Archive for May, 2018

ექსპერტის იარაღის განმარტება

Tuesday, May 22nd, 2018

რამდენიმე დღის წინ ვკითხულობდი ფეისბუქზე, იარაღის სამყაროში ორი საკმაოდ ცნობილი ადამიანის მიმოწერას. განხილვის თემა იყო Glock 42, უფრო კონკრეტულად ის თუ რატომ მოწონს ყველას ასე ეს პატარა პისტოლეტი. საბოლოო ჯამში დისკუსიის ყველა მონაწილე (და მათთან ერთად, მთლიანად სასროლოსნო საზოგადოება) შეთანხმდნენ, რომ Glock 42 არის ყველასთვის კომფორტული პისტოლეტი. დაახლოებით იგივე დასკვნა ამ პისტოლეტზე ჩვენც გამოვიატანეთ.  Glock 42 არის პრაქტიკულად ჯიბის (ულტრა კომპაქტური)  პისტოლეტი, რომლიდანაც შესაძლებელია თუნდაც მთელი დღის განმავლობაში კომფორტულად მიზანში სროლა. იქვე ახსენეს Glock 43, რომელიც კონცეპტუალურად იმეორებს Glock 42-ს. ულტრა კომპაქტური, თხელი პისტოლეტი, ერთ რიგიანი მჭიდით, გათვლილი უფრო მძლავრ ვაზნაზე და შესაბამისად ცოტათი უფრო გაბარიტულია, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ძალიან კომპაქტურია. ორივე პისტოლეტი არ უჩივის გაყიდვებს და ძალიან პოპულარულია.

დისკუსიის მონაწილეებმა ეგრევე აღნიშნეს, რომ Glock 43-ს აქვს საკმაოდ ხისტი უკუცემა. “Glock 43 არის ექსერტის იარაღი!” -  ასეთი დასკვნა გამოიტანა დისკუსიის მონაწილემ, მაიკლ ბეინმა Shooting Gallery-ის უცვლელმა წამყვნამა. ამ ტერმინმა, “ექსპერტის იარაღი”,  დამაფიქრა იმაზე თუ რას ნიშნავს საერთოდ და არსებობს თუ არა ისეთი რამე, რასაც შეიძლება დაერქვას ექსპერტის იარაღი. ექსპერტის იარაღი პირველ რიგში, ალბათ ჩემი აზრით, არის იარაღი, რომლის ეფექტური გამოყენება შეუძლია მხოლოდ გამოცდილ მსროლელს. რატომ? შევეცდები ავხსნა. მაგალითად, არის H&K USP Expert,  ექსპერტის იარაღი? მიუხედავად დასახელებისა ჩემი აზრით არა. ამ პისტოლეტიდან კარგად სროლას შეძლებს პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანი. დიახ საასპარეზო სასხლეტი, რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები და უშველებელი „მაგველი“ მისცემს ექსპერტ მსროლელს უპირატესობას, მაგრამ იმისთვის, რომ კარგად ისროლო ამ პისტოლეტიდან ექსპერტი მსროლელი ნამდვილად არ უნდა იყო.  მეორეს მხრივ ექსპერტის იარაღად უდაოდ ჩაითვლება მსუბუქი .44 მაგნუმის კალიბრის რევოლვერები, ცნობილი როგორც ე.წ.  ‘მთის რევოლვერები“.  მთის რევოლვერის კონცეფცია დაიბადა პრინციპში პირველ მასობრივი წარმოების და საკმარისად ძლიერი და ამავე დროს გამძლე რევოლვერთან ერთად. საუბარი მაქვს Smith&Wesson Model 29-ზე. ამ დიდმა და მძლავრმა .44 კალიბრის რევოლვერმა, რომელიც დღემდე გამოდის საკმაოდ გრძელი გზა გაირა და ერთ-ერთი მისი ყველაზე პრაქტიკული და პოპულარული ვარიანტია, სწორედ მთის რევოლვერის ფორმატი. საშუალო სიგრძის კონუსური ფორმის “მსუბუქი” ლულა, კუთხეებიანი სრული ზომის სახელური გამოარჩევს მას “მაგნუმების” სხვა მოდელებისგან. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკულ ტექნიკურ ლიტერატურაში რევოლვერის სახელურს უწოდებენ სარეცელს (ложе, stock) და არა სახელურს ან ტარს. “სმიტ&ვესონის” მიზანი იყო შექმნილიყო ზომიერად მსუბუქი რევოლვერი, რომელიც არ დაღლიდა ადამიანს ფეხით ხანგრძლივი ლაშქრობისას, მაგრამ ამავე დროს ექნებოდა სერიოზული საცეცხლე ძალა. მოგვიანებით ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი გახდა ასეთი რევოლვერის წონის დამატებითი შემცირება სპეციალური შენადნობების გამოყენებით.

163414_01_lg_1

Smith&Wesson 329PD Airlite არის 21-ე საუკუნის მთის რევოლვერი. ის იყენებს ალუმინის ჩარჩოს და ტიტანის დოლურას, რისი წყალობით რევოლვერის წონა დავიდა 714 გრამამდე (!!!). ეს იარაღი არის “ექსპერტის იარაღის” საუკეთესო მაგალითი, იმიტომ, რომ მხოლოდ ექსპერტი მსროლელი შეძლებს ამ რევოლვერის მოთვინიერებას.  ყურადღებას იქცევს მასიური ხის სარეცელი, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან უხდება რევოლვერს ასევე აძლევს მსროლელს საშუალებას აკონტროლოს იარაღი ხელში, რომელსაც უძლიერესი უკუცემის იმპულსი აქვს. ფარული ტარების შესაძლებლობა მთის რევოლვერში არ არის პრიორიტეტული, კომფორტული და საიმედო ჭერა უფრო მნიშველოვანია. 

ულტრა კომპაქტური დიდი კალიბრის პისტოლეტები და რევოლვერები, იგივე Glock 43 ან მაგალითად მსუბუქი შენადნობისგან დამზადებული .357 კალიბრის „მოკლე ცხვირიანი“ რევოლვერი, მძლავრი და მსუბუქი შაშხანები გრძივად მოძრავი საკეტით, ორ ლულიანი “ექსპრესები”,  არიან ექსპერტის იარაღები. ასევე მაგალითად მხოლოდ ექსპერტი მსროლელი შეძლებს ავტომატური (ჯერებით მსროლელი) პისტოლეტის მოთვინიერებას და ეფექტურად გამოყენებას. ზოგადად ჯერებით მსროლელი ნებისმიერი ხელის იარაღის მოთვინიერებას შეძლებს მსროლელი მხოლოდ სერიოზული მომზადებით, ანუ ექსპერტი.

დაუშვებელი, არიფული შეცდომაა იფიქრო, რომ გაზრდილი საცეცხლე ძალა (დიდი კალიბრი, მაღალი ტევაოდობა) კომპენსირებას გაუკეთებს სროლის უნარების არ არსებობას. ასეთივე შეცდომაა იფიქრო, რომ დიდი საცეცხლე ძალის მქონე იარაღის ეფექტურად გამოყენებისთვის საჭიროა დიდი ფიზიკური ძალა ან ძლიერი აღნაგობა. ინტერნეტი სავსეა ვიდეოებით სადაც სუსტი აღნაგობის მანდილოსნები ეფექტურად იყენებენ მძლავრ ცეცხლსასროლ იარაღებს. მთავარია სწორი ტექნიკა, რომელიც მიიღწევა და ნარჩუნდება რეგულარული ვარჯიშებით.

