Archive for June 11th, 2019

ჩვენი ტესტი – СZ P09

Tuesday, June 11th, 2019

61700111_10213869475466476_5251675208258945024_o

9 წლის წინ მე და ჩემმა მეგობარმა, დიდი ალბათობით პირველებმა საქართველოში, ჩამოვიტანეთ СZ-ს ახალი ტიპის პისტოლეტები СZ-75 P07 Duty. შესაბამისი მიმოხილვაც მე შემოგთავაზეთ ჩემი ბლოგის მეშვეობით და ასევე ინგლისურენოვანი მიმოხილვა ავტვირთე СZ-ს იარაღების მოყვარულების ყველაზე დიდ ფორუმზე. ვისაც სტატია ბლოგზე არ წაგიკითხვათ, შეგახსენებთ, რომ პისტოლეტი მთლიანობაში  მე მომეწონა, მაგრამ აღვნიშნე, რომ ჩემი აზრით ის იყო ნედლი და ჭირდებოდა გარკვეული გაუმჯობესებები. კონსტრუქციულად იარაღს არ ქონდა სერიოზული პრობლემები, გარდა იმისა, რომ გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა პისტოლეტის პლასტმასის ჩარჩოსთან, ისიც პირველი გამოშვების პისტოლეტებზე.  ამავე დროს პისტოლეტს მაგალითად  აკლდა სახელურის მორგების შესაძლებლობა ცვალდი საზურგეების გამოყენებით, საკეტის წინა მხარე საჭიროებდა “გადამრგვალებას”, იმიტომ რომ უბრალოდ ქონდა ძალიან ბასრი კუთხეები, უკანა სამზინი მოწყობილობის ფორმა ასევე არ მომეწონა, ბასრი უკან გამოშვერილი გვერდების გამო და ისიც არ მომეწონა რომ სამიზნი მოწყობილობები იყო პლასტმასის.  არ მომეწონა მცველის და საკეტის შემაკავებლის განლაგება (ზედმეტად ახლოს ერთმანეთთან), იყო სხვა უმნიშვნელო მინუსებიც, ზედმეტად ბასრი ჭდევანები საკეტზე, რომლებიც ხანმოკლე მშრალი ვარჯიშების შემდეგ ტკენდნენ ხელს, მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტზე იყო გათვალისწინებული დამრტყმელ-სასხლეტი მექანზმის კონფიგურაციის ცვლილება მომხმარებლის მიერ, ინსტრუქციაში არ იყო  აღწერილი ეს როგორ უნდა გაკეთებულიყო. მე შევეცადე მომეძებნა ჩემი ინგლისურენოვანი მიმოხილვა მაგრამ ვერ ვიპოვე, თუმცა აღნიშნული აღმოჩენები მე წარვუდგინე ფორუმის წევრებს და აბსოლუტური უმეტესობა დაეთანხმა ჩემ აღმოჩენებს. შეგახსენებთ პისტოლეტი ჯერ ძალიან ახალი იყო და მასზე თითქმის არაფერი არ იყო ცნობილი და ძალიან ცოტა მიმოილვა იყო ხელმისაწვდომი. რამდენიმე წლის შემდეგ გამოვიდა ამ პისტოლეტის მეორე თაობა და ასევე უფრო დიდი ზომის მოდელი P09, შთამბეჭდავი 19 ვაზნიანი ტევადობით. მე ეგრევე აღვნიშნე, რო, პრაქტიკულად ყველაფერი რაც მე თავიდან არ მომეწონა ამ პისტოლეტში იქნა გამოსწორებული მეორე თაობის მოდელში. ისიც კი, რომ ინსტრუქციას დაემატა ნაწილი, რომელიც ხსნიდა როგორ უნდა მოხდეს მცველის “დეკოკერით” ჩანაცვლება. რა თქმა უნდა მე მინდოდა დამეწერა ახალი პისტოლეტის მიმოხილვა, მაგრამ ასე “გაკვრით” ნანახ მეორე თაობის პისტოლეტზე მიმოხილვის დაწერა არ გამოვიდოდა, ამიტომ მე ველოდებოდი შესაძლებლობას, როდის ჩამივარდებოდა ხელში ახალი P07/09 და შესაბამისად მომეცემოდა საშუალება უფრო ახლს გამეცნო განახლებული ჩეხური პისტოლეტი. როგორც იქნა, პირველი ნაცნობობიდან 9 წლის შემდეგ , ახალი СZ P09 დევს ჩემს წინ და მინდა გითხრათ პირველად რომ ავიღე ხელში ეს იარაღი მე მივხვდი, რომ თითქოს უმნიშვნელო ცვლილებების წყალობით ეს პრაქტიკულად სულ სხვა იარაღია. როგორც ხვდებით ბევრად უკეთესი არა და ორ პისტოლეტს სურათზე რომ დააკვირდე დიდ სხვაობას ვერ დაინახავ, მაგრამ საკმარისია ორივე აიღო ხელში და მიხვდები რომ განსხვავება სინამდვილეში უზარმაზარია. პირველ რიგში ყურადღებას იქცევს მეორე თაობის პისტოლეტის უნაკლო შესრულება, სადაც წარსულს ჩაბარდა ჩეხური მწარმოებლისთვის დამახასიათებელი უგულისყუროდ შესრულებული რკინის დეტალები. ყველა ვისაც ქონია ჩზ-ს პისტოლეტები დაადასტურებს, რომ შიგნიდან საკეტი და ჩარჩო ყოველთვის საკმაოდ უხეშად იყო დამუშავებული და ინსტრუმენტის კვალი ყველგან ეტყობოდა.  2014 წელს გამოშვებულ P09-ს ინსტრუმენტს კვალი არსად არ ეტყობა. საკეტი დამზადებულია სუფთად და ხილვადი ხარვეზების გარეშე. “ბინძური” ნაცრისფერი დაფარვა, რომელიც გამოდგა არც ისე გამძლე და მდგრადი კოროზიისადმი შეიცვალა პრიალა შავი შესამჩნევად მაღალი ხარისხის და უფრო გამძლე დაფარვით. სამწუხაროდ რაღაცეების შეცვალა იარაღების მიმოხილვის სტანდარტებში და მე ვერსად, მათ შორის მწარმოებლის საიტზე ვერ ვიპოვე ინფორმაცია რა ტიპის დაფარვას ხმარობს СZ ახალ პისტოლეტებში, ისევე, როგორც არც ერთი მიმოხილველი არ წერს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავებები შესრულებაში პირველი და მეორე თაობის პისტოლეტებს შორის. არა და არც ისე დიდხანს დაფარვის ტიპის მითითება იყო ნებისმიერი მიმოხილვის ნაწილი. ჩემი ვარაუდით ეს დაფარვა არის შავი ნიტრიდის ნაირსახეობა, მაგრამ არ ვარ ამაში ბოლომდე დარწმუნებული. ასევე ჩემი შეგრძნებით მასალა, რომლისგანაც დამზადებულია ჩარჩო ასევე განსხვავებულია. ლულა ასევე დაფარულია გამძლე ერთგვაროვანი შავი დაფარვით რაც არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. “თეთრი” ლულები CZ-75-ზე ადვილად იჟანგებოდა, შემდეგ ჩეხებმა დაიწყეს როგორც ჩანს ლულების ფოსფატირება, მაგრამ დაფარვის ხარისხი იყო საშინელი, არაერთგვაროვანი, სხვადასხვა ფერის ლაქებით.  ახალ პისტოლეტში მჭიდების დაფარვაც კი შეიცვალა. ნაცვლად თხელი შავი ოქსიდირებისა, რომელიც ეგრევე იწყებდა ცვეთას, გამოყენებულია  შავი, სქელია, პრიალა დაფარვა. თუ კლასიკური CZ-75-ებიც მზადდება ანალოგიურად, ესეიგი СZ გადავიდა ახალ დონეზე და არ მგონია 75-ე მოდელი აწი ვინმემ მოიხსენიოს, როგორც ღარიბი კაცის “ზიგ ზაუერი”. ალბათ ეს ასეც არის, იმიტომ, რომ ჩემი დაკვირვებით 75-ე მოდელის პოპულარობა აშშ-ში არ მცირდება და ეს  მოდელი  არ აპირებს არსად გაქრობას, როგორც მაგალითად ბრაუნინგის “ჰაი პაუერი”. უნდა აღვნიშნო, რომ СZ-ს უახლესი სტრაიკერი (P10) ასევე ხდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი თავის კლასში, კლასში სადაც ისედაც უამრავი კარგი პისტოლეტია, თანაც ფასის ნებისმიერ სეგმენტში და მანდ ადგილის დამკვიდრება ძალიან ძნელია.  ასევე შეიცვალა სასხლეტის და ჩახმახი ფორმები. პლასტმასის სამიზნი მოწყობილობები შეიცვალა რკინისგან დამზადებულით. მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს ტარის კონსტრუქციაში ცვლადი საზურგეების ინტეგრირება (მოყვება სამი ცალი).

მე სპეციალურად გადავამოწმე ფასები და P09-ს შეძენა ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის, თბილისში შესაძლებელია 1680 ლარად, მეორადის 100-200 ლარით ნაკლებ ფასად. ჩემი იარაღი მე შევიძინე 1450 ლარად. ბუნებრივია ამ ფასიანი ახალი ანალოგიური, ვგულისხმობ მაღალი ტევადობის პოლიმერის ჩარჩოიან პისტოლეტს, არის მხოლოდ “გლოკის” პისტოლეტები. ბევრ სხვა მწარმოებელს აქვს პისტოლეტები, რომლებიც იგივე ფასი ღირს მაგრამ, როგორც ჩანს ჩვენ იმპორტიორებს ეხამუშებათ ზოგი მწარმოებლის პისტოლეტების იაფად გაყიდვა, იმტიომ, რომ მოდი და აუხსენი რატომ ღირს ერთი “ზიგ-ზაუერი” 1600 ლარი და მეორე 4500. ასე, რომ ჯერ-ჯერობით 1500 ლარის ფარგლებში, ევროპული/ამერიკული წარმოების პისტოლეტებში არჩევანი შეზღუდულია მხოლოდ ჩეხური “ჩეზეს” და ავსტრიული გლოკის პისტოლეტებით. კარგი ამბავი კი ის არის, რომ ორივე ეს პისტოლეტი არის შესანიშნავი იარაღი და სიმართლე გითხრათ მე ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა გადაიხადო მეტი სხვა ანაოგიურ იარაღში, გარდა იმ შემთხვევისა თუ რაღაც მიზეზების გამო ორგანულად ვერ იტან “გლოკებს” ან “ჩეზეებს”. ამ ორ მწარმოებელს შორის არჩევანის გაკეთებისას ბევრი გაითვალისწინებს “გლოკის” ლეგენდარულ საიმედოობას და რეპუტაციას, მაგრამ პრაქტიკულად იგივე ფასში P09-ს შეუძლია ისეთი რამეების შეთავაზება რაც “გლოკს” არ აქვს. პირველ რიგში ეს არის კლასიკური ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი გარედან განლაგებული ჩახმახით, რომელიც უფრო მოეწონება ბევრ კონსერვატიულ მსროლელს. მეც ვარ ამ ფორმატის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოყვარული, იმიტომ რომ ვაზნით სავაზნეში ასეთი პისტოლეტი უფრო უსაფრთხო არის და დაცულია უნებლიე გასროლისგან, იმიტომ რომ უფრო მეტი ძალა არის საჭირო და სასხლეტმა უფრო მეტი მანძილი უნდა გაიროს რომ მოხდეს გასროლა, ასევე ერთმაგ რეჟიმში სასხლეტი უფრო მოკლე და მსუბუქია ვიდრე ნებისმიერ “სტრაიკერში”. ბევრისთვის მარტო ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, მაგრამ არის სხვა რამეებიც. ყველამ იცის, რომ “გლოკის” პისტოლეტის ყველაზე სუსტი წერტილია პლასტმასის სამიზნეები, ბევრს ასევე არ მოწონს მათი კონფიგურაცია. P09-ზე სტანდარტული სამიზნი მოწყობილობები არის რკინის, მართალია ტრიტიუმის მანათობელი ეელემენტების გარეშე.  იგივე სამიზნი მოწყობილობების გლოკზე დაყენება დაგიჯდებათ 50 დოლარი მაინც. გარდა ამისა P09-ს აქვს შთამბეჭდავი სტანდარტული მჭიდის  ტევადობა, 19 ვაზნა. “გლოკის” მჭიდის სტანდარტული ტევადობა არის 17 ვაზნა, ხოლო იმისთვის რომ გაზარდოთ მისი ტევდაობა 19 ვაზნამდე საჭიროა დამაგრძელებლის შეძენა, რაც დამატებით დაგიჯდებათ 15 დოლარიდან 40 დოლარამდე, გააჩნია დამაგრძელებლის მოდელს და მწარმოებელს. დამაგრძელებელი ასევე გამოდის P09-ს მჭიდისთვის და ტევადობა ადის 21 ვაზმნამდე. ასე, რომ ამ ორი პუნქტით P09 უკეთესად გამოიყურება “გლოკთან” შედარებით.  სამაგიეროდ “გლოკი” უკეთ გამოიყურება, როდესაც საქმე ეხება აქსესუარებს, აფგრეიდებს, ბუდეებს და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე იარაღი არის ძალიან კარგი.

P09griplrg_0663_zpsf096e440

ამ პისტოლეტის მიმოხილვებში ხშირად აღნიშნავენ რომ მიუხედავად დიდი ტევადობისა, მჭიდი ბოლომდე ზის ტარში. ეს მხოლოდ იმის წყალობით, რომ ტარი P09-ზე უფრო გრძელია ვიდრე სხვა ანალოგიურ პისტოლეტებზე. ასევე გაითვალისწინეთ, რომ P09 არ იღებს  СZ-75-ების მჭიდებს, ხოლო ორიგინალური მჭიდები საკმაოდ ძვირი ღირს. 

პირველი გამოშვების  P07-ზე საკეტზე ეწერა CZ-75. მე არ ვიცი რატომ იყო ეს ასე, ალბათ “ჩეზეს” ასე უნდოდა წარმოეჩინა თითქოს ახალი პისტოლეტი არის გაუმჯობესებული СZ75 ანუ ისეთივე კარგი და გამოცდილი იარაღი და ეხლაც ახალ მიმოხილვებში ხშირად მოიხსენიებენ P07/09-ს, როგორც კლასიკურ СZ-75-ის გაუმჯობესებულ ვარიანტს, მაგრამ რეალურად  P07/09 არის აბსოლუტურად სხვა პისტოლეტი და ერთადერთი, რაც მას აქვს საერთო СZ-75-თან არის საფირომო “ჩეზეს” ჩატრიალებული საკეტის ლიანდაგები და კალიბრი, რომელსაც ეს პისტოლეტები იყენებენ. მეტი საერთო მათ პრაქტიკულად არაფერი არ აქვთ. სამაგიეროდ კლასიკურ 75-ებს ერგოთ ახალი პისტოლეტებისგან ახალი ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, რომელსაც “ჩეზეში” “ომეგას” ეძახიან.

პირველი თაობის პისტოლეტზე საკეტის ფორმის გამო ძნელი იყო ე.წ. “პრეს ჩეკის” შესრულება, საკეტის უკან გაწევა სავაზნის შესამოწმებლად. ახალ პისტოლეტში საკეტის ფორმა უცვლელია მაგრამ წინა ნაწილში შესრულებულია ჭდევანები. საკეტის ცხვირი ასევე აღარ არის ბასრი კუთხეებით და ამის განცვლად გადამრგაველბულია, რაც გარდა იმისა, რომ ესთეტიურად უფრო ლამაზია ასევე უზრუნველყოფს პისტოლეტის ბუდეში კომფორტულ და სწრაფ მოთავსებას, ისე რომ ბასრი კუთხეები არაფერს არ წამოედება და დროზე ადრე არ გაცვითავს ბუდეს. ასე, რომ ეს შენიშვნაც “ჩეზემ” გაითვალისწინა. მეორე თაობის P09/07-ს ასევე მოსდევს კომპლექტში ცვლადი საზურგეები, რაც გაძლევთ საშუალებას ტარი მოირგოთ ხელზე. საზურგეები გადაკრულია სქელი რეზინით და საკმაოდ კომფორტულია. ბევრად უფრო კომფორტული და უფრო საიმედო ფიქსაციის მეთოდით ვიდრე მე-4, მე-5 თაობის “გლოკებზე”. ასე, რომ პრაქტიკულად ყველა შენიშვნა რაც მე დავაფიქსირე თავიდან იქნა გათვალისწინებული. ცხადია მე შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ “ჩეზეს” წარმომადგენლებმა ნახეს ჩემი პოსტი ფორუმზე და გაითვალისწინეს ჩემი მოსაზრებები, უბრალოდ მე გამიხარდა, რომ როგორც ჩანს თავის დროზე ზუსტად შევაფასე ახალი პისტოლეტი.

64210974_670202260071938_8402776212346241024_n

დაშლილი P09, გვიჩვენებს ბრაუნინგის ტიპის მოდიფიცირებული ჩაკეტვის სქემას, რომელიც ბუნებრივია განსხვავდება სქემისგან, რომელიც გამოიყენება СZ-75-ში, ასეე “ჩეზეს” საფირმო ჩარჩოს შიგნით მოძრავ საკეტს. ცივი ჭედვის მეთოდით დამზადებული ლულის სიგრძე 115მმ-ია. შესაძლებელია მჭიდის ღილაკის გადატანა მარცხენა მხრიდან მარჯვენაზე. დამაბრუნებელი ზამბარა და მისი ღერძი შესრულებულია, როგორც ერთი დეტალი, რის გამოც მისი მოთავსება საკეტში და მოხსნა ძალან ადვილია. ზამბარა არის ბრტყელი კვეთის. ირარაღი ისევე იშლება, როგორც СZ-75. 

ყველა СZ-ს იარაღს ქარხნიდან მოყვება მისროლის დამადასტურებელი სამიზნე რაც მე პირადად ძალიან მომწონს. მე ვერ ვიტყვი, რომ აქვს აზრი არჩევას პისტოლეტის საუკეთესო ასეთი სამიზნით, იმიტომ რომ აპრიორი ის იქნება უფრო ზუსტი, მაგრამ უფრო მთავარია, რომ ეს სამიზნე ადასტურებს რომ პისტოლეტი არის სათანადოდ მისროლილი. პისტოლეტს კომპლექტში ასევე მოყვება პლასტმასის კეისი, სათადარიგო მჭიდი, სამი სხვადასხვა ზომის ცვლადი საზურგე, ექვსკიდიანი გასაღები, ორი ცალი საწმენდი ზუმბა, ინსტრუქცია, კომპაქტ დისკი, სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციით. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ პისტოლეტები შეიძლება გაიყიდოს განსხვავებული კომპლექტაციით.

ისევე როგორც პირველი თაობის პისტოლეტებზე, P09-ს აქვს საკამოდ გრძელი MIL-STD-1913 სტანდარტის უნივერსალური სამაგრი, რომელზეც მე დავაყენე Olight Valkiriye 2. ეს ტაქტიკურ ფარანი ითხოვს მხოლოდ ერთ საქართველოში საკმაოდ ძვირადღირებულ ელემენტს (СR123), ამის გამო არის თხელი,  სწრაფად ყენდება და იხსნება, გათვლილია ნებისმიერ გლოკზე უნივერსალური სამაგრით ან “კბილის” გამოცვლით (რომელიც მოსდევს კომპლექტში), MIL-STD-1913 სტანდარტის სამაგრზე. ფარანს კარგი ნათება აქვს, ის ხმარებაში მოსახერხებელია. ღილაკები განლაგებულია ორივე მხრიდან, დააჭირე და გეჭიროს, არ ჩქვრება სანამ ღილკას არ აუშვებ, ერთი დაჭერა ღილაკზე და სულ ჩართულია, სანამ არ დააჭერ მეორეჯერ და არ გამორთავ. დააჭირე ორივე ღილაკს ერთდროულად და ჩაირთვე strobe (მოციმციმე) განათება.  მარტივი და მოსახერხებელი სქემაა, რომელიც ყველას მოეწონება და ყველასთვის იმუშავებს. რაც ნიშვნელოვანია, ის არ ღირს ძვირი, 60-70 დოლარი მხოლოდ.

cz_p-09_9mm_urban_grey_pic_7

P09 გამოდის სტანდარტული შესრულებით, როგორც ჩვენი იარაღი, ასევე არსებობს მოდელები ფერადი ჩარჩოებით და “გამზადებული მაყუჩისთვის” კონფიგურაციით, გრძელი ლულით, რომელზეც ყენდება მაყუჩი და მაღალი სამიზნი მოწყობლობებით, რაც აუცილებელია მაყუჩის გამოყენებისას. 

პისტოლეტი რაზეა საუბარი არის უსაფრთხო. მას გააჩნია მექანიკური ორმხრივი მცველი, დამრტყმელის მცველი და ჩახმახის ნახევრად შეყენების შესაძლებლობა (half cock). “ომეგას” ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის ერთ-ერთი თავისებურება არის ის, რომ მფლობელს შეუძლია საკუთარი ძალებით, საკმაოდ ადვილად შეცვალოს მექანიზმის კონფიგურაცია. ორმხრივი მექანიკური მცველი ან ორმხრივი დეკოკერი. “ომეგას” მექანიზმი ასევე უფრო მარტივია და როგორც ჩანს უფრო საიმედო ვიდრე СZ75-ის ძველი მექანიზმი, რამაც ალბათ განაპირობა ამ მექანიზმის “გადანერგვა” P07-დან კლასიკურ СZ-75-ში (СZ-75 ასეთი მექანიზმით, საკეტზე მარკირებულია “Ω” სიმბოლოთი). ჩვენ პისტოლეტს არ მოყვა დეკოკერის დეტალები და სტანდარტულად აყენია მექანიკური მცველი. მე არ ვარ მექანიკური მცველების მომხრე ორმაგი მოქმედების პისტოლეტებზე, მაგრამ რაც არის ის არის. ამით შეიძლება დავასრულოთ ამ პისტოლეტის ტექნიკური აღწერა. არაფერი განსაკუთრებული მას ტექნიკური თვალსაზრისით არ აქვს. უბრალოდ მორიგი კარგად შესრულებული დიდი ზომის 9მმ-ნი პისტოლეტი, პლასტმასის ჩარჩოთი და ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ასეთი პისტოლეტები მაინცდამაინც საქართველოში ბევრი არ არის, მე ვიხსენებ მოლოდ Jericho 941-ს, Sig Sauer SP2022-ს და Heckler&Koch USP-ს.

მინუსებს რაც შეეხება, არსად არ წავიდა ახლო-ახლო განლაგებული დეკოკერი და საკეტის დამშვები, რის გამოც სტრესის პირობებში მათი არევა ჩემი აზრით შესაძლებელია. ცხადია მოდელზე სადაც დეკოკერის ნაცვლად არის ორმხრივი მცველი, ეს პრობლემა თავს არ იჩენს. პისტოლეტის საკეტი აწყობილია ხვეული პინებით, ანუ მისი დაშლა ისეთი ადვილი არ არის, როგორც მაგალითად “გლოკის” საკეტის. ვინმე ალბათ ჩათვლის, რომ ეს  უმნიშვნელოა, მაგრამ ადვილი დაშლის შესაძლებლობა კარგი არის არა მხოლოდ იმიტომ რომ ზოგადად გეძლევა საშუალება კარგად გაწმინდო იარაღი, არამედ ასევე გაძლევა საშუალება დეტალურად შეამოწმო კრიტიკული დეტალების მდგომარეობა. საკეტში ასეთი კრიტიკული დეტალებია დამრტყმელი და ექსტრაქტორი, რომელიც როგორც წესი პისტოლეტებში ყველაზე ხშირად და სწრაფად გამოდიან მწყობრიდან.

სრული ზომის პისტოლეტები, არც ისე მოსახერხებელია ფარული ტარებისთვის მაგრამ რენჯზე ასეთი პისტოლეტები შეუდარებელია. კომფორტული ჭერა, დაბალი უკუცემა, გრძელი სამიზნი ხაზი, გიადვილებთ სწრაფ და ზუსტ სროლას. მე ვნახე რამდენიმე ვიდეო მიმოხლვა სადაც მსროლელები (hickock45, Dustin Ellermann) აღნიშნავდნენ, შეიძლება ითქვას P09-ის ფენომენალურ სიზუსტეს. აღნიშნავდნენ და დემონსტრირებდნენ. დასტინ ელერმანი (ტოპ შოტის გამარჯვებული) ესროდა P09-დან 20 სმ-ან რკინის გონგებს 100 მეტრზე, hickok45 ისროდა ამ პისტლეტიდან შორს განლაგებულ შაშხანის სამიზნეებს, მოკლედ მოლოდინი კარგი გვქონდა.

პისტოლეტის შესაძლებლობების დასადგენად, სროლა ხორციელდებოდა 15 მეტრიდან. ამჯერად გვქონდა სამი მუხტი  124/3 გრანიანი FMJ მუხტით, Fioсchi და Magtech. ერთი Fioсchi-ს მუხტი იყო კონუსის ფორმის ტყვიით. საუკეთესო შედეგი აჩვენა Fiochi-მ 124 გრანიანი ტყვიით (წითელი ყუთი) და ბრაზილიურმა “მაგტექმა”, მუხტი კონუსური ტყვიით გამოირჩეოდა ჩვენ პისტოლეტში შედარებით ყველაზე ცუდი სიზუსტით.

20190611_085102[1]

მწვანე სტიკერებით მონიშნულია 124 გრანიანი Magtech, წითლით Fioсchi 123 gr FMJ. სროლა ხორციელდებოდა დგომიდან. 

20190610_190713[1]

ყველაზე პირველი ჯგუფი. მუხტი Magtech 124 gr FMJ. პისტოლეტმა ეგრევე გააკეთა სერიოზული განაცხადი. Magtech-ი არასდროს არ გამოირჩეოდა სიზუსტით სხვა მუხტებთან შედარებით და P09 არის მეორე პისტოლეტი, რომელშიც Magtech-ით მივიღეთ სიზუსტე, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა სხვა მწარმოებლის მუხტებს. 

პისტოლეტი არის კარგად მისროლილი ქარხნულად და ამის დასადასტურებლდა მოყვება საცდელი სამიზნეც. სიზუსტე არის ძალიან კარგი, რაც უკვე, როგორც ჩანს საფირმო ნიშანია ყველა СZ-ს პისტოლეტის. ყოველ შემთხვევაში ყველა პისტოლეტის რაც მე მქონდა.  რამდენიმე СZ83 და CZ75/85, ერთი СZ-97, ყველა იყო ძალიან ზუსტი. P09-ს  სამიზნი მოწყობილობები კარგია, თარაზო საკმაოდ განიერია, კარგად ატარებს შუქს და სამიზნი სურათი არის მკაფიო.  პისტოლეტმა ასევე იდეალურად იმუშავა და არაფერი ხელს არ გვიშლიდა სროლაში, ექსტრაქცია იყო პოზიტიური და ერთგვაროვანი.  ეხლა ნაკლებად კარგი ნაწილი. “ომეგას” სასხლეტი არ არის ისეთი კარგი, როგორც სასხლეტი კლასიკურ СZ-75-ში.  ის არ არის მძიმე (ერთმაგი მოქმედების რეჟიმში სადღაც 1,5კგ, ორმაგ რეჟიმში სადღაც 3.5კგ) მაგრამ აქვს საკმაოდ გრძელი სვლა/რესეტი და ერთი თავისებურება. სასხლეტზე დაჭერისას, გადიხარ სასხლეტის თავისუფალ სვალს მერე  გხვდება წინააღმდეგობა, სასხლეტი მძმდება და ეს საფეხური არის მანიშნებელი, რომ ცოტაც და ჩახმახი მოწყდება თავისი ადგილიდა, მაგრამ ეს არ ხდება, საჭიროა დაჭერის გაგრძელება და მერე უკვე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ხდება გასროლა.

ასეთი რამეები მასობრივი წარმოების “სტოკ” პისტოლეტში არ უნდა გაგიკვირდეს. ეს არ ნიშნავს, რომ პისტოლეტს აქვს ხარვეზი. რა თქმა უნდა შესაძლებელია “ტრიგერ ჯობის” გაკეთება და ისეთი სასხლეტის მიღება, რომელიც გინდა მაგრამ, ჩემი აზრით კარგმა მსროლელმა უნდა შეძლოს სასხლეტის ხასიათის გაგება და სასხლეტთან მუშაობის ტექნიკის ადაპტირება იმისთვის, რომ მიიღოს ის შედეგი რაც მას უნდა. ჩვენ ეს შევძელით და მივიღეთ ძალიან კარგი სიზუსტე.

პისტოლეტი არის top heavy, იგრძნობა მასიური ფოლადის საკეტის წონა, მაგრამ ეს დიდი პრობლემას არ ქმნის, იმიტომ რომ პისტოლეტს აქვს დაბალი ლულის ღერძი. ჩემი სუბიექტური დაკვირვებით უკუცემის და ზოგადად სროლისუნარიანობის თვალსაზრისით P09 უფრო ახლოს დგას SigSauer P226-თან ვიდრე Glock 17-თან.

ასვე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება კიდევ ერთ ნიუანსზე, რომელსაც ჩემი აზრით არ ექცევა სათანადო ყურადღება. ზოგ პისტოლეტის მოდელზე ცვლადი საზურგეები ცვლიან ტარის სისქეს მხოლდო ქვედა ნაწილში და P09-ს შემთხვევაშიც ასე არის. ჩემი აზრით ცვლადი საზურგე უნდა ცვლიდეს პირველ რიგში trigger reach-ს, მანძილს ტარის უკანა ნაწილიდან, სასხლეტამდე ხოლო ტარის ქვედა ან შუა ნაწილის სისქე არის მეორადი მნიშვნელობის. ასე ხდებოდა სულ პირველ პისტოლეტში ცვლადი საზურგეებით Walther P99-ში, ასე ხდება მეოთხე და მეხუთე თაობის “გლოკებში”. P09-ში საზურგეების გამოცვლა trigger reach-ს არ ცვლის. კარგი იქნებოდა რომ პირიქით ყოფილიყო. სხვა რაიმე ნეგატიურს მე პისტოლეტზე ვერ ვიტყვი.

მთლიანობაში P-09-მ დატოვა ძალიან კარგი შთაბეჭდილებები. იარაღი ზუსტია, ერგონომიულია, კონტროლირებადია სწრაფი სროლისას, გააჩნია კარგი ქარხნული სამიზნი მოწყობილობები, რასაც ემატება პრაქტიკულად უნაკლო შესრულება. რა შეიძლება აქ არ მოგეწონოს? ყოველთვის მეცინება ხოლმე როდესაც ზოგ მიმოხილვაში СZ-ს პისტოლეტებს ახასიათებენ, როგორც მაღალი ხარისხის იარაღს. ყველას ვისაც ქონდა რამდენიმე CZ-ს პისტოლეტი მაინც, განსაკუთრებულად ადრინდელი გამოშვების, იცის რომ ეს პისტოლეტები შიგნიდან ძალიან უხეშად არიან დამუშავებულები. პრობლემურია ასევე ზოგი დეტალის რესურსი და დაფარვაც, მოდით ასევ ვთქვათ გამოიყურება ახალ პისტოლეტზე კარგად, მაგრამ ხანმოკლე პერიოდის შემდეგ ცვეთის ნიშნები ჩნდება ყველგან. ჩვენი P09 სულ სხვა შემთხვევაა. “ომეგას” სასხლეტი შეიძლება ისეთი დახვეწილი არ არის, როგორც მაგალითად СZ-75-ში სამაგიეროდ ის ბევრად უფრო გამძლეა და პირველისგან განსხვავებით არ ახასიათებს პროლემები ზამბარების რესურსთან. მე ამის გადამოწმების შესაძლებლობა არ მქონია, მაგრამ როგორც სვადასხვა რესურსზე წავიკითხე, სწორედ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი მცველით არის უფრო გამძლე უფრო რბილი სასხლეტით ვიდრე დეკოკერით, რომლის კონსტრუქცია შედგება პალსტმასის დეტალებისგან და თანაც დეკოკერი ცვლის სასხლეტის თვისებებს უარესობისკენ.

62364383_623819551433461_373001631731548160_n (1)

სულ ცოტახნის წინ ასეთ რამეს ვერ ნახავდი ვერც ერთ СZ-ს პისტოლეტზე. ხარისხიანი დაფარვა და პრაქტიკულად უნაკლო შესრულება.

და ბოლოს ორი სიტყვით ამ პისტოლეტის გამოყენების ფილოსოფიაზე. P09 აქვს საბრძოლო პისტოლეტის ყველა თვისება, ერთადერთი რის გამოც ის არ არის ნამდვილი საბრძოლო პისტოლეტის, არის ის, რომ მისი გამოყენება არ ხდება რომელიმე ქვეყნის არმიის ან მსხვილი პოლიციური სამსახურის მიერ. ჯერ არ ხდება. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს პისტოლეტს არ აქვს კბილების წამოჭრის პრობლემა, იმიტომ რომ გამოხმაურებების მიხედვით პისტოლეტი გამძლე და საიმედოა. უბრალოდ ჯარში ან პოლიციაში მოხვედრის შემდეგ იარაღში იჩენს თავს ყველა სუსტი წერტილი, რომელიც გააჩნია პისტოლეტის კონსტრუქციას და ხდება მისი დახვეწა, რის შედეგადაც პისტოლეტი ხდება უფრო უკეთესი და კვალიფიცირდება, როგორც ნამდვილი საბრძოლო პისტოლეტი. როგორც აღვნიშნე, ამ ეტაპზე ამ პისტოლეტს, როგორც ჩანს არ აქვს პრობლემები. Defense Review-მ ჯერ კიდევ 2013 წელს გაოაქვეყნა პირველი თაობის P07-ის გრძელვადიანი ტესტირების შედეგები, რომლებიც ძალიან კარგია. 7000 გასროლა დაბრკოლების და რომელიმე ნაწილი მტყუნების გარეშე, მათ შორის 900 გასროლა წმენდის გარეშე ბინძური და რკინის მასრიანი Wolf-ის ტყვიაწამლით. არც ისე ცუდია ჩემი აზრით. მე ვთვლი, რომ P09 არის იდეალური სახლის დაცვის იარაღი, რომელიც შეიძლება იდოს საწოლის თავთან.  დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი შედარებით უსაფრთხო გრძელი სვლით, რაც გაძლევს საშუალებას პისტოლეტი იყოს ვაზნით სავაზნეში და გამორთული მექანიკური მცველით. 19+1 ვაზნა, განათების წყარო, კარგი ერგონომიკა და სროლისუნარიანობა, ხოლო გაბარიტები და წონა მეორადია. პისტოლეტი დიდია და იწონის შედარებით ბევრს – 870 გრამს. შედარებისთვის Glock 17 იწონის 700 გრამს. თუ გიწევთ იარაღის ყოველდღიური ტარება, სრული ზომის პისტოლეტი ალბათ არ არის საუკეთესო არჩევანი, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ P09-ს ტარება განსაკუთრებული წამება იქნება. მთავარია გამოიყენოთ კარგი ბუდე, კარგად მორგებულ ქამართან ერთად და არ მგონია დიდ პრობლემებს წააწყდეთ. სამაგიეროდ თქვენ განკარგულებაში იქნება 19 ვაზნა, გრძელი სამიზნი ხაზი და შესანიშნავი სროლისუნარიანობა, რომელიც ახასიათებთ სრული ზომის საბრძოლო პისტოლეტებს.

უნდა ვაღიარო მე ძალიან მიყვარს ჩეხეთი, სადაც ბევრჯერ ვარ ნამყოფი და მართლაც რომ უნიკალური და ლამაზი ქვეყანაა. ძალიან მიყვარს ჩეხური იარაღები იმიტომ რომ ჩემ სასროლოსნო ბიოგრაფიაში ჩეხური იარაღებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. 17 წლის წინ პირველი დახვეწილი პისტოლეტი, რომელიც მე შევიძინე იყო СZ-83, 18 წლის წინ პირველად კარგად ვისროლე მიზანში CZ-75-დან, პირველი ჩემი ზუსტი შაშხანა 11 წლის წინ იყო СZ550 Varmint,  9 წლის წინ პირველი ჩემი .45 კალიბრის პისტოლეტი იყო СZ97.   ამიტომაც ძალიან მიხარია რომ უახლესი СZ-ს პისტოლეტი ისევე მახარებს, როგორც თავის დროზე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი იარაღი. ახალი P09 აშკარად არის ბევრად უკეთესი თუ არა საუკეთესო СZ-ს წარმოების 9მმ-ნი პისტოლეტი, რომელიც მე ოდესმე მჭერია ხელში.