Archive for November, 2019

ჩვენი ტესტი – Ruger PC Carbine

Sunday, November 24th, 2019

78210100_10215055346352507_1458884748456755200_o

საქართველოდან ამის შემჩნევა ალბათ რთულია, მაგრამ აშშ-ში არის პისტოლეტის კალიბრის კარაბინების “მეორედ მოსვლა”. აშშ-ში იარაღის ეს ტიპი ყოველთვის იყო პოპულარული და ამ ტიპის იარაღს თავისი ნიშა ეკავა, მაგრამ ეხლა მათი პოპულარობის ზენიტია. Sig-Sauer, Grand Power, Beretta, CZ, H&K, Ruger, Kel-Tec, Zenith Arms, Brügger & Thomet, Hi-Point და ბევრი სხვა ნაკლებად ცნობილი მწარმოებლები, უშვებენ თვითდამტენ კარაბინებს ამერიკული ბაზრისთვის. გარდა ამისა, არსებობს მთელი ინდუსტრია პისტოლეტის კალიბრის კარაბინების, რომლებიც აგებულია კოლტის კონსტრუქტორის ჰენრი ტატროს კონსტრუქციის 9მმ-ნი კარაბინის ბაზაზე, რომლის მთავარი თავისებურება იყო, მაქსიმალური თავსებადობა AR-15-თან.

უნდა ვაღიარო, რომ წლების განმავლობაში მე არ ვაქცევდი ყურადღებას ამ ტიპის იარაღს, ვინაიდან როგორც ზოგადად ბევრი სხვა იარაღის მოყვარული, არ მესმოდა რატომ უნდა გქონოდა კარაბინის ზომის იარაღი, რომელიც ისროდა პისტოლეტის, შედარებით სუსტ ვაზნას. შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ჯერ ხელში ჩავიგდე 9მმ-ნი “უზი”, შემდეგ მომეცა საშუალება ახლოს გამეცნო ასევე 9მმ-ნი, ფუტურისტული Kel-Tec SUB2000. ხო კიდევ წლების წინ ვისროდი Steyr M9-დან კონდახით. ეხლა მე მესმის, რომ ის თვისებები რაც გააჩნია ასეთი ტიპის იარაღს შეიძლება ბევირსთვის იყოს მიმზიდველი. ეს არის შედარებით დაბალი უკუცემა, მცირე მასა და გაბარიტები. მოკლე 9მმ-ან კარაბინს არ აქვს დამაყრუებელი გასროლის ხმა და ლულის ალი. პისტოლეტის ტყვია ისეთი ძლიერი არ არის და ადგილები სადაც ასეთი იარაღიდან სროლა შეიძლება ბევრად უფრო მეტია. 9მმ-ნი ვაზნის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე შაშხანის კალიბრის ვაზნის. სამწუხაროდ საქართველოს შემთხვევაში ფასი არ არის უპირატესობა, ყველა 9მმ-ნი კარაბინი უფრო მეტი ღირს ვიდრე მაგალითად პოპულარული “საიგა” ან ჩეხური “Vz 58″, რაც არის ყველაზე სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი, მაგრამ მაინც არის ხალხი რომელსაც ურჩევნია კომპაქტური 9მმ-ნი კარაბინი 7.62 კალიბრის სამოქალაქო  ”კალაშნიკოვს”.

ამჯერად ჩვენი ტესტირების ობიექტია, მორიგი 9მმ-ნი პისტოლეტის კალიბრის კარაბინი, რომელიც განსხვავებით “უზისგან” და “კელ-ტეკისგან”, იყენებს უფრო ტრადიციულ, კლასიკური სანადირო შაშხანის სქემას. წარმოდგენილი 2017 წელს ამერიკული “რუგერის” მიერ ინდექსით  PC, ეს კარაბინი ერგონომიულად გავს ტიპიურ სანადირო შაშხანას მაგრამ ბევრი საინტერესო მე ვიტყოდი უნიკალური თვისებით. კარაბინს აქვს ასეთი ორი თვისება, ის ადვილად იყოფა ორად (take-down) და მარტივი გადაწყობით შესაძლებელია მასში “გლოკის” ორ რიგიანი 9მმ-ნი მჭიდების გამოყენება (ქარხნულ კონფიგურაციაში ის იყენებს Ruger SR-9-ს მჭიდებს).

იმის მიუხედავად, რომ რომ რუგერის კარაბინის გასაყიდი ფასი აშშ-ში არის 500 დოლარზე ოდნავ მეტი (რაც ბევრი არ არის), ეს კარაბინი გარდა იმისა, რომ არის ძალიან ნაფიქრი კოსნტრუქციის, რაზეც ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით, მას ასევე პირდაპირ კოლოფიდან გააჩნია ყველა ის საჭირო წვრილმანი, რომელიც უნდა უფრო მაღალი დონის და ძვირადღირებულ იარაღს. თავად განსაჯეთ, კონდახს აქვს სიგრძის რეგულირების შესაძლებლობა, კომპლექტში კარაბინს მოყვება სამი ჩანართი. რესივერზე და ტიბჟირზე შესრულებულია პიკატინის სამაგრები. უკამა სამიზნე მოწყობილობა რეგულირებადია ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიობრტყეში და ადვილად იხსნება, თუ ჩათვლით რომ მისი განლაგება ხელს უშლის ოპტიკის გამოყენებას. წინა სამიზნი მოწყობილობაა გააჩნია დამცავი ყურები (ის ასევე მოხსნადია), ხოლო კორას ზედაპირზე წვრილი ჭრილებია შესრულებულია რომ არ მოხდეს მზის შუქის არეკვლა, რაც ხელს შეგიშლიდათ დამიზნებაში. სამიზნი მოწყობილობები ფოლადის არის “ghost-ring” ტიპის. მჭიდის ღილაკის და საკეტის სახელურის გადაყენება შესაძლებელია.

როდესაც იწყებ იარაღის კონსტრუქციის უფრო სიღრმისეულ შესწავლას, სიურპრიზები არ წყდება. იარაღი არის ძალიან ხარისხიანად შესრულებული. მასიური საკეტის შიგნით იმალება ვოლფრამის ჩანართი, რომელიც ასრულებს იგივე ფუნქციას რაც იგივე მასალის წონები AR-15-ის ბუფერში, “აწყნარებს” საკეტს ჩაკეტვისას. გარდა ამისა რუგერის კარაბინი იყენებს თავისუფალ საკეტს. ამიტომ ის უნდა იყოს საკმარისად მძიმე რომ დარჩეს დახურულ მდგომარეობაში სანამ ტყვია არ დატოვებს ლულას და წნევა შიგნით არ დაეცემა, ხოლო ვოლფრამი მძიმე მეტალია.  ბუნებრივია, რომ კარაბინი ისვრის დახურული საკეტიდან, ხოლო დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი იყენებს შიდა ჩახმახს და კონსტრუქციულად ძალიან გავს 10/22-ის მექანიზმს.

სპეციალური ჩანართი, რომელიც ადვილად იცვლება მსროლელის მიერ, გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ რუგერის და გლოკის  პისტოლეტის მჭიდები. საინტერესო ის არის რომ კარაბინის საკეტის თავი მოხსნადია, ის ძალიან ჭკვიანურად ფიქსირდება საკეტში და მის მოსახსნელად არანაირი ინსტრუმენტი არ არის საჭირო. ეს და ასევე მჭიდის ადაპტორის გამოცვლის, იდეაში სხვადასხვა წონის ბუფერების გამოყენების შესაძლებლობა და სწრაფად მოსახსნელი ლულა მიანიშნებს იმაზე, რომ მალე გამოჩნდება კარაბინები და დეტალების ნაკრებები, რომლებიც გადაიყვანენ 9მმ-ან კარაბინს სხვა პოპულარულ კალიბრებზე. ამ ტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ 9×19 და .40S&W კალიბრები, ხოლო საქართველოში შემოტანილია მხოლოდ 9მმ-ნი მოდელი.

77253235_2407021729547531_4348573843678298112_n

კარაბინის მასიური და მძიმე საკეტი. საკეტი სახელური მაგრდება საკეტზე ერთი ხრახნით. მისი გადაყენება ძალიან ადვილია და არ არის საჭირო იარაღის დაშლა. ღია ფერის ჩანართი არის ვოლფრამის ბუფერი. 

ასევე უნდა ცალკე ვახსენო რუგერის კარაბინის მთავარი თავისებურება, შესაძლებლობა სწრაფად, ინსტრუმენტის გარეშე დაშალოთ ის ორ ნაწილად, რაც აადვილებს მის შენახვას და გადატანას. იარაღის გადასატანად გამოდგება ჩვეულებრივი ზურგჩანთა. მექანიზმი, რომელიც ამას უზრუნველყოფს ასევე ძალიან ჭკვიანურია და პრაქტიკულად შეუძლებელია რომ მოირყეს ან დასუსტდეს. სპეციალური სარეგულირებელი რგოლი საშუალებას გაძლევთ მარტივი რეგულირებით უზრუნველყოთ ორივე ნახევრის საიმედო და მყარი გადაბმა. იმისთვის რომ იარაღი განვაცალკევოთ, საკმარისია თითით გადაწიოთ ფიქსატორი, დაატრიალოთ ლულა და ტიბჟირი თავის ღერძის ირგვლივ და იარაღი ორად გაიყოფა. აწყობა ასევე ადვილია და სწრაფი, უბრალოდ არ დაგავიწყდეთ დაშლა-აწყობამდე საკეტი დააფიქსიროთ ღია მდგომარეოიბაში. საბრძოლო მდგომარეობაში, კონდახის დასაგრძელებელი ჩანართების გარეშე, კარბინის სიგრძე 87.5 სმ-ია. დაშლილ მდგომარეობაში მისი სიგრძე ზუსტად 50სმ-ია.

კარაბინის მცველის და საკეტის შემაკავებლის ღილილაკების განლაგება რუგერ 10/22-ის ანალოგიურია. განსხვავებით 10/22-სგან ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ PCC-ზე ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი ღია მდგომარეობაში რჩება. ფურნიტურა პლასტმასის არის, მაგრამ ეს პლასტმასა საკმაოდ მყარია და არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დამზადებულია გადამდნარი ცელოფნის პარკებისგან, როგორც ბიუჯეტურ სანადირო კარაბინებზე. კონდახის დაბოლოება მყარი რეზინისგან არის დამზადებული და საკმაოდ კომფორტულია. იმისთვის რომ დააყენოთ, უნდა ჯერ მოხსნათ ორი ხრახნი, რომლითაც მაგრდება კონდახის დაბოლოება.

კიდევ ერთი სიუროპრიზი არის იარაღის ლულა. ის არის შედარებით სქელი პროფილის რაც კარგია, მაგრამ სქელი ლულები მძიმეა, რაც ცუდია. ამიტომ ლულაზე წონის შემცირების მიზნით არის შესრულებული ჭრილები რაც კარგია (და ასევე უხდება იარაღს).  ლულას აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა ლულის მოწყობილობების დაყენების (ხრახნის ტიპი 1/2″-28). რაც ასევე კარგია. გამოცდილმა მსროლელებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთ ლულებზე დაყენებული დამცავი რგოლები სროლისას თავისთ იშვება, რაც ცუდია. ამიტომ რუგერზე ქარხნულად დაყენებულია რეზინის რგოლი, რის გამოც რამდენიც არ უნდა ისროლოთ დამცავი რგოლი დაშვებას არ იწყებს, რაც კარგია. მაგრამ სულ ეს არ არის. ლულა არის ცივად ნაჭედი, რაც დამეთანხმებით ასევე ძალიან კარგია. ასეთ ლულას მწარმოებელი, რომ აყენებს იარაღზე ეს უკვე სერიოზული განაცხადია და ერთგვარი მინიშნება, რომ ეს იარაღი იქმნება გათვლით ხანგრძლივ და ინტენსიურ ექსპლუატაციაზე. ცნობილი რესურსის, gunblast-ის მფლობელის, ჯეფ ქუინის შვილს მოუვიდა ინციდენტი ასეთ კარაბინთან, რომელზეც ლულა გადაიხსნა. მიზეზი? ერთი მეორეს მიყოლებით შიგნით გაჭედილი 6 ტყვია. კი ლულა გადაიხსნა, მაგრამ “კატასტროფული აფეთქება”, როგორც ასეთი  არ მოხდა, მსროლელიც არ დაშავებულა, მიუხედავად იმისა, რომ გაჭედილ პირველ ტყვიას მიაყოლეს “ცხელი” “Super-Vel” ვაზნები. PC-ს ლულის სიგრძე 16 ინჩია,  ხრახნების ბიჯი არის 1:10.

76695073_413754246196639_8569965721377832960_n

7075-T6 მარკის ალუმინისგან შესრულებული რესივერი. დაზმადების ხარისხი მაღალია, ინსტრუმენტის კვალი არსად არ ეტყობა. რესივერი ანოდირებულია და არა შეღებილი, რაც ასევე კარგია. 

75619068_804814903305984_610579173638930432_n

სარეცელის ჩანართი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა მჭიდების გამოყენებას.

იარაღს კომპლექტში მოყვება საკმაოდ ბევრი რამე, უკვე სავლდებულო უსაფრთხოები საკეტი, კონდახის დამაგრძელებელი პლასტმასის ჩანართები, საჭირო სახრახნისები (სამი ცალი), ერთი რუგერ SR-9-ს 17 ვაზნიანი მჭიდი და დამატებითი ჩანართი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ გლოკის მჭიდები. ასევე კარაბინს მოყვება დეტალური ინსტრუქცია. მეტს ასეთ ფასად უბრალოდ ვერ ისურვებ.

კონცეფციიდან გამოდმინარე იარაღი იშლება, როგორც უმეტესობა კლასიკური კარაბინების. ლულა და რესივერი დამაგრებულია პლასტმასის სარეცელში და ტიბჟირში სამი ხრახნით. სამი ხრახნის დაშცვების შემდეგ ხდება შესაძლებელი ლულის და რესივერის მოხსნა. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის მოხსნა შესაძლ;ებელია რესივერში გაყრილი ორი პინის ამოგდებით (ისევე, როგორც რუგერ 10/22-ში). ამის შემდეგ შესაძლებელი ხდება საკეტის და დამაბრუნებელი ზამბარის ამოღება რესივერიდან.

72206343_533177200863843_8240629420121915392_n

არასრულად დაშლილი კარაბინი.

მე იარაღი მერგო უკვე გადაწყობილი გლოკის მჭიდებზე, რაც ჩემთვის იყო აბსოლუტურად მისაღები. მე უკვე მაქვს “Glock 17″ და რუგერის კარაბინი იღებს პრაქტიკულად ნებისმიერ 9მმ-ნი გლოკის ორ რიგიან მჭიდს, იქნება ეს 10 ვაზნიანი გლოკ 26-ის თუ გრძელი 33 ვაზნიანი მჭიდი ან უფრო ეკზოტიკური კვების საშუალებები.

ეხლა გადავიდეთ კრიტიკულ ნაწილზე. რა არ მომეწონა “რუგერის” კარაბინში? დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანით. მე სასტიკად და კატეგორიულად არ მომწონს მჭიდის მსუბუქი ღილაკები და რუგერის მჭიდის ღილაკი ჩემი გემოვნებით ზედმეტად მსუბუქია. რის გამოც ღილაკზე მსუბუქი დაწოლაც, ეგრევე ათავისუფლებს მჭიდს. არსებობს რეალური საფრთხე, რომ ტყეში ხეტიალისას მჭიდი შეიძლება დაიკარგოს, მაგრამ რამდენად მაღალია ამის ალბათობა ჯერ არ დაგვიდგენია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მჭიდის ღილაკის განლაგება, ერგონომიკის თვალსაზრისით არის უნაკლო, ის ადვილად ხელმისაწვდომია, მიუხედავად იმისა, რომელ მხარეს არის დაყენებული, მაგრამ, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ მისი ზამბარა ბევრად უფრო ხისტი ყოფილიყო და უკეთ დაცული შემთხვევითი დაჭერისგან. კრიტიკას ასევე იმსახურებს ტიბჟირზე განლაგებული პიკტინის სამაგრი. ის “ჩაშენებულია” ტიბჟირში ხოლო მის უკან საღვედეს დასაყენებელი სამაგრია, რის გამოც უმეტესობა ტაქტიკური ფანრების მანდ ვერ დაყენდება. საჭირო იქნება ცალკე “ოფ-სეტ” სამაგრი. და ბოლოს, იარაღი მძიმეა (3.1 kg). ბალანსი და წონის გადანაწილება კარგია, მაგრამ მასა მაინც მნიშვნელოვანია. სამაგიეროდ კარაბინიდან სროლა კომფორტულია და უკუცემა მინიმალურია. ბოლო პისტოლეტის კალიბრის კარაბინი, რაც მე მქონდა იყო Kel-Tec SUB 2000 და სროლის წარმოების კომფორტის თვალსაზრისით სხვაობა ამ ორ იარაღს შორის არის უზარმაზარი, მაგრამ  ”კელ-ტეკი” ჩვენ გვიყვარს სხვა სიკეთეების გამო. სულ ბოლოს უნდა ვახსენო, რომ ჩემი აზრით იარაღს აქვს გარკვეული პრობლემა ესთეტიკის მხრივ. გარეთ გამოშვერილი წვრილი მჭიდი იარაღს არ უხდება. ყველაზე მოკლე 10 ვაზნიანი გლოკის მჭიდიც კი გარეთ გამოშვერილია.  ჩემთვის ესთეტიკა დგას სადღაც ბოლოდან მეორე ადგილზე მნიშვნელობით, მაგრამ არის ხალხი, რომელთათვის ესთეტიკა ყველაზე მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ ეხლა პისტოლეტის კალიბრის კარაბინებში პრაქტიკულობა დგას პირველ ადგილზე და ესთეტიკას იარაღების ამ კლასში არ უნდა დაეძებდე. სრული ბედნიერებისთვის, ასევე საჭირო იქნებოდა წერტილები სწრაფად მოსახსნელი საღვედეებისთვის მაგრამ რაც არის ეს არის.

76706837_457962971588394_3760612766684020736_n

ლულა take-down მექანიზმით

PC არ არის “რუგერის” პირველი პისტოლეტის კალიბრის კარაბინი. 1961 წლიდან 1985 წლამდე გამოდიოდა Model 44, .44 მაგნუმზე გათვლილი  კარაბინი, რომელიც კონსტრუქციულად იმეორებდა 10/22-ს. 1996 წელს რუგერმა გამოუშვა PC9 (9×19) და PC4 (.40S&W). ეს კარაბინები გამოდიოდა 2006 წლამდე მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობდნენ ისევე, როგორც მანამდე მოდელი 44. როგორც ჩანს ეს არ ეხება ახალ PC-ს იმიტომ, რომ იარაღი კარგად იყიდება. ორიგინალურ კონცეფციას უბრალოდ ჭირდებოდა რაღაცით “გახალისება”, რაც მოიზიდავდა მყიდველებს და ეს “გახალისება” გახდა take-down-ის შესაძლებლობა და ასევე შესაძლებლობა გამოიყენო ალბათ საუკეთესო და ყველაზე გავრცელებული, გლოკის მჭიდები. თითქმის ყველა მიმოხილვა რაც მე ვნახე არის ძალიან პოზიტიური და ამ იარაღს მაღალ შეფასებას აძლევს. შედარენით კლასიკურ მოდელს, რუგერმა დაუმატა ტაქტიკური მოდელებიც, რომლებიც უფრო “თანამედროვედ” გამოიყურება, მაგრამ ჩემი აზრით კლასიკური ვარიანტი ბევრად უკეთესია, თან ამ ახალ მოდელებს აღარ გააჩნია მექანიკური სამიზნი  მოწყობილობები. jedem das seine, როგორც იტყოდნენ გერმანელები.

19122-2

Ruger-ის შედარებით ახალი Pistol Caliber Carbine Chassis model

გადავიდეთ ყველაზე საინეტერსო ნაწილზე. როგორ ისვრის იარაღი? სროლა სიზუსტეზე ხორციელდებოდა 30 მეტრიდან, მაგიდიდან. გამოყენებული იყო მუხტები 115 გრანიდან 157 გრანამდე. მიზანი ამისა პირველ რიგში დაგვედგინა, არის თუ არა სხვაობა მოხვედრის წერტილის ცვლილებაში სხვადასხვა წონის ვაზნების გამოყენებისას. სროლისას აღმოჩნდა რომ დახურულ ტირში, სპეციფიური განათებით, სამიზნი მოწყობილობების გამოყენება იყო საკმაოდ რთული. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ პრობლემის წყარო იყო ჩემი პრობლემური თვალები. საქმე იმაშია, რომ სამიზნი მოწყობილობები განლაგებულია ლულაზე (რაც ბუნებრივია take-down იარაღისთვის), დიოპტრი საკმაოდ შორს არის თვალიდან და მიუხედავად იმისა, რომ სამიზნი მოწყობილობების ზომა და პროპორციები იდეალურია, შავ წრეში კორათი შესვლისას, ხდებოდა კორას და შავი წრის შერწყმა, რაც სერიოზულად ართულებდა დამიზნებას. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც მივიღეთ ძალიან საინტერესო შედეგები.

74908184_10215057609009072_4164172605395304448_o

ამ სურათიდან ჩანს, რომ სხვაობა მოხვედრის წერტილში დიდი არ არის, ხოლო ყველაზე კარგი ჯგუფი, პრაქტიკულად ერთი ნახვრეტი, მივიღეთ შედარებით იაფი “Blazer”-ით, ალუმინის მასრით. ჩემი აზრით და სურათი ამას ადასტურებს, იარაღი სტაბილურად ზუსტად ისვრის ყველა პოპულარული წონის ტყვიით, რომელიც გამოიყენება 9მმ-ან ვაზნაში. იარაღი საჭიროებდა გასწორებას რის გამოც სამ სამიზნეზე მოხვედრები არის დამიზნების წერტილიდან დაშორებული.

ორი სიტყვა სასხლეტზე. კარგია ის სასხლეტი, რომელიც გაძლევს საშუალებას ისე ისროლო, რომ მასზე არ იფიქრო და კონცენტრირდე სუნთქვაზე, სამიზნი მოწყობილობების ზუსტ გასწორებაზე და ასე შემდეგ. რუგერზე სწორედ ასეთი სასხლეტია. ის არის წარმოუდგენლად კარგი ასეთი კლასის იარაღისთვის, რომელიც იდეაში არ არის შექმნილი ზუსტი სროლისთვის. მისი წონა დაახლოებით 3 კგ-ია და ის ერთ საფეხურიანია.

P1120027

პრაქტიკული სიზუსტე ძალიან მაღალია. 25 მეტრიდან დგომიდან სწრაფი და ზუსტი სროლა ადვილია. ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ ეს სილუეტები რეალური ადამიანის სილუეტზე დაახლოებით 30% უფრო პატარაა. 

სროლის დროს ჩვენ ვიყენებდით ორიგინალურ “Glock”-ის და “Magpul”-ის წარმოების მჭიდებს. არანაირ დაბრკოლებას ადგილი არ ქონდა. ექსტრაქცია პოზიტიური. მარცხენა მხრიდან სროლისას მასრები ახლოსაც არ ხვდებოდა სახესთან. მიუხედავად იმისა, რომ იარაღი “ბლოუბექია” ანუ იყენებს თავისუფალ საკეტს, ხოლო მე ვისროდი მარცხენა მხარზე მიობჯენით, დენთის აირები და დენთის ნაწილაკება სახეში არ მხვდებოდა არა და იარაღზე შესაბამისი დეფლექტორი არ არის გათვალისწინებული.

მოკლედ 9მმ-ნი რუგერის კარაბინიდან სროლა ძალიან სასიამოვნოა. კარგი სასხლეტი, სამიზნი მოწყობილობები და ლულა გაძლევთ შესაძლებლობას სრულად გამოიყენოთ 9მმ-ნი ვაზნის პოტენციალი. 16 ონჩიანი ლულიდან ნასროლ 9მმ-ან ტყვიას ექნება 10-20% მეტი საწყისი სიჩქარე ვიდრე სრული ზომის პისტოლეტიდან ნასროლ ტყვიას, რაც არც თუ ისე უმნიშვნელო ციფრია.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

მოსაწონია, როდესაც იარაღზე პირდაპირ ყუთიდან აყენია, როგორც კარგი მექანიკური სამიზნი მოწყობილობები ასევე პიკატინის სამაგრი ოპტიკისთვის. ბევრი კომპანია დღეს ყიდის “შიშველ” იარაღს და აძლევს მფლობელს საშუალებას თავად აირჩიოს  სამიზნი მოწყობილობების კონფიგურაცია ან აყენებს მარტივ, პრიმიტიულ მექანიკურ სამიზნ მოწყობილობებს. პირველი მიდგომა ალბათ კარგია, თუ შეგიძლია გადახვიდე გზაზე, შეხვიდე მაღაზიაში და იყიდო რაც გინდა, მაგრამ მე მირჩევნია იარაღი იყოს მზად გამოყენებისთვის პირდაპირ კოლოფიდან. რუგერის კარაბინის ქარხნული სამიზნი მოწყობილობები ძალიან კარგია, ხოლო თუ გინდათ ოპტიკის დაყენება, პიკატინის ცალკე ყიდვა საჭირო არ იქნება. პიკატინის სამაგრი რუგერის კარაბინში შესრულებულია  რესივერთან ერთად (და არა ცალკე დეტალი დაფიქსირებული ხრახნებით), რაც ასევე კარგია. 

მიმოხილვის ბოლოსკენ მე მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან ნიუანსზე გავამახვილო ყურდაღება. პისტოლეტის კალიბრის კარაბინებში შედარებით გრძელი ლულებით უნდა გამოიყენოთ მხოლოდ კარგი ხარისხის ვაზნები. გრძელლულიანი “ბლოუბექ” ტიპის იარაღში, როგორც ამობენ ძალიან რთულია მიხვდე, რომ ტყვია გაიჭედა ლულაში და არის რისკი, რომ მსროლელი ვერ მიხვდება, რომ რაღაც წავიდა არასწორად და გააგრძელებს სროლას. ერთი გაჭედილი ტყვია ლულაში არ არის სასიკვდილო პრობლემა და ის ექვემდებარება მოგვარებას, ხდება გაჭედილი ტყვიის ამოღება და იარაღი მზად არის ექსპლუატაციისთვის. გაჭედილი ლულით მეორე გასროლას მოყვება ლულის დაზიანება.

სხვადასხვა რესურსებზე აღმოჩენილი ინფორმაციის მიხედვით, ერთი შეხედვით, 147 გრანიანი ტყვია შეიძლება არ იყოს საუკეთესო არჩევანი 16 ინჩიანი კარაბინიდან სასროლად. საწყისი სიჩქარე იზრდება უმნიშვნელოდ ხოლო 16 ინჩიან ლულაში სიჩქარე იქნება ნაკლები ვიდრე 12 იინჩიან ლულაში. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ დენთის მუხტს არ ყოფნის ენერგია და ტყვია იწყებს შენელებას უკვე ლულის შიგნნით. ეს შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც. ცუდია რომ სიჩქარეში/ენერგიაში არ იგებ, მაგრამ ცნობილია, რომ პისტოლეტის ტყვიები, იგულისხმება ექსპანსიური ტყვიები, იქმნებიან სიჩქარეების კონკრეტულ დიაპაზონში სამუშაოთ. გაიყვანე ასეთი ტყვია ზედმეტად მაღალ სიჩქარეზე და სამიზნეში მოხვედრისას ის შეიძლება გაიშალოს ზედმეტად ადრე ან საერთოდ მოხდეს მისი ფრაგმენტაცია და ამის გამო შეღწევის სიღრმე არ იყოს ოპტიმალური. ამიტომ ის, რომ 147 გრანიანი ტყვია ინარჩუნებს სტაბილურ სიჩქარეს, შეიძლება კარგიც იყოს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მთლიანად გარსით დაფარული 124 გრანიან ტყვიას ექნება მეტი საწყისი სიჩქარე მაგრამ როგორ აისახება ეს მის ტერმინალურ ეფექტურობაზე უცნობია. კითხვები უფრო მეტია ვიდრე პასუხები, მაგრამ 9მმ-ნი კარაბინების პოპულარობის ზრდასთან მეტი ინფორმაცია გაჩნდება და ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ გაჩნდება სპეციალიზირებული მუხტები, რომლებიც მაქსიმალურად გამოიყენებენ ლულის სიგრძეს. 16 ინჩიანი ლულიდან ნასროლი 124 გრანინაი +p კლასის ტყვიას ექნება საწყისი სიჩქარე სადღაც 410-420 მ/წ-ში რაც უკვე .357 “მაგნუმის” ტერიტორიაა. იმის თქმა მინდა, რომ საწყისი სიჩქარის გაზრდა ყოველთვის კარგი არ არის, თუ ტყვია არ არის “მზად” ასეეთი სიჩქარისთვის. ასევე გასარკვევია რესივერზე დაყენებული ოპტიკით, ლულის მოხსნა დაყენება იწვევს თუ არა “ზეროს” დაკარგვას.  ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხის შესწავალას რუგერის კარაბინის დახმარებით და შედეგებზე აუცილებლად გიამბობოთ.

ამ ეტაპზე რუგერის PC კარაბინი იმსახურებს მაღალ შეფასებას, ხარისხიანი შესრულებისთვის და ნაფიქრი კონსტრუქციისთვის. ის არ გავს სუპერ ტაქტიკურ “ემოთხს”, არ აქვს ვეტიკალური სახელურები და დასაკეცი კონდახები, მაგრამ ეს არის გამძლე, ხარისხიანი და ძალიან ზუსტი იარაღი, რომელიც არ მიიპყრობს ყურადღებას მის გადატანისას და თუ გადაწყვიტეთ სადმე სადმე გასეირნება, გზად თუ ვინმე შეგხვდათ, “ბოევიკი” არ ეგონებით. იმისთვის რომ ის მოირგოთ ან დააყენოთ მასზე ოპტიკა, ასევე არ დაგჭირდებათ დიდი ინვესტიციები. თბილისში ეს იარაღი იყიდება ახალი, 2000 ლარად და თუ თქვენ გჭირდებათ ის რასაც ეს იარაღი გთავაზობთ, მაშინ წადით და იყიდეთ, ფასი/ხარისხით მას ამ ეტაპზე თბილისში კონკურენტი არ ყავს და რაც მთავარია კარაბინი პირდაპირ კოლოფიდან არის მზად გამოიყენოს 9მმ-ნი ვაზნის სიზუსტის და სიმძლავრის სრული პოტენციალი.

P1120010

იდეალური წყვილი. ერთნაირი ვაზნა, ერთნაირი მჭიდები, ერთნაირი ფერები. 

ჩვენი ტესტი – Akkar Churchill 12ga

Monday, November 4th, 2019

P1110939

იყო პერიოდი ჩემ ცხოვრებაში, როდესაც მე ძალიან გატაცებული ვიყავი 12 კალიბრის “პომპებით”. ჩემი პირველი პომპა მე შევიძინე ჯერ კიდევ 11 წლის წინ და ეს იყო საკმად კარგი იარაღი, “Winchester” 1300.  მაგას მოყვა ბევრი სხვა ანალოგიური იარაღი, ამერიკული, ევროპული და თურქული წარმოების. ამ წლების განმავლობაში მე მივედი დასკვნამდე რომ ალბათ საუკეთესო “პომპა” არის “Mossberg” 500 და მისი მოდიფიკაციები.  მართალია მოსბერგების ლულა შიგნიდან გავს ჟანგიან წყლის მილს და დეტალების დაზმადების ხარისხიც არის რბილად რომ ვთქვათ საშუალო, ფაქტია რომ მოსბერგები და მათი ბიუჯეტური, (რეალურად კი ისედაც  ბიუჯეტური მოსბერგის კიდე უფრო ბიუჯეტური) Maverick სერიის თოფები, მუშაობენ, მუშაობენ საიმედოდ და არ ფუჭდებიან. მეორეს მხრივ თურქული თოფები (ყოველ შემთხვევაში ის რაც მე მინახია) გამოირჩევიან პრაქტიკულად უნაკლო შესრულებით, ლამაზი იერსახით, მაგრამ არ მუშაობენ, ყოველ შემთხვევაში არ მუშაობენ ხოლმე პირდაპირ კოლოფიდან. არის კიდე ფასის საკითხი. არ ვიცი რატომ მაგრამ ბიუჯეტურ ამერიკულ “პომპებში” ჩვენთან ითხოვენ ძალიან დიდ ფულს. ბოლოს მეორად ბაზარზე ვნახე შემოთავაზება აქ შედარებით ნაკლებად გავრცელებულ  Smith&Wesson-ის თოფზე, რომელიც ამერიკაში 150 დოლარი ღირს. აქ კიდე მასში ითხოვდნენ 2500 ლარს. ანალოგიურ ფასებს ითხოვენ “Winchester “1300-ში და 1500 ლარამდე მოსბერგის თოფებში.  ამის გათვალისწინებით შემოთავაზება, რომელსაც მე წავაწყდი გავდა საჩუქარს. 400 ლარად კაცი ყიდიდა ახალ თურქულ პომპას “Churchill”, თანაც საკმაოდ ლამაზი ხის ფურნიტურით.  400 ლარი ჩვენი “ბრწყინვალე” მთავრობის “გააზრებული” ეკონომიკური პოლიტიკს წყალობით, იქცა 140 დოლარად. 140 დოლარი 12 კალიბრის თოფში პრაქტიკულად ნაჩუქარია.”პოპმა” მე ისედაც კარგახანია მინდოდა და გარდა ამისა, მე ჩავთვალე, რომ ჩემ მკითხველებს დააინტრესებთ თოფის ტესტირება, რომელიც ხელმისაწვდომია და ალბათ სადღაც 15 წელია რაც იყიდება ქართულ ბაზარზე.

“ჩერჩილის” სავაჭრო ნიშანი ამჟამად ეკუთვნის სტამბულთან განლაგებულ კომპანია “Akkar”-ს. ასე იყო ეს 15 წლის წინაც თუ ამ თოფებს ვინმე სხვა უშვებდა მე არ ვიცი. “Akkar”-ი საკმაოდ ცნობილი მწაროებელია და მისი პროდუქცია იყიდება პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, საქართველოს ჩათვლით. “Akkar”-ის თოფი მქონდა მეც და სიმართლე გითხრათ იმ თოფით კმაყოფილი არ ვიყავი, ის არ მუშაობდა პირდაპირ ყუთიდან. მეორეს მხრივ “ჩერჩილებზე” მე აქამდე ცუდი არაფერი მსმენია არა და ეს თოფები წლებია იყიდება საქართველოში.

როგორც მოგეხსენებათ, აბსოლუტური უმეტესობა, თურქული “პომპების” არის იტალიური Fabarm SDASS-ის ასლი. არც ჩვენი “ჩერჩილი” არ არის განსხვავებული. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი მოთავსებულია პლასტმასის კორპუსში. რესივერი ალუმინის არის. ჩაკეტვა ხორციელდება ლულის წაგრძელებაზე განლაგებულ კილოზე, საკეტში ვერტიკალურად მოძრავი ბჯენის მეშვეობით, რომელიც ტიბჟირის გამოწევისას იწევა ქვევით და საკეტიც იხსნება. მილისებრი მჭიდი განლაგებულია ლულის ქვეშ და მასში ეტევა 4 სტანდარტული 70მმ სიგრძის ვაზნა. თუ ვაზნების სიგრძე შედარებით მოკლეა, მჭიდში ჩავა 5 ვაზნა). ლულის სიგრძე 38 სმ-ია. წონა: 2.6კგ. სრული სიგრძე-69სმ.  “ჩერჩილი” გამოდის ორი ტიპის ფურნიტურით, პლასტმასის და ხის. პლას ტმასის ფურნიტურა უფრო პრაქტიკულია, მაგრამ ხის უფრო ლამაზია.

ლულის არხი არის უნაკლოდ დამზადებული და ქრომირებულია, რაც იდეაში უზრუნველყოფს დიდ რესურსს და ასევე ამის წყალობით ლულა ძალიან ადვილად იწმინდება. რესივერი და ლულა დაფარული უნაკლო შავი დაფარვით, რომელიც იარაღს ძალიან უხდება. მცველი ტრადიციულად განლაგებულია სასხლეტის დამცავი კავის უკან. მარჯვნივ გადაწევა მას რთავს, მარცხნივ თიშავს. კავის წინ არის საკეტის გამხსნელის ღილაკი. მჭიდის ავსება ხდება ქვევიდან. ახალი თოფი მოთავსებულია ცელოფნებში და მუყაოს საფირმო ყუთში სადაც ასევე დევს მოკლე ინსტრუქცია და ღვედი .

74227314_756652004809896_193361038278656000_n

დაშლისას ხის ტიბჟირზე აღმოჩნდა რაღაც შავი ზოლი, რომელიც ძალიან გავს შეწეპებულ ბზარს. კიდევ ერთი მიზეზი მოვიხსენიოთ თურქული ხარისხის კონტროლი…

ჩვენი თოფის კომპოლექტაცია არის მარტივი მაგრამ სკმარისი. მას არ აქვს ზედმეტი ან უაზროდ შეთავსებული ელემენტები. მაგალითად მე მინახია ამაზე უფრო მოკლე “პომპები” ჩასახრახნი ჩოკებით, რაც ზედმეტია თოფზე ასეთი მოკლე ლულით. მინახია თოფები მაღალი, შაშხანის სტილში შესრულებული კორათი მაგრამ უკანა სამიზნი მოწყობილობის გარეშე, ან ისეთი ფორმის დასაკეცი კონდახით, რომელიც გარანტირებს გახეთქილ ტუჩს. აღარაფერს ვამბობ თურქული თოფების თითქმის ყოველთვის საკითხავ დეკორატიულ გაფორმებაზე. მოკლედ თურქული თოფის შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი პრინციპი: რაც უფრო მარტივია – მით უკეთესია.

“ჩერჩილის” ლულაზე გრავირებულია უცნაური წარწერა, Kassnar, London, England. რატომ არის ეს გრავირება ლულაზე მე არ ვიცი, ისევე როგორც 99% დარწმუნებული ვარ, რომ ლულას არანაირი კავშირი ინგლისთან არ აქვს. მე მინახია თურქული თოფები იტალიური Fabarm-ის ნაწილებით და იტალიური დამღებით, მაგრამ ეს იყო ძალიან ადრინდელი გამოშვების იარაღები. ძალიან მეეჭვება 400 ლარიან თოფზე იყოს ინგლისში დამზადებული ლულა. მე დამაინტერესა საერთოდ საიდან წამოვიდა სახელი “ჩერჩილი” და რას ნიშნავს ეს დამღა. ინგლისში დღემდე მოქმედებს 1891 წელს დაარსებული კომპანია E.J. Churchill, რომელიც უშვებს უმაღლესი დონის სანადირო თოფებს და მათი ფასი იზომება ხუთნიშნა ციფრებით. გამორიცხულია მათ ქონდეთ რამე კავშირი თურქულ “Akkar-თან”. დამღა სავარაუდოთ უკავშირდება სავაჭრო კომპანია Kassnar International-ს, რომელიც უკვე კარგახანია არ არსებობს. სავარაუდოდ თურქებმა უბრალოდ შემთხვევით აირჩიეს ეს სახელი და გრავირებაც მხოლოდ სულელური მარკეტინგული ხრიკია. ან შეიძლება “აკკარმა” მიყიდა “კასსნარს” თავისი თოფების პარტია და იმ დროიდან მოყოლებული ასვავს ამ დამღას ყველა თოფს.

კარგით ბატონო, დავუწეროთ თურქებს 5-ნი მინუსთი (გაურკვეველი დეფექტისთვის ხის ტიბჟირზე) შესრულებაში და ასევე 5-ნი პლუსით ფასში, მაგრამ როგორ მუშაობს ეს თოფი? “ჩერჩილის” პირველი ტესტირება არ უნდა ყოფილიყო რაღაც “აკადემიური” გამოცდა. ჩვენი მიზანი ამ ეტაპზე იყო დავრწმუნებულიყავით, რომ თოფი იმუშავებს, რომ თოფს აქვს მისაღები სიზუსტე ყველაზე გავრცელებული ტიპების 12 კალიბრის მუხტებით სროლისას და ასევე მე მქონდა გარკვეული ეჭვები თოფის ზედმეტად მჭიდროდ მორგებულ გადატენვის მექანიზმთან და ამიტომ გეგმაში ასევე გვქონდა ალბათ პირველი იარაღის წამების ტესტის განხორციელება, რომლის დროსაც ჩვენ სპეციალურად დავაბინძურებდით თოფს ტალახით და მტვერით და ვნახავდით რა მოხდებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ მე დავხარჯავდი მეტ ფულს სხვადასხვა ტიპის ვაზნებზე, რომ მენახა, რა მუხტებით მივიღებდი საუკეთესო შედეგს. ამიტომ პირველი ტესტისთვის მე ვიყიდე მხოლოდ იაფი YAF-ის ვაზნები და “სარსილმაზის” სლაგები და კარტეჩი.

 

slugchurchill

თურქულ იარაღებზე არის ლულები კარგად შესრულებული ლულის არხებით. მიუხედავად იმისა, რომ ცილინდრული ლულის სიგრძე არის ერთ მტკაველზე ცოტათი მეტი, ხოლო სამიზნი მოწყობილობებიდან გვერგო  მხოლოდ კორა ლულაზე, თოფი ჩემი აზრით კარგად ისვრის. ჰორიზინონტალური შესწორება არ ჭირდება, ხოლო ის რომ ტყვიები ოდნავ მაღლა ხვდება მე ყოველთვის მომწონს, იმიტომ რომ ინსტინქტურად ცოტა დაბლა უჭერ რომ სამიზნეს კარგად ხედავდე. სროლის მანძილი 20 მეტრი, მუხლიდან.

20191103_104909

აღნიშნული იმპოროვიზირებული სამიზნე არ არის თანამედროვე ხელოვნების ნიმუში, ეს არის (ჩვენი აზრით) აფრენილი მწყერის სილუეტი. ამ მარტივი ტესტის მიზანი იყო უბრალოდ გაგება, შესაძლებელია თუ არა ამ იარაღით მწყერზე ან ტყის ქათამზე ნადირობა.  დაახლოებით 15-20 მტრიდან განხორციელდა ორი სწრაფი გასროლა (ვაზნა YAF Skeet 9 1/2 ნომერი, 24 გრ). ორივე გასროლა მწყერს “მოხსნიდა” და სამიზნეს ჯამში   მოხვდა 12 ცალი საფანტი.  გამოცდილ მონადირეებს გაეღიმებათ ასეთ “ტესტირებაზე”, მაგრამ ჩემი ორი საუკეთესო ნადირობა მწყერზე იყო ნათხოვარი მოკლე პომპებით და ჩემი აზრით ეს თოფი გამოდგება მწყერზე სანადიროდ, მაგრამ ცხადია ვერ იქნება საუკეთესო თოფი ასეთი ნადირობისთვის.

კარტეჩით სროლისას შედეგი იმდენად კარგი არ იყო, თან გასროლიდან გასროლამდე მორტყმების რაოდენობა მცირდებოდა. ჩემი აზრით პრობლემა ვაზნაშია და არა თოფში. 20 მეტრიდან სილუეტს მოხვდა ჯერ 7, შემდეგ 5 და მესამე გასროლაზე 4 ჭურვი. ეს გასაკვირი არ არის. ჩვენმა მეგობრებმა ჩაატარეს ტესტები და YAF-ის კარტეჩმა ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.

38სმ-ნი ლულისგან ცილინდრული გაბურღვით და იაფი თურქული ვაზნებისგან არ უნდა ველოდოთ განსაკუთრებულ შედეგს, მაგრამ ამ მარტივმა და მოკლე ტესტირებამ დაგვარწმუნა, რომ თოფი ვარგისია გამოყენებისთვის, ხოლო მის რეალურ შესაძლებლობებს დავადგენთ ოდნავ მოგვიანებით და ვაზნების ოდნავ უფრო დიდი ასორტიმენტით.

რაც შეეხება ჩვენ მედია სივრცეში ალბათ პირველ წამების ტესტს, ის განხორციელდა შემდეგნაირად. თოფის ლულა დავხუფეთ ქაღალდის სკოტჩით, იარაღი დავდეთ მიწაზე და დავაყარეთ ზევიდან ფეხებით მტვერი და ნამიანი მიწა. მიზანი იყო იარაღის გონივრული ხარისხით დაბინძურების იმიტირება. იარაღის სავაზნე იყო ცარიელი. მჭიდი სავსე (4 ვაზნა), იარაღი  აყვანილი იყო მცველზე. დაბინძურების შემდეგ, იარაღი ერთი მოძრაობით გავფერთხეთ, მოვხსენით მცველიდან და ვისროლეთ 4 ვაზნა. ეს ციკლი გამეორდა ორჯერ და ყოველ ჯერზე არანაირ დაბრკოლებას ადგილი არ ქონდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გადატენვის მექანიზმს პრაქტიკულად არ შეეტყო დაბაინძურება. ტესტირების მერე იარაღი არ გავწმინდეთ და გავაგრძელეთ სროლა და ისევ არანაირი დაბრკოლება არ მოხდა. იარაღმა წარმატებით გაირა წამების ტესტი. უფრო ექსტრემალური ტესტის ჩატარებას აზრი უბრალოდ არ აქვს, ეს არ არის სამხედრო-საბრძოლო იარაღი და მას ბევრი არ მოეთხოვება.

tortcherch

ასეთი ტესტები პოტენციალურად საშიშია და არავის ვურჩევ ასეთი რამის გაკეთებას, თუ კარგად არ გესმით რას აკეთებთ.

მთლიანობაში ვისროლეთ ალბათ 50-60 ვაზნა და თოფით კმაყოფილები დავრჩით. უკუცემა და გასროლის ხმა, რა გასაკვირია იყო მნიშვნელოვანი. განსაკუთრებულად ძნელად ასატანი იყო ძლიერი მუხტები.  24 გრამიან მუხტების სროლა მეორეს მხრივ იყო ძალიან ადვილი. ექსტრაქცია ძალიან პოზიტიურია და ერთგავროვანი, რის გამოც ეგრევე ამუღამებ განმუხტვისას გამოსროლილი მასრების/ვაზნების ამოგდებას და მათ ჰაერში დაჭერას. არც გადატენილი ვაზნების მონელებასთან თოფს არ ქონდა პრობლემები. არც ერთ დაბრკოლებას ან შეყოვნებას ადგილი არ ქონდა. თოფის მექანიზმები კარგად მუშაობენ მაგრამ არის ერთი ნიუანსი….

diferencestch

ორი განსხვავებული მიდგომა ორ თოფში იტალიური ფესვებით. Stoeger SP312 (ბენელის ასლი) ვაზნის ინტერცეპტორი მჭიდიდან ამოგდებულ ვაზნას იჭერს თავისი კუდით და არ აძლევს მოძრაობის საშუალებას. “ჩერჩილში” (Fabarm SDASS-ის კლონი) ვაზნა თავისუფლად დევს მოძრავ ღარზე. რის გამოც თუ თოფი დახრილია წინ, შეიძლება ჩავარდეს თავით მჭიდში და მანდ გაიჭედოს. ეს ხდება თუ მჭიდი ცარიელია, თუ არა მომდევნო ვაზნის ძირი არ აძლევს მას საშუალებას წინ წასვლის ისე რომ ის მერე მიწოდებისას გაიჭედოს. იდეაში ეს პრობლემა არ იარსებებდა, რომ მჭიდის მიმწოდებელს ქონდეს სწორი, უფრო მკვეთრად გამოხატული კონუსის ფორმა. არც Stoeger-ი არ გადაურჩა თურქულ წყევლას. ვაზნების მიწოდება ხდებოდა მხოლოდ ტიბჟირისი ენერგიული მოძრაობით. ტიბჟირის ნელა მოძრაობისას ვაზნა რჩებოდა სავაზნეში და საჭირო გახდა ტიბჟირის საწევზე ღარის (რომელიც ზემოქმედებს ვაზნის ინტერცეოპტორზე)  გაღრმავება. 

აღნიშნული ნაკლი ნამდვილად არ არის ფატალური. უნდა გვესმოდეს, რომ შესაძლებელია ინიცირება ისეთი მდგომარეობის, როდესაც იარაღი მექანიკური გადატენვით გაჭედავს. ამიტომ საჭიროა პრაქტიკა, რომ გადატენვის ციკლი განხორციელდეს, სწრაფად და ეფექტურად ისე, რომ გამოირიცხოს დაბრკოლება. “ჩერჩილის” შემთხვევაში და ალბათ ნებისმიერი სხვა თოფის, რომელიც ანალოგიური კონსტრუქციის არის, გადატენვისას ლულა არ უნდა უყურებდეს დიდი კუთხით მიწას. ეს არის და ეს.

კიდე ერთი თავისებურება გახლავთ, ის რომ ბოლო ვაზნის ხელით ამოღება მჭიდიდან ინტერცეპტორის დაწევით, შეუძლებელია. ის იჭედება რესივერსა და მიმწოდებელ ღარს შორის. შესაძლო გამოსავალია, მიმწოდებლის ქვედა ნაწილის პოლირება ან უბრალოდ ვაზნის ამოგდება ტიბჟირის გადაწევით.  რატომ არის საჭირო ვაზნების ამოღება მჭიდიდან ხელით? იმიტომ, რომ ყოველთვის შეიძლება არ იყოს შესაძლებელი პომპის განმუხტვა ტიბჟირის მოძრაობით, ხოლო თუ გირჩევნიათ ტიბჟირის გამოყენება, გახსოვდეთ, რომ მცველი უნდა იყოს ჩართული და ლულა მიმართული უსაფრთხო მიმართულებით.

74569275_718489835293447_4594213687740334080_n

ეს პლასტმასის მჭიდის ხუფი კბილებით ცვლის ზამბარიან ბურთულას, რომელიც აფიქსირებს ქანჩს, რომელიც თავისმხრივ აფიქსირებს ლულას რესივერში. ეს მეთოდი უფრო მარტივია და იაფი. მაგრამ ბევრი სროლისგან ქანში იშვება და საჭიროა მისი პერიოდული გადაჭერა. ეს გაიაფებული და გამარტივებული ქანჩის ფიქსაციის მეთოდი გვხვდება ბევრ “ბიუჯეტურ” თანამედროვე თოფზე. 

პრინციპში მეტი პრეტენზია ამ თოფთან მე არ მაქვს. 400 ლარად ასეთი თოფი არის ძალიან მაგარი შენაძენი.. რა თქმა უნდა ღია რჩება თოფის გამძლეობა გრძელვადიანი ექსპლუატაციის პირობებში და მისი რესურსი, მაგრამ არ მგონია აქ რამე პრობლემები იყოს. რესურს რაც შეეხება, ალბათ ის საკმარისია. თანაც რამდენი უნდა ისროლოთ ასეთი თოფიდან? ეს ხომ არ არის სპორტული თოფი ან სანადირო, რომლიდანაც შეიძლება ასობით და ათასობით ვაზნას ისროდეთ? მსუბუქი მუხტების სროლა 2.6კგ-ნი “ჩერჩილიდან” არ არის დამღლელი, მაგრამ უფრო ძლიერი მუხტებით სროლისას უკუცემა არის ძალიან ხისტი და 5-6 გასროლის შემდეგ, სროლის გაგრძელების სურვილი სწრაფად ქრება.  ამ თოფიდან მუხტების სროლა 76მმ-ნი მასრით (ე.წ. მაგნუმების) მე მიმაჩნია, რომ იქნება უკიდურესად არაკომფორტული.

არ ვიცი ეს რატომ ხდება, რომ მიუხედავად დამზადების მაღალი ხარისხისა, თურქული თოფები მუდმივად საჭიროებენ ქლიბით ჩარევას. ასე დაჭირდა ახალ Hatsan-ს, Akkar-ს, Stoeger-ს და რაღაცა უნდა მოვუხერხოთ “ჩერჩილსას” რომ ბოლო ვაზნა მჭიდიდან თავისით ამოდიოდეს და არ იჭედებოდეს ნახევარ გზაზე ღარის ქვეშ.

ალბათ ეს წვრილმანები განასხვავებენ მართლა კარგ თოფს, თურქული ან თუნდაც საშუალო თოფისგან. ჩემი აზრით, ამ წვრილმანებს თურქები არ აქცევენ ყურადღებას იმიტომ, რომ თურქეთში არ არსებობს იარაღის კულტურა, მანდ არ არის განვითარებული სასროლოსნო სპორტი და ნადირობა. ასევე იარაღის კულტურა არ არსებობს იმ ქვეყნებში სადაც იგზავნება თურქული თოფები. ხოლო ქვეყნებში სადაც იარაღის კულტურა მაღალია და მომხმარებელი უფრო განებივრებულია და შეძლებული, თურქული თოფები მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაბალ ფასად იყიდება, მაინც არ სარგებლობენ რაიმე განსაკუთრებული პოპულარობით. თურქები ასევე დიდად არ დარდობენ თურქული თოფის იმიჯის/რეპუტაციის შექმნაზე. ალბათ ისიც ყოფნით, რომ ბევრი მსხვილი მწარმოებელი (CZ, Webley-Scott, Weatherby, Winchester) ყიდიან თურქულ პროდუქციას საკუთარი სავაჭრო ნიშნებით, ხოლო დაბალფასიანი თოფების სეგმენტი (გარდა ჩრდილო ამერიკისა) სრულად აქვთ დაპყრობილი. ჩრდილო ამერიკაში მეორადი კარგად ნაცადი მოსბერგის ან რემინგტონის ყიდვა შეიძლება 250-300 დოლარად ამიტომ თურქული თოფის შეძენას უბრალოდ აზრი არ აქვს.

74801638_719504131864376_1386235299335503872_n

“ჩერჩილის” საკეტი და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. დეტალების დამზადების ხარისხი საკმაოდ მაღალია.

ცხადია მაღაზიაში ახალ თურქულ თოფს ამ ფასად უკვე ვერ ნახავ, მაგრამ ფასები იწყება 600 ლარიდან, რაც მაინც ძალიან ხელმისაწვდომია. ზოგადად თურქული თოფების მთელი ასორტიმენტის განხილვა არ შედის ჩვენ მიზნებში, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ თურქეთი უშვებს როგორც, კარგ თოფებს ასევე ნაწარმს, რომელსაც თამამად შეიძლება უწოდო ჯართი. ჩემი აზრით შანსი წააწყდეთ კარგ თოფს, მატულობს თუ აირჩევთ მარტივი კონსტრუქციის მოდელს ყველაზე უბრალო შესრულებით, რაც შეიძლება იაფად. მაშინ რამე პრობლემაც რომ აღმოჩნდეს, ადვილად მოგვარდება და ძალიანაც არ გეწყინებათ. სიმართლე გითხრათ “მდიდრული” შესრულებითაც თურქული თოფები არ გამოირჩევიან განსაკუთრებული ესთეტიურობით რომელიც ახასიათებთ ევროპულ თოფებს.

რაც შეეხება “პომპაზე” ჩემ ზოგად მოსაზრებას, ის უცვლელია. პომპა არის must have იარაღი. მსუბუქი, მანევრირებადი, კომპაქტური, უნივერსალური, საიმედო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, მისი ფლობა არ დააწვება თვქენ ჯიბეს. AR-15 რომელიც მე მაქვს ღირს 4000 ლარამდე. წელიწადნახევრის განმავლობაში მე ის მქონდა გატანილი სასროლად ალბათ 6-ჯერ 7-ჯერ სულ. “პომპა” მეორეს მხრივ გააკეთებს ყველაფერს რაც თქვენ დაგჭირდებათ და მინიმალური დანახარჯით. თავდაცვა? თავდაცვით მანძილებზე “პომპა” მრისხანე იარაღია. ახალ წელს მაშხალების გაშვება ცაში? დაგპატიჟეს წელიწადში ერთხელ მწყერზე? გინდა გახვიდე და უბრალოდ სროლით გაერთო? ვიღაცის დრონი გაწუხებს თავისი ზუზუნით? 500 ლარიანი პომპა ყველაფერ ამაში გამოგადგება, ხოლო თუ ვაზნებს თვითონ ტენი ტყვიაწამალიც არ დაგიჯდება ძვირი.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: “Churchill”-ის პომპა, ისევე, როგორც თურქული თოფების უმეტესობა, არის უბრალო კაცის იარაღი, რომელიც უფრთხილდება თავის ფულს და არ აქვს ფუფუნება სახლში ედოს ნივთი, რომელიც ძვირი ღირს და რომელსაც იშვიათად იყენებს. “ჩერჩილი” კარგად გამოიყურება, ხოლო თუ მას რამე პრობლემა აღმოაჩნდა, მისი მარტივი კონსტრუქციის და გავრცელებულობის გამო, ამ პრობლემის გადაწყვეტა ადვილი იქნება. ვისაც უნდა სახლში ედოს იარაღი, ისე, “ყოველი შემთხვევისთვის”, რომლითაც რამე იყოს სანადიროდაც წახვალ მწყერის სეზონზე, მარტივი და ეფექტური “ჩერჩილი” იქნება კარგი არჩევანი.

PS

დრონზე ხუმრობა იყო.