ასე, რომ ექსპერტის იარაღად შეიძლება ჩაითვალოს მეტ წილად სპეციალიზირებული იარაღები,  საცეცხლე ძალასთან შედარებით მცირე წონის და გაბარიტების მქონე, რომელთა ეფექტური გამოყენება საჭიროებს პრაქტიკას და უნარების გარკვეული დონის არსებობას. რა თქმა უნდა იგივე Glock 43 არ არის ისეთი რთული გამოსაყენებლად როგორც მსუბუქი .44 კალიბრის რევოლვერი, მაგრამ იმისთვის რომ ეფექტურად გამოიყენოთ 500 გრამიანი 9×19 კალიბრის პისტოლეტი ვიწრო და მოკლე ტარით, დაგჭირდებათ პრაქტიკა და სროლის უნაკლო ტექნიკა. ექსპერტის იარაღი არ პატიებს შეცდომებს. როგორც წესი ასეთ იარაღს აქვს შეზღუდული ტევადობა, რაც ყოველ გასროლას უფრო ძვირფასს ხდის. რაც უფრო ნაკლები ვაზნების რაოდენობაა მით უფრო ნაკლები შანსებია შეცდომების (აცილების) გამოსწორების.

მე უკვე აღვნიშნე, რომ სამთო რევოლვერზე, რომელიც თანაც მსუბუქი მასალებისგან არის დამზადებული, კომფორტული სრულფასოვანი ტარი არის აუცილებლობა, იმისთვის რომ შეძლოთ იარაღის გაკონტროლება. საქმე იმაშია, რომ იარაღებში, რომლებიც განკუთვნილია ფარული ტარებისთვის, მწარმოებელი ყოველთვის ცდილობს ტარის გეომეტრიული ზომების შემცირებას, იმიტომ, რომ ფარული ტარებისას, ტარი არის პისტოლეტის ან რევოლვერის ყველაზე რთულად “შესანიღბი” ნაწილი. მოკლე და ვიწრო ტარი განაპირობებს ორ სერიოზულ პრობლემას. პირველი პრობლემა არის უკვე ნახსენები შემცირებული მჭიდის ტევადობა, რაც ნიშნავს, რომ აცილების შემთხვევაში შეცდომის გამოსწორების შანსები მცირდება. მეორე პრობლემა არის იარაღის მართვის სირთულე. არასრულყოფილი ჭერა ხელს გიშლით უკუცემის უკეთეს კონტროლში და იარაღის დამიზნების ხაზზე შენარჩუნებაში. თავისთავად როლს თამაშობს ასევე მოკლე საკეტი, რაც ნიშნავს მოკლე სამიზნე ხაზს (მანძილს კორასა და თარაზოს შორის), რაც ასევე ამცირებს იარაღის თანდაყოლილ სიზუსტეს. ყველა ეს შეზღუდვა უნდა დაძლეულ იქნას სროლის ექსპერტის დონის უნარებით, რომელიც უკავშირდება უკუცემის კონტროლს და მაღალი სიზუსტის მიღწევას.

20170727_SSA_GMW_Grip00028_1-750x375

მოკლე და ვიწრო ტარი უკვე არის გამოწვევა მსროლელისთვის, დაუმატეთ ამას იარაღის მსუბუქი წონა და ძლიერი კალიბრი, თქვენ მიიღებთ იარაღს, რომლიდანაც ზუსტ და სწრაფ სროლას შეძლებს მხოლოდ გამოცდილი მსროლელი, ისიც გარკვეული პრაქტიკის და იარაღთან მიჩვევის ეტაპის შემდეგ.

იმისთვის რომ მოხდეს ამ ნაკლოვანებების კომპენსირება საჭირო იქნება,  როგორც პრაქტიკა ასევე ტექნიკის ადაპტაცია. იარაღის ჭერის შეცვლა, ჭერის ძალის გაზრდა, იდაყვების ჩაკეტვა, აგრესიული წინ გადახრილი დგომი, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ მიაღწიოთ ადეკვატურ კონტროლს იარაღზე. სწორედ ამიტომ იარაღები, რომლებიც საჭიროებენ ყველაფერ ამას შეიძლება ჩაითვალონ ექსპერტის იარაღებად.

womande

მძლავრი კალიბრი, ყოველთვის არ არის ექსპერტის იარაღის ელემენტი. სახელგანთქმული პისტოლეტი Desert Eagle იყენებს მათ შორის ზე-ძლიერ .50AE კალიბრს, მაგრამ კონსტრუქციული თვისებების და დიდი მასის გამო, ამ პისტოლეტიდან სროლას შეძლებს პრაქტიკულად ნებისმიერი. თუმცა ბევრს არ მოერგება ზედმეტად მსხვილი ტარი და არ მოეწონება გასროლის მაღალი ხმა.

ვიღაცა ალბათ გაიფიქრებს, რომ მერე რა, მე მაკმაყოფილებს ჩემი Glock 17-ით ან СZ85-ით, კი ბატონო, მაგრამ პრაქტიკა ადასტურებს, რომ ვისაც უწევს იარაღის თავის “კისერზე თრევა” უპირატესობას ანიჭებს კომპაქტურ და მსუბუქ იარაღებს. გავიხსენოთ თუნდაც, როგორ მისტიროდნენ გამომძიებლები “მაკაროვების” მოხსნას შეიარაღებიდან და Jericho 941-ზე გადაიარაღებას. უბრალოდ ამ შემთხვევაში ალბათ ნაკლებად ფიქრობდნენ პისტოლეტების სროლისუნარიანობაზე ან ჩათვლებზე სროლაში რომელიც არ არსებობს.  ზოგს უბრალოდ უდევს იარაღი, როგორც სტატუსის სიმბოლო და არც უფიქრდება შეძლებს თუ არა ზუსტად და სწრაფად სროლას ამ სტატუსის სიმბოლოდან. ჩემი აზრით იარაღის მფლობელისთვის ასეთი ქარაფშუტობა უნდა იყოს მიუღებელი.

კვირის იარაღი – Lahti L39

Thursday, May 10th, 2018

1qhYj89

30-ანი წლებში ბევრი პატარა და არც ისე პატარა ქვეყნების შეიარაღებული ძალები გატაცებულები იყვნენ ტანკ-საწინააღმდეგო შაშხანებით. მძლავრ კალიბრზე გათვლილი, ხელით გადასატანი შაშხანები ითვლებოდა კარგ და იაფ საშუალებად გამკლავებოდი მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკასთან, რომელიც იმ დროს მეტ წილად შეიარაღებულები იყვნენ მსუბუქი ტანკებით, რომლებსაც მეტი საერთო ქონდათ დაჯავშნულ ტრაქტორებთან ვიდრე თანამედროვე ტანკებთან. ფინელები წავიდნენ განსხვავებული გზით და ნაცვლად ვაზნისა გამოიყენებს 20მმ-ნი ჭურვები (20×113მმ), ვინაიდან ტესტირებისას ჭურვი გამოდგა უფრო ეფექტური ვიდრე 13.1მმ-ნი ტყვია რომელიც გამოიყენებოდა მეორე პროტოტიპში. იარაღის კონსტრუქტორი გახლდათ აიმო ლახტი, ხოლო იარაღს უშვებდა სახელმწიფო საწარმო Valtion Kivääritehdas (VKT), მომავალში “ვალმეტი”. იარაღი სახელწოდებით L-39, მიღებულ იქნა შეიარაღებაში 1939 წელს. იმავე წელს დაიწყო ზამთრის ომი საბჭოთა კავშირთან. საბრძოლო მოქმედებებმა დაადასტურეს რომ 20მ-ნი ვარიანტი იყო უფრო ეფექტური და თანაც საიმედო იარაღი და ომის დასრულებისას უკვე დაიწყო ახალი ქვემეხის მასობრივი წარმოება. არსებული ინფრომაციით სულ იყო გამოშვებული 2000-მდე ერთეული.

