Archive for March 21st, 2018

კვირის იარაღი – Heckler&Koch P7

Wednesday, March 21st, 2018

p71omn

გასული საუკუნის მეორე ნახევარში გერმაული “ხეკლერ&კოხი” იყო დაკავებული ძალიან საინტერესო იარაღების შექმნით. ისინი ექსპერიმენტირებდნენ სხვადასხვა დიზაინებით და ტექნიკური გადაწყვეტილებებით. წარმოებაში გაშვებული უმეტესობა მათი იარაღი დროთა განმავლობაში გამოდიოდა მაგალითად წარმატებული, როგორც პირველი პისტოლეტი პოლიმერის ჩარჩოთი P09, ნაწილი გამოდიოდა არც ისე წარმატებული, როგორც პისტოლეტი VP70, ნაწილი კი დროთა განმავლობაში ხდებოდა უბრალოდ ლეგენდარული, როგორიც მაგალითად  H&K MP-5 ან ამ კვირის ჩვენი იარაღი – 9მმ-ნი ავტომატური პისტოლეტი – PSP/P7M8. მართლაც, რომ დავუფიქრდე მე არ მეგულება სხვა იარაღი, რომელიც თავის კონსტრუქციაში მოიცავდა ამდენ თამამ ტექნიკურ გადაწყვეტილებას და ამავდროულად გახდებოდა კომერციულად წარმატებული. უფრო მეტიც ძალიან ბევრი ავტორიტეტული ექსპერტი თვლის, რომ H&K P7 ყველა დროის ყველაზე საუკეთესო 9მმ-ან პისტოლეტია.

ახალი პისტოლეტი იქმნებოდა გერმანული პოლიციის დაკვეთით და აქიდან მოდის მისი პირველი სახელწოდება – PSP (Polizei Selbstlade Pistole, პოლიციური თვითდამტენი პისტოლეტი). ამ სახელით პისტოლეტი გამოდიოდა ორი წელი, რის შემდეგაც მას დაერქვა P7M8 (M-Magazincapazitat – მჭიდის ტევადობა, ამ შემთხვევაში 8 ვაზნა).   იმისთვის, რომ პისტოლეტი ჩამჯდარიყო მკაცრ მოთხოვნებში, რომლებიც უკავშირდებოდა წონას, გერმანელმა ინჟინერებმა აირჩიეს უჩვეულო ავტომატიკის სქემა, რომელიც იყენებდა დენთის აირების ენერგიას საკეტის დამუხრუჭებისთვის, იმ მომენტამდე სანამ ტყვია დატოვებდა ლულას და წნევა ლულაში დავარდებოდა უსაფრთხო მაჩვენებლებამდე, რის შემდეგაც ხდებოდა საკეტის გახსნა და მასრის ექსტრაქცია. დენთის აირების აღება ხდებოდა ნასვრეტიდან ლულაში, რომელიც პირდაპირ სავაზნის წინ იყო განლაგებული, ხოლო ლულის ქვეშ განლაგებული იყო დგუში რომელსაც დენთის აირები აწვებოდა და არ აძლევდა საკეტს გახსნის საშუალებას. ასეთმა სქემამ გაამარტივა იარაღის კონსტრუქცია და მისი წარმოება (ლულა დაფიქისირებულია ჩარჩოზე და არ მოძრაობს, საკეტი გამოვიდა მსუბუქი და კომპაქტური) ხოლო წონამ მიუხედავად მთლიანად ფოლადის კონსტრუქციისა შეადგინა მხოლოდ 785 გრ. გარდა ამისა P7 ასევე იყო ერთ-ერთი თუ არა ყველაზე პირველი პისტოლეტი ლულის პოლიგონალურ ღარიანი არხით. კიდევ ერთ საინტერესო პისტოლეტის სავაზნის კედლებზე შესრულებული იყო ე.წ. “რეველის ღარები”, რომლებიც უზრუნველყოფდნენ დენთის აირების წნევით მოხვედრას სივრცეში მასრის და სავაზნის კედლებს შორის რაც აადვილებდა ექსტრაქციას.

CCP_P7_PISTONS-900x496

ხეკლერ&კოხის კონკურენტმა „ვალტერმა“ არც ისე დიდიხნის წინ გამოიყენა ანალოგიური ავტომატიკის სქემა თავის უახლეს CCP-ში

ამით უჩვეულო და ინოვააციური გადაწყვეტილებების სია არ მთავრდება. P7-ს გააჩნდა უჩვეულო დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, რომელიც პირველად დააპატენტა ვინმე ალან ვუდროფმა, ჩიკაგოში 1918 წელს. იმისთვის, რომ პისტოლეტიდან განახორციელოთ გასროლა უნდა შეკუმშოთ მისი ტარი, ტარის მოძრავი წინა ნაწილი შეიწევა უკან და ნაწილობრივ შეაყენებს საბრძოლო ზამბარას, ხოლო სასხლეტზე დაჭერა გაათავისუფლებს დამრტყმელს და მოხდება გასროლა. თავისებურება ამ სისტემის ის არის, რომ ტარის შეკუმშვისთვის საჭიროა 6-7 კილოგრამის ტოლი ძალის დატანება, მაგრამ როგორც კი ტარი ბოლომდე შეიკუმშება საჭიროა მხოლოდ 500 გრამის ტოლი ძალა, რომ იარაღი ნახევრად შეყენებულ მდგომარეობაში გეჭიროთ ხელში. ხელს გაუშვებთ თუ არა იარაღი ისევ დაბრუნდება უსაფრთხო მდგომარეობაში. თუ საკეტი დაფიქსირებულია ღია მდგომარეობაში, სახელურის შეკუმშვა გამოიწვევს მის გათავისუფლებას და დაკეტვას.  ასე რომ გამოდის, რომ თქვენ გაქვთ იარაღი მშვენიერი ერთმაგი მოქმედების სასხლეტით, რომლის შეყენებისთვის (საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანისთვის) საკმარისია ის ხელში აიღოთ და ხელი მოუჭიროთ, ხოლო თუ ხელს აუშვებთ იარაღი ავტომატურად ბრუნდება უსაფრთხო მდგომარეობაში. თუ სტრესში აგერიათ თანმიმდევრობა, პრობლემა არ არის. ჯერ სასხლეტს რომ დააჭიროთ და მერე შეკუმშოთ ტარი, გასროლა მაინც მოხდება (თუ სასხლეტზე თითის დაჭერას განაგრძობთ).  რაიმე სხვა უსაფრთხოების ფუნქცია (მექანიკური მცველი) პისტოლეტს არ გააჩნია და არც ჭირდება. ჰეკლერ&კოხის მარკეტოლოგები ხაზს უსვავდნენ, რომ ახალ პისტოლეტს უნიკალური დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით არ ჭირდებოდა მექანიკური მცველი იმისთვის რომ ყოფილიყო აბსოლუტურად უსაფრთხო ვაზნით სავაზნეში.

P7_Stripped_Right-730x521

მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტის მექანიზმი სირთულით საათის მექანიზმს წააგავს, ის გამოდგა მუშა და საიმედო. მასად აიუბი თავის წიგნში აღწერს ტესტირებას, რომლის მიხედვითაც 80-ან წლებში ის თავის კურსებზე იყენებდა P07-ს, რომელმაც წმენდის გარეშე სხვადასხვა სტუდენტის ხელში გაისროლა 10 000 ვაზნა დაბრკოლების გარეშე.

მჭიდის საკეტელა P7-ზე განლაგებულია ტარის ძირში, როგორც მიღებული იყო იმ დროს ევროპულ პისტოლეტებზე, მაგრამ აქაც გერმანელებმა ნახეს ადგილი ინოვაციისთვის და იმისთვის, რომ მჭიდი გაათავისუფლოთ საკეტელა უნდა გაწიოთ არა უკან, როგორც მაგალითად “მაკაროვში”, არამედ მიწიოთ წინ, რაც უფრო მოსახერხებელი და სწრაფია. მოგვიანებით საკეტელა „ჩაიმალა“ ტარის შიგნით, რომ არ მომხდარიყო მჭიდის შემთხვევითი გათავისუფლება.

პისტოლეტის დაშლა ძალიან ადვილია. იმისთვის რომ მოხსნათ მას საკეტი საკმარისია დააჭიროთ პატარა ღილაკს ჩარჩოს უკანა მარცხენა ნაწილში, ოდნავ გამოწიოთ საკეტი უკან და ზევით. იარაღი მზად არის წმენდისთვის. ანალოგიური გადაწყვეტილება მე შემხვედრია გერმანული Ortgis-ის სისტემის პისტოლეტზე, რომელიც გამოვიდა 1919 წელს.

1976 წლიდან 1981 წლამდე ხეკლერ&კოხი დაკავებული იყო გერმანული პოლიციისთვის  ახალი პისტოლეტის მიწოდებით და ის სამოქალაქო ბაზარზე არ იყიდებოდა.  1986 წელს პისტოლეტით დაინტერესდნენ აშშ-ში, კონკრეტულად ნიუ ჯერსის პოლიციის დეპარტამენტმა ისურვა პისტოლეტის შეძენა, მაგრამ იმ პირობით რომ მჭიდის საკეტელას ნაცვლად, გამოყენებული იქნებოდა ტრადიციულ ადგილას განლაგებული ღილაკი. ვინაიდან ტარის მოძრავი წინა ნაწილის გამო ღილაკის განლაგება იყო შეუძლებელი, ჰეკლერ7კოხში გადაწყვიტეს ორმხრივი ბერკეტის მაგვარი ნაწილის ინტეგრირება კონსტრუქციაში. ასე გაჩნდა ხეკლერ&კოხის საფირმო სპეციფიური საკეტის ღილაკი თუ ბერკეტი, რომელიც შემდგომ გამოყენებულ იქნა ბევრ სხვა ამ კომპანიის პისტოლეტში.

PSP იყენებდა ერთ რიგიან 8 ვაზნიან მჭიდს, მოგვიანებით გაჩნდა მოდელი P7M13 13 ვაზნიანი ორ რიგიანი  მჭიდით. ასევე გამოვიდა მოდელი გათვლილი ძლიერ .40S&W-ზე, რომელიც მაინცდამაინც არ გახდა პოპულარული რიგი მიზეზების გამო, რომელთა დასახელება ცდება ამ სტატიის ფორმატს.  სხვა გაუმჯობესებებს რაც შეეხება, გამომდინარე იქიდან, რომ პისტოლეტის ქვედა ნაწილი ხურდებოდა ინტენსიური ცეცხლის წარმოების დროს, ჩარჩოს დაემატა პლასტმასის დამცავი ფარი, რომელიც იცავდა ხელს სიცხისგან. გამომდინარე იქიდან, რომ პისტოლეტი იყენებდა ფიქსირებულ ლულას, ადვილად იყო შესაძლებელი ამ პისტოლეტის ადაპტაცია სხვადასხვა კალიბრებზე. მოდელი P7K3, პისტოლეტი მარტივი,  თავისუფალი საკეტით გამოდიოდა ქარხნულად სამ  კალიბრზე 9mm Kurz (.380), 7.65mm (.32) და .22 LR და მსროლელს შეეძლო საკუთარი ძალებით პისტოლეტის კონვერტაცია.

მთლიანობაში P7M8 გამოვიდა, კომპაქტური, მსუბუქი, გამძლე, ზუსტი მაგრამ საკმაოდ ძვირი (ამდენი კვლევა-განვითარებისთვის საჭირო იყო ბევრი ფული). გარდა ამისა პისტოლეტი გამოირჩეოდა მშვენიერი სროლისუნარიანობით. ამას განაპირობებდა დაბალი ლულის ღერძი, ოპტიმალური ტარის კუთხე (110 გრადუსი), დაბალი უკუცემა, კარგი ერგონომიკა, კარგი სასხლეტი და უჩვეულოდ (იმ პერიოდისთვის) დიდი და შესაბამისად კარგად ხილვადი სამიზნე მოწყობილობები. ორ რიგიანი P7M13 ასევე იყო პოპულარული, თუმცა  უფრო სქელი ტარის გამო ისეთი სამაგალითო ერგონომიკით არ გამოირჩეოდა.

პისტოლეტი გამოდიოდა არც მეტი არც ნაკლები  32 წელი, 1976 წლიდან 2008 წლამდე და 19 ქვეყანაში იქნა მიღებული ჯარის და პოლიციის შეიარაღებაში. 90-ან წლებში ამ პისტოლეტების გარკვეული რაოდენობა საქართველოშიც იყო შემოტანილი და გაიყიდა სამოქალაქო ბაზარზე.

p7okob

2016 წელს გერმანიაში, ოქტობერფესტზე გადაღებული კადრები, რომლებიც ადასტურებენ რომ P7 ისევ მსახურობს გერმანულ პოლიციაში.