან Stoner 63, გათვლილი ახლო მანძილებზე ინტენსიური ცეცხლის წარმოებისთვის. სქელი ლულა და მასიური ტრუნიონი უკეთ შთანთქავს ლულის ყველაზე საშიშ მტერს – სიცხეს, მაგრამ ნახევრად-ავტომატურ იარაღში ეს საერთოდ არანაირ როლს არ თამაშობს. როგორც მინიშნება იმაზე, რომ ВПО-148 უბრალო კარაბინი არ არის, „მოლოტი“ აკომპლექტებს მათ 45 ვაზნიანი მჭიდებით. ჩვენამდე იარაღმა მოაღწია 30 ვაზნიანი მჭიდებით.

მოკლედ ВПО-148 არის ბრუტალურად ლამაზი, მძიმე როგორც მომაკვდინებელი ცოდვა და როგორც უმეტესობა რუსულ იარაღების, საჭიროებს ქლიბს და ჩაქუჩს ჭკუაზე მოსაყვანად. დადებით მხარეებს უდაოდ განეკუთვნება ხისტი რესივერი და მასიური ტრუნიონი, რის გამოც იარაღი თეორიულად უფრო ზუსტი უნდა იყოს ვიდრე “საიგა”. უფრო ხისტი რესივერის გამო, ოპტიკაც უფრო მყარად უნდა იდგას. სიზუსტეს ასევე ხელს უნდა უწყობდეს სქელი ლულა.

ძალიან ყუარადღებიანმა დაკვირვებამ ვერ გამოავლინა “კალაშნიკოვისთვის” ტიპიური ხარვეზები, როგორიც არის არასწორად ჩასმული ტრუნიონი, ზედმეტად ფართე მჭიდის დასამაგრებელი ადგილი, მორყეული ტიბჟირი ან დენთის აირების მილი/მისი გარსაცმი და ა.შ.  არც დასაკეცი კონდახის მექანიზმში არ არის “ლუფტები”. კონდახი სწორია და არა დახრილი, რაც ასევე კარგია. მთლიანობაში იარაღი ხარისხიანად არის აწყობილი, რასაც ვერ დაუკარგავ.  გვერძე მოკეცილი კონდახით იარაღი ძალიან კომპაქტურია, სულ რაღაც 630მმ სიგრძეში.

მოკლედ „ვეპრმა“ შერეული შთაბეჭდილებები დამიტოვა. ტექნოლოგიურად და ერგონომიულად ის არის ისევ 60-ან წლებში, მიუხედავად იმისა, რომ „მოლოტში“ ეცადნენ აყოლოდნენ თანამედროვე ტენდენციებს, უბრალოდ რაღაცა ბოლომდე ვერ გაიგეს, რაღაცა დაეზარათ, რაღაცა ვერ გათვალეს და მივიღეთ ის რაც მივიღეთ, 4.6 კგ-ნი მონსტრი. ობიექტურები, რომ ვიყოთ, რაიმე ფატალური ნაკლი იარაღს არ აქვს, ხოლო წვრილმანების გამოსწორება ან მათთან ადაპტირება/თანაცხოვრება რთული არ უნდა იყოს.

20200215_155734

სქელი ლულა, პრაქტიკული თვალსაზრისით სამოქალაქო ტაქტიკურ კარაბინზე და ზოგ სხვა დანიშნულების იარაღზე აბსოლუტურად ზედმეტია. 

დარჩა მხოლოდ პასუხის გაცემა კითხვებზე, როგორ მუშაობს „ვეპრი“, რამდენად საიმედოა ის და რა სიზუსტის ჩვენება შეუძლია. მე ჯერ კიდე 2007 წლიდან მოყოლოებული დავრწმუნდი, რომ 5.45 არის კალიბრი გამოირჩევა ძალიან კარგი თანდაყოლილი სიზუსტით. მოკლე და სქელი ლულა, ხისტი რესივერი, დიდი წონა საკმაოდ კარგ სასხლეტთან ერთად, მაძლევდა იმედს, რომ „ვეპრი“ გვიჩვენებდა ღირსეულ შედეგს სიზუსტეში. საიმედოობაში მე ეჭვი არ მეპარებოდა, ეს პლატფორმა ცნობილია თავისი  საიმედოობით, თუმცა მაინტერესებდა, როგორ მოინელებდა ის მუხტებს ექსპანსიური ტყვიებით.

იარაღი სწრაფად გავასწორეთ 50 მეტრზე და აქ უნდა აღვნიშნო, რომ კარგად იმუშავა РПК-ს თარაზომ, რომელშიც ჰორიზონტალური შესწორებები შედის ძალიან ადვილად. უბრალოდ გამოწიეთ დოლურა-ფიქსატორი მარჯვნივ, გადაწიეთ და დააფიქსირეთ საჭირო მდგომაორეობაში. სხვა შემთხვევაში დაგჭირდებოდათ ჩაქუჩი და შტანგელცირკული ან სპეციალური ხელსაწყო. ვერტიკალური შესწორება არ შემიტანია. მე მირჩევნია 100 მეტრიდან და უფრო შორს დამიზნება სამიზნის ძირში, ამიტომ ვასწორებ ჩემ კარაბინებს შესაბამისად.

ჩემი გამცდილებით, ტიპიური “აკ” ისვრის სადღაც საშუალოდ 12სმ-დან 16სმ-მდე ჯგუფებს 100 მეტრზე ყველაზე ტიპიური მუხტებით. არ აქვს დიდი მნიშვნელობა რა კალიბრის არის (.223, 7,62, 5.45×39). მინახია “კალაშნიკოვები” რომლებიც ამაზე უფრო ზუსტები იყო ან პიქირით მაგრამ საშუალოდ ისე არის, როგორც ზევით დავწერე. ტესტირებისთვის ჩვენ მოვიმარაგეთ ვაზნები 53 გრანიანი FMJ ტყვიით, ბარნაულის წარმოების მუხტი 55 გრანიანი ექსპანსური ტყვიით, ამავე მწარმოებლის მუხტი 60 გრანიანი FMJ ტყვიით და Hornady-ის მუხტი, 60 გრანიანი V-max ტყვიით და რკინის მასრით.

საშუალო სიზუსტემ შეადგინა 7.3 სმ, რაც, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე უჩვეულოდ კარგი შედეგია “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღისთვის.  გათვლებისას გამოვიყენე ხუთი სამ გასროლიანი ჯგუფი და მხოლოდ ერთი ფლაიერი გამოვრიცხე, რომელიც ძალიან შორს მოხვდა, რაც მსროლელის, ანუ ჩემი ბრალია. თუ ჩავთვლით ორი მსროლელის ყველა ჯგუფს და ფლაიერებს, საშუალო სიზუსტე 100 მეტრზე გამოდის 9,6 სმ, რაც მაინც ძალიან კარგი შედეგია.

P1120363

აღსანიშნავია, რომ სროლა ხორციელდებოდა წოლიდან, სადგარის და ოპტიკის გარეშე. პრაქტიკული სიზუსტე – 9.5სმ 100 მეტრზე ძალიან კარგი შედეგია, “კალაშნიკოვისთვის” 350 მმ-ნი ლულით. სტანდარტული AK-74-ის ლულის სიგრძე 415მმ-ია. არ მგონია 6.5 სმ-ნმა სხვაობამ გამოიწვიოს საწყისი სიჩქარის დრამატული შემცირება.

როგორც მოსალოდნელი იყო, გასროლის ხმა, მოკლე ლულის და სამკამერიანი მუხრუჭის გამო, იყო ძალიან მაღალი. მსროლელის გვერძე დგომა, სროლის დროს, იყო საკმაოდ არაკომფორტული. მეორეს მხრივ უკუცემა პრაქტიკულად არ არსებობს. მასიური ლულის მუხრუჭი და იარაღის  სოლიდური მასა თავისას შვება. სასხლეტი საკმაოდ რბილია, მაგრამ საკმაოდ გრძელი სვლით, რის გამოც ძალიან სწრაფი სპლიტები არ გამოგივათ.

რაიმე დაბრკოლებას სროლის დროს ადგილი არ ქონდა. იარაღმა მოინელა ყველა ვაზნა, მათ შორის ბარნაულის, ექსპანსიური მოკლე ტყვიით. 100 მეტრამდე სროლისას, რაიმე დრამატული სხვაობა სხვადასხვა მუხტებს შორის არ გამოკვეთილა, ტრაექტორია და ჯგუფები პრაქტიკულად იდენტური იყო. ექსტრაქცია იყო როგორც “კალაშნიკოვებს” ზოგადად ჩვევია ძალიან “ენერგიული”, მასრები მიფრინავდნენ 2 საათი მიმართულებით,  4-6 მეტრზე. მასრებს არ ეტყობათ ე.წ. კრიმინალური დამღების კვალი მასრებზე. როგორც ჩანს იმის გამო, რომ იარაღი საექსპორტოა.

კარგმა სიზუსტემ, გარკვეულ წილად დამავიწყებინა “ვეპრის” ჩავარდნები ერგონომიკაში. სხვას იდეაში არც ველოდებოდი, მოკლე, სქელი ე.ი. ხისტი ლულა, ჩასმული უფრო ხისტ რესივერში, გათვლილი კალიბრზე, რომელიც ცნობილია სიზუსტით, მოგცემენ კარგ შედეგს თუ მუშამ “მოლოტში” წინა დღეს არ უყურე ტელევიზორში პუტინის გამოსვლას, კარგად არ გამოთვრა დეპრესიისგან და მეორე დღეს არ მივიდა პახმელიაზე სამსახურში. გარდა ამისა სქელი ლულა, ასევე თეორიულად უფრო რთულია გააფუჭო “არმატურის” არასწორი დაყენებით. ასევე იმის გამო რომ კორა “ვერპზე” შესრულებულია დენთის აირების კამერაზე, ეს ნიშნავს რომ აღარ არის აუცილებელი ლულაზე დამატებით კორის ბაზის დაყენების, რომელიც შეიძლება იყოს გადახრილი ან ლულაზე გადაჭერილი რაც პირველ შემთხვევაში ითხოვს სერიოზული ჰორიზონტალური შესწორების შეტანას ხოლო მეორე შემთხვევაში იწვევს ლულის დეფორმაციას, რაც ნეგატიურად აისახება სიზუსტეზე. მართალია მინუსი ასეთი მიდგომის არის შედარებით მოკლე სამიზნი ხაზი, რის გამოც შეცდომა დამიზნებაში იწვევს უფრო დიდ შეცდომას სამიზნეზე.

20200229_094315

ხანდახან ასეთებიც ხდება. რა თქმა უნდა ასეთი შედეგი ანომალიაა, მაგრამ ჩემი აზრით ВПО-148 არის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი “კალაშნიკოვი” რომელიც მე მქონია. ჯგუფი მარჯვნივ არის, იმიტომ, რომ იარაღი განულების პროცესში იყო. 

ახლო/თავდაცვით მანძილებზე სროლისას, “ვეპრი” იქცევა, როგორც ტიპიური “კალაშნიკოვი” იმ გამონაკლისით, რომ წონის გამო იარაღს აქვს საკმაოდ დიდი ინერცია, ცეცხლის (სამიზნედან სამიზნეზე) გადატანისას, სიმძიმე გქაჩავს და გაიძულებს უფრო კონცენტრირდე იარაღის კონტროლზე. იმის გამო რომ სასხლეტის სვლა გრძელია და შესაბამისაც სპლიტები ისეთი სწრაფი არ არის, ორმაგი გასროლების დროს სიზუსტეც არის ძალიან მაღალი, მართალია სპლიტების სიგრძის ხარჯზე. მაქსიმალურად სწრაფი ტემპით სროლისას, 5-7 მეტრიდან ყველა მორტყმა ჯდებოდა 6 სმ-ან წრეში.

Shooterscentral.ge-ს დასკვნა: ВПО-148 – “კალაშნიკოვი” სტეროიდებზე, ტოვებს მთლიანობაში ნედლი იარაღის შთაბეჭდილებას, რომელიც თან ფასით ერთ-ერთი თუ არა ყველაზე ძვირადღირებული “კალაშნიკოვის” სისტემის სამოქალაქო იარაღია. პლიუსებს განეკუთვნება დიდი რესურსი და სიზუსტე, რომელიც კლასში ალბათ საუკეთესოა. ასევე პლიუსებს უდაოდ განეკუთვნება ის, რომ ის იყენებს სტანდარტულ AK-74-ის მჭიდებს და პირდაპირ ყუთიდან მას გააჩნია ისეთი ოფციები, რაზეც მის მფლობელს ფულის დახარჯვა აღარ დაჭირდება. იარაღი გათვლილია “მოყვარულზე” (იერსახე, წონა, კომპლექტაცია) ვიდრე სერიოზულ, პრაქტიკულ, მსროლელზე. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ იარაღი, გამძლეა, ზუსტი და საიმედო ის რეკომენდირებულია შეძენისთვის, თუ რა თქმა უნდა მისი წონა თქვენთვის მისაღებია. დასაკეცი კონდახის გამო, ტრანსპორტირებისას “ვეპრი” ასევე ძალიან კომპაქტურია.

Ruger PCC კრიტიკული თვალით

Sunday, February 9th, 2020

P1120023

რაღაც პერიოდი გავიდა მას მერე, რაც მე შევიძინე Ruger-ის 9მმ-ნი კარაბინი და მოვიდა დრო, კიდევ ერთხელ დავუბრუნდე ამ იარაღს და გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები მისი მეტნაკლებად ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემდეგ.  დავიწყოთ კარგით. იარაღი გამოდგა საიმედ. ჩვენმა კარაბინმა ისროლა ყველაფერი რაც მას ვაჭამეთ, მათ შორის 115, 124, 147, 158 გრანიანი ვაზნები. გამომდინარე იქიდან რომ კარაბინმა ასევე უპრობლემოდ მოინელა Speer-ის 147 გრანიანი ვაზნები ბრტყელი თავით, როგორც ჩანს მას არ ექნება პრობლემები ექსპანსიური ტყვიებით აღჭურვილი ვაზნების მონელებასთან. 400-მდე ვაზნაზე, რაც ამ იარაღიდან ვისროლეთ ჩვენ არ მივიღეთ არც ერთი დაბრკოლება. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამას იდეაში უნდა ელოდო იარაღისგან, რომელიც იყენებს მარტივ თავისუფალ საკეტს და Glock-ის მჭიდებს, რომლებიც ცნობილია რესურსით და გამძლეობით. კარაბინის take-down მექანიზმის არ დაჭირვებია რეგულირება და ლულის და რესივერის გადაბმა ისეთივე მყარია, როგორც პირველ დღეს. ეს ასევე ძალიან კარგია და დაამშვიდებს იმათ ვინც ასეთი მექანიზმისგან ელოდება პრობლემებს.

20191208_221717

იარაღი ასევე გამოდგა ზუსტი. მიუხედავად იმისა, რომ მისი სამიზნი მოწყობილობები პრაქტიკულად Ghost Ring ტიპის არის და უფრო ორინეტირებულია წრაფ სროლაზე ახლო მანძილებზე ვიდრე ზუსტ სროლაზე უფრო შორ მანძილებზე, მაინც, 100-130 მეტრზე ჩვენ მივიღეთ ძალიან კარგი შედეგები. აღნიშნული ჯგუფი ნასროლია 130 მეტრზე წოლიდან. კარგად ჩანს რომ 147 გრანიან ტყვიას მეტი ვარდნა აქვს მაგრამ სიზუსტე ბევრად უკეთესია. 

20191207_133420

ჩემი დაკვირვებით, 147გრ ვაზნები გამორჩევიან ყველაზე სტაბილური სიზუსტით, თუმცა ვარდნა ასევე ყველაზე მეტი ასეთ ტყვიებს აქვთ, გასაგები მიზეზების გამო. საინტერესოა რომ “ფედერალის” 124 გრანიან ტყვიას ისეთივე ვარდნა ქონდა, როგორც 147 გრანიან  Speer-ს. როგროც ჩანს 115 გრანიანი ტყვიები რუგერის კარაბინს ყველაზე ნაკლებად მოწონს ასეთ დისტანციებზე. 

ეს შედეგი ძალიან კარგია, იმის გათვალისწინებით, რომ სამიზნი ხაზი საკმაოდ მოკლეა და გარდა ამისა Ghost Ring-ი დაყენებულია თვალისგან საკმაოდ შორს, რაც იდეაში არ არის სწორი, იმიტომ, რომ იდეაში დამიზნებისას რგოლი იმდენად ახლოს უნდა იყოს თვალთან, რომ პრაქტიკულად არ უნდა ჩანდეს სამიზნის ფონზე. ჩემი აზრით “სექტორული” ანუ პარტრიჯის ტიპის სამიზნი მოწყობილობები, კორათი და თარაზოთი იქნებოდა უფრო ადეკვატური ამ იარაღზე. ასევე ჩემი აზრით ოპტიკის დაყენების შემდეგ რუგერის კარაბინი გამოაჩენს სიზუსტის სრულ პოტენციალს, მაგრამ ზუსტი სროლისთვის ეს იარაღი არ არის შექმნილი. მე ვიტყოდი რომ კარგი ოპტიკით, საშუალო მსროლელსაც არ გაუჭირდება მოარტყას სილუეტს 200 მეტრამდე მანძილზე. მეტი ამ იარაღს არც მოეთხოვება.

კარგი ჯგუფების მიღწევაში დიდ როლს თამაშობს PCC-ს ძალიან კარგი, ერთ-საფეხურიანი სასხლეტი. დროთა განმავლობაში ეს სასხლეტი კიდე უფრო გაუმჯობესდება.

ასევე ჩვენ აღმოვაჩინეთ საკმაოდ იშვიათი ფენომენი. აღმოჩნდა, რომ კარაბინს არ უყვარს Sellier&Bellot-ის ვაზნები 115 გრანიანი FMJ ტყვიით (ყვითელი შავით კოლოფი). 50 მეტრზე ეს ვაზნები იძლეოდნენ ქაოტურ გაფანტვას. თავდაპირველად მე მეგონა, რომ საქმე იყო სამიზნ მოწყობილობებში მაგრამ საბედნიეროდ წამოღებული მქონდა Speer-ის 147 გრანიანი ვაზნები და მალევე დავრწმუნდი რომ პრობლემა იყო ვაზნაში და არა იარაღში.  ყველა სსხვა მუხტით რაც ჩვენ ვისროლეთ სიზუსტე იყო კონსისტენტური. ხოლო 147 გრანიანი ვაზნა აღმოჩნდა ყველა სტაბილური. 147 გრანიანი ტყვია 16 ინჩიანი ლულიდან პრაქტიკულად არაფერს არ იგებს საწყის სიჩქარეში და ამიტომ გამოირჩევა სტაბილური სიზუსტით. გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ტყვია გაგყავს ისეთ სიჩქარეებზე, რომელზე ის არ არის გათვლილი/შექმნილი, შედეგი შეიძლება იყოს მოულოდნელი. სამწუხაროდ ჯერ ბევრი ინფორმაცია არ არის იმაზე თუ როგორ იქცევა 9მმ-ნი სხვადასხვა კონკრეტული მუხტები, როდესაც მათი საწყისი სიჩქარე ცდება იმ ზღვარს, რომელსაც ისინი აღწევენ პისტოლეტის მოკლე ლულებიდან სროლისას.

IMG_20191226_160557389

ორი ჯგუფი ლურჯად მონიშნული არის ნასროლი 147 გრანიანი ტყვიით, იარაღის გასწორების მიზნით. 6 გასროლა იყო საკმარისი. ირგვლივ ქაღალდის სკოტჩით გადაკრული არის Sellier&Bellot-ის 115 გრანიანიტყვით ნასროლი. ჯგუფები ბევრად დიდია და გაფანტვა არის ქაოტური.

უკუცემა არის საკმაოდ რბილი მაგრამ არა არარსებული, რაც არ არის გასაკვირი. მართალია კარაბინი მძიმეა და იყენებს პისტოლეტის ვაზნას, თავისუფალი საკეტი თავისი მასით ქმნის სკმარის უკუცემას, რომ თუ იარაღი მყარად არ გეჭირებათ სამიზნეს დაკარგავთ. გასროლის ხმა დაბალია, რაც კარგია და ნიშნავს, რომ ამ იარაღის სროლა შეიძლება ზედმეტი ყურადღების მიქცევის გარეშე და ასევე კალიბრიდან გამომდინარე  დახურულ ტირებშიც, სადაც დაშვებულია მარტო პისტოლეტიდან სროლა.

იარაღის მასის და გაბარიტების შესახებ ჩემი პირველი შეფასება უცვლელია. იარაღი გაბარიტულია და მძიმე. კლასიკური სქემის გამოყენება და ასევე 9მმ-ნი ვაზნა, განაპირობებს იმას რომ იარაღი ვერ იქნება კომპაქტური. ლულაც შესაბამისად არის სქელი, თუმცა მასზე ჭრილების შესრულება მის მასას ამცირებს. შორიდან რუგერის კარაბინი გავს აფრიკული საფარის შაშხანას, კომპაქტურს მაგრამ სქელი ლულით რომელიც გათვლილია მსხვილკალიბრიან შაშხანის ვაზნაზე. მეორეს მხრივ ასეთ სქემას აქვს თავისი პლიუსები. პირველ რიგში ძალიან კარგი ერგონომიკა და სროლისუნარიანობა და ასევე იარაღის შედარებით ცივილური იერსახე. ვისაც არ გინდათ ტაქტიკური/სამხედრო იარაღის იერსახის მქონე 9მმ-ნი კარაბინი, PCC თქვენთვის ზედგამოჭრილია. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ის იგივე წონის და გაბარიტების არის, რაც შაშხანის კალიბრის კარაბინი. ბევრისთვის ეს შეიძლება იყოს deal breake-ი და ამიტომ ამჯობინოს რუგერს მაგალითად უფრო კომპაქტური დიზაინები, როგორიც არის თუნდაც Kel-tec SUB2000. უკანასკნელი ასევე “შეკვეცილი” ფორმატიდან საბრძოლო მდგომარეობაში გადადის ნახევარ წამში, რა დროსაც რუგერის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას ჭირდება გაცილებით მეტი დრო. მაგრამ PCC არც იქმნებოდა, როგორც დასაკეცი იარაღი, არამედ როგორც take down იარაღი, აქცენტით მისი ტრანსპორტირების/შენახვის სიმარტივეზე.

openclosebag

არც ისე დიდი ზომის ზურგჩანთა უპრობლემოდ იტევს PCC-ს.  ეს ნიშნავს რომ მისი ტრანსპორტირებისას ის ზედმეტ ყურადღებას არ მიიქცევს. არ არის საჭირო იარაღის გადასატანი ტიპიური ფორმის/ზომის შალითა, რომელიც ყველას ეუბნება ირგვლივ რომ თქვენ იარაღი გადაგაქვთ, გამოდგება ჩვეულებრივი კომპაქტური ზურგჩანთა. 

ეხლა გადავიდეთ იმაზე რა არ მომეწონა. როგორც ვივარაუდე თავდაპირველ მიმოხილვაში, მჭიდის ღილაკის მსუბუქი ზამბარა გახდა სერიოზული პრობლემა. მასზე მსუბუქი შეხებაც საკმარისია, რომ მჭიდმა “დატოვოს” კარაბინი. მოკიდეთ ხელი კარაბინს რესივერის ირგვლივ და მჭიდი ისევ “დატოვებს” კარაბინს. ტყეში ხეტიალისას მე ვერ გავბედავდი ამ კარაბინის ტარებას დაყენებული მჭიდით, მისი დაკარგვის რეალური საშიშროების გამო. ასეთი პრობლემა იშვიათად მაგრამ შეგხვდება ხოლმე. მე მაგალითად ბოლოს შემხვდა ასეთი რამე Lionheart LH-9 პისტოლეტზე, მაგრამ საბედნიეროდ  Ruger-ის კარაბინი პირველისგან განსხვავებით იყენებს სტანდარტულ/ხვეულ ზამბარას.  ძველ შემორჩენილ ჯართში ქექვისას მე აღმოვაჩინე ზამბარის ნაჭერი, რომელიც ადრე ეკუთვნოდა Norinco-ს “TT”-ს  დამაბრუნებელ ზამბარას. 2 წუთიანი მუშაობა დრემელით და ის იდეალურად მოერგო კარაბინს. პრობლემა ზედმეტად მსუბუქ ღილაკთან მარტივად აღმოიფხვრა.

შემდეგი სუსტი წერტილი ან უფრო სწორად ბოლომდე კარგად გაუთვლელი გადაწყვეტილება არის ტიბჟირის წინა ნაწილში შესრულებული პლასტმასის პიკატინის სამაგრი. ის ისეა შესრულებული, რომ ზედ ვერ დაყენდება პისტოლეტზე გათვლილი ფანრების უმეტესობა. საჭიროა ცალკე მაუნთის ყიდვა რომელიც დააშორებს ფანარს ტიბჟირისგან. მაგრამ ეს პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. მეორე პრობლემა ის არის რომ პიკატინის სამაგრთან ზედმეტად ახლოს არის დაყენებული საღვედის სამაგრი, რის გამოც საღვედე, ღვედი და ფანარი ერთმანეთს ედება. ეს იდეაში ადვილი მოსაგვარებელია, ახალი საღვედის სამაგრის ჩახრახნვა პლასტმასის ტიბჟირში არის ტრივიალური ამოცანა, უბრალოდ უმჯობესია, რომ ამაზე იფიქროს მწარმოებელმა.

20200209_143214

ამ ეტაპზე მე კარაბინზე ღვედი საერთოდ არ მიყენია. ხოლო Surefire-ის ფანარი დაყენდა კარაბინზე 30 ლარიანი ალუმინის სამაგრით, რომელიც კი ღირს იაფი მაგრამ მუშაობს უპრობლემოდ. MFT-ს “სამხედრო დონის პოლიმერიანი” მაუნთი არასწორი ზომების და სასაცილო საკეტის მექანიზმის  გამო პიკატინიზე საერთოდ ვერ დაყენდა და ამიტომ ეგრევე აღმოჩნდა სანაგვეში. სურათიდან ასევე კარგად ჩანს, რომ საღვედის სამაგრი “არაკომფორტულად ახლოს არის ფარანთან. 

rpcc

ტიბჟირზე შესრულებული სამაგრი სავარაუდოთ გამოდგება მარტო ბიპოდის დასაყენებლათ, რაც ამ იარაღზე საერთოდ საჭირო არ არის. იმის გამო რომ სამაგრი ღრმად არი შესული ტიბჟირში და მის უკან არ არის თავისუფალი ადგილი,  პისტოლეტზე გათვლილი უმეტესობა ფარნის მოდულების ამ იარაღზე უბრალოდ ვერ დაყენდება.  ამ სამაგრის პლიუსი ის არის რომ ის განლაგებულია უკიდურესად წინა ნაწილში, ფარანი მაქსიმალურად წინ გაწეულია და შესაბამისად ჩრდილი ლულისგან მინიმალურია.

იარაღის დიზაინი …. მოდით ასე ვთქვათ თავისებურია. მაგრამ ის არ ყვირის, თუ ვინმემ სადმე შეგნიშნათ ამ იარაღით, არავინ არ იფიქრებს რომ ვიღაცა ტყეში “ავტამატით” დარბის. ხალხს ამ კარაბინით არ დააფრთხობთ და დიდი ალბათობით არც შეგეკითხებიან თუ არის საქართველოში ასეთი იარაღი საერთოდ ლეგალური.

10 ვაზნიანი გლოკის მჭიდი მაინც რჩება გარეთ გამოშვერილი. სტანდარტული გლოკ 17-ის მჭიდები, შედარებით იაფი დამაგრძელებლით, კიდე უფრო გარეთ არის გამოშვერილი და ტევადობა მაინც შედარებით მოკრძალებულია, 19 ვაზნა. გლოკის 30 ვაზნიანი მჭიდები ძვირია და იარაღის გაბარიტები კიდე უფრო მოუხერხებელი ხდება. იმის თქმა მინდა, რომ რომ თუ გინდათ კომპაქტური მოსახერხებელი იარაღი, ბევრი უფრო სერიოზულ კალიბრიანი კარაბინი იქნება უფრო კომპაქტური, უფრო ძლიერი კალიბრით და უფრო მეტ ვაზნასაც დაიტევს. ამიტომ გადამწყვეტი ფაქტორი PCC-ს შეძენისას უნდა იყოს ორი რამ, აუცილებლად უნდა გინდოდეთ 9×19 კალიბრის კარაბინი, რომლის გადატანა და შენახვა ადვილია, მისი ორად დაშლის გამო. ვაზნების ფასი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. ეხლა 9მმ-ნი ვაზნის ფასი მაღაზიებში იწყება ლარიდან, ტაქტიკური კარაბინის ტიპიური კალიბრების ვაზნების ფასი სადღაც 1.30-დან. ეს არც ისე დიდი განსხვავებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ მაინცდამაინც არ გინდათ 9მმ-ნი კარაბინი, მაშინ რა თქმა უნდა აჯობებს იყიდოთ სრულფასოვანი კარაბინი.

ახალი PCC მაღაზიაში ღირს 2000 ლარი, ამ ფასში მოგივათ ნებისმიერი “საიგა”, ზოგი “ვეპრი” და ასევე Vz 58. თუ გინდათ 9მმ-ნი კარაბინი, მგონი PCC არის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ასეთ იარაღებს შორის რომლებიც ეხლა იყიდება საქართველოში. ბევრად მძიმე “უზი” ჯდება 2100 ლარი, “საიგა-9″ 2600 ლარი, საქართველოსთვის უფრო ეკზოტიკური დასავლური წარმოების ანალოგიური იარაღები ამაზე ბევრად უფრო მეტი.

როგორც ხედავთ, სიმძლავრის შემცირებას მაინცდამაინც ბიუჯეტის შემცირება არ მოყვება, ამიტომ კიდევ ერთხელ მოკლედ ჩამოვწერ, რატომ პისტოლეტის კალიბრის კარაბინი შეიძლება იყოს უკეთესი არჩევანი ვიდრე კარაბინი შაშხანის კალიბრზე. პირველი იყენებს იგივე ვაზნებს და ხანდახან იგივე მჭიდებს რაც პისტოლეტი, მას აქვს გასროლის დაბალი ხმა და დაბალი უკუცემა. ვაზნა ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს (რიკოშეტი, ზედმეტი შეღწევა, სახიფათო სიშორე). მცირეთი, მაგრამ ვაზნის ფასი ნაკლებია. ჯერჯერობით 9მმ-ნი ვაზნაც ცოტათი მაგრამ ნაკლები ღირს. ხანდახან, მაგრამ არა ამ შემთხვევაში, პისტოლეტის კალიბრის კარაბინი უფრო კომპაქტურია და მსუბუქი.

20200209_143239

რესივერზე პიკატინის სამაგრი დაცულია პლასტმასის ხუფით, კიდევ ერთი მცირე მოდიფიკაცია, PCC-ს  ჩემს მიერ მოდიფიკაციების მოკლე სიიდან.

მთლიანობაში მე იარაღით ძალიან კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი იმით თუ, როგორ მუშაობს იარაღი და ასევე იმით, როგორ არის აგებული, ხარისხიანად და საფუძვლიანად.  ამ ეტაპზე მე არც ვგეგმავ მის გასხვისებას. ზოგადად, ჩემი აზრით, დღეს, Ruger-ი ფასი-ხარისხით არის სამოქალაქო იარაღის ალბათ საუკეთესო მწარმოებელი.

P1120030