Archive for January 9th, 2020

კვირის იარაღი – Schwarzlose MG M.7

Thursday, January 9th, 2020

SchwarzAccess

დაპატენტებული 1902 წელს მისი შექმნელის გერმანელი ანდრეას ვილჰელმ შვარცლოზეს მიერ 1902 წელს და წარმოებაში გაშვებული ავსტრიული Waffenfabrik Steyr-ის მიერ 1905 წელს, აღნიშნული ტყვიამფრქვევი ითვლება ძლიერ კალიბრზე გათვლილ პირველ წარმატებულ იარაღად რომელიც იყენებს ნახევრად თავისუფალს საკეტს (retarded/delayed blow-back). აღნიშნულ სქემას ანალოგიური წარმატებით გამოყენებას შეძლებს მხოლოდ გერმანული “ხეკლერ&კოხი” თითქმის 50 წლის შემდეგ.  თავისი იერსახით და ასევე იმის წყალობით, რომ ის იყენებს გამაგრილებელ გარსაცმს, შვარცლოზეს ტყვიამფრქვევი გავს მაქსიმის ან ვიკერსის ტყვიამფრქვევებს, მაგრამ გამოყენებული ავტომატიკის სქემის გამო ის იყო ბევრად მარტივი კონსტრუქციის მქონე იარაღი. ავტომატიკის მექანიზმი იყენებს მხოლოდ ერთ ზამბარას  და ვერტიკალურ სიბრტყეში მოძრავ სახსარს, რომელიც ჩვენი მკითხველისთვის უნდა იყოს კარგად ცნობილი პირველ რიგში ლუგერის P08 პისტოლეტიდან. ვაზნების ფირიდან მიწოდების მექანიზმიც კი იყენებდა მხოლოდ ორ მოძრავ ნაწილს, ადვილად იხსნება იარაღიდან წმენდისთვის და მომსახურებისთვის.  გამომდინარე იქიდან, რომ ლულა განსხვავებით მაქსიმის ტყვიამფრქვევისგან, შვარცლოზეს იარაღში ასევე არ მოძრაობდა, გასაგრილებელი გარსაცმის კონსტრუქცია ასევე იყო ძალიან მარტივი. 2 წლის განმავლობაში ტყვიამფრქვევი იხვეწებოდა, რის მერეც 1907 წელს ის მიღებულ იქნა შეიარაღებაში ავსტრო-უნგრეთის მიერ.

გამომდინარე ასეთი ავტომატიკის სქემის გამოყენებიდან,  ტყვიამფრქვევის კონსტრუირებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა ლულის სიგრძის ოპტიმალურ შერჩევას, რაც უზრუნველყოფდა,  რომ ტყვია დატოვებდა ლულას მანამდე სანამ საკეტი დაიწყებდა მოძრაობას. თავდაპირველი კალიბრის, 8.50.5R-ის შემთხვევაში ლულა უნდა ყოფილიყო ზუსტად 525მმ სიგრძის რაც იმ ეპოქის სტანდარტებით იყო საკმაოდ მოკლე სიგრძე. სხვა ვერსიით ასეთი მოკლე ლულა განპირობებული იყო იმით რომ შვარცლოზეს სურდა მაქსიმალურად მსუბუქი ტყვიამფრქვევის შექმნა.  ტყვიამფრქვევი სადგართან ერთად იწონიდა 41 კგ-ს, სადგარის გარეშე 20 კგ-ს. შედარებისთვის მაქსიმის ტყვიამფრქვევის წონა 27 კგ იყო.

იმისთვის რომ ექსტრაქცია ყოფილიყო საიმედო, ტყვიამფრქვევზე იყო გათვალისწინებული ვაზნების შეზეთვის მექანიზმი, რომელიც შედგებოდა ნახევარლიტრიანი ავზისგან და ტუმბოსგან, რომელიც თავის მხრივ  გადაბმული იყო საკეტთან და ახდენდა ვაზნის დაზეთვას სავზნეში მიწოდებამდე. ნახევარი ლიტრი ზეთი საკმარისი იყო 4500 გასროლისთვის.   შეზეთის მთლიანი მექანიზმი იყო მოთავსებული იარაღის შიგნით, რესივერის ხუფში. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო განსაკუთრებული და უნიკალური იმ პერიოდისთვის და მას იყენებდა ბევრი სხვა ტყვიამფრქვევი.  მოგვიანებით იარაღის კონსტრუქცის მცირე ცვლილებებით საჭოროება დაზეთვაში გაქრა და ეს მექანიზმი ამოღებული იქნა ტყვიამფრქვევის კონსტრუქციიდან.

ზოგადად სიმარტივის, შედარებით მსუბუქი წონის და საიმედოობის წყალობით, აღნიშნული ტყვიამფრქვევი საკმაოდ წარმატებული იყო და გამოიყენებოდა 20-ზე მეტი ქვეყნის მიერ და ასევე გამოდიოდა 7 სხვადასხვა კალიბრში და მის ვარიანტებს ავსტრო-უნგრეთის გარდა უშვებდა კდიე ხუთი ქვეყანა,  მაგრამ შედარებით დაბალი სროლის ტემპის გამო (სულ რაღაც 400 გასროლა წუთში), მოკლე ლულის გამო მოკრძალებული გარე ბალისტიკის და ასევე იმის გამო რომ მისი გამოყენება საავიაციო ტყვიამფრქვევის როლში იყო ძალიან რთული (ავტომატიკის სქემის გამო პრინციპში ტყვიამფრქვევის შეიარაღებიდან ამოღებამდე კოსნტრუქტორებმა ვერ შექმნეს საიმედო სინქრონიზატორი, რომელიც უზრუნველყოფდა შვარცლოზეს ტყვიამფრქვევის ეფექტურ გამოყენებას გამანადგურებლებზე პროპელერის უკნიდან განლაგებით) ის მაინც პოპულარობით, წარმოების ციფრებით ვერ შეედრებოდა მაქსიმის და ვიკერსის ტყვიამფრქვევებს. მიუხედავად ამისა, მისი გამოყენება ხდებოდა მრავალი წლის შემდეგ, ტყვიამფრქვევის 1918 წელს წარმოების შეწყვეტის შემდეგაც. მაგალითად 40-ნი წლების ბოლომდე შვარცლოზეს ტყვიამფრქვევებს იყენებდნენ ებრაელი პარტიზანები. პირველი მსოფლიო ომის დროს ხელში ჩაგდებულ ავსტრიულ ტყვიამფრქვევებს წლების განმავლობაში იყენებდა რუსეთი და იტალია. აღნიშნული შესაძლებელი იყო მხოლოდ იმის გამო, რომ შვარცლოზეს ტყვიამფრქვევი  იყო უკიდურესად გამძლე და საიმედო იარაღი.

schwtrigsafety

კიდევ ერთი საინტერესო კონსტრუქციული დეტალი გახლავთ ის, რომ შვარცლოზეს ტყვიამფრქვევი აღჭურვილია სასხლეტის მცველით, რომელიც უნდა გადაწიოთ და მხოლოდ მას მერე გახდება შესაძლებელი სასხლეტზე დაჭერა და სროლის წარმოება, სროლის შეწყვეტის შემდეგ ის ავტომატურად ბრუნდება ჩართულ მდგომარეობაში. 80 წლის მერე ანალოგიური გადაწყვეტილება გაჩნდება გლოკის პისტოლეტებზე.