Archive for March 20th, 2018

6 მიზეზი, რატომ ვთქვი უარი Zastava M70B1-ის გაყიდვაზე

Tuesday, March 20th, 2018

ერთი თვის განმავლობაში მე ვცდილობდი გამესხვისებინა ჩემი აზრით მართლაც კარგი იარაღი, თანაც ძალიან მოკრძალებულ ფასად – 1000 ლარად. ბოლოს გასხვისება გადავიფიქრე და რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე იარაღის ჩემთან დატოვება.

მიზეზი პირველი: ანალოგიურ ფასად უბრალოდ ვერ ნახავ სხვას ვერაფერს. „კალაშნიკოვების“ კლონების ფასი საქართველოში ბოლო ორი წელი საგრძნობლად დაეცა. ახალი „საიგა“ სანადირო ვარიანტში ღირს მაღაზიაში 1000 ლარი. ტაქტიკური მოდელების ფასი იწყება 1300 ლარიდან. მეორადი „ზასტავას“ ფასიც მერყეობს ამ ფარგლებში. მე ვყიდი იარაღს, იმიტომ, რომ ვიყიდო სხვა იარაღი და დავწერო მასზე სტატია. შესაბამისად ამ ფასში მე უბრალოდ ვერაფერ საინტერესოს ვერ ვიყიდიდი თუ არ დავამატებდი კიდე ერთ მაგდენს.

მიზეზი მეორე: „ზასტავა“ ამსხვრევს ყველა იმ სტერეოტიპს, რომელიც აქ აქვთ ასეთ იარაღთან მიმართებაში. როგორ? ქრომირებული ლულა არ აქვს? აუფ! ეს რა მითხარი!  და მერე მგონი ტელეფონში მესმის ტირილის ხმა…. არა რაზეა საუბარი, კარგია როდესაც ქრომი არის, მაგრამ ქვეყანა არ დაიქცევა თუ ის არ იქნება. მითუმეტეს როდესაც ფასიც მოკრძალებულია. მითუმეტეს, როდესაც იარაღი არ ისვრის ჯერებით და მითუმეტეს თუ თქვენ არ აპირებთ ახლო მომავალში საიდუმლო ოპერაციებში მონაწილეობას ინდო-ჩინეთის ნესტიან ჯუნგლებში. ჩემი „ზასტავა“ გამოშვებულია 1986 წელს, მან იმსახურა და იომა ჯარისკაცის ხელებში. მთელი ეს პერიოდი ამ იარაღიდან ისროდნენ კოროზიული ვაზნებით და მიუხედავად ამისა ლულა არის შესანიშნავ მდგომარეობაში. იარაღი თან ძალიან ზუსტია. 30 წლის განმავლობაში ლულა არ მოისპო, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თუ ცოტათი მაინც იარაღს მოუარე, ეს იარაღი მთელი ცხოვრება გეყოფა. თუ რა თქმა უნდა ვაზნებს არ წვავ ცინკებით, რაც საქართველოში ნაკლებად სავარაუდოა. ერთადერთი პრაქტიკული ნაკლი, რაც აქვს არაქრომირებულ ლულას, ეს არის საჭიროება კარგი და ხშირი წმენდის. ამისთვის მე 15 დოლარად შევიძინე მეორადი შვეიცარიული 7.62 კალიბრის იარაღის საწმენდი კომპლექტი. ნებისმიერი ანალოგიური ხარისხის ახალი კომპლექტი დაჯდებოდა ოთხჯერ მეტი და ასეთი კომპლექტი საჭიროა იმისთვის, რომ „ზასტავას“ ლულამ იმუშაოს კიდე 30 წელი. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ერთ სროლით გაცვეთილ ლულაზე მოდის სამი ახალი ლულა გაფუჭებული არასწორი წმენდით ან მომსახურებით.

swisskit

ორი სიტყვა – შვეიცარიული ხარისხი. პლასტმასის ქილებში ჯერ კიდევ არის ტაოტი, ხოლო კომპლექტს მოყვებოდა სპეციალური სარკე, რომ ჩაანათოთ ანარეკლით ლულაში და დარწმუნდეთ, რომ ის იდეალურად სუფთა არის. ნაკრები არის საველე, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ის სულ თან გქონდეს და გაწმინდოთ იარაღი ეგრევე სროლის შემდეგ. 

მიზეზი მესამე: „ზასტავა“ ორიგინალური, ცივი ომის იარაღია. ის არ არის სამოქალაქო ბაზრისთვის აწყობილი იარაღი.  ეს იარაღი იქმნებოდა მესამე მსოფლიო ომისთვის. გაძლიერებული 1.5მმ-ნი ნაშტამპი რესივერი, გაძლიერებული “ტრუნიონი”, ცივად ნაჭედი ლულა – ეს ყველაფერი საჭიროა, რომ იარაღმა გაუძლოს ლულაზე წამოცმული ყუმბარებით სროლას და ჯარში მძიმე ექსპლუატაციას. ის არ იყო გადაწყობილი ან აწყობილი ნაწილების კომპლექტებიდან, არ აქვს შეცვლილი დაფარვა, როგორც ტიპიური კონვერსიული იარაღის შემთხვევაში. ერთადერთი ცვლილება, რაც ამ იარაღმა განიცადა არის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდიფიკაცია, რომ გამოირიცხოს ჯერებით სროლა. ყველა დეტალზე ამოტიფრული ნომრები ემთხვევა ერთმანეთს, რაც ზრდის ამ იარაღის საკოლექციო ღირებულებას. ასეთი იარაღი ბევრი არ არის და ასეთი იარაღი ასეთი კარგი ლულით საერთოდ იშვიათობაა.

მიზეზი მეოთხე: იარაღი უბრალოდ ლამაზია. ამ იარაღს აქვს ის ხიბლი, რომელსაცც ვერ ნახავთ ახალ იარაღში. ის გამოიყურება, როგორც პროფესიონალური ოფ-როუდის მანქანა. ის შეიძლება იყოს დაკაწრული, დაჭეჭყილი გვერდებით, ტალახიანი, მაგრამ ბევრად უფრო მომხიბვლელი და სასურველი ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს ბუნებაში ყოფნა, ვიდრე ახალი გასისისინებული „კროსოვერი“, იმიტომ რომ ფუნქცია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფორმა.  ის გამოიყურება, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც არ დაგაღალატებს ყველაზე რთულ სიტუაციაში და თანაც ეს, როგორც ჩანს დაამტკიცა უკვე არაერთხელ.

29432911_611093482566146_9213681521188143104_o

“ზასტავა” უბრალოდ ლამაზია

მიზეზი მეხუთე: როდესაც ბევრი იარაღიდან ისვრი წლების განმავლობაში და მე აქ არ ვგულისხმობ 4-5 იარაღს 2-3 წლის განმავლობაში, მე ვგულისხმობ მაგალითად 170-200 იარაღს 15 წლის განმავლბაში, შენ ამჩნევ, რომ არსებობენ ე.წ. „იღბლიანი იარაღები“. ასეთი იარაღები მაგალითად გამოირჩევიან იმით, რომ “ადვილად ისვრიან” თუმცა შეიძლება თავიდან იფიქრო, რომ ამ იარაღიდან რაიმე კარგი შედეგის დადება რთული იქნება. „ზასტავა“ ზუსტად ასეთი იარაღია. ის თავიდანვე იყო იდეალურად გასწორებული, ანუ მისი მისროლა და გასწორება არ იყო საჭირო. ეს კარგია, იმიტომ, რომ “კალაშნიკოვის” გასწორება შეიძლება აღმოჩნდეს საკმაოდ საწვალებელი დავალება. ვიღაცა იტყვის, რომ „კალაშნიკოვები“ არ გამოირჩევიან სიზუსტით. პირველი გასროლა 50 მეტრზე და მოხვედრა პირდაპირ სამიზნის ცენტრში. აიღე „ზასტავა“ ჩადე შიგნით კარგი ჩეხური ვაზნები, უბრალოდ დაჯექი ტრაკზე, და 10-დან 10-ვაზნას ჩასვავ სილუეტში 200 მეტრზე, თანაც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. მერე ხედავ პატარა ქვას 130 მეტრზე. უმიზნებ, აჭერ სასხლეტს და თეთრი მტვერის ამოფრქვევით ხვდები, რომ იმპროვიზირებული სამიზნე განადგურებულია, რაშიც დასტურდები ადგილზე მისვლის შემდეგ. გვერძე მდგომებიც ამჩნევენ შენ კარგ შედეგებს.  გიჩნდება რწმენა იარაღში და საკუთარ თავში. 1000 ლარად ასეთი სიამოვნება, პრაქტიკულად ნაჩუქარია.

oneshotonekill

და ბოლოს მეექვსე მიზეზი: ასეთ იარაღს ჭირდება შესაბამისი მყიდველი. კაცი, რომ მოვა იარაღის სანახავად და ჯერ თხრის წინიდან ტყვიას ლულაში და „ვუი რა ღრმად ჩავიდაო“, მერე მზის შუქზე მოსევადების მოწითალო ფერი აერევა ჟანგში და ბოლოს გამოგიცხადებს, რომ ლულის „შავი“ არხი უფრო ბრჭყვიალა უნდა იყოს ვიდრე ქრომირებული… დიდი ბოდიში, მე არ მცალია ასეთი რამეებისთვის. ამიტომ „ზასტავა“ რჩება ჩემთან. კარგ ხელებში. სწორედ იქ სადაც არის მისი ადგილი.