Archive for June 21st, 2018

პრაქტიკული შაშხანა – Mossberg MVP Flex 5.56 Nato (updated)

Thursday, June 21st, 2018

P1090435

The rifle itself has no moral stature, since it has no will of its own. Naturally, it may be used by evil men for evil purposes, but there are more good men than evil, and while the latter cannot be persuaded to the path of righteousness by propaganda, they can certainly be corrected by good men with rifles. ~Jeff Cooper

 სანამ მორიგ მიმოხილვას შემოგთავაზებდით, ეგრევე მინდა დავიწყო იმით, რომ მე არანაირად არ ვარ გრძივად მოსრიალე საკეტიანი შაშხანების  გაწაფული მომხმარებელი. მართალია ასეთი შაშხანებიდან მე წლებია ვისვრი, მაგრამ ჩემ ხელში არც ისე ბევრმა მოდელმა გაირა, ალბათ სულ ათამდე, იმისთვის, რომ მე ჩამომეყალიბებინა ჩემი აზრი იმაზე თუ როგორი უნდა იყოს კარგი შაშხანა გრძივად მოსრიალე საკეტით ან მითუმეტეს გამიჭირდება ჩამოვაყალიბო, როგორია იდეალური შაშხანა და რა აუცილებელ მოთხოვნებს უნდა  ის პასუხობდეს. ამიტომ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაფერში რაც ეხება ასეთ შაშხანას, მისი ოპტიმალური კონფიგურაციის შერჩევას,  მე ვხელმძღვანელობ სახელგანთქმული პოლკოვნიკი ჯეფ კუპერის წიგნში „Art of the rifle” გამოთქმული „პოსტულატებით“. თუ ეს წიგნი წაკითხული გაქვთ იცით, რომ ის არ ეხება სპორტულ სროლას ბეტონის მაგიდებიდან, ის ეხება ადამიანის მიერ მტრულად განწყობილ გარემოში შაშხანის ეფექტურ და პრაქტიკულ გამოყენებას, იქნება ეს სახიფათო ნადირობა აფრიკაში თუ ბრძოლის ველი. მე მიყვარს ბუნებაში ყოფნა, ფეხით სიარული და მიზანში სროლა. აქიდან გამომდინარე ჩემი აზრით, კარგი პრაქტიკული/გამოსადეგი  შაშხანა უნდა იყოს მსუბუქი, კომპაქტური, ადეკვატურად ზუსტი და საიმედო, უძლებდეს ექსპლუატაციას გართულებულ პირობებში. სამწუხაროდ შაშხანების სამყაროში მოდას დღეს ქმნის სხვა მიმართულება, რომელსაც ნაკლები საერთო აქვს პრაქტიკულ საჭიროებებთან. ლაპარაკი მაქვს სპორტულ სროლაზე, კონტროლირებად გარემოში, სადაც ისვრიან ხან მაგიდებიდან, ხან შაშხანაზე მიმაგრებული ქვიშის ტომარებით, ხან რთული კონსტრუქციის სადგარებიდან, იარაღებიდან რომელთა წონა გამორიცხავს ფეხით ხანგრძლივ გადაადგილებას. ყველაფერი შაშხანიდან სროლის ამ მიმართულებაში ემსახურება ერთ მიზანს, მაქსიმალურად გამორიცხოს ადამიანის მონაწილეობა გასროლის პროცესში.  ყველა „ჩაციკლულია“ მაქსიმალურ სიზუსტეზე იმაზე ფიქრის გარეშე, თუ რა სიზუსტის ჩვენებას შეძლებს მსროლელი 10 კმ-ნი მარშის შემდეგ 35 გრადუსიან სიცხეში უცნობ მანძილზე სროლისას. ერთის მხრივ ეს გართულება სიზუსტეზე კარგია, იმიტომ რომ მომხმარებლები ითხოვენ მაქსიმალურ სიზუსტეს და შესაბამისად იზრდება შაშხანების და მათი კომპონენტების ხარისხი, ცუდია იმიტომ, რომ ეს იწვევს შაშხანის პრაქტიკული გამოყენების ოსტატობის თუ შეიძლება ასე ითქვას ეროზიას. იმისთვის, რომ უკეთ ავხსნა რას ვგულისხმობ ამაში მოვიყვან ორ მაგალითს კუპერის უკვე ხსენებული წიგნიდან, სადაც ის საუბრობს მისი აზრით დიდებულ მსროლელებზე.

“უაიტს  წარმოდგენა არ ქონდა რა არის ბალისტიკა ან ოპტიმალური სასროლოსნო პოზიცია. მის მიერ ნასროლი ჯგუფები არ იყო მაინცდამაინც პატარა მაგრამ ყოველთვის იყო ერთნაირი. 100 ნაბიჯიდან ყველა მისი ნასროლი  ჯდებოდა 10 სმ-ან წრეში, მიუხედავად განათების, პოზიციის, სროლის პირობების და სროლის სიჩქარისა.  დაწყნარებულ გულზე თუ გადაღლილი, დგომიდან თუ წოლიდან, ჩქარა თუ ნელა მისი მორტყმულები არ ცილდებოდა დამიზნების წერტილს 5 სმ-ზე მეტად. ასეთი შედეგით არ იგებენ მედლებს, ასეთ შედეგზე არ თხზავენ ლეგენდებს, მაგრამ სწორედ ეს უნდა ხდებოდეს შაშხანიდან  ყოველი გასროლისას. მე პატივს ვცემ ყველა ცნობილ და უცნობ გმირს მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ სტუარტ ედვარდ უატი არის შაშხანის დიდებული ოსტატი.”

“საუკეთესო გასროლა, რომლის მოწმეც მე გავხდი, ეკუთვნის კერი ფინს და ეს მოხდა როდეზიაში. ჩვენ ვმოძრაობდით ბუჩქებში და კერი პირველი შეხვდა აფრიკულ კამეჩს. კერი გაშეშდა ერთ ადგილას და 25 ნაბიჯიდან დააჭედა ტყვია თავის .470 კალიბრის შაშხანიდან, კამეჩს პირდაპირ თვალებს შუა, მანამდე სანამ ის დაიძრებოდა მისი მიმართულებით. კერი ბრძოლაში დაიღუპება როდეზიაში, ხოლო იმ კამეჩის შუბლგახვრეტილი ქალა ამშვენებს ტერასას ჩვენ სახლში, არიზონაში. დიდებული მსროლელის მშვენიერი ძეგლი”

როგორც ხედავთ არც ერთი ეს ადამიანი არ ისროდა მაგიდიდან ორ კილომეტრზე, არ ქონდა ყველაზე ძვირადღირებული შაშხანა ყველაზე უახლესი “სკოპით” და არ იყენებდა აიპადში ჩაწერილ ყველაზე ბოლო ვერსიის ბალისტიკურ კალკულატორს. ყველა ეს ადამიანი პირველ რიგში იყო ეფექტური მსროლელი, რომლებიც იყენებდნენ თავისი იარაღის პოტენციალს მაქსიმალური ეფექტურობით და ეფექტიანობით იქ და იმ დროსა სადაც მათ ეს ჭირდებოდათ. სამწუხაროდ ხშირად ჩვენ გვავიწყდება, რომ ადამიანი-იარაღის სისტემაში მთავარი არის ადამიანი და არა იარაღი. ვერანაირი სუპერ ძვირადღირებული იარაღი და “სკოპი” ვერ გაზრდის ამ სისტემის ეფექტურობას თუ ადამიანი არის ნაგავი. კონტროლირებად გარემოში აღჭურვილობას აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ იარაღის პრაქტიკული გამოყენება მისი პირდაპირი დანიშნულებით ხდება ყოველთვის არაკონტროლირებად გარემოში, ამიტომ ნებისმიერი მსროლელის უმთავრეს მიზანს უნდა წარმოადგენდეს თავისი ზუსტი სროლის უნარების დახვეწა არაკონტროლირებად გარემოში, სადაც თქვენი მტერი არის არა ოპტიკა მცირე გადიდებით, არამედ საკუთარი თავი და გარემო, რომლის გაკონტროლება პირველ შემთხვევაში ძალიან ძნელია, მეორე შემთხვევაში შეუძლებელი.

While accuracy is the great god of the rifleman, its single-minded pursuit may occasionally obscure some of the facts of life. The difference between one-minute accuracy and two-minute accuracy is the difference between heaven and hell to the purist, but I sometimes wonder if it matters much in a weapon intended for general use in the field. ~ Jeff Cooper

ჯეფ კუპერს ასევე ეკუთვნის ე.წ. „სკაუტ შაშხანის“ კონცეფცია, რომელიც ჩემი აზრით არის ძალიან საინტერესო. ტიპიური „სკაუტ შაშხანა“ არის კომპაქტური (1 მეტრამდე) და მსუბუქი (3.5კგ-მდე) იარაღი, როგორც წესი .308 კალიბრის, რომელიც გაძლევს საშუალებას მოარტყა ადამიანისხელა სამიზნეს 450 მეტრის მანძილზე.  ეს იარაღი შექმნილია ადამიანისთვის, რომელიც მოქმედებს მარტო ან პატარა ჯგუფის (2-3 კაცი) შემადგენლობაში. როგორც წესი ეს იარაღი აღჭურვილია დაბალი გადიდების ოპტიკით, საშუალო და ახლო მანძილებზე სწრაფი და ეფექტური სროლის წარმოებისთვის. იყო სხვა, უფრო დეტალური მოთხოვნებიც, ტევადობა მინიმუმ 10 ვაზნა, სადგარი, რომელიც ინტეგრირებული იქნებოდა სინთეტიკურ სარეცელში, სათადარიგო მჭიდით კონდახში და ასევე აუცილებელი იყო სარეზერვო, რკინის სამიზნე მოწყობილობები. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცეფცია გაჩნდა 80-ნი წლების დასაწყისში, უკანასკნელ წლებში ინტერესი ასეთი შაშხანების მიმართ გაიზარდა და თუ ადრე მხოლოდ ავსტრიული Steyr-Mannlicher-ი უშვებდა ნამდვილ „სკაუტ შაშხანას“, ანალოგიური მოდელები ეხლა გააჩნია ბევრ სხვა მწარმოებელს, მაგალითად Mossberg-ს , CZ-ს, Savage-ს, Ruger-ს.

cz557 ranger

СZ 557 Range Rifle კონცეფციით ახლოს დგას “სკაუტ შაშხანასთან”, თუმცა ამ მოდელის გაჩენას სხვა წინაისტორია აქვს. ეს მოდელი არის კარგი მაგალითი პრაქტიკული შაშხანის გრძივად მოსრიალე საკეტით.

ასე, რომ დაივიწყეთ მაგიდები, ქვიშის ტომრები და სხვა ტიპის სადგარები და დაუბრუნდით საფუძვლებს. მაგიდა ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს კომფორტისთვის, იმისთვის, რომ საჭმლის მიღება შეგვეძლო გამართული ხერხემალით და საჭმელმა ადვილად ჩააღწიოს კუჭამდე.  მოგვიანებით საჭმლის მოყვარულებმა აღმოაჩინეს, რომ სროლა მაგიდიდან მათთვის უფრო კომფორტულია, იმიტომ რომ მაგიდის ქვეშ თავსდება საჭმლით გაბერილი მუცელი, რომელიც სხვაგვარად მათ სროლაში ხელს უშლიდა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მაგიდა მაინც ადამიანის შექმნილია და ტყეებში და მთებში როგორც წესი არ გვხვდება, თუნდაც ჩვენ ქვეყნაში, სადაც ბუნებაში საკვების მიღება გავრცელებული რიტუალია. სამწუხაროდ პრაქტიკულად ყველა დინამიური სროლის დისციპლინა მათ შორის IPSC თავიდან იყო ჩაფიქრებული, როგორც პრაქტიკული სპორტი. ამ დისციპლინების შექმნის სათავეებში იდგა ხალხი რეალური საბრძოლო გამოცდილებით. შემდეგ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. პრაქტიკულმა ნაწილმა დატოვა ეს დისციპლინები და უმეტესობა ამ დისციპლინებს ისეთივე პრაქტიკული ღირებულბა აქვს, როგორც, რომ ცხოვრობდე კრიმინოგენურ უბანში და დადიოდე ოლიმპიურ ფარიკაობაზე იმისთვის რომ თავი დაიცვა კრიმინალებისგან. იარაღი, რომელიც გამოიყენება იქ, გამოიყენება მხოლოდ იქ, თუმცა ადრე ხალხი მოდიოდა ამ შეჯიბრებებზე იარაღით რომელსაც ატარებდა, რომლითაც მსახურობდა, ნადირობდა, იყენებდა თავდაცვისთვის. მთლად უარესი, როდესაც სროლის დისციპლინები კარგ ფიზიკურ ფორმასაც არ ითხოვენ. საკმარისია შეძლო ტრაკის აწევა სავარძლიდან  და ჯიპამდე მიტანა, რომ მიაღწიო რენჯამდე, ითვლება რომ უკვე საკმარისად კარგ ფიზიკურ ფორმაში ხარ. მე ჩემ მეგობრებთან ერთად გვირჩევნია რამდენიმე კილომეტრი ფეხით ვიაროთ სასროლეთამდე, რომ დავღალოთ ორგანიზმი. არ არის იშვიათობა 10-15 კმ-ნი მარშებიც. დაუმატეთ ამას გარბენები პოზიციიდან სამიზნემდე და უკან, დამიჯერეთ კარგი ვარჯიში გამოდის. დამატებით ისწავლით სუნთქვის და გულისცემის კონტროლს.  არის სხვა მეთოდებიც.  მაგალითად ისრაელში, ინსტრუქტორი-სნაიპერები აიძულებენ სტუდენტებს ეძინოთ მუცელზე და ასე აჩვევენ მათ სამიზნეების ძიებისას საათობით მუცელზე წოლას, აიღეთ ეს მიდგომები შეიარაღებაზე, თუ გინდათ გახდეთ სერიოზული მსროლელი შაშხანიდან.  მეეჭვება ვინმემ წაიღოს 15 კილომეტრიან მარშზე ქვიშის ტომარა ან თუ ასეთი მოწადინებული  ენთუზიასტი მოიძებნება, მეეჭვება მან ტომარა მიიტანოს დანიშნულების ადგილამდე და ის გზაში, ხევში არ მოისროლოს. ან მოდით ასეთ რამეს ვიკითხავ? რამდენი შაშხანის პატრონი ვარჯიშობს მათი ახლო მანძილებზე გამოყენებაში? 1 მეტრი? 5 მეტრი? მოძრაობისას? არა და არც თუ ისე დიდი ხნის წინ ეს ყველაფერი განიხილებოდა აუცილებელ ტექნიკად მსროლელის არსენალში. დღეს ეს არავის აღარ ახსოვს.

jeff-cooper-gunsite-gossip-gunsite-gargantuan-8

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამე, რაც პრაქტიკულად დავიწყებას მიეცა მაგიდების და ჯიპების ეპოქაში, არის ღვედის გამოყენება. ჯეფ კუპერი თვლიდა, რომ ღვედი შაშხანაზე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბუდე პისტლეტისთვის. სამწუხაროდ სროლა ღვედის დახმარებით პრაქტიკულად დავიწყებულია. სურათზე არის თავად კუპერი  ე.წ. СW Sling, რომელიც მათ შორის ძალიან მოწონდა კუპერს. მისი მუშაობის პრინციპი წესით კარგად უნდა ჩანდეს ამ ილუსტრაციიდან. 

შაშხანის გამოყენების ასეთი ფილოსოფიიდან გამომდინარე, ჩემი აზრით (რომელსაც მე არავის თავზე არ ვახვევ) შაშხანა გრძივად მოსრიალე საკეტით უნდა იყოს, გავმეორდები მსუბუქი, ზუსტი, რასაც ამერიკელები ეძახიან slick, ანუ მაღალ ბალახში, ბუჩქებში გავლისას არ უნდა ედებოდეს არაფერს და არ უნდა კრიფავდეს ჭუჭყს და მტვერს. წონას რაც შეეხება, კუპერის წიგნში აღწერილია მეთოდი, რომლითაც შეძლებთ დაადგინოთ, რამდენად ოპტიმალურია თქვენთვის შაშხანის წონა. უნდა შეძლოთ შაშხანის ვერტიკალურ მდგომარეობაში და გაშლილ ხელში ჭერა 1 წუთის განმავლობაში. თუ ხელი დაგეღალათ და შაშხანას ვეღარ იკავებთ, ის თქვენთვის მძიმეა. მძიმე იარაღი კარგია თუ სასროლეთზე მიდიხარ “ჯიპით” და იქ გხვდება ბეტონის მაგიდა. მძიმე იარაღი ცუდია თუ გიწევს მისი საკუთარ კუზზე თრევა მთელი დღის განმავლობაში. გარდა ამისა მძიმე იარაღით მანევრირებაც ძნელია. მსუბუქი შაშხანა მაინც იქნება ზომიერად მსუბუქი, ოპტიკის, ბიპოდის და სხვა მოწყობილობების დაყენების მერეც.

Hold your rifle out shoulder high, at arm’s length, by the small of the stock, muzzle up, and hold it for 60 seconds. If this test is painful for you, you are either badly out of shape or your rifle is too heavy for you. ~ Jeff Cooper

სიზუსტეს რაც შეეხება, არც ისე დიდიხნის წინ, საარმიო სნაიპერული შაშხანისთვის იყო დადგენილი არაფორმალური სტანდარტი 1MOA 100 მეტრზე, ანუ პირობითად დაახლოებით 3სმ 100 მეტრზე. ნიშნავს ეს იმას, რომ შაშხანა, რომელიც ისვრის 4 სმ-ს 100 მერზე არ არის ზუსტი? ჩემი აზრით არა. საბჭოთა ჯარში 8 სმ 100 მეტრზე დიდი ხანი ითვლებოდა მისაღებ სიზუსტედ საშტატო დრაგუნოვის სისტემის შაშხანისთვის. მეორეს მხრივ ცხადია, რომ საველე პირობებში ისეთივე ზუსტი სროლა, როგორც რენჯზე მისროლისას იქნება შეუძლებელი, ასე რომ აქ მოქმედებს ჩემი აზრით ასეთი წესი, რაც უფრო ზუსტია შაშხანა მით უკეთესი. ერთი შენიშვნით, თუ შენარჩუნებული იქნება ზომიერი წონა. მსუბუქი, მოკლე და ზუსტი შაშხანის დაზმადება საკმაოდ რთული ტექნიკური დავალებაა. უმეტესობა საბაზისო მოდელებს, როგორც წესი აქვთ ძალიან კარგი ლულები და ძალიან ცუდი, რბილი პლასტმასის კონდახები. ასეთი შაშხანები ისვრიან სტაბილურად 4.5-5 სმ-ან ჯგუფებს 100 მეტრზე მაგრამ ბედინგის, სარეცელის გამოცვლით ან მოდიფიკაციით (ამოვსება ეპოქსიდით)  შესაძლებელია სიზუსტის დაყვანა 3.5-2.5-სმ-მდე. ეს აბსოლუტურად საკმარისია, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნები, რომელსაც კუპერი უყენებს “სკაუტ შაშხანებს”.

როდესაც მე გადავწყვიტე ასეთი პრაქტიკული შაშხანის შეძენა, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მე ვიყავი დაკავებული ჩვენ ბაზარზე არსებული მოდელების და ფასების შესწავლით.. განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტები, СZ 557 Range Rifle, CZ 527 Varmint, Mossberg MVP, Tika T3 და სხვადასხვა კალიბრები (.308 Win, 5.56 Nato, 7.62x54r ან 7.62×39) . CZ527 და MVP-ს გარდა ყველა შაშხანის ფასი აღემატებოდა 3000 ლარს, რასაც დაემატებოდა ოპტიკის, „რინგების“, ვაზნების და სხვა აქსესუარების ღირებულება, რის შედეგადაც ფასი გაიზრდებოდა 4000 ლარამდე. რჩებოდა .223 კალიბრის СZ527 Varmint (2220 GEL) და ორი „მოსბერგი“ MVP, .308 და 5.56 კალიბრში (2800 ლარი). ამ ფასში ორივე ამერიკული შაშხანა უკვე იყო ქარხნულად დაკომპლექტებული UTG “Bug Buster” 3×9 ოპტიკით, ორივე იარაღი შესაბამისად იყენებდა სტანდარტულ AR-10-ის (.308) და AR-15-ის (5.56) მჭიდებს. საბოლოო არჩევანი გაკეთდა “მოსბერგის” 5.56 კალიბრის ვერსიაზე, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებით .308 კალიბრის შაშხანისგან მოდელ MVP FLEX-ს არ ქონდა რკინის სამიზნე მოწყობილობები. სახლში მქონდა AR-15-ის მჭიდები, ასევე 5.56 კალიბრის Arsenal SAR-SF, რაც ნიშნავდა, რომ არც ვაზნები მექნებოდა საყიდელი და არც საწმენდი კომპლექტი ასე, რომ ასეთი არჩევანი მე მომეჩვენა გამართლებულად. საღამოს უკვე სალხში შემქონდა დიდი ცისფერი კოლოფი, ზედ ყვითელი საფირმო წარწერით.

რა მერგო მე 2800 ლარად? ერთი შაშხანა შავი სინთეტიკური კონდახით, 16 ინჩიანი საშუალო სისქის ლულით (ბიჯი 1:9), ერთი 10 ვაზნიანი „მაგპულის“ P-mag-ით, ზედ დაყენებული კომპაქტური UTG-ს 3-9×32 ოპტიკით, მოთავსებული ამავე კომპანიის სწრაფად მოსახსნელ „რინგებში“.  სწორედ ასეთ კონფიგურაციაში იარაღმა დატოვა ქარხანა. იარაღის რკინის დეტალები დაფარულია შავი მქრქალი დაფარვით, რომელსაც მოსბერგი ეძახის mate blue და რომელიც ძალიან გავს პარკერიზაციას. იარაღს გააჩნია მექანიკური მცველი განლაგებული საკეტის სახელურთან მარჯვენა მხარეს. უნდა აღინიშნოს, რომ MVP-ის კალიბრი არის 5.56 NATO და არა .223 Remington, რაც ნიშნავს, რომ ამ კარაბინში შეიძლება როგორც კომერციული .223 კალიბრის ამუნიციის, ასევე 5.56 NATO-ს ვაზნების უსაფრთხო გამოყენება.

I suspect that superb accuracy could be had from a 16-inch bull barrel properly set up, if anyone wanted to build one. ~Jeff Cooper

ცალკე აღწერას იმსახურებს FLEX სისტემა. მარტივად რომ ავხსნათ FLEX არის „მოსბერგის“ მიერ შექმნილი გადაბმის სქემა, რომელიც გაძლევთ საშუალებას მარტივად შეცვალოთ სარეცელის კონსტრუქცია. უბრალოდ ამოწიეთ ფიქსატორი, გადაატრიალეთ ის და იარაღი პრქტიკულად ორად გაიყოფა. აღნიშნულ სქემას აქვს ორი დიდი პლიუსი: შეგიძლიათ სწრაფად შეცვალოთ სარეცელის კონფიგურაცია; ის მნიშვნელოვნად ამცირებს იარაღის გაბარიტებს რაც აადვილებს მის გადატანას. სტანდარტულ კონფიგურაციაში ჩვენ შაშხანაზე ეყენა AR-15-ის პისტოლეტის სახელური და mil-spec ბუფერის მილი ასეთივე სტანდარტული UTG-ს წარმოების კონდახით. ასეთ კონფიგურაციაში შაშხანის სიგრძე არ აღემატება 94 სმ-ს.  65 დოლარად ამერიკაში შესაძლებელია შეძენა კლასიკური კონდახის, ნახევრად პისტოლეტური სახელურით.  FLEX სისტემა პირველად გაჩნდა „მოსბერგის“ თოფებზე, მაგრამ შემდგომ გადაინაცვლა შაშხანებში. update: სახელური მხოლოდ გარედან გავს სტანდარტულ AR15-ის სახელურს, სინამდვილეში ადგილი რომელზეც ის მაგრდება და ხრახნი არის არა mil-spec. იმისთვის რომ სახელური გამოცვალოთ საჭირო გახდება ახალიცსახელურის ინდივიდუალური მორგება.

FLEX გადაბმის სისტემა ახლოდან. Mossberg-ის Varmint and Predator Rifle (MVP)-ის გამოშვება დაიწყო 2011 წელს და პირობითად შეიძლება ითქვას რომ შაშხანების ეს ოჯახი განეკუთვნება ამ კომპანიის მიერ წამოებული შაშხანების მესამე თაობას. მანამდე მოსბერგმა გამოუშვვა ATR და 4×4 ტიპის შაშხანები და MVP სერიაც კონსტრუქციულად მეტ წილად დაფუძნებულია ამ შაშხანებზე. 5.56 კალიბრის შაშხანას მალევე მოყვა .308 კალიბრის, კომპაქტური და მსუბუქი Patrol მოდელი, რომელიც იკვებებოდა, როგორც M-14-ის ასევე LR-308/SR-25-ის მჭიდებიდან რაც არის წინა თაობების შაშხანებისგან ძირითადი განსხვავება. უკანასკნელი (.308 კალიბრის) მოდელი ასევე იყიდება საქართველოში და იგივე ფასი ღირს რაც 5.56 კალიბრის MVP. მე კი მინდოდა 5,56 კალიბრის შაშხანა Patrol შესრულებით, მაგრამ რა გაეწყობა, საქართველო პატარა ქვეყანაა და ასორტიმენტიც ძალიან შეზღუდულია ….. 

mvp 308

.308 კალიბრის MVP Patrol. 

ვიღაცა ალბათ გაიფიქრებს, როგორ გავრისკე მე „მოსბერგის“ შეძენა, ეს კომპანია არც ისე დიდიხანია უშვებს შაშხანებს და ასევე მისი ხრახნლულიანი პროდუქცია თითქმის არ არის ცნობილი საქართველოში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ  მე მქონდა საშუალება ახლოს გამეცნო „მოსბერგის“ წარმოების  AR-15 20 ინჩიანი ლულით და იარაღი გამოდგა ძალიან ზუსტი თუმცა ჟინიანი “ხასიათით”. “ხასიათი” გამოიხატა იმაში, რომ ეს იარაღი კონკრეტული მუხტებით ისროდა ზუსტად ხოლო სხვა მუხტებით აჩვენებდა ისეთ დაბალ სიზუსტეს, რომ ჩვენ თავდაპირველად გვეგონა, რომ ან იარაღი ან ოპტიკა იყო დეფექტური. ამის გარდა მე ზურგს მიმაგრებდა ძალიან პოზიტიური გამოხმაურებები ინტერნეტში. ასევე არ მოვიტყუები, მე მინდოდა რამე სიახლე, რამე უჩვეულო იარაღი, რომლის შესახებ შესაძლებელი იქნებოდა კარგი მიმოხილვის დაწერა. Mossberg MVP ამისთვის იდეალურად გამოდგებოდა.

mossberg variants

MVP სერიის შაშხანების ნაირსახეობები 

ასეთი „მოსბერგი“ აშშ-ში ღირს 765 დოლარი (ოპტიკის გარეშე), რაც ცოტათი უფრო მეტია ვიდრე ტიპიური საბაზისო შაშხანები, რომლებიც 450-550 დოლარის ფარგლებში ღირს, მაგრამ სამაგიეროდ „მოსბერგს“ აქვს FLEX სისტემა, 6 პოზიციანი კონდახი დამატებითი რეზინის ამორტიზატორით, მოსახსნელი მჭიდი, “მოსბერგის“ საფირმო რეგულირებადი LBA დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით (რეგულირების დიაპაზონი 1300-3000 გრამი) და უკვე დაყენებული პიკატინის სამაგრი. დამატებით ლულაზე შესრულებულია ჭრილები, რაც ამცირებს მის მასას და ხელს უწყობს სწრაფ გაგრილებას, საკეტზე შესრულებულია სპირალური ჭრილები როგორც მაღალი დონის შაშხანებზე. სასხლეტზე ამოჭრილი „ელვა“ (LBA – Lightning Bolt Action, Lightning – ელვა) ასევე იუწყება, რომ “MVP” ცოტათი უფრო მეტია ვიდრე საბაზისო შაშხანა.

mvp barel

საშუალო სისქის ლულის გამოსასვლელი კონუსური ფორმის არის, რაც ინახავს მას გარე დაზიანებებისგან. ლულა სარეცელს არ ეხება. პრაქტიკულად იგივე პროფილის და კონფიგურაციის ლულა აყენია ორიგინალურ Steyr-Mannlicher-ის “სკაუტ შაშხანაზე” . 

შაშხანის სარეცელი არის პლასტმასის, მაგრამ ჩემი შეგრძნებით პლასტმასა არის უფრო ხისტი ვიდრე მაგალითად „სევიჯის“ შაშხანებში. 6 პოზიციანი გასაშლელ კონდახს აქვს საკმაოდ დიდი თავისუფალი სვლა, რაც ალბათ არ „უხდება“ შაშხანას გრძივად მოსრიალე საკეტით, მაგრამ ეს პრობლემა ადვილად მოგვარებადია. ასეთი ტიპის სარეცელი არის როგორც წესი ძალიან მსუბუქი, იაფიც მაგრამ იმის გამო, რომ ის ძალიან რბილია, როგორც წესი ეს ნეგატიურად აისახება სიზუსტეზე. ხანდახან გასროლის მომენტში დეფორმაცია იმდენად დიდია, რომ ხდება ლულის და სარეცელის კონტაქტი რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ლულა თავისუფლად დაკიდებული აღარ არის.

mvpsafe

„მოსბერგის“ 2 პოზიციანი მცველი და მჭიდის ღილაკი. მჭიდის ღილაკი ჩამალულია სარეცელის შიგნით და ვიღაცა ჩათვლის, რომ ის ნაკლებად მოსახერხებელია, მაგრამ სამაგიეროდ ის არ წამოედება რამეს და თქვენ არ დარჩებით იარაღით მჭიდის გარეშე. ზოგადად შაშხანაზე გრძვიდად მოსრიალე საკეტით, რომელზეც ყენდება 30 ვაზნიანი მჭიდი, მჭიდის გამოცვლის სისწრაფე არის უკანასკნელი რაც უნდა აგაღელვებდეთ. საკეტის ამოსაღები ღილაკი განლაგებულია შაშხანის მარცხენა მხარეს. 

რაც შეეხება ოპტიკას და „რინგებს“, მე თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან UTG-მ მიუხედავად იმისა, რომ საგრძნობლად აწია ხარისხის დონე და უშვებს პროდუქციას აშშ-ში, მაინც არ განიხილება, როგორც სერიოზული მწარმოებელი. როგორც ინტერნეტში წერე ხოლმე:  „მეგობრები არ აძლევენ  მეგობრებს UTG-ს პროდუქციის შეძენის უფლებას“….. შესწორების მექანიზმი ოპტიკაზე მუშაობდა მკაფიოდ, ლინზები იყო სუფთა. სწრაფად მოსახსნელი რინგები ჩემი აზრით ამ იარაღზე არის ზედმეტი. თანაც ეს რინგები არის იაფფასიანი, ერთ ცალზე ფიქსატორი აშკარად გადაბრეცილი იყო და თუ პირველი რინგი საიმედოთ ფიქსირდებოდა პიკატინის სამაგრზე, მეორე რინგის საიმედოთ დაფიქსირება იყო პრობლემური. მარეგულრებელი ხრახნის გადატრიალებით რინგი ან არ ფიქსირდებოდა საიმედოთ ან უბრალოდ შეუძლებელი იყო ბერკეტის ჩაკეტვა. სანამ მე გადავწყვიტავდი “აპგრეიდს” და ჩამოვყალიბდებოდი რა მიმართულებით დავიწყებდი გაუმჯობესებებს, გადავწყვიტეთ შაშხანის ტესტირება ქარხნული კომპლექტაციით.

რენჯზე ჯერ სწრაფად გავასწორეთ იარაღი 25 მეტრზე, დავრწმუნდით რომ სამიზნეში “ვიჯექით” და შევუდექით 100 მეტრზე გასწორებას, მათ შორის სხვადასხვა მუხტების ტესტირებით. პრინციპში ეგრევე გამოჩნდა UTG-ის ოპტიკის სუსტი მხარეები. პირველ რიგში, ოპტიმალური ფოკუსისთვის თვალი უნდა გქონდეთ ამ ოპტიკის ოკულართან ძალიან ახლოს. მოკლე eye relief არის სერიოზული ნაკლი ოპტიკისთვის, რომელიც მათ შორის ახლო მანძილებზე სროლისთვის გამოიყენება. გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ “მილ-დოტ” ბადეს აქვს სქელი ჯვარი რის გამოც პატარა სამიზნეებზე სროლა საკმაოდ პრობლემატური აღმოჩნდა. 100 მეტრზეც, ჯვარი სამიზნის სოლიდურ ნაწილს მთლიანად ფარავდა. მეორეს მხრივ ოპტიკის დადებით მხარეებს განეკუთვნება „დამჯერი“ შესწორებების მექანიზმი და მართლაც კარგი ლინზები და შუქის გამტარიანობა. გარდა ამისა ოპტიკას მოყვება ლინზების დამცავი გასახსნელი ხუფები. დოლურებს აქვს ზეროს რესეტის ფუნქცია და ასევე შესაძლბელია ბადის განათება. რომ არა ძალზედ მოკლე eye relief  ოპტიკა იქნებოდა პრინციპში კარგი და გამოსადეგი. ცალკე ქებას იმსახურებს “მოსბერგის” დაპატენტებული, რეგულირებადი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. ქრხნული “სეთინგი” იყო თითქმის იდეალური. თუ ის არ მოგწონთ, შესაძლებელია მისი წონის რეგულირება. შესაბამისი ინსტრუქცია შედის იარაღის კომპლექტში.

როგორც უკვე აღვნიშნე „მოსბერგი“ იკვებება სტანდარტული AR-15-ის მჭიდებიდან. ამის გამო საკეტის თავზე განლაგებულია მოძრავი ჩამჩა, რომელიც იღებს ვაზნებს მჭიდიდან. ასეთი გადაწყვეტილება საჭირო გახდა იმის  გამო, რომ მჭიდი ჩვეულებრივზე უფრო დაბლა ზის. როდესაც პირველად გავეცანი ამ ტექნიკურ გადაწყვეტილებას მე ჩავთვალე რომ ეს თხელი რკინის დეტალი იქნებოდა პატარა სიცოცხლის ციკლით, მაგრამ იმის მერე წლები გავიდა და ჯერ არ შემხვედრია ჩივილები ამ დეტალზე. ჩვენ ასევე სპეციალურად შევამოწმეთ რამდენად საიმედოთ მუშაობს 30 ვაზნიანი ალუმინის მჭიდები და არანაირი პრობლემა არ დაგვიფიქსირებია. მიუხედავად იმისა, რომ ვაზნის მიწოდების კუთხეც შესაბამისად დიდია არანაირი პრობლემა მიწოდებისას არ ყოფილა. პარკერიზაცია “გადაპრიალდა” და საკეტი მოძრაობდა სალულე კოლოფში რბილად და ყოველგვარი წინაღობის გარეშე. აქვე უნდა დავამატო რომ მე ვიყენებდი სტანდარტულ ალუმინის STANAG მჭიდებს. როგორც ინტერნეტში წერენ “Magpul”-ის მჭიდები ასე კარგად არ მუშაობენ ამ იარაღში, ასე რომ გაითვალისწინეთ ეს შენიშვნა.

mvp bolt

MVP-ის საკეტი ეკონომიურობის და ეფექტიანობის ნიმუშია. საკეტის თავი ცალკე დეტალია, ზედ განლაგებულია ორი ბჯენი, ექსტრაქტორი და ყვინთა ეჟექტორი. სპირალური ჭრილები უბრალოდ უხდება და ასევე ქმნის სივრცეს სადაც ექცევა ჭუჭყი, ტალახი, თოვლი და საკეტს ეძლევა საშუალება თავისუფლად მოძრაობის. ასევე კარგად ჩანს ჩამჩა, რომელიც იღებს ვაზნებს მჭიდიდან. 

რაც შეეხება სიზუსტეს მე ველოდი 5.5-6 სმ-ს 100 მეტრზე. ასეთი ოპტიკით, და ასეთი წონით, თანაც პლასტმასის სარეცელით, მეტის მოლოდინი არც უნდა გვქონოდა. საშუალო სიზუსტე გამოვიდა 6.2 სმ 100 მეტრზე. სროლა ხორციელდებოდა წოლიდან, საყრდენად გამოიყენებოდა ზურგჩანთა. ყველაზე დიდი ჯგუფი მიღებულ იქნა ჩეხური S&B 55gr FMJ ვაზნით. ყველაზე პატარა 62 გრანიანი FMJ ვაზნით.

სროლის დროს, როგორც ველოდეთ დიდ პრობლემას ქმნიდა იარაღის წონა, რის გამოც ოპტიკაში კარგად ჩანდა გულის ცემა. მიუხედავად ამისა, გასროლები დროზე იყო ადვილი. ფართო ხედვის კუთხე და კარგი სასხლეტი, სუფთა ლინზებთან ერთად ადვილად გაძლევდათ საშუალებას 100 მეტრიდან სილუეტის თავში სწრაფი გასროლის განხორციელებას. მიუხედავად ამისა ჩვენ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ შაშხანას მეტი შეეძლო. როგორც ჩანს მოდელები ალუმინის შასით და ლამინატის სარეცელით უფრო ზუსტად ისვრიან ვიდრე მოდელები მსუბუქი პლასტმასის კონდახით, რაც გასაკვირი არ არის. არსებული მიმოხილვების მიხედვით, ასეთი მოდელები აჩვენებენ სიზუსტეს სადღაც 1.3 MOA-ს ფარგლებში რაც ძალიან კარგი შედეგია ბიუჯეტური შაშხანისთვის.

რენჯიდან დაბრუნების შემდეგ გახდა ცხადი, რომ სიზუსტის რადიკალურად გაზრდისთვის საჭიროა: ოპტიკის შეცვლა, უფრო ვიწრო ჯვარით და გრძელი eye relief-ით; კარგი ხარისხის “ფეხები”; ახალი საიმედო რინგები, იმიტომ რომ UTG-ის რინგების ნდობა არ შეიძლებოდა. სასურველი იყო ბედინგი და პიკატინის სამაგრის ვინტების დაფიქსირება “ლოქტაიტით”. მოკლე და უფრო ხისტი სარეცელის გამო, იმისთვის რომ გამორიცხული ყოფილიყო “ფეხებზე” ხტუნვა, მისი ეპოქსიდით ამოვსება იქნებოდა ზედმეტი. სასურველი იყო კონდახზე სალოყეს დაყენება. შესაბამისად პიკატინის სამაგრი დამაგრდა რესივერზე ეპოქსიდის გამოყენებით; რესივერის უკუცემის ბჯენი (recoil lag) “ჩავაწვინეთ” ეპოქსიდის საწოლში;  ახალ “Vortex”-ის დაბალ “რინგებზე” დადგა ასევე  “Vortex”-ის სკოპი Сrossfire II 3-9×40; დაყენდა Harris-ის საშუალო სიმაღლის ბიპოდი; დამატებით საკუთარი ძალებით მოვახდინე სარეცელის კამუფლირება.

20180611_195418

 მოკლე ბიპოდი თეორიულად უფრო სტაბილურია, უფრო კომპაქტურიც არის მაგრამ, გრძელი ბიპოდი მოგცემთ სროლის საშუალებას მაგალითად შედარებით გრძელი ბალახიდან. ასეთი ბიპოდი ასევე ხდის შესაძლებელს 30 ვაზნიანი მჭიდების გამოყენებას. ოპტიკა მაქსიმალურად ლულის ღერძთან ახლო დგას.  ვერტიკალური სახელურიც გამოდგა ძალიან მოსახერხებელი.  

სამწუხაროდ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე მოყვარულების შემთხვევაში, ბედინგის შემდეგ მე ვერ მოვახერხე სალულე კოლოფის სარეცელიდან ამოღება. როგორც ჩანს ეპოქსიდმა “კბილი” გაიკეთა და არ მაძლევდა საშუალებას სალულე კოლოფის და სარეცელის განცალკევებას. სალულე კოლოფი ხრახნების მოხსნის შემდეგ ოდნავ მოძრაობდა, უბრალოდ რაღაცა უშლიდა ხელს რომ ის ბოლომდე ამოსულიყო.   მორალურად მე მზად ვიყავი ამისთვის, იქიდან გამომდინარე რომ სალულე კოლოფზე იყო რამდენიმე ჩაღრმავება და ასევე ამ ორ დეტალს შორის იყო მოთავსებული პლასტმასის დეტალი, მჭიდის ფიქსატორით. ალბათ ერთი ძლიერი დარტყმა საკამრიის იქნებოდა რომ სალულე კოლოფი გათავისუფლებულიყო, მაგრამ მე ჩავთვალე რომ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ იყო და დავტოვე ყველაფერი როგორც იყო.

ეხლა ორი სიტყვით არჩეულ ოპტიკაზე. ჩემს მიერ არჩეულ მოდელს გააჩნდა BDC ტიპის ბადე, რომლის მოყვარული მე არ  ვარ.  უმეტეს შემთხვევაში საერთოდ უცნობია რა იარაღზე და მუხტზეა ასეთი ბადეები გათვლილი. ჩემი აზრით მიზეზი რის გამოც ოპტიკები გამოდის ასეთი ბადით (და იყიდება) არის მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგი. ოპტიკას აქცს BDC ბადე რომელიც გაძლევს საშუალებას ისროლო სხვადასხვა მანძილზე! ვა! მოდიდ ამას ვიყიდი….  მაგრამ რეალურად, როგორ უნდა გამოიყენო ეს ფუნქცია არავინმა არ იცის და არც იყენებს. თუ თქვენი იარაღი არ არის ზუსტად ის და იმ მუხტით, რომელიც გამოყენებულ იქნა მისი შედგენისას, ერთადერთი გზა გამოიყენოთ BDC ბადე არის, დაიმახსოვროთ კონკრეტულ დისტანციაზე განულების შემდეგ, BDC ბადის რომელი დამიზნების ელემენტი რა მანძილზე ემთხვევა მოხვედრის წერტილს (ადგენთ სროლით ან გათვლებით ბალისტიკური კალკულატორის გამოყენებით) და ამის მიხედვით გამოიყენოთ BDC ბადის ელემენტები. ამ მიზნისთვის ოპტიკას მოყვა დეკალი, რომელზეც ასახულია BDC ბადე და გათვალისწინებულია გრაფები სადაც ჩაწერთ მანძილებს. “ვორტექსის” საიტზე ასევე არის ბალისტიკური კალკულატორი, რომელიც მოგცემთ საშუალებას მოარგოთ BDC ბადე თქვენს მიერ გამოყებებულ მუხტს.  დეკალი შესაბამისი მინიშნებებით ეკრობა იარაღს და ეს გაძლევთ საშალებას მეტ-ნაკლები ეფექტურობით გამოიყენოთ აღნიშნული ბადე. კარგია რომ “Vortex”-ში ესმით ამდენი და ამაზე ზრუნავენ. მე მერჩივნა “მილ დოტი” ან ბანალური “დუპლექსი” მაგრამ საქართველოში  ოპტიკის არჩევანი ძალზედ შეზღუდულია ასე, რომ დავკმაყოფილდი იმით, რომ ჯვარი იყო თხელი ხოლო ოპტიკა ასევე შედარებით ნაკლებს იწონიდა.

cf2_turrets-t

Сrossfire II-ის შესწორების მექანიზმის დოლურები არის დაბალი, დაცული ხუფებით და მათი დატრიალება შეიძლება თითებით, ინსტრუმენტის (მონეტის) დახმარების გარეშე.

როგორც იქნა მოვიდა დრო რენჯზე მეორე გასვლის იმისთვის, რომ დაგვედგინა რამდენად პოზიტიური შედეგეი გამოიღო განხორციელებულმა ცვლილებებმა. ახალი ოპტიკის და “ბიპოდის” წყალობით სროლა ბევრად უფრ კომფორტული გახდა. პირველივე ჯგუფებმა დაადასტურეს, რომ იარაღი ბევრად უკეთესად ისროდა ვიდრე ქარხნულ კომპლექტაციაში. ჯგუფი შემცირდა 6.2სმ-დან 3.9 სანტიმეტრამდე. ყველაზე საუკეთესო ჯგუფი მიღებულ იქნა SMK-ს 69 გრანიანი ტყვიით, შთამბეჭდავი 2.4 სმ 100 მეტრზე. ყველაზე დიდი გაბნევა ისევ წილად ხვდა ჩეხური S&B-ის მუხტს 55 გრანიანი ტყვიით.

update: როგორც ჩანს ჩვენ მივაკვლიეთ ყველაზე ოპტიმალურ მუხტს როგორც მოსბერგის MVP ასევე MMR სერიის 5.56 კალიბრის შაშხანებისთვის 1:9 ტვისტით. ეს არის: დენთი wc844 22.5 gr, ტყვია Sierra Match King 69gr.  ვაზნის სრული სიგრძე 57 მმ. ეს მუხტი აჩვენებს საუკეთესო შედეგს ორივე იარაღში.  ამ მუხტით ჩვენმა შაშხანამ აჩვენა წარმოუდგენელი ასეთი კლასის იარაღისთვის 18მმ-ნი ჯგუფი 150 მეტრზე. 

3.9 სმ იარაღიდან, რომელიც იწონის 3კგ-ზე ცოტათი მეტს, იკვებება ორ რიგიანი მჭიდით და აქვს 5.56 Nato-ს სავაზნე, არის ძალიან კარგი შედეგი. რატომ? ორ რიგიანი მიწოდება არ არის ოპტიმალური მაქსიმალური სიზუსტის მისაღწევად გამომდინარე იქიდან, რომ ყოველ მიწოდებაზე ვაზნა სხვაგვარად თავსდება სავაზნეში, ხან მარჯვნიდან და ხამ მარცხნიდან, რაც თეორიულად განაპირობებს ჰორიზინტალურ გაფანტვას. არც 5.56 Nato სავაზნე თავისი გრძელი ყელით (ოპტიმიზირებული საიმედოობისთვის და უსაფრთხოებისთვის)  არ ჯდება ზუსტი შაშხანის კონცეფციაში. ნუ დაგვავიწყდება კონდახის სქემაც, რომელიც შექმნილია მოლე საიერიშო შაშხანისთვის. ასე, რომ გავმეორდები საშუალო სიზუსტე 3.9 სმ ასეთი იარაღიდან არის ჩემი აზრით ძალიან კარგი შედეგი. რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა 5.56 კალიბრის MVP-ში გამოყენებულ ხრახნების ბიჯზე, რომელიც შეადგენს 1:9-ს. ეს არის კარგი ბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს ადეკვატურ სიზუსტეს სხვადასხვა წონის ტყვიების გამოყენებისას. მე არ მესმის ეს საყოველთაო გატაცება 1:7 “ტვისტით”. ბოლოსდაბოლოს გადით მაღაზიაში და ცადეთ პოვნა რამე მუხტის რომელიც იყენებს 62-69 გრანზე უფრო მძიმე ტყვიას. აბსოლუტური უმეტესობა არის მუხტები კიდე უფრო მსუბუქი 55 გრანიანი ტყვიით. ასე რომ 1:9 არის კარგი ვარიანტი.

როგორც ხედავთ, MVP არ არის აღჭურვილი რამე ტიპის სალულე მოწყობილობით. უკუცემა იმდენად მცირეა, რომ მუხრუჭის გამოყენებას აზრი არ აქვს.  ლულის ალს რაც შეეხება, მართალია ლულა 16 ინჩიანია მაგრამ მალევე მზის ჩასვლის შემდეგ, თქვენ ამჩნევთ შთამბეჭდავ ცეცხლის ბურთს. დაახლოებით 100 გასროლის შემდეგ არანაირი პრობლემა ან დაბრკოლება არ დაფიქსირებულა. მიწოდება იყო ნარნარი, ექსტრაქცია პოზიტიური. მხოლოდ ერთ ვაზნაზე მოხდა ძალიან იშვიათი დაბრკოლება, ამაალებლის მტყუნება, რაც ვერ დაბრალდება იარაღს. საკეტი თავიდან ისე რბილად არ მოძრაობდა, მაგამ როდესაც დაფარვა ოდნავ გადაპრიალდა, მოძრაობა გახდა ძალიან რბილი.

ეხლა გადავიდეთ მათემატიკზე. ახალი ოპტიკის, რინგების და ბიპოდის ფასმა შეადგინა 590 ლარი. ქარხნული ოპტიკის ფასის გამოკლებით, იარაღის საბოლოო ფასმა შეადგინა 3240 ლარი. ეს 300 ლარით მეტია ვიდრე  “შიშველი” იგვიე კალიბრის Tika T3. ოპტიკის, რინგების და ბიპოდის დაყენების შემდეგ სხვაობა ორს შორის იქნება სულ რაღაც 250 ლარი. მაგრამ მოსბერგს ექნება უპირატესობა ორ რამეში, შესაძლებლობა მისი ორად “დანაწევრების” და იაფი ადვილად საშოვნელი მჭიდები. Tika-ს მხარეს იქნება რეპუტაცია და ზოგადად უკეთესი შესრულება + რკინის სამიზნე მოწყობილობები, რომელიც “მოსბერგს” არ გააჩნია. გარდა ამისა “მოსბერგს” აქვს  5.56 Nato-ს სავაზნე რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პლიუსია.  მაინც, ალბათ ყველაზე ხელმისაწვდომ .223 კალიბრის შაშხანად რჩება СZ527 Varmint, რომლის ფასუ 2200 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მიიღებთ ბოლომდე გამზადებულ შაშხანას, რომლის ფასიც იქნება 3000 ლარზე ნაკლები (მოსბერგის ანალოგიური “სეტაფით” გამოდის 2790 ლარი). ამ იარაღის მინუსები იქნება პატარა ტევადობის ძნელად საშოვნელი მჭიდი. მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ “მოსბერგის” ფასში მოგდის იგივე კალიბრის AR-15-ის საბაზისო მოდელი + რამე ბიუჯეტური ოპტიკა. სიმართლე გითხრათ მე გამიჭირდება არგუმენტირება, თუ რატომ უნდა იყიდოთ “მოსბერგი” და არა AR-15, რომელიც არც ღირს ამაზე დავა ბევრად უფრო უნივერსალური იარაღია, ამავე დროს ასევე მსუბუქი და კომპაქტურიც. სიზუსტით “მოსბერგი” შეიძლება უპირატესი იყოს, მაგრამ არა, იმდენად რომ ეს განიხილებოდეს, როგორც სერიოზული არგუმენტი მის (“მოსბერგის”) სასარგებლოდ (ვგულისხმობ მოდელებს პლასტმასის სარეცელით).  მაგალითად მე, ვიყიდე “მოსბერგი” იმიტომ, რომ უკვე მქონდა ოთხი AR-15 და იმიტომ, რომ მინდოდა რაღაც სიახლე. გარდა ამისა ასეთი შაშხანა ბევრად უფრო ეკონომიური იარაღია ვიდრე “ნახევრად-ავტომატი”. ვგულისხმობ იმას, რომ ნაკლებ ვაზნებს ხარჯავთ რენჯზე. რა თქმა უნდა 5.56 კალიბრის “ბოლტი” უფრო ეკონომიურია ვიდრე თუნდაც .308 კალიბრის იგივე ტიპის შაშხანა. პრინციპში სულ ეს არის. არ მგონია საქართველოში მოიძებნოს ბევრი ადამიანი, რომელიც გადაიხდის AR-15-ის ფასს იგივე კალიბრის შაშხანაში გრძივად მოსრიალე საკეტით. ამავე დროს უნდა აღვნიშნო, რომ “მოსბერგს” აქცს პოტენციალი სიზუსტის კიდე უფრო გაუმჯობესების და ასეთ შემთხვევაში ის უკვე ერთი თავით უკეთესი იქნება ვიდრე ნებისმიერი საბაზისო AR-15. ასევე თუ გინდათ გამოიკვლიოთ 5.56 კალიბრის ბალისტიკის და სიზუსტის სრული პოტენციალი, ალბათ შაშხანა გრძივად მოსრიალე საკეთით უკეთესი არჩევანი იქნება ვიდრე “ნახევრად ავტომატი”. მოკლედ გადაწყვეტილება თავად მიიღეთ.

ვიღაცა ჩათვლის, რომ 5.56 კალიბრი არის არაადეკვატური ასეთი ტიპის შაშხანისთვის, მაგრამ თავად განსაჯეთ: 55 გრანიანი ტყვია დატოვებს ლულას საწყისი სიჩქარით თითქმის 1000 მ/წ-ში. გასწორებული 200 მეტრზე (ყველაზე ოპტიმალური ზერო ამ კალიბრისთვის და იარაღითვის),  250 მეტრამდე ნასროლი ერთ წერტილში ყველა მოხვედრა იქნება მაქსიმუმ 8 სმ-ით დაშორებული დამიზნების წერტილიდან. სილუეტის დაზიანება ყოველგვარი შესწორების (ცენტრში დამიზნებით) იქნება შესაძლებელი 350 მეტრამდე მანძილზე (ვარდნა 44 სმ). 300 მეტრამდე ტყვიას ექნება საკმარისის სიჩქარე რომ სრულად გამოიყენოს დაზიანების მექანიზმი იქნება ეს ფრაგმენტაცია თუ  ექსპანსია.

მე ჩემი მხრიდან უკიდურესად კმაყოფილი ვარ “მოსბერგის” ამ პატარა შაშხანით. ეკონომიურ, გამძლე, ზუსტი და მსუბუქი, უნიკალური იერსახით და პოტენციალით, რომლის გასარკვევად საჭიროა კიდე ბევრი გასვლა რენჯზე და სხვადასხვა მანძილებზე სროლა. ჩემთვის ასეთი სცენარი სრულად მისაღებია.

35804743_658725661136261_1406257393192402944_n