ტექნიკური თვალსაზრისით, Lahti L39 არის ნამდვილი შედევრი შექმნილი ზრუნვით მის საბოლოო მომხმარებლებზე და იდეალურად მორგებული იმ გარემოს სადაც იგეგმებოდა მისი გამოყენება. L39 არის ავტომატური იარაღი, სადაც გადატენვის ციკლისთვის გამოიყენება დენთის აირების ენერგია. იარაღი იკვებება 10 ჭურვიანი მჭიდიდან რომელიც თავსდება იარაღზე ზევიდან, შესაბამისად, როგორც ბრიტანულ “ბრენში”, სამიზნე მოწყობილობები განლაგებულია გვერდიდან (იარაღზე ოპტიკური სამიზნე არასდროს არ ყენდებოდა). მჭიდებზე შესრულებული იყო დარჩენილი ვაზნების რაოდენობის ინდიკატორი. სალაშქრო მდგომარეობაში მჭიდის შახტა იხურებოდა ხუფით.   მასრების ექსტრაქცია ხდება ქვევიდან. უკუცემის მძლავრი იმპულსის დახშობას უზრუნველყოფს მასიური ლულის მუხრუჭი, იარაღის დიდი მასა და ძლიერი დამაბრუნებელი ზამბარა. უკანასკნელი დეტალი იმდენად მძიმეა, რომ იარაღის გადატენვისთის, მასზე განლაგებულია ჯალამბარი (როგორც შუა საუკუნეების არბალტებეზე), რომლის დატრიალებითაც ხდებოდა საკეტის გახსნა. საინტრესო თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ყოველი გასროლის შემდეგ საკეტი რჩებოდა ღია მდგომარეობაში. ხოლო ტარზე განლაგებულ მცველის კლავიშაზე დაჭერით საკეტი მიდის წინ და აწვდის სავაზნეში ახალ ვაზნას, უფრო სწორედ ჭურვს. ასე იარაღი მზად არის გასროლისთვის. აღნიშნული განხორციელდა იმისთვის, რომ ალბათ მომხდარიყო იარაღის ლულის სწრაფი გაგრილება და ამავე დროს მსროლელს რაც შეიძლება ნაკლები დრო დაეხარჯა ჯალამბართან სამუშაოდ. იარაღი ასევე იყენებდა კომბინირებულ სადგარს, რომელიც ამ იარაღის დამახასიათებელი ნიშანია. სადგარი არის ორნაირი, გათვლილი თოვლის საფარიდან და მყარი ზედაპირიდან სროლისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ იარაღი გამოვიდა მძიმე (50 კგ) ის იყო საიმედო და ზუსტი. მის გათვლა ორი მებრძოლისგან შედგებოდა. ზამთრის ომის დროს მხოლოდ ორი პროტოტიპი იყო მზად გამოყენებისთვის. არსებული ინფომაციით ფინელებმა მოახერხეს ამ პროტოტიპებიდან 4 საბჭოთა ტანკის განადგურება, რამაც დაადასტურა კონცეფციის სისწორე და გზა გაუხსნა მის წარმოებას და შეიარაღებაში მიღებას. მეორე მსოფლიო ომის დროს გამოყენებისას, ცხადია მისი ჯავშანგამტანი თვისებები არ იყო საკმარისი ახალი საბჭოთა ტანკების წინააღმდეგ მაგრამ L-39 გამოუყენებოდა როგორც ანტი-მატერიალური, ჰაერსაწინააღმდეგო და კონტრს-სნაიპერული იარაღი. არსებობს ინფრომაცია რომ L-39 ასევე გამოიყენებოდა, როგორც ტყის ხანძრის გამჩენი იმპროვიზირებული იარაღი, რა დროსაც ხდებოდა მგეზავი, ფოსფორით სავსე ჭურვების გამოყენება, რომლებსაც დიდი კუთხით ისროდნენ მტრის ზურგში (6კმ-მდე მანძილზე)  და აჩენდნენ ასე ცეცხლის კერებს.  

lahti39

მასიური ლულის მუხრუჭი ჯაჭვზე დამაგრებული დამცავი ხუფით, “ციგა-სადგარი”, ზევიდან განლაგებული მსხვილი მჭიდი, ჯალამბარის სახელური და ტყვავის დამცავი “ბალიშები” ეგრევე გამოარჩევენ აიმო ლაჰტის სახელგანთქმულ იარაღს. 

გარდა გადასატანი იარაღის როლისა, Lahti L-39 ასევე გამოიყენებოდა როგორც ჯავშანმანქანის შეიარაღება და ასევე როგორც შეწყვილებული ჰაერ-საწინააღმდეგო სისტემა. ამ როლისთვის იარაღი კომპლექტდებოდა გაზრდილი ტევადობის 15 ჭურვიანი მჭიდებით. გარდა ნახევრად-ავტომატური ვარიანტისა არსებობდა ასევე მოდელი 39/44 რომელიც ჯერებით ისროდა. გარდა ამისა, საიერიშო თვითმფრინავებისგან თავის დასაცავად ხდებოდა კუსტარულად იარაღის გადაკეთება, ისე რომ კლავიშზე დაჭერით ის იწყებდა ღია საკეტიდან ჯერებით სროლას. ასეთი იარაღი დატენილი ჯავშანგამტანი და მგეზავი ჭურვებით მაგრდებოდა ხეებზე და გამოიყენებოდა დაბლა მფრინავი საბჭოთა თვითმფრინავების წინააღმდეგ.

aa3

20 ItK 40 VKT გამოიყენებოდა ფინურ ჯარში 70-ან წლებამდე. 

საინტერესო ფაქტს წარმოადგენს ის, რომ შეიარაღებიდან მოხსნის შემდეგ ეს იარაღები გაიყიდა კერძო პირებზე, მათ შორის საკმაოდ ბევრი იყო იმპორტირებული აშშ-ში სადაც ამ იარაღებიდან დღემდე ისვრიან. დიახ ამერიკაში შესაძლებელია ასეთი ქვემეხების ფლობა, რომლებიც კლასიფიცირდებიან, როგორც “გამანადგურებელი მოწყობილობა” და რეგისტრირდება, როგორც ეგეთი ალკოჰოლის, თამბაქოს და ცეცხლსასროლი იარაღის ბიუროში. ზოგ შტატში აკრძალულია სამოქალაქო პირების მიერ ასეთი მოწყობილობების ფლობა, მაგრამ ბევრ შტატში დასაშვებია.

ჩვენი ტესტი – GSG 522 SD

Tuesday, May 8th, 2018

31961029_634979713510856_3842555872198787072_n

იმის თქმა რომ გერმანული კომპანია “German Sport Guns” იყო პირველი ვინც შესთავაზა სამოქალაქო მსროლელებს ტაქტიკური მცირეკალიბრიანი იარაღი იქნება არასწორი, მაგრამ უდაოდ ეს კომპანია იყო პირველი ვინც ამ კონცეფციით მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას და შექმნა თავისებური ტრენდი. ალბათ პირველი ასეთი ტიპის იარაღები იყო თუნდაც P-08 “Luger”-ის იერსახის მქონე პისტოლეტები, რომლებსაც უშვებდა  Stoeger-ი 60-ან 70-ან წლებში (იმ დროს ამერიკული კომპანია, რომელსაც არ აქვს არაფერი საერთო “Stoeger”-თან, რომელიც ეხლა ბერეტას ხოლდინგის ნაწილია).  ეს იყო მარტივი, იაფი პისტოლეტები თავისუფალი საკეთებით, რომლებიც ვიზუალურად იყო სახელგანთქმული გერმანული საბრძოლო პისტოლეტის მზგავსი. 2008 წელს გერმანულმა “German Sport Guns”-მა იგივე კონცეფციით შექმნა მცირეკლაიბრიანი კარაბინების/პლინკერების მთელი სერია, რომელიც ვიზუალურად გავდა სახელგანთქმულ საბრძოლო იარაღის მოდელებს, ასევე გერმანულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს “Heckler&Koch MP5″-ს. გარდა ვიზუალური მზგავსებისა, ახალი იარაღი ასევე იყენებდა პრაქტკულად იდენტურ მართვის ელემენტებს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არსებობდა გარკვეული დეტალების თავსებადობაც “GSG-522″-ს და “MP-5″-ს შორის, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

რაც შეეხება კომპანიის ისტორიას, “German Sport Guns” დაარსდა გერმანიაში 2002 წელს. მთავარი ოფისი და საწარმო მდებარეობს ქალაქ არნსბერგში (ნორდრაინ-ვესტფალიას ფედეალური მიწა). კომპანიაში დასაქმებულია ასამდე თანამშრომელი. 80% პროდუქციის იყიდება ჩრდილო ამერიკის ბაზარზე. 51%-ან წილს კომპანიაში ფლობს   L&O Group, რომელიც თავისმხრივ ასევე ფლობს ისეთ მწარმოებლებს, როგორიც არიან “Blaser”, “Mauser”,” Sig Sauer” და “John Rigby & Co”. 2014 წელს “GSG”-მ შეიძინა პნევმატური იარაღის გერმანული მწარმოებელი Diana.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ახალ კარაბინებს ქონდათ გარკვეულ პრობლემები, რომლებიც უკავშირდებოდა დეტალების რესურსს და ასევე ზოგადად საიმედოობას, მთლიანობაში იარაღი ძალიან კარგად იყიდებოდა და პოპულარობითაც სარგებლობდა. ისეთი პოპულარობით, რომ “ხეკლერ&კოხმა” უჩივლა “GSG”-ს, მისი კუთვნილი პროდუქტის ვიზუალური მხარის გამოყენებისთვის, რაც ნიშნავს, რომ “GSG” იყენებდა სხვა კომპანიის პროდუქტან მზგავსებას მოგების მიღების მიზნით. სასამართლო დავები, ორ კომპანას შორის გაგრძელდა 2014 წლამდე და არ არის გამორიცხული, რომ ეხლაც მიმდინარეობს, რადგანაც “GSG”-მ შეიატანა საპასუხო სარჩელი, რომლის მიხედვითაც “H&K”-ს არასდროს არ ფლობდა “MP5″-ის  დიზაინს და შესაბამისად მან თაღლითური გზიით მიიღო კომპენსაცია და აზარალა “GSG”. ალბათ “ჰეკლერ&კოხის” სარჩელის მიზეზი სავარაუდოთ ის იყო რომ “GSG”-მ უბრალოდ დაასწრო მას ასეთი კარაბინის გამოშვება, როდესაც ის ჯერ მხოლოდ მართავდა მოლაპარაკებებს ანალოგიური იარაღის გამოშვებაზე გერმანულ Umarex-თან.  “GSG-522″-ების წარმოება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არასდროს არ შეჩერებულა. მხოლოდ მცირედ შეიცვალა კარაბინის ვიზუალური ნაწილი, რომ მზგავსება”ჰეკლერ&კოხის” პროდუქციასთან ასეთი აშკარა არ ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, “GSG”-ს მცირეკალიბრიანი კარაბინების მოდელების გამა კვლავ პრაქტკულად იმეორებს “MP5″-ის მოდელების გამას. არის სტანდარტული მოდელი, მოდელი SD დეკორატიული მაყუჩით და ასევე დამოკლებული ვარიანტი “K”. “GSG”-მ ასევე გამოიჩინა წინდახედულობა, და კარაბინებთან ერთად თავიდანვე გამოუშვა მთელი ასორტიმენტი დამატებითი ნაწილების და აქსესუარების, რომლებიც აძლევდნენ საბოლოო მომხმარებელს საშუალებას განეხორციელებინათ კარაბინების კასტომიზაცია საკუთარი ძალებით.

gsg5

GSG-5, კომპანიის პირველი მცირეკალიბრიანი კარაბინი. მოგვიანებით მისმა დიზაინმა და კონსტრუქციამ გარკვეული ცვლილებები განიცადა და იარაღს მიენიჭა ახალი დასახელება GSG-522

როგორც უკვე აღვნიშნე, მიუხედვად გარკვეული პრობლემებისა “GSG-522″ გამოდგა კომერციულად წარმატებული და წარმოშვა თავისებური ტრენდი, “ტაქტიკური” მცირეკალიბრიანი კარაბინების, რომლებიც გამოიყუებიან და მუშაობენ, როგორც საბრძოლო იარაღები მაგრამ იყენებენ მცირეკალიბრიან და შესაბამისად იაფ ვაზნას.   მალე მას მიბაძეს “Heckler&Koch”-მა “Сolt”-მა, “IWI”-მ (“Umarex”-ის საშუალებით), “Mossberg”-მა, Smith&Wesson-მა და სხვებმა, როდესაც ანალოგიური მოდელები გამოუშვეს. თავის მხრივ “GSG”-მ გააფართოვა მოდელების გამა და დაიწყო მცირეკლაიბრიანი “კალაშნიკოვის”, “STG”-44-ის, “MP-40″-ის, “Firefly”-ს (“SIG Mosquito”) და M1911-ის გამოშვება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  GSG-522  კი გავს ვიზუალურად MP5-ს მაგრამ ტექნიკურად მას აქვს ბევრი საერთო სხვა გერმანულ მწარმოებლის, “Walther”-ის იარაღთან, კონკრეტულად კი მცირეკალიბრიან  კარაბინთან “G-22″. ისევე, როგორც “G22″-ში, “GSG-522″-ის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი და საკეტი მოთავსებულია მსუბუქი შენადნობისგან დამზადებულ მოდულებში, რომლებიც თავის მხრივ მოთავსებულია პლასტმასის “გარსაცმში”. ყველა ეს მოდული აწყობილია ორი ნახევრისგან და შეკრულია ხრახნების გამოყენებით. ერთის მხრივ საბრძოლო იარაღებთან შედარებით, ეს უაზროდ რთული კონსტრუქცია არის,  უამრავი პატარა დეტალით, მაგრამ მეორეს მხრივ ასეთი იარაღების წარმოება ადვილი და იაფია, იმიტომ რომ, როგორც ჩანს გამოიყენება სტანდარტული ხრახნები და ზამბარები, იაფი მასალები და ადვილად დასამზადებელი დეტალები. იმის გათვალისწინებით რომ დიტმარ ემდე და მასთან კიდევ ორი “GSG”-ს მმართველი და კომპანიის მფლობებელი მანფრიდ ნაიჰაუსი და მიქაელ სვობოდა ადრე მუშაობდნენ Umarex-ში (რომელიც ფლობს Walther-ს) მზგავსება წარმოების ტექნოლოგიაში უკვე გასაკვირი არ არის.

dinesvo

“GSG 522″-ის შემქნელები და კომპანიის მფლობელები და მმართველები: ნაიჰაუსი, ემდე და სვობოდა.

მე კარგად მახსოვს, რომ როდესაც პირველად გავეცანი “G-22″-ის კონსტრუქციას, შოკირებული ვიყავი, გამოყენებული ტექნიკური გადაწყვეტილებებით. ეს იარაღი საერთოდ არ გავდა ტრადიციული კონსტრუქციის მცირეკალიბრიან კარაბინებს, რამდენადაც განსხვავებული ის იყო ვიზუალურად, იმდენად განსხვავებული იყო მისი წარმოების ტექნოლოგიაც.  მახსოვს, რომ “G-22″ ლეგოს კონსტრუქტორსაც კი შევადარე. ზუსტად იგივე გადაწყვეტილებები  გამოყენებულია GSG-522-ში.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს იარაღები განკუთვნილია გასართობი სროლისთვის და მხოლოდ გასართობი სროლისთვის, ტრადიციულ მიდგომებზე აქ ითქვა უარი. კონსტრუქციის სიმარტივე, დეტალების სიმცირე, არანაირ როლს არ თამაშობს. მთავარია მაქსიმალური ტექნოლოგიურობა. ქვედა რესვიერის პლასტმასის გარსაცმში, რომელიც უზრუნველყოფს მზგავსევას “MP-5″-თან მოთავსებულია დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდული, ზედა რესივერში ხრახნებით დამაგრებულია ლულა და თავსედება საკეტის მოდული, რომელიც აერთიანებს საკეტს, ეჟექტორს და დამაბრუნებლ ზამბარებს.   მოდულების დაშლა საერთოდ არ არის რეკომენდირებული.

ასე, რომ აზრი არ აქვს ამ იარაღების შეფასებას, როგორც ჩვენ ვაფასებთ საბრძოლო, თავდაცვით ან სანადირო იარაღებს. ასეთი მიდგომით “G22″-იც და “GSG-522″ არიან უაზროდ რთული და ფაქიზი იარაღები, რომლებიც ნაკლებად გაუძლებენ კლდე-ღრეებზე ცოცვას და ტყეში ან ჭაობებში ბოდიალს. თუ ასეთ ადგილებში აპირებთ იარაღის ტარებას, იყიდეთ კლასიკური კოსტრქუციის კარაბინები, “რუგერები” და “მარლინები”,  რომლებიც უფრო მარტივია, მსუბუქი და გამძლე.  უბრალოდ რენჯზე არავინ არ დაინტერესდება რითი ისვრით, არ მოუნდება სროლა და სელფის გადაღება მაგალითად  “რუგერ 10/22″-თან. “GSG 522″-თან, საქმე პირიქით იქნება. ბავშვებიც დაინტერესდებიან ამ იარაღით, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ იპოვით კომპიუტერულ “შუტერს”, სადაც არსენალში არ არის ხელმისაწვდომი “MP-5″. უნდა ვაღიარო, რომ იარაღი გამოიყურება ძალიან კარგად. არის კარგად შესრულებული. ერგონომიული. ის ინტერესს გამოიწვევს ნებისმიერ თუნდაც იარაღებისგან ძალიან შორს მყოფ ადამიანშიც კი. სწორედ ამაზეც იყო გათვლა და სწორედ ეს არის “GSG-522″-ის დანიშნულება, გასართობი/სახალისო სროლა ღია და დახურულ რენჯებზე. ეს არ არის იარაღი, რომლითაც შეხვალ ტყეში ან წახვალ მთაში. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ ამისთვის “GSG-522″ უბრალოდ საკმაოდ მძიმეა  (3.2 კგ).

ტექნიკური აღწერილობა იარაღის იმით უნდა დავიწყოთ, რომ მართვის ელემენტების განლაგებით და მათი მუშაობით GSG-522 მაქსიმალურად გავს საბრძოლო MP5-ს. ორ პოზიციანი სელექტორი ორმხრივია, საკეტის სახელური განალგებულია მარცხენა მხარეს და შესაძლებელია მისი დაფიქსირება ღია მდგომარეობაში, ისევე როგორც MP5-ში. სროლის დროს ის არ მოძრაბს. მჭიდის ღილაკი ისევე როგორც MP5-ში გაძლევთ საშულებას გამოიყენოთ როგორც საკეტელა ასევე გვერდიდან განლაგებული ღილაკი, თუმცა ღილაკის ეფექტური გამოყენება რთულია, საჭიროა დიდი ძალის დატანება და გარდა ამისა ის ჩამალულია რესივერის შიგნით.

gsgbolt

საკეტის მოდულის სქემა. ის შედგება 32 ნაწილისგან, აქედან 11 არის ხრახნი. ხრახნების მოხსნა არ არის რეკომენდირებული, ხოლო თუ მაინც მოხსენით, უკან დაყენებისას უნდა გამოიყენოთ ხრახნების ფიქსატორი, რომ სროლის დროს არ მოხდეს მათი დაშვება. 

რა თქმა უნდა “GSG-522″-ის ავტომატიკის სქემა არ იყენებს გორგოლაჭებით ჩაკეტვას, როგორც ორიგინალური “MP5″. კარაბინში გამოყენებულია უფრო ტრადიციული და მარტივი თავისუფალი საკეტი, როგორც აბსოლუტურ უმეტესობა .22 კალიბრის ავტომატური იარაღებში. ასევე კარაბინს გააჩნია მჭიდის მცველი, რომელიც არ გვხვდება “MP5″-ში.  ეს ნიშნვას, რომ იარაღიდან მოხსნილი მჭიდით შეუძლებელი იქნება გასროლის განხორციელება. კიდევ ერთი განსხვავება არის ის, რომ “GSG”-ზე ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი რჩება ღია მდგომარეობაში, მაშინ როდესაც “MP5″-ზე ასეთი ფუნქცია არ არსებობს.

“GSG-522″ იყიდება ოთხი ტიპის ერთ რიგიანი მჭიდებით 2, 10, 15 და 22 ვაზნიანი ტევადობით. არსებობს ასევე უფრო ეკზოტიკური კვების მექანიზმები, როგორც დოლურა მჭიდები გათვლილი არც მეტი არც ნაკლები 110 ვაზნაზე.  გეომეტრიული ზომებით 22 ვაზნიანი მჭიდები იდენტურია “MP5″-ის მჭიდების, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია იგივე პაუჩების გამოყენება. მჭიდის გვერდიდან განლაგებულია “თაროები”, რომლებიც გაძლევენ საშუალებას თითებით ჩამოწიოთ მიმწოდებელი და ამით მნიშვნელოვნად გაადვილოთ მჭიდის ავსება ვაზნებით. დამატებით მჭიდი მონიშნულია, ისე რომ მოგეცეთ წარმოდგენა მჭიდში დარჩენილი ვაზნების რაოდენობის შესახებ.

gsg5221

GSG-522 -ის ძირითადი ნაწილები. 

იარაღის არასრული დაშლა ზომიერად ადვილია. მოხსენით კარაბინს მჭიდი და დარწმუნდით, რომ იარაღი განმუხტულია. სახრახნისით დაუშვით და მოხსენით  თავები ორ მსხვილ რესივერში გაყრილ პინებს, რაც მოგცემთ საშუალაბას ისინი ამოიღოთ და ამით ჯერ მოხსნათ კონდახი და შემდეგ განაცალკევოთ ზედა და ქვედა რესივერები. შემდეგ უნდა დაუშვათ ხრახნი, რომელიც აფიქსირებს პლატას, რომელიც ზედა რესივერის შიგნით იჭერს საკეტის მოდულს. პლატის მისი ხრახნის და ხრახნის საყელურის ამოღების შემდეგ, შესაძლებელია ზედა რესივერიდან საკეტის მოდულის ამოღება.  მეტი დაშლა რეკომენდირებული არ არის, იმიტომ რომ საკეტის მოდულიც და ქვედა რესივერიც შედგებიან უამრავი პატარა დეტალისგან.  გარდა ამისა ყუარდღება მიაქციეთ ზედა რესივერის შიგნით, სავაზნის გვერძე განლაგებულ ხვეულ ზამბარას, რომელიც ზეოქმედებს საკეტის შემაკავებელზე . თუ საკეტის მოდული ამოღებულია ამ პატარა ზამბარას ადგილზე არაფერი აღარ იკავებს და მისი დაკარგვა ადვილია (ისევე როგორც G22-ში). ამიტომ ფრთხილად ამოიღეთ ის, შეინახეთ და ისე გააგრძელეთ იარაღის წმენდა. მიაქციეთ ყურადღება, იმას, რომ ეს ხრახნიანი პინები დამზადებულია რბილი მეტალისგან და მათი თავების ან ხრახნების გაფუჭება ადვილია. ვისაც ფული არ ენანება ცვლის ამ პინებს ორიგინალური “ხეკლერ&კოხის” პინებით, რომლების გამოყენებაც შესაძლებელია ყოველგვარი მორგების გარეშე.

ვისაც უყვარს ყოველი ჭანჭიკის ინდივიდუალურად გაპრიალება, იმედგაცრულებული დარჩება, რთული კონსტრუქციით. ჩემი აზრით, ასეთი არასრული დაშლა აბსოლუტურად საკმარისია, რომ იარაღი გაიწმინდოს და დიდი საჭიროება იარაღის ბოლო ზამბარამდე დაშლის არ არის. დავამატებ, რომ შესაძლებელია ლულის სავაზნის მხრიდან გაწმენდა, რაც კარგია.

32072756_634950460180448_3661095939189243904_n

არასრულად დაშლილი “GSG-522SD”. საკეტის მოდული ამოღებული არ არის. კარგად ჩანს ლულის რესივერში ფიქსაციის მეთოდი. პლასტმასის დეტალები შეღებილია მწვანე ფერში ჩვენს მიერ. არაფერი განსაკუთრებულად რთული GSG-ს დაშლაში არ არის, უბრალოდ საჭიროა ორი სახრახნისი. 

ქვედა რესივერის გარსაცმი, კონდახი და ტიბჟირი პლასტმასის არის. ზედა რესივერი შესაბამისად რკინის. საკეტის და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის ჩარჩოები ჩამოსხმულია მსუბუქი შენადნობისგან. იარაღი საკმაოდ მძიმეა -  3.2 კგ, რაც საგრძნობლად მეტია ვიდრე .22 კალიბრის კლასიკური კარაბინები, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ კარაბინს აქვს თხელი ლულა. მსუბუქი იარაღის უპირატესობა არის, ის რომ სხვადასხვა მოწყობილობების დაყენების შემდეგ, თქვენ მაინც გექნებათ შედარებით მსუბუქ იარაღი. GSG-ს შემთხვევაში იარაღი იმდენად დამძიმდება, რომ მისი წონა იქნება აბსოლუტურად შეუსაბამო მის მოკრძალებულ საცეცხლე ძალასთან.

მოდელ SD-ს გააჩნია 414მმ სიგრძის გრძელი და თხელი ლულა ე.წ. “ფანქრის პროფილით”. მოდელ SD-ში ეს ლულა დაცულია გარედან ბუტაფორიული მაყუჩით. ის მაგრდება რესივერზე წინა სამიზნე მოწყობილობის ბაზის ქვეშ. წინა ტიბჟირის არის მრგვალი პროფილის და ძალიან მოსახერხებელია.  ტიბჟირზე შესაძლებელია რეზინის “ბუბლიკის” დაყენება, რომელიც ასრულებს წინა საღვედეს ფუნქციას. შესაძლებელია მისი, როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა მხარეზე გადაყენება.

ცალკე აღწერას იმსახურებს სამიზნე მოწყობილობების კონსტრუქცია. უკანა სამიზნე მოწყობილობა პრაქტიკულად ზუსტი ასლია MP5-ზე დაყენებული სამიზნე მოწყობილობის იმ სხვაობით რომ დიოპტრების ნაცვლად მასზე შესრულებულია ვერტიკალური ჭრილები. იმის გათალისწინებით რომ დოლურა ჩაჭრილია განსხვავებულ სიღრმეზე, დამიზნება ხდება კორას ამ ჭრილის “ბსკერზე” მოთავსებით. შესაძლებელია საჭირო ვერტიკალური შესწორების არჩევა (დოლურა ოთხ პოზიციანია). იმისთვის, რომ შეიტანოთ ჰორიზონტალური შესწორება უნდა დუაშვათ ზედა ხრახნი-ფიქსატორი და დაატრიალოთ გვერდითა ხრახნი-მარეგლირებელი, იმისთვის, რომ გადაწიოთ სამიზნე მოწყობილობა მარცხნივ ან მარჯვნივ. წინა სამიზნე მოწყობილობის კორა პლასტმასის არის მრგვალი თავით, ხოლო დამცავი “ყურები” რკინის არის. სხვათაშორი მოდელებზე სადაც ეს ყურები პლასტმასის არის, ხშირია მათი მოტეხვის შემთხვევები. კარაბინებს კომპლექტში მოყვება “პიკატინის სამაგრი” რომელიც არის თხელი პლასტმასის დეტალი, თანაც მაგრდება რესივერზე ორი წვრილი და მოკლ ხრახნით. მოხსენით ეს დეტალი და გადააგდეთ, იმიტომ, რომ ის უვარგისია. ნაცვლად გამოიყენეთ სპეციალური ალუმინის სამაგრები, რომლებიც მაგრდება რესივერზე “კლანჭებით”. მათი ფასი 10-20 დოლარია რაც არც ისე ბევრია.

gsg5models

“GSG-522″-ის მოდელების გამა

ჩვენი იარაღი აღჭურვილია ოფციონალური გვერდიდან დასაკეცი კონდახით, რომლის რეგულირება შესაძლებელია სიგრძეში და სიმაღლეში, მაგრამ რაც მთავარია, მასზე განლაგებულია სწრაფად მოსახსნელი საღვედე და მისი დაყენების ადგილები, როგოც მარცხიდან ასვე მარჯვნიდან, რაც ჩემნაირი მსროლელისთვის არის კარგი საჩუქარი (მე ვისვრი მარცხენა მხრიდან). ქარხნულ კომპლექტაციაში SD იყიდება ფიქსირებული პლასტმასის კონდახით. ხელმისაწვდომია ასევე “ხეკლერ&კოხის” საფირომო გასაშლელი კონდახი. საკეცი ან თუნდაც ტელესკოპური კონდახი კარგი “აპგრეიდია” GSG-522SD-თვის, რომლის სიგრძე ფიქსირებული კონდახით საკმაოდ დიდია – 855მმ.

იარაღი კარგად გამოიყურება, კონტროლის ელემენტები მკაფიოდ  მუშაობენ, თამაში ზედა და ქვედა რესივერს შორის პრაქტიკულად არ არის. კონდახიც მყარად ზის. ტიბჟირი არ ზის თავის ადგილას ძალიან მყარად, მაგრამ ეს არ შეიძლება ჩაითალოს ნაკლად. გაცილებით უფრო ნაკლებად მომეწონა საღვედეს “ბუბლიკი”, რომელიც დაყენებულია არა რესივერზე, არამედ პლასტმასის ტიბჟირზე. კიდევ ერთი შეხსენება, რომ GSG-522 რენჯის იარაღია. არ მგონია ამ “ბუბლიკმა” ან ტიბჟირმა გაუძლოს ხანგრძლივ ექსპლუატაციას იმის გათვალისწინებით, რომ იარაღი სულაც არ არის მსუბუქი.

წლების განმავლობაში რაც ეს იარაღი გამოდიოდა, მისი კონსტრუქცია განიცდიდა გარკვეულ ცვლილებებს. ნაწილი ცვლილებების ხილვადია იარაღის დაშლის გარეშეც. მაგალითად მოდელ SD-ზე შეიცვლა წინა სამიზნე მოწყობილობის ბაზის ფორმა, ის იყო მრგვალი როგორც MP5-ზე და სარჩელის შემდეგ ის გახდა სწორ ყურებიანი. იარაღის დიზაინში ასევე იქნა შეტანილი სხვა ცვლილებებიც, მათ შორის გაურკვეველი დანიშნულების საღვედე შესრლებული სასხლეტის დამცავ კავზე. პირველი გამოშვების კარაბინები (GSG 5) იყენებდნენ პლასტმასის ზედა რესივერებს, მაშინ როდესაც უფრო ახალი მოდელები იყენებდნენ მეტალის შენადნობისგან დამზადებულ იგივე დეტალებს. ამის წყალობით GSG5 იწონიდა 3 კგ-ს, რაც ნახევარი კილოგრამით ნაკლებია ვიდრე GSG-522-ის წონა.

moqloni

კიდე ერთი პრობლემური ნაწილი იყო ეჟექტროი განლაგებული საკეტის მოდულში. გაუმჯობესებულ ვერსიას აქვს დამატებითი მეტალის მოქლომი, ხოლო ადრინდელი ეჟექტორი ასეთი დეტალის გარეშე რამდენიმე ათასი გასროლის შემდეგ იძვრებოდა ადგილიდან და იწყებოდა პრობლემები საიმედოობასთან. საკმარისია გახსნათ საკეტი და ჩაიხედოთ იარაღის შიგნით, რომ გაარკვიოთ როგორი ეჟექტორი არის დაყენებული თქვენ იარაღში. 

იარაღის გასწორებისას და სროლისას გამოვლინდა ამ იარაღის არასერიოზული “ხასიათი”. პირველ რიგში სანაგვეში წავიდა სტანდარტული პიკატინის სამაგრი და ორი პაწაწინა ხრახნი. სამაგრი თხელი პლასტმასის არის და შიგნით ცარიელია. პრაქტიკულად ეს ნაწილი ისეთივე დეკორატიულია, როგორც კარაბინის მაყუჩი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ უკანა სამიზნე მოწყობილობა არ ზის მყარად თავის ადგილას, რის გამოც ფიქსატორის დაჭერისას ან დაშვებისას ის იწყებდა მოძრაობას ყველა სიბრტყეში. აღნიშნული გარემოება აქცევდა იარაღის გასწორების პროცედურას ყავაზე მკითხოაბად. ჩემი რჩევა იქნება, რომ როგორც კი მიაღწევთ იმას, რომ ტყვიები დაიწყებენ მოხვედრას დაახლოებით იქ სადაც  უმიზნებთ, დაანებეთ თავი და დატოვეთ ყველაფერი ისე, როგორც არის, ხოლო მისროლის პროცესში ფიქსატორი ხრახნის დაჭერისას, ყოველთვის დაუჭირეთ ის ბოლომდე. რომ მიიღოთ საჭირო მოხვედრის წერტილი და შემდგომ ბოლომდე გადაუჭიროთ ფიქსატორს, სამიზნე მოწყობილობის ბაზა დაიძვრება და ზერო დაიკარგება.  თუ გაგიმართლად და მოხვედრის წერტილი დაემთხვა დამიზნების წერტილს ხელი აღაარაფერს არ ახლოთ. მეორეს მხრივ, როგორც ჩანს დოლურას ბრუნვის მექანიზმი მეტ-ნაკლებად სტაბილურად მუშაობს. ეს კარგია, იმიტომ, რომ დოლურას აქვს ოთხი პოზიცია, რომელიც გაძლევთ საშუალებას მოარგოთ კონკრეტული პოზიცია კონკრეტული ტიპის მუხტს. სწრაფი და ზე-სწრაფი მუხტები, როგორც წესი “ურტყავენ” ზევით, სუსტი (საასაპრეზო) მუხტები პირიქით,  ქვევით. დოლურას ოთხი პოზიცია ნიშნავს, ოთხ სხვადასხვა სიმაღლეს, რაც იდეაში უნდა მოგცეთ საშუალება დოლურას მარტივი გადატრიალებით დაამთხვიოთ ერთმანეთს დამიზნების და მოხვედრის წერტილები. დოლურაზე განლაგებული ღარები არის წვრილი, საკმაოდ მაღალი, და ძირი არის ნახევარმთვარის ფორმის. სწორედ ღარის ძირში უნდა მოათავსოთ წინა სამიზნე მოწყობილობის მრგვალი თავი და არ გაუტოლოთ ის ჭრილების ზედა მხარეს. როგორც კი მიეჩვევით და დაამუღამებთ დამიზნების ასეთ ტექნიკას, შეძლებთ მეტ-ნაკლები სიზუსტით 50 მეტრზე სროლას. რას ვგულისხმობ ამაში? 50 მეტრზე შეძლებთ თიხის თეფშების დაზიანებას, მოარტყვათ რკინის გონგს. თუ გნებავთ გამოიყენოთ კარაბინის სიზუსტის მთელი პოტენციალი, მაშინ შეუკვეთეთ სპეციალური სამაგრი, რომელიც კლანჭებით მაგრდება რესივერზე და დააყენეთ ზედ რამე კომპაქტური „სკოპი“. ეს მოგცემთ საშუალებას მიიღოთ კარგი ჯგუფები.  ლულები GSG-522-ებზე კარგი ხარისხის არის და იმ შემთხვევაში თუ მოხერხდა რესივერზე კარგი „სკოპის“ მყარად დამაგრება შესაძლებელი იქნება ამ იარაღის სიზუსტის პოტენციალის სრული გამოყენება. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ იარაღში რკინის სამიზნე მოყობილობების გამოყენება გათვალისწინებულია ძალიან ახლო მანძილებზე, ასე 25 მეტრამდე. სამიზნე მოწყობილობების კონსტრუქიციის გათვალისწინებით ფლაერები და ვერტიკალური გაფანტვაც არ იქნება იშვიათი. მე კარგად მახსოვს, როგორ ვისროდი ჩემი ТОЗ-8-დან დიოპტრიული სამიზნით 200 მეტრზე. ასეთი ფოკუსები GSG-522-ს არ შეუძლია. ყოველ შემთხვევაში ოპტიკის გარეშე.

sightpicturegsg

სწორი დამიზნების ტექნიკა GSG-522-დან სროლისას

მთლიანობაში იარაღი კომფორტულია სასროლად. უკუცემა საერთოდ არ იგრძნობა. სასხლეტი, რომელიც თავიდან მოგვეჩვენა არაინფორმატიული, ზედმეტად რბილი, როგორც სათამაშო იარაღზე, საბოლოო ჯამში გამოდგა გამოყენებადი და საერთოდ არ გვიშლიდა ხელს სროლაში. ინსტრუქციის მიხედვით მისი წონა 2.5 კგ-ია, რაც სიმართლეს გავს.  ნაკლებად მოსახერხებელი გამოდგა  ორმხრივი მცველი, რომელიც მისი ფორმის და განლაგების გამო ერთნაირად ძნელად მისაწვდომია, როგოც მარცხენა ასევ მარჯვენა მხრიდან სროლისას.

რაც შეეხება საიმედოობას, იარაღმა პრინციპში საიმედოთ იმუშავა ყველა ტიპის ვაზნით.  ერთხელ გაჭედა მხოლოდ Eley Sport-ის ვაზნებზე, რომლებიც ცნობილია იმით, რომ არიან ძალიან სუსტი და ბევრი ნახევრად-ავტომატი უარს აცხადებს ამ ვაზნების მონელებაზე. “S&B” 32gr HV, “Lapua Polar Biathlon”-მა იმუშავეს უპრობლემოდ, დაბრკოლებების გარეშე. ჯამში 70 ვაზნამდე ვისროლეთ, რაც არ არის ბევრი, მაგრამ საკმარისია შეფასებისთვის, იმის ფონზე რომ წლების განმავლობაში ასევე ვისროდით მოკლე “K” მოდიფიკაციებიდან. უნდა აღვნიშნო, რომ როგორც ჩანს მოდელები გრძელი (414მმ) ლულით უფრო საიმედოები არიან და ნაკლებად პრეტენზიულები მუხტების მიმართ ვიდრე მოდელი “K” 230მმ-ნი ლულებით (ინსტრუქციით მოდელ “K”-ს ლულის ისგრძე მითითებულია, როგორც 230მმ, მაგრამ ჩემი აზრით ეს შცდომაა და ლულა უფრო მოკლეა). ამის მიზეზიც შეიძლება იყოს ის, რომ გასროლის დროს გრძელ ლულაში წნევა უფრო დიდხანს ნარჩუნდება რაც უზრუნველყოფს საიმედო გადატენვას და მასრის პოზიტიურ ექსტრაქციას. ბუნებრივია გრძელლულიან მოდელებს ექნებათ უკეთესი ბალისტიკაც ტყვიის უფრო დიდი საწყისი სიჩქარის გამო. ისიც უნდა ითქვას, რომ იარაღზე კალიბრის წარწერის გვერძე დამატებულია ორი ასო: HV (High Velocity/მაღალი სიჩქარე). ეს ცალსახად მიგვითითებს, რომ იარაღი საიმედოთ მუშაობს ძლიერ მუხტებთან. საქართველოში დღეს ასეთი მუხტები იშოვება და მათი ფასი პრაქტიკულად არ აღემატება სტანდარტული მუხტების ფასს, ამიტომ “GSG-522″-ის ეს თავისებურება თქვენ ჯიბეს არ დაარტყავს. გავმეორდები ჩვენმა კარაბინმა მოინელა სტანდარტული საწყისი სიჩქარის მქონე ვაზნები.

წინ გველოდება ოპტიკის სამაგრის შეკვეთა, კარგი “სკოპის” მონტაჟი და სროლა 50 მეტრზე უფრო დიდი მანძილზე იმისთვის, რომ ბოლომდე გავერკვიოთ რა შეუძლია ამ კარაბინს. შედეგების შესახებ აუცილებლად მოგწერთ.

gsgmag

მიაქციეთ ყურადღება, მჭიდზე განლაგებული თაროები ერთის მხრივ აადვილებენ მჭიდის შევსებას ვაზნებით, მეორეს მხრივ ედებიან მჭიდის კორპუსს რაც ქმნის გარკვეულ წინაღობას და ასევე თუ ხელს კიდებთ მჭიდს, შესაძლებელია უბრალოდ არ მისცეთ მიმწოდებელს საშუალება მიაწოდოს მორიგი ვაზნა. GSG522-ის ზოგი პატრონი საერთოდ ხსნის ამ თაროებს (მაგრდება მიმწოდებელზე ერთი ხრახნით) და ამით ეს პრობლემები ამოიწურება.

ამ ეტაპზე შეუძლებელია ითქვას, როგორ აჩვენებს თავს “GSG-522″ გრძელვადიან პერსპექტივაში ან როგორი იქნება მისი ძირითადი ნაწილების რესურსი. გერმანელები, ცნობილები არიან, რომ ქმნიან რთულ მაგრამ საიმედო მექანიზმებს, მაგრამ ვერ ვიტყვი რამდენად ეს ეხება ამ იარაღს.   მე ვერ ვიტყვი. ეჭვი მაქვს ეს იარაღი  თავისი შენადნობებისგან ჩამოსხმული ნაწილებით, ურიცხვი ხრახნით და ზამბარებით არც არის არანაირად heavy-duty კატეგორიის.

რაც შეეხება კარაბინის ფასს, ის მერყეობს 1100 ლარიდან 2000 ლარამდე, გააჩნია მოდელს და კოპლექტაციას. ჩვენ კარაბინი გვერგო იაფად და ამიტომ გადავწყვიტეთ მისი შეძენა და ტესტირება. სხვა შემთხვევაში მე ამ იარაღს უბრალოდ არ შევიძენდი, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე მქონდა შეხება GSG-ს ამ სერიის კარაბინებთან და ეს იარაღები არ მომეწონა. იმდენად არ მომეწონა რომ ჩავთვალე რომ ზედმეტი იყო მათზე წერაც. მიუხედავად ამისა ფაქტია, რომ ეს იარაღები შედარებით დიდი რაოდენობით გაიყიდა საქართველოში, ხშირად გვხვდება ასევე მეორად ბაზარზეც, ამიტომ ტესირების შანში ხელიდან არ გავუშვი.   მთლიანობაში ჩემი აზრით GSG-522 არის სახალისო სათამაშო და მეტი არაფერი. შეუძლებელია იფიქრო მასზე, როგორც სანადირო, სპორტულ ან გადარჩენის იარაღზე. გამოყენებული მასალები, კონსტრუქცია და სხვა გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ყველაფერს რასაც პირადად მე ვარ მიჩვეული. სხვამ შეიძლება სხვაგვარად ჩათვალოს.

Shooterscentral.ge დასკვნა. GSG-522 არის გასართობი საშუალება, რომელიც იქნება ცოტათი უფრო სახალისო ვიდრე აირსოფტის ან პნევმატური იარაღი, ადამიანისთვის, რომელიც აქამდე არ იყო განებივრებული მაღალი კლასის ცეცხლსასროლი იარაღებით. ეს იარაღი იდეალურია, რომ ასწავლოთ სროლა ბავშვს, ერთად გაატაროთ კარგი დრო, „გაიმარიაჟოთ“ მეგობრებთან, რომლებიც შორს არიან იარაღებისგან და სროლისგან. ვისაც უნდა სერიოზული მცირეკალიბრიანი კარაბინი, რომელიც მას და მის შვილებს მოემსახურება ჯობია შეიძინოს რამე სხვა მოდელი. მაღალი ფასი არის ამ იარაღის ყველაზე დიდი მინუსი.