Archive for November 4th, 2019

ჩვენი ტესტი – Akkar Churchill 12ga

Monday, November 4th, 2019

P1110939

იყო პერიოდი ჩემ ცხოვრებაში, როდესაც მე ძალიან გატაცებული ვიყავი 12 კალიბრის “პომპებით”. ჩემი პირველი პომპა მე შევიძინე ჯერ კიდევ 11 წლის წინ და ეს იყო საკმად კარგი იარაღი, “Winchester” 1300.  მაგას მოყვა ბევრი სხვა ანალოგიური იარაღი, ამერიკული, ევროპული და თურქული წარმოების. ამ წლების განმავლობაში მე მივედი დასკვნამდე რომ ალბათ საუკეთესო “პომპა” არის “Mossberg” 500 და მისი მოდიფიკაციები.  მართალია მოსბერგების ლულა შიგნიდან გავს ჟანგიან წყლის მილს და დეტალების დაზმადების ხარისხიც არის რბილად რომ ვთქვათ საშუალო, ფაქტია რომ მოსბერგები და მათი ბიუჯეტური, (რეალურად კი ისედაც  ბიუჯეტური მოსბერგის კიდე უფრო ბიუჯეტური) Maverick სერიის თოფები, მუშაობენ, მუშაობენ საიმედოდ და არ ფუჭდებიან. მეორეს მხრივ თურქული თოფები (ყოველ შემთხვევაში ის რაც მე მინახია) გამოირჩევიან პრაქტიკულად უნაკლო შესრულებით, ლამაზი იერსახით, მაგრამ არ მუშაობენ, ყოველ შემთხვევაში არ მუშაობენ ხოლმე პირდაპირ კოლოფიდან. არის კიდე ფასის საკითხი. არ ვიცი რატომ მაგრამ ბიუჯეტურ ამერიკულ “პომპებში” ჩვენთან ითხოვენ ძალიან დიდ ფულს. ბოლოს მეორად ბაზარზე ვნახე შემოთავაზება აქ შედარებით ნაკლებად გავრცელებულ  Smith&Wesson-ის თოფზე, რომელიც ამერიკაში 150 დოლარი ღირს. აქ კიდე მასში ითხოვდნენ 2500 ლარს. ანალოგიურ ფასებს ითხოვენ “Winchester “1300-ში და 1500 ლარამდე მოსბერგის თოფებში.  ამის გათვალისწინებით შემოთავაზება, რომელსაც მე წავაწყდი გავდა საჩუქარს. 400 ლარად კაცი ყიდიდა ახალ თურქულ პომპას “Churchill”, თანაც საკმაოდ ლამაზი ხის ფურნიტურით.  400 ლარი ჩვენი “ბრწყინვალე” მთავრობის “გააზრებული” ეკონომიკური პოლიტიკს წყალობით, იქცა 140 დოლარად. 140 დოლარი 12 კალიბრის თოფში პრაქტიკულად ნაჩუქარია.”პოპმა” მე ისედაც კარგახანია მინდოდა და გარდა ამისა, მე ჩავთვალე, რომ ჩემ მკითხველებს დააინტრესებთ თოფის ტესტირება, რომელიც ხელმისაწვდომია და ალბათ სადღაც 15 წელია რაც იყიდება ქართულ ბაზარზე.

“ჩერჩილის” სავაჭრო ნიშანი ამჟამად ეკუთვნის სტამბულთან განლაგებულ კომპანია “Akkar”-ს. ასე იყო ეს 15 წლის წინაც თუ ამ თოფებს ვინმე სხვა უშვებდა მე არ ვიცი. “Akkar”-ი საკმაოდ ცნობილი მწაროებელია და მისი პროდუქცია იყიდება პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, საქართველოს ჩათვლით. “Akkar”-ის თოფი მქონდა მეც და სიმართლე გითხრათ იმ თოფით კმაყოფილი არ ვიყავი, ის არ მუშაობდა პირდაპირ ყუთიდან. მეორეს მხრივ “ჩერჩილებზე” მე აქამდე ცუდი არაფერი მსმენია არა და ეს თოფები წლებია იყიდება საქართველოში.

როგორც მოგეხსენებათ, აბსოლუტური უმეტესობა, თურქული “პომპების” არის იტალიური Fabarm SDASS-ის ასლი. არც ჩვენი “ჩერჩილი” არ არის განსხვავებული. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი მოთავსებულია პლასტმასის კორპუსში. რესივერი ალუმინის არის. ჩაკეტვა ხორციელდება ლულის წაგრძელებაზე განლაგებულ კილოზე, საკეტში ვერტიკალურად მოძრავი ბჯენის მეშვეობით, რომელიც ტიბჟირის გამოწევისას იწევა ქვევით და საკეტიც იხსნება. მილისებრი მჭიდი განლაგებულია ლულის ქვეშ და მასში ეტევა 4 სტანდარტული 70მმ სიგრძის ვაზნა. თუ ვაზნების სიგრძე შედარებით მოკლეა, მჭიდში ჩავა 5 ვაზნა). ლულის სიგრძე 38 სმ-ია. წონა: 2.6კგ. სრული სიგრძე-69სმ.  “ჩერჩილი” გამოდის ორი ტიპის ფურნიტურით, პლასტმასის და ხის. პლას ტმასის ფურნიტურა უფრო პრაქტიკულია, მაგრამ ხის უფრო ლამაზია.

ლულის არხი არის უნაკლოდ დამზადებული და ქრომირებულია, რაც იდეაში უზრუნველყოფს დიდ რესურსს და ასევე ამის წყალობით ლულა ძალიან ადვილად იწმინდება. რესივერი და ლულა დაფარული უნაკლო შავი დაფარვით, რომელიც იარაღს ძალიან უხდება. მცველი ტრადიციულად განლაგებულია სასხლეტის დამცავი კავის უკან. მარჯვნივ გადაწევა მას რთავს, მარცხნივ თიშავს. კავის წინ არის საკეტის გამხსნელის ღილაკი. მჭიდის ავსება ხდება ქვევიდან. ახალი თოფი მოთავსებულია ცელოფნებში და მუყაოს საფირმო ყუთში სადაც ასევე დევს მოკლე ინსტრუქცია და ღვედი .

74227314_756652004809896_193361038278656000_n

დაშლისას ხის ტიბჟირზე აღმოჩნდა რაღაც შავი ზოლი, რომელიც ძალიან გავს შეწეპებულ ბზარს. კიდევ ერთი მიზეზი მოვიხსენიოთ თურქული ხარისხის კონტროლი…

ჩვენი თოფის კომპოლექტაცია არის მარტივი მაგრამ სკმარისი. მას არ აქვს ზედმეტი ან უაზროდ შეთავსებული ელემენტები. მაგალითად მე მინახია ამაზე უფრო მოკლე “პომპები” ჩასახრახნი ჩოკებით, რაც ზედმეტია თოფზე ასეთი მოკლე ლულით. მინახია თოფები მაღალი, შაშხანის სტილში შესრულებული კორათი მაგრამ უკანა სამიზნი მოწყობილობის გარეშე, ან ისეთი ფორმის დასაკეცი კონდახით, რომელიც გარანტირებს გახეთქილ ტუჩს. აღარაფერს ვამბობ თურქული თოფების თითქმის ყოველთვის საკითხავ დეკორატიულ გაფორმებაზე. მოკლედ თურქული თოფის შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი პრინციპი: რაც უფრო მარტივია – მით უკეთესია.

“ჩერჩილის” ლულაზე გრავირებულია უცნაური წარწერა, Kassnar, London, England. რატომ არის ეს გრავირება ლულაზე მე არ ვიცი, ისევე როგორც 99% დარწმუნებული ვარ, რომ ლულას არანაირი კავშირი ინგლისთან არ აქვს. მე მინახია თურქული თოფები იტალიური Fabarm-ის ნაწილებით და იტალიური დამღებით, მაგრამ ეს იყო ძალიან ადრინდელი გამოშვების იარაღები. ძალიან მეეჭვება 400 ლარიან თოფზე იყოს ინგლისში დამზადებული ლულა. მე დამაინტერესა საერთოდ საიდან წამოვიდა სახელი “ჩერჩილი” და რას ნიშნავს ეს დამღა. ინგლისში დღემდე მოქმედებს 1891 წელს დაარსებული კომპანია E.J. Churchill, რომელიც უშვებს უმაღლესი დონის სანადირო თოფებს და მათი ფასი იზომება ხუთნიშნა ციფრებით. გამორიცხულია მათ ქონდეთ რამე კავშირი თურქულ “Akkar-თან”. დამღა სავარაუდოთ უკავშირდება სავაჭრო კომპანია Kassnar International-ს, რომელიც უკვე კარგახანია არ არსებობს. სავარაუდოდ თურქებმა უბრალოდ შემთხვევით აირჩიეს ეს სახელი და გრავირებაც მხოლოდ სულელური მარკეტინგული ხრიკია. ან შეიძლება “აკკარმა” მიყიდა “კასსნარს” თავისი თოფების პარტია და იმ დროიდან მოყოლებული ასვავს ამ დამღას ყველა თოფს.

კარგით ბატონო, დავუწეროთ თურქებს 5-ნი მინუსთი (გაურკვეველი დეფექტისთვის ხის ტიბჟირზე) შესრულებაში და ასევე 5-ნი პლუსით ფასში, მაგრამ როგორ მუშაობს ეს თოფი? “ჩერჩილის” პირველი ტესტირება არ უნდა ყოფილიყო რაღაც “აკადემიური” გამოცდა. ჩვენი მიზანი ამ ეტაპზე იყო დავრწმუნებულიყავით, რომ თოფი იმუშავებს, რომ თოფს აქვს მისაღები სიზუსტე ყველაზე გავრცელებული ტიპების 12 კალიბრის მუხტებით სროლისას და ასევე მე მქონდა გარკვეული ეჭვები თოფის ზედმეტად მჭიდროდ მორგებულ გადატენვის მექანიზმთან და ამიტომ გეგმაში ასევე გვქონდა ალბათ პირველი იარაღის წამების ტესტის განხორციელება, რომლის დროსაც ჩვენ სპეციალურად დავაბინძურებდით თოფს ტალახით და მტვერით და ვნახავდით რა მოხდებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ მე დავხარჯავდი მეტ ფულს სხვადასხვა ტიპის ვაზნებზე, რომ მენახა, რა მუხტებით მივიღებდი საუკეთესო შედეგს. ამიტომ პირველი ტესტისთვის მე ვიყიდე მხოლოდ იაფი YAF-ის ვაზნები და “სარსილმაზის” სლაგები და კარტეჩი.

 

slugchurchill

თურქულ იარაღებზე არის ლულები კარგად შესრულებული ლულის არხებით. მიუხედავად იმისა, რომ ცილინდრული ლულის სიგრძე არის ერთ მტკაველზე ცოტათი მეტი, ხოლო სამიზნი მოწყობილობებიდან გვერგო  მხოლოდ კორა ლულაზე, თოფი ჩემი აზრით კარგად ისვრის. ჰორიზინონტალური შესწორება არ ჭირდება, ხოლო ის რომ ტყვიები ოდნავ მაღლა ხვდება მე ყოველთვის მომწონს, იმიტომ რომ ინსტინქტურად ცოტა დაბლა უჭერ რომ სამიზნეს კარგად ხედავდე. სროლის მანძილი 20 მეტრი, მუხლიდან.

20191103_104909

აღნიშნული იმპოროვიზირებული სამიზნე არ არის თანამედროვე ხელოვნების ნიმუში, ეს არის (ჩვენი აზრით) აფრენილი მწყერის სილუეტი. ამ მარტივი ტესტის მიზანი იყო უბრალოდ გაგება, შესაძლებელია თუ არა ამ იარაღით მწყერზე ან ტყის ქათამზე ნადირობა.  დაახლოებით 15-20 მტრიდან განხორციელდა ორი სწრაფი გასროლა (ვაზნა YAF Skeet 9 1/2 ნომერი, 24 გრ). ორივე გასროლა მწყერს “მოხსნიდა” და სამიზნეს ჯამში   მოხვდა 12 ცალი საფანტი.  გამოცდილ მონადირეებს გაეღიმებათ ასეთ “ტესტირებაზე”, მაგრამ ჩემი ორი საუკეთესო ნადირობა მწყერზე იყო ნათხოვარი მოკლე პომპებით და ჩემი აზრით ეს თოფი გამოდგება მწყერზე სანადიროდ, მაგრამ ცხადია ვერ იქნება საუკეთესო თოფი ასეთი ნადირობისთვის.

კარტეჩით სროლისას შედეგი იმდენად კარგი არ იყო, თან გასროლიდან გასროლამდე მორტყმების რაოდენობა მცირდებოდა. ჩემი აზრით პრობლემა ვაზნაშია და არა თოფში. 20 მეტრიდან სილუეტს მოხვდა ჯერ 7, შემდეგ 5 და მესამე გასროლაზე 4 ჭურვი. ეს გასაკვირი არ არის. ჩვენმა მეგობრებმა ჩაატარეს ტესტები და YAF-ის კარტეჩმა ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.

38სმ-ნი ლულისგან ცილინდრული გაბურღვით და იაფი თურქული ვაზნებისგან არ უნდა ველოდოთ განსაკუთრებულ შედეგს, მაგრამ ამ მარტივმა და მოკლე ტესტირებამ დაგვარწმუნა, რომ თოფი ვარგისია გამოყენებისთვის, ხოლო მის რეალურ შესაძლებლობებს დავადგენთ ოდნავ მოგვიანებით და ვაზნების ოდნავ უფრო დიდი ასორტიმენტით.

რაც შეეხება ჩვენ მედია სივრცეში ალბათ პირველ წამების ტესტს, ის განხორციელდა შემდეგნაირად. თოფის ლულა დავხუფეთ ქაღალდის სკოტჩით, იარაღი დავდეთ მიწაზე და დავაყარეთ ზევიდან ფეხებით მტვერი და ნამიანი მიწა. მიზანი იყო იარაღის გონივრული ხარისხით დაბინძურების იმიტირება. იარაღის სავაზნე იყო ცარიელი. მჭიდი სავსე (4 ვაზნა), იარაღი  აყვანილი იყო მცველზე. დაბინძურების შემდეგ, იარაღი ერთი მოძრაობით გავფერთხეთ, მოვხსენით მცველიდან და ვისროლეთ 4 ვაზნა. ეს ციკლი გამეორდა ორჯერ და ყოველ ჯერზე არანაირ დაბრკოლებას ადგილი არ ქონდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გადატენვის მექანიზმს პრაქტიკულად არ შეეტყო დაბაინძურება. ტესტირების მერე იარაღი არ გავწმინდეთ და გავაგრძელეთ სროლა და ისევ არანაირი დაბრკოლება არ მოხდა. იარაღმა წარმატებით გაირა წამების ტესტი. უფრო ექსტრემალური ტესტის ჩატარებას აზრი უბრალოდ არ აქვს, ეს არ არის სამხედრო-საბრძოლო იარაღი და მას ბევრი არ მოეთხოვება.

tortcherch

ასეთი ტესტები პოტენციალურად საშიშია და არავის ვურჩევ ასეთი რამის გაკეთებას, თუ კარგად არ გესმით რას აკეთებთ.

მთლიანობაში ვისროლეთ ალბათ 50-60 ვაზნა და თოფით კმაყოფილები დავრჩით. უკუცემა და გასროლის ხმა, რა გასაკვირია იყო მნიშვნელოვანი. განსაკუთრებულად ძნელად ასატანი იყო ძლიერი მუხტები.  24 გრამიან მუხტების სროლა მეორეს მხრივ იყო ძალიან ადვილი. ექსტრაქცია ძალიან პოზიტიურია და ერთგავროვანი, რის გამოც ეგრევე ამუღამებ განმუხტვისას გამოსროლილი მასრების/ვაზნების ამოგდებას და მათ ჰაერში დაჭერას. არც გადატენილი ვაზნების მონელებასთან თოფს არ ქონდა პრობლემები. არც ერთ დაბრკოლებას ან შეყოვნებას ადგილი არ ქონდა. თოფის მექანიზმები კარგად მუშაობენ მაგრამ არის ერთი ნიუანსი….

diferencestch

ორი განსხვავებული მიდგომა ორ თოფში იტალიური ფესვებით. Stoeger SP312 (ბენელის ასლი) ვაზნის ინტერცეპტორი მჭიდიდან ამოგდებულ ვაზნას იჭერს თავისი კუდით და არ აძლევს მოძრაობის საშუალებას. “ჩერჩილში” (Fabarm SDASS-ის კლონი) ვაზნა თავისუფლად დევს მოძრავ ღარზე. რის გამოც თუ თოფი დახრილია წინ, შეიძლება ჩავარდეს თავით მჭიდში და მანდ გაიჭედოს. ეს ხდება თუ მჭიდი ცარიელია, თუ არა მომდევნო ვაზნის ძირი არ აძლევს მას საშუალებას წინ წასვლის ისე რომ ის მერე მიწოდებისას გაიჭედოს. იდეაში ეს პრობლემა არ იარსებებდა, რომ მჭიდის მიმწოდებელს ქონდეს სწორი, უფრო მკვეთრად გამოხატული კონუსის ფორმა. არც Stoeger-ი არ გადაურჩა თურქულ წყევლას. ვაზნების მიწოდება ხდებოდა მხოლოდ ტიბჟირისი ენერგიული მოძრაობით. ტიბჟირის ნელა მოძრაობისას ვაზნა რჩებოდა სავაზნეში და საჭირო გახდა ტიბჟირის საწევზე ღარის (რომელიც ზემოქმედებს ვაზნის ინტერცეოპტორზე)  გაღრმავება. 

აღნიშნული ნაკლი ნამდვილად არ არის ფატალური. უნდა გვესმოდეს, რომ შესაძლებელია ინიცირება ისეთი მდგომარეობის, როდესაც იარაღი მექანიკური გადატენვით გაჭედავს. ამიტომ საჭიროა პრაქტიკა, რომ გადატენვის ციკლი განხორციელდეს, სწრაფად და ეფექტურად ისე, რომ გამოირიცხოს დაბრკოლება. “ჩერჩილის” შემთხვევაში და ალბათ ნებისმიერი სხვა თოფის, რომელიც ანალოგიური კონსტრუქციის არის, გადატენვისას ლულა არ უნდა უყურებდეს დიდი კუთხით მიწას. ეს არის და ეს.

კიდე ერთი თავისებურება გახლავთ, ის რომ ბოლო ვაზნის ხელით ამოღება მჭიდიდან ინტერცეპტორის დაწევით, შეუძლებელია. ის იჭედება რესივერსა და მიმწოდებელ ღარს შორის. შესაძლო გამოსავალია, მიმწოდებლის ქვედა ნაწილის პოლირება ან უბრალოდ ვაზნის ამოგდება ტიბჟირის გადაწევით.  რატომ არის საჭირო ვაზნების ამოღება მჭიდიდან ხელით? იმიტომ, რომ ყოველთვის შეიძლება არ იყოს შესაძლებელი პომპის განმუხტვა ტიბჟირის მოძრაობით, ხოლო თუ გირჩევნიათ ტიბჟირის გამოყენება, გახსოვდეთ, რომ მცველი უნდა იყოს ჩართული და ლულა მიმართული უსაფრთხო მიმართულებით.

74569275_718489835293447_4594213687740334080_n

ეს პლასტმასის მჭიდის ხუფი კბილებით ცვლის ზამბარიან ბურთულას, რომელიც აფიქსირებს ქანჩს, რომელიც თავისმხრივ აფიქსირებს ლულას რესივერში. ეს მეთოდი უფრო მარტივია და იაფი. მაგრამ ბევრი სროლისგან ქანში იშვება და საჭიროა მისი პერიოდული გადაჭერა. ეს გაიაფებული და გამარტივებული ქანჩის ფიქსაციის მეთოდი გვხვდება ბევრ “ბიუჯეტურ” თანამედროვე თოფზე. 

პრინციპში მეტი პრეტენზია ამ თოფთან მე არ მაქვს. 400 ლარად ასეთი თოფი არის ძალიან მაგარი შენაძენი.. რა თქმა უნდა ღია რჩება თოფის გამძლეობა გრძელვადიანი ექსპლუატაციის პირობებში და მისი რესურსი, მაგრამ არ მგონია აქ რამე პრობლემები იყოს. რესურს რაც შეეხება, ალბათ ის საკმარისია. თანაც რამდენი უნდა ისროლოთ ასეთი თოფიდან? ეს ხომ არ არის სპორტული თოფი ან სანადირო, რომლიდანაც შეიძლება ასობით და ათასობით ვაზნას ისროდეთ? მსუბუქი მუხტების სროლა 2.6კგ-ნი “ჩერჩილიდან” არ არის დამღლელი, მაგრამ უფრო ძლიერი მუხტებით სროლისას უკუცემა არის ძალიან ხისტი და 5-6 გასროლის შემდეგ, სროლის გაგრძელების სურვილი სწრაფად ქრება.  ამ თოფიდან მუხტების სროლა 76მმ-ნი მასრით (ე.წ. მაგნუმების) მე მიმაჩნია, რომ იქნება უკიდურესად არაკომფორტული.

არ ვიცი ეს რატომ ხდება, რომ მიუხედავად დამზადების მაღალი ხარისხისა, თურქული თოფები მუდმივად საჭიროებენ ქლიბით ჩარევას. ასე დაჭირდა ახალ Hatsan-ს, Akkar-ს, Stoeger-ს და რაღაცა უნდა მოვუხერხოთ “ჩერჩილსას” რომ ბოლო ვაზნა მჭიდიდან თავისით ამოდიოდეს და არ იჭედებოდეს ნახევარ გზაზე ღარის ქვეშ.

ალბათ ეს წვრილმანები განასხვავებენ მართლა კარგ თოფს, თურქული ან თუნდაც საშუალო თოფისგან. ჩემი აზრით, ამ წვრილმანებს თურქები არ აქცევენ ყურადღებას იმიტომ, რომ თურქეთში არ არსებობს იარაღის კულტურა, მანდ არ არის განვითარებული სასროლოსნო სპორტი და ნადირობა. ასევე იარაღის კულტურა არ არსებობს იმ ქვეყნებში სადაც იგზავნება თურქული თოფები. ხოლო ქვეყნებში სადაც იარაღის კულტურა მაღალია და მომხმარებელი უფრო განებივრებულია და შეძლებული, თურქული თოფები მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაბალ ფასად იყიდება, მაინც არ სარგებლობენ რაიმე განსაკუთრებული პოპულარობით. თურქები ასევე დიდად არ დარდობენ თურქული თოფის იმიჯის/რეპუტაციის შექმნაზე. ალბათ ისიც ყოფნით, რომ ბევრი მსხვილი მწარმოებელი (CZ, Webley-Scott, Weatherby, Winchester) ყიდიან თურქულ პროდუქციას საკუთარი სავაჭრო ნიშნებით, ხოლო დაბალფასიანი თოფების სეგმენტი (გარდა ჩრდილო ამერიკისა) სრულად აქვთ დაპყრობილი. ჩრდილო ამერიკაში მეორადი კარგად ნაცადი მოსბერგის ან რემინგტონის ყიდვა შეიძლება 250-300 დოლარად ამიტომ თურქული თოფის შეძენას უბრალოდ აზრი არ აქვს.

74801638_719504131864376_1386235299335503872_n

“ჩერჩილის” საკეტი და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. დეტალების დამზადების ხარისხი საკმაოდ მაღალია.

ცხადია მაღაზიაში ახალ თურქულ თოფს ამ ფასად უკვე ვერ ნახავ, მაგრამ ფასები იწყება 600 ლარიდან, რაც მაინც ძალიან ხელმისაწვდომია. ზოგადად თურქული თოფების მთელი ასორტიმენტის განხილვა არ შედის ჩვენ მიზნებში, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ თურქეთი უშვებს როგორც, კარგ თოფებს ასევე ნაწარმს, რომელსაც თამამად შეიძლება უწოდო ჯართი. ჩემი აზრით შანსი წააწყდეთ კარგ თოფს, მატულობს თუ აირჩევთ მარტივი კონსტრუქციის მოდელს ყველაზე უბრალო შესრულებით, რაც შეიძლება იაფად. მაშინ რამე პრობლემაც რომ აღმოჩნდეს, ადვილად მოგვარდება და ძალიანაც არ გეწყინებათ. სიმართლე გითხრათ “მდიდრული” შესრულებითაც თურქული თოფები არ გამოირჩევიან განსაკუთრებული ესთეტიურობით რომელიც ახასიათებთ ევროპულ თოფებს.

რაც შეეხება “პომპაზე” ჩემ ზოგად მოსაზრებას, ის უცვლელია. პომპა არის must have იარაღი. მსუბუქი, მანევრირებადი, კომპაქტური, უნივერსალური, საიმედო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, მისი ფლობა არ დააწვება თვქენ ჯიბეს. AR-15 რომელიც მე მაქვს ღირს 4000 ლარამდე. წელიწადნახევრის განმავლობაში მე ის მქონდა გატანილი სასროლად ალბათ 6-ჯერ 7-ჯერ სულ. “პომპა” მეორეს მხრივ გააკეთებს ყველაფერს რაც თქვენ დაგჭირდებათ და მინიმალური დანახარჯით. თავდაცვა? თავდაცვით მანძილებზე “პომპა” მრისხანე იარაღია. ახალ წელს მაშხალების გაშვება ცაში? დაგპატიჟეს წელიწადში ერთხელ მწყერზე? გინდა გახვიდე და უბრალოდ სროლით გაერთო? ვიღაცის დრონი გაწუხებს თავისი ზუზუნით? 500 ლარიანი პომპა ყველაფერ ამაში გამოგადგება, ხოლო თუ ვაზნებს თვითონ ტენი ტყვიაწამალიც არ დაგიჯდება ძვირი.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: “Churchill”-ის პომპა, ისევე, როგორც თურქული თოფების უმეტესობა, არის უბრალო კაცის იარაღი, რომელიც უფრთხილდება თავის ფულს და არ აქვს ფუფუნება სახლში ედოს ნივთი, რომელიც ძვირი ღირს და რომელსაც იშვიათად იყენებს. “ჩერჩილი” კარგად გამოიყურება, ხოლო თუ მას რამე პრობლემა აღმოაჩნდა, მისი მარტივი კონსტრუქციის და გავრცელებულობის გამო, ამ პრობლემის გადაწყვეტა ადვილი იქნება. ვისაც უნდა სახლში ედოს იარაღი, ისე, “ყოველი შემთხვევისთვის”, რომლითაც რამე იყოს სანადიროდაც წახვალ მწყერის სეზონზე, მარტივი და ეფექტური “ჩერჩილი” იქნება კარგი არჩევანი.

PS

დრონზე ხუმრობა იყო.