Archive for March 15th, 2018

.45 Auto და Glock 21 Gen4

Thursday, March 15th, 2018

P1090061

ერთი საუკუნის წინ შექმნილი “ყველაზე ამერიკული” ვაზნა – .45 Auto (.45 ACP), დღემდე ბევრისთვის არის “ოქროს სტანდარტი” პისტოლეტის თავდაცვით კალიბრებში. ტყვიის კალიბრი 11.5მმ-ია. წონა 165-დან 230 გრანამდე. ენერგია სტანდარტული მუხტით (230 გრანიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვია) 500 ჯოულს შეადგენს. მიუხედავად სახელგანთქმული რეპუტაციის, შთამბეჭდავი ციფრების, ნამსახურებისა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში და სამართალდამცავ სტრუქტურებში, ამ ვაზნას ჩრდილო ამერიკის გარდა პრაქტიკულად არსად არ იყენებენ. პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს რამდენიმე ქვეყანამ მათ შორის რუსეთმა მიიღეს  გარკვეული რაოდენობით აშშ-დან პისტოლეტები ამ კალიბრზე , მაგრამ საქმე ამას არ გაცდა და მეტი არსად და არასდროს ამ კალიბრის პისტოლეტები შეიარაღებაში არ მიღებულა. ყოველ შემთხვევაში ისეთი რაოდენობით, რომ ამაზე ღირდეს საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში აშშ-იც არმიამ და მეტ წილად პოლიციამ უარი თქვა .45-ზე, “სამოქალაქო სექტორში” მას კვლავ ყავს ლოიალური მომხმარებლების არც თუ ისე მცირერიცხოვანი არმია. თუ არ ჩავთვლით ჩრდილო ამერიკას, .45 პოპულარობის ნაკლებობა შეიძლება აიხსნას ბევრი მიზეზით. მაგალითად ეს კალიბრი არ იყო არსად მირებული შეიარაღებაში, რაც ნიშნავს რომ არ არის ხელმისაწვდომი იაფი ტყვიაწამალი და კონვერსიული იარაღი. შესაბამისად ფასები ასეთ იარაღზე და ამუნიციაზე ყოველთვის იქნება მაღალი. გარდა ამისა .45 არის დიდი და მძლავრი კალიბრი, შესაბამისად იარაღიც ამ კალიბრზე იქნება დიდი, ხოლო კომპაქტურ იარაღში რთული მოსათვინიერებლად. თავის დროზე ორმა რამემ განაპირობა ამ ვაზნის ზომები და სიმძლავრე. ახალი ვაზნას ავტომატური პისტოლეტისთვის უნდა გაეწია კონკურენცია იმ დროს არსებული ამერიკული წარმოების  .45 კალიბრის რევოლვერებისთვის და ასევე ის თავიდან იქმნებოდა მაღალი ტერმინალური ეფექტურობის მიღწევისთვის, რა თქმა უნდა ცოდნის იმ დონის გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა იმ დროს. ხოლო იმ დროს ნაკლები რამ იყო ცნობილი კონტროლირებად ექსპანსიაზე, ამიტომ ბუნებრივია, რომ არჩევანი გაკეთდა დიდი და მძიმე ტყვიაზე. საიდან ასეთი მოთხოვნები? საქმე იმაშია, .45 Auto-ს გამოჩენას აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში წინ უძღვოდა კამპანია ფილიპინებზე. ამერიკული ჯარი იმ დროს იყო შეიარაღებული  .38 Long Colt კალიბრის, 1892 წლის კოლტის სისტემის რევოლვერით. შექმნილი 1892 წელს ეს კალიბრი იყნებდა 9 გრამიან ტყვიას, საწყისი სიჩქარით 230 მ/წ-ში და ენერგიით 260 ჯოული. როგორც ხვდებით ეს იყო ძალიან მოკრძალებული მაჩვენებლები და იარაღი ასეთი ვაზნებით ვერანაირად ვერ გამოდგებოდა ეფექტური ახლო ბრძოლებში. როდესაც გახდა ცხადი, რომ ეს იარაღი არ იყო ეფექტური და ვერ უზრუნველყოფდა საფრთხის სწრაფ ნეიტრალიზაციას, ჯარს დროებით დაუბრუნეს ძველი მსხვილკლაიბრიანი რევოლვერები.

american-philippines

ამერიკელი ჯარისკაცები პოზირებენ სურათისთვის .38 კალიბრის საშტატო “კოლტებით”. მანილა, ფილიპინები.

1904 წელს აშშ-ის შეიარაღებული ძალების არსენალის უფროსმა ბრიგადის გენერალმა ქროზიერმა, მისცა ბრძანება ორ ოფიცერს გამოეკვლია თუ როგორი უნდა ყოფილიყო მომავალი პირადი იარაღის ახალი კალიბრი.  ეს ოფიცრები იყვნენ კაპიტანი ჯონ ტომპსონი და სამხედრო ექიმი მაიორი ლუის ლაგარდი, ხოლო მათ მასშტაბურ კვლევას შემდგომ უწოდეს “ტომპსონ-ლაგარდის ცდები”. რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ადამიანები ესროდნენ ცოცხალ და მკვდარ ცხოველებს და იწერდნენ შედეგებს. ბოლოს მათი რეკომენდაციით მომავალი იარაღის კალიბრი უნდა ყოფილიყო .45, თუმცა ასევე დაამატეს, რომ ჯარისკაცებმა უნდა შეისწავლონ ზუსტო სროლა, იმიტომ რომ ადამიანის სხეულის უმეტეს ნაწილებში მოხვედრა არ უზრუნველყოფს საჭირო ეფექტს, შოკით ან სხვა მექანიზმით მის შეჩერებას. დღევანდელი გადმოსახედიდან ყველა ეს რჩევა სწორი გამოდგა და პისტოლეტის შემთხვევაში, გადაწმყვეტია არა კალიბრი არამედ ადგილი სადაც ტყვია მოხვდება სამიზნეს.  ეს განსაკუთრებულად იმათმა უნდა ჩაინიშნონ ვისაჯ ჯერა რომ დიდი კალიბრის პისტოლეტის ტყვია მოხვედრილი თუნდაც “ფრჩხილში” ავტომატურად გამოყავს სამიზნე მწყობრიდან. ეს ასე არ არის.  პისტოლეტის არის კომპაქტური იარაღი და შეუძლებელია ისეთი კალიბრის მასში ჩატევა, რომელიც უზრუნველყოფს გადამწყვეტ უპირატესობას და რადიკალურად გაზრდის იარაღის ეფექტურობას, იმის გარეშე რომ პისტოლეტის წონა და გაბარიტები არ გაფრინდეს კოსმოსში.

gfdffd

1911 წლის 28 მარტს .45ACP და M1911 ტიპის პისტოლეტი ოფიციალურად იქნა მიღებული შეიარაღებაში.

.45 Auto არის გამორჩეული ვაზნა, გარკვეული უნიკალური თვისებებით. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მას აქვს ბგერზე უფრო დაბალი სიჩქარე, რაც ნიშნავს, რომ ეს ვაზნა იდელაურია მაყუჩიანი იარაღისთვის, იმიტომ რომ საჭირო არ არის მისი სპეციალური “შენელება”. გარდა ამისა ვაზნა ოპერირებს ძალიან დაბალ წნევაზე და ის არ განეკუთვნება მაღალ წნევიან კალიბრებს. ამის გამო ის არ ტვირთავს იარაღის კონსტრუქციას და აქვს სტაბილური შიდა ბალისტიკა რაც ნიშნავს, რომ ის მუშაობს საიმედოთ, წარმოებისას დაშვებული გადაცდომები არ აისახება რადიკლაურად ვაზნის საიმედოობაზე და სიზუსტეზე, ვაზნას გააჩნია მაღალი თანდაყოლილი სიზუსტე. . უკუცემის იმპულსი რა თქმა უნდა არ არის ნებისმიერი გაგებით პატარა, მაგრამ ის არის დინჯი, თითქოს დროში გაწელილი და არა ხისტი და მკვეთრად გამოხატული. ამის, გამო იარაღი ასეთ ვაზნაზე გათვლილი, როგორც წესი გამოდის ძალიან ზუსტი და ძალიან დიდი რესურსით. მათ შორის, როგორც წესი უფრო ზუსტი ვიდრე ანალოგიური სისტემის, მაგრამ სხვა კალიბრებზე გათვლილი იარაღები. რაც შეეხება მინუსებს, პირველ რიგში, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე პისტოლეტი გათვლილი მსხვილ ვაზნაზე ასევე იქნება მსხვილი.  იარაღში, რომელიც მუდმივად და თანაც ფარულად უნდა ატარო ტანზე, გაბარტები და წონა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელსაც უნდა ყურადღება მიაქციოთ. გარდა ამისა არ უნდა იყო ბალისტიკსი ექსპერტი, რომ მიხვდე, რომ მსხვილკალიბრიანი შედარებით ნელი ტყვია არ იქნება ჩემპიონი წინაღობებში გავლის, თუმცა იმისთვის, რომ დაამარცხოს ისეთი ბარიერები, როგორიც არის ხის ან ავტომობილის კარი, საქარე მინა, სქელი ზამთრის ტანსაცმელი, .45-ს შეღწევა ეყოფა.

მე უპრობლემოდ ვურჩევ ადამიანს . 45 კალიბრის სრული ზომის პისტოლეტს იმ პირობით, რომ მას არ ექნება პრობლემა მის გაბარიტებთან, მაგრამ კომპაქტური   .45 კალიბრის პისტოლეტი უკვე სხვა თემა არის. უფრო სპეციფიური და თავისებური.  .45 ალბათ არ არის მაინცდამაინც საუკეთესო კალიბრი პატარა პისტოლეტში მოსათავსებლად. ლულის სიგრძის შემცირებასთან ერთად სწრაფად იკლებს საწყისი სიჩქარე, თუ 9მმ-ან სრული ზომის და კომპაქტურ  პისტოლეტებს შორის საწყისი სიჩქარე იკლებს საშუალოდ 10%-ით, იგივე მაჩვენებელი .45 კალიბრის შემთხვევაში იქნება 14% (აღებულია 5 ინჩიანი და 3 ინჩიანი ლულებიდან ნასროლი 10 სხვადასხვა მუხტის ტყვიების საწყისის სიჩქარეები). მე არ ვიძახი, რომ ეს განსხვავება სერიოზული და გადამწყვეტია, მაგრამ განსხვავება მაინც არის.  გარდა ამისა პისტოლეტის ზომის და წონის შემცირებას მოყვება მჭიდის ისედაც შემცირებული ტევადობის კიდე უფრო შემცირება და ასევე იზრდება უკუცემის იმპულსიც და რთულდება იარაღის კონტროლი.  საიმედო კომპაქტური .45 კალიბრის პისტოლეტის შექმნაც საკმაოდ რთული ტექნიკური დავალებაა. ასე, რომ კომპაქტურ .45 კალიბრის პისტოლეტში იკარგება ბევრი .45 კალიბრის იარაღის პლიუსი, რომელიც გააჩნია სრული ზომის პისტოლეტს  და ჩნდება მრავალი მინუსი. ჩემი აზრით ასეთი იარაღის არჩევას დიდი სიფრთხილით უნდა მიუდგეთ, რომ არ შეგრჩეთ პისტოლეტი, რომელსაც უბრალოდ ვერ იყენებთ.

ამერიკული კალიბრის და ავსტრიული პისტოლეტის “ქორწინება” შედგა 1991 წელს, როდესაც “გლოკმა” გამოუშვა თავისი პირველი .45 კალიბრის პისტოლეტი “სწორ” ფორმატში, ეს იყო სრული ზომის იარაღი იმ დროისთვის უპრცენდენტო ტევადობის ორ რიგიანი მჭიდით, რომელშიც ჩადიოდა 13 ვაზმა. პისტოლეტს მიენიჭა ინდექსი “21″ და ეს მოდელი გამოჩენისთანავე გახდა დიდი წარმატება ავსტრიული კომპანიისთვის.  ეს გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ გარდა შთამბეჭდავი ტევადობისა ის იწონიდა ვაზნების გარეშე 830 გრამს, სავსე 13 ვაზნიანი მჭიდით მისი წონა შეადგენდა 1090 გრამს. იგივეს იწონიდა ცარიელი 8 ვაზნიანი M1911. გარდა ამისა, როგორც ყველა „გლოკი“ ის იყო მარტივი, გამძლე და საიმედო. კონსტრუქციულად პისტოლეტი არ განსხვავდებოდა სხვა “გლოკებისგან” მათ შორის იყო შენარჩუნებული დეტალების თავსებადობა “პატარა გლოკებთან” თუმცა ამავე დროს იყო სხვაობებიც.  გლოკ 21-ში გამოყენებულია ოქტაგონალური ლულა, ნაცვლად ჰექსაგონალურის, როგორც უფრო პატარა კალიბრების გლოკში. ლულის ასეთი გეომეტრია უზრუნველყოფდა დიდი კალიბრის ტყვიის უკეთეს ობტურაციას.

P1000229

ავტორის კუთვნილი პირველი გამოშვების Glock 21. მას დაასწრეს 10mm Auto და .40S&W “გლოკებმა”, მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ იმ პერიოდში ეს ორი ვაზნა განიხილებოდა ამერიკელი ძალოვნების მიერ, როგორც პერსპექტიული კალიბრები და ბუნებრივია “გლოკისთვის” ამ კალიბრის ახალი პისტოლეტების გამოშვება იყო პრიორიტეტული დავალება.  

G21 იყო არა პირველი, არამედ იყო მეორე “გლოკი” არასტანდარტული  ე.წ. “დიდი ჩარჩოთი” გათვლილი ძლიერ კალიბრზე. პირველი ასეთი პისტოლეტი იყო G20, გათვლილი მძლავრ 10mm Auto-ზე. სწორედ ამ პისტოლეტზე იყო დაფუძნებული ახალი G21. აქამდე მწარმოებლები ყოველთვის პირიქით აკეთებდნენ, როდეაც მათი 10მმ-ნი პისტოლეტები იყო დაფუძნებული .45 კალიბრის პისტოლეტებზე, 10mm-ნი Сolte Delta Elite იყო დაფუძნებული .45 კალიბრის M1911-ზე. პირველი 10მმ “სმიტ&ვესონები”  იყო დაფუძნებული .45 კალიბრის მოდელ 4506-ზე.  უნდა აღნინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 10მმ აუტოს ნომინალური კალიბრი უფრო მცირეა ვიდრე .45ACP-ს, პირველი ბევრად უფრო ძლიერი ვაზნაა. აქიდან გამომდინარე მალე აღმოჩნდა, რომ .45 კალიბრზე გათვლილი და შემდგომ 10მმ-ნი ვაზნისთვის ადაპტირებული პისტოლეტები არ გამოირჩეოდნენ დიდი რესურსით და ნაადრევად გამოდიოდნენ მწყობრიდან. პირველი დიდ ჩარჩოიანი “გლოკი” თავიდანვე, სუფთა ფურცლიდან იქმნებოდა სპეციალურად ძლიერი 10მმ-ნი ვაზნისთვის, შესაბამისად პირველი .45 კალიბრის “გლოკი” დაფუძნებული იყო უფრო ძლიერი 10მმ-ნი პისტოლეტის კონსტრუქციაზე. ასე, რომ .45 კალიბრის “გლოკები” “გენეტიკურად” გამოირჩევიან დიდი რესურსით. რომ შევადაროთ  G21 9მმ-ან G17-ს, რომელსაც სტანდარტული ჩარჩო აქვს, აღმოჩნდება, რომ  G21-ის საკეტი 2მმ-ით უფრო განიერია, G21 ასევე 5 მმ-ით უფრო გრძელია ვიდრე უკანასკნელი და აქვს 3მმ-ით უფრი გრძელი ლულა. ტარიც პროპორციულად უფრო სქელია. მსროლელების (განსაკუთრებულად ქალი მსროლელების) დიდ ნაწილს გლოკ 21-ს მოეჩვენება ზედმეტად მსხვილი.   ფაქტებიც იგივეს ადასტურებდნენ 10 გაყიდულ სტანდარტულ ჩარჩოიანი  გლოკის პისტოლეტზე მოდიოდა მხოლოდ სამი დიდი ჩარჩოიანი “გლოკი”. “გლოკში” ეს ესმოდათ და მათი მცდელობები .45 კალიბრის გლოკების გაბარიტების შემცირების არასდროს არ წყდებოდა. მითუმეტეს მათ თვალწინ იყო ამერიკული კომპანია “Robar-ის” მაგალითი, რომელიც დიდ ფულს შოულობდა G21-ის ტარის კონტურების შეცვლით.

Glock-რობ

რობერტ ბარქსმანის (Robar-ის დამფუძნებელი) იყო ალბათ პირველი ვინც ახორციელებდა “გლოკის” პისტოლეტების ტარის კონტრუსი შეცვლას, მათ შორის ეპოქსიდის გამოყენებით. დიდ ნაწილს შეკვეთების წარმოადგენდა დიდ ჩარჩოიანი “გლოკების” მოდიფიცირება. 

რა თქმა უნდა “გლოკშიც” ცდილობდნენ .45 კალიბრის პისტოლეტების გაბარიტების შემცირებას.  ასე გაჩნდა  მოდელი 21 SF (Short Fame), გამორჩეული უფრო თხელი კონტურის ტარით. თხელში მე ვგულისხმობ მანძილს ტარის უკანა ნაწილიდან სასხლეტამდე, ე.წ. trigger reach. მეოთხე თაობის G21-ს ტარი კიდე უფრო შეთხელებული აქვს SF-თან შედარებით.  “გლოკის” მცდელობები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ტარების კონტურების ცვლილებით და 1997 წელს გამოვიდა სუბ-კომპაქტურ კონფიგურაციაში .45 კალიბრის პისტოლეტი, მოდელი 30. 1999 წელს გამოვიდა პირველი “გლოკი” ერთ-რიგიანი მჭიდით, თხელი ჩარჩოთი და საკეტით,  მოდელი 36. 2004 წელს   ”გლოკმა” მიმართა რადიკალურ ხერხს და ამჯერად დააპატარავა არა პისტოლეტი არამედ ვაზნა. ახალ კომპაქტურ .45 კალიბრს დაერქვა .45GAP და მასთან ერთად “გლოკმა” გამოუშვა  სამი ახალი პისტოლეტი გათვლილი ამ კალიბრზე. მასრის სიგრძის შემცირებამ 3.4მმ-ით შესაძლებელია გახადა პირდაპირ პროპორციულად შემცირებულიყო ახალი პისტოლეტების ჩარჩოს ზომებიც, ხოლო ვაზნის წნევის გაზრდამ მინიუმამდე დაიყვანა სხვაობა სიმძლავრეში ორ კალიბრს შორის, მაგრამ ამბიციური მიზანი შექმნილიყო .45 კალიბრის “გლოკი”, რომელიც იქნებოდა 9მმ-ნი “გლოკის” გაბარიტების მქონე, მაინც ვერ იქნა მიღწეული.  არც კალიბრი არ გამოდგა ზედმეტად პოპულარული და ფეხი ვერ მოიკიდა. ამჯერად მხოლოდ “გლოკი”  აგრძელებს .45GAP კალიბრის იარაღების გამოშვებას. ასე, რომ, როგორც ხვდებით გაბარიტები ყოველთვის იყო ყველაზე დიდი ნაკლი .45 კალიბრის “გლოკების”. აქვე უნდა ვთქვა, რომ ალბათ არასდროს .45 კალიბრის გლოკებს არ ქონდათ პრობლემები საიმედოობის მხრივ, რაც საკმაოდ სერიოზული მიღწევაა. ტაქტიკურ-პრაქტიკული “გლოკებიც” ისევე როგორც სუბ-კომპაქტური მოდელები გამოირჩევიან ერთნაირი საიმედოობით, ხოლო დაბალწნევიანი ვაზნის გამო, მათი რესურსი არის ძალიან მაღალი.  რა თქმა უნდა .45-ის თანდაყოლილი სიზუსტე ასევე გამოიხატება იმაში, რომ .45 კალიბრის “გლოკები” ალბათ ყველაზე ზუსტი “გლოკის” პისტოლეტებია. Glock-41-narrower-slide

უახლესი G41, რომლის საკეტი აღებულია G36-სგან, სტანდარტულ G21-თან შედარებით. 

როგორც უკვე ვთქვი ტექნუკურად დიდი და პატარა “გლოკები” ერთნაირია, მოწყობილობა, ავტომატიკის სქემა. დამზადების ტექნოლოგია, მასალები უცვლელია. შენარჩუნებულია გარკვეული დეტალების თავსებადობა დიდი და სტანდარტულ ჩარჩოებიან მოდელებს შორის. გასტონ გლოკის პრაგმატული მიდგომა წარმოებისადმი გამოიხატა კიდევ ერთ, თითქოს უმნიშვნელო დეტალში. “გლოკ-21″-ები მაგალითად იყენებენ სტანდარტულ ჩარჩოინაი ტაქტკურ-პრაქტიკული მოდელების მჭიდის ღილაკებს, რომლებიც სტანდარტულზე ოდნავ დიდია და შესაბამისად აღარ გახდა საჭირო ახალი დეტალის დაპროექტება. იგივე ეხება მაგალითად სხვაობას 10მმ-ან და .45 კალიბრის გლოკებს შორის. ორივე პისტოლეტი იყენებს იდენტურ ჩარჩოებს, დანაბრუნებელი ზამბარებიც კი იდენტურია.  იმიტომ, რომ ინჟინერები წავიდნენ სხვა გზით და უბრალოდ შეამსუბუქეს საკეტი .45 კალიბრის პისტოლეტზე. შედეგად გლოკ 20-ის და 21-ის საკეტები ურთიერთ ცვლადია ხოლო დამაბრუნებელი ზამბარაც ერთნაირია, რაც აადვილებს ლოგისტიკას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ “გლოკების” კონსტრუქცია მუდმივად განიცდის თითქმის უხილავ ცვლილებებს და უკვე 5 თაობის პისტოლეტები არსებობს, ასე რომ დეტალების შეკვეთისას დარწმუნდით, რომ უკვეთავთ დეტალს, რომელიც განკუთვნილია ზუსტად თქვენი იარაღისთვის.

2010 წელს “გლოკმა” წარმოადგინა მეოთხე თაობის პისტოლეტების სერია და სულ მალე გაყიდვაში წავიდა ასევე მე-4 თაობის “გლოკ 21″-იც. სწორედ ასეთი პისტოლეტი მოხვდა ჩემ ხელებში. პრაქტიკულად ახალი, მე ის ვიყიდე საკმაოდ დაბალ ფასად, 1400 ლარად. როგორც, ყველა მეოთხე თაობის პისტოლეტს, მას ქონდა ცვლადი საზურგეები, რომლებიც მე არასდროს არ მომწონდა, დიდი ზომის მჭიდის ღილაკი, რომელიც მე ძალიან მომეწონა, ჯერ კიდევ ჩემ მეოთხე თაობის გლოკ-19-ზე. ასევე რამდენადაც მე გავარკვიე, მე-4-თაობის გლოკ 21-ის ჩარჩო კიდევ უფრო შემცირებულია ზომებში ვიდრე მაგალითად მოდელი SF. მე მქონდა საშუალება ახლოს გამეცნო, როგორც მეორე თაობის გლოკ 21, ასევე მოდელი SF და რა თქმა უნდა ეხლა უკვე მე-4 თაობის პისტოლეტიც. მე ვერ ვიტყვი, რომ თუნდაც მეორე თაობის გლოკის სახელური იყო ჩემთვის მოუხერხებელი, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, რომ ის იყო კომფორტულობის ზედა ზღვარზე. ამავე დროს SF და მეოთხე თაობა ჩემ ხელში იდეალურად ზის და უმეტესობა მსროლეს არ უნდა ქონდეს მასთან პრობლემები. რაც შეეხება პისტოლეტის დაშლას და მოვლა მომსახურებას, ის არ განსხვავდება სხვა “გლოკებისგან”. პისტოლეტი ადვილად იშლება, მათ შორის ბოლომდე, ისე რომ შესაძლებელია მისი ინსპექტირება და გაწმენდა.

21-gen4-nib_1

მე-4 თაობის გლოკის კომპლექტაცია პრაქტიკულად უცვლელია, თუ არ ჩავთვლით ცვლად სზურგეებს. საფირმო პლასტმასის კეისში მოთავსებულია ინსტრუქცია, ინფორმაციული ბუკლეტების ნაკრები, პლასტმასის ჯაგრისი, ორი მჭიდი და პისტოლეტი. აღსანიშნვია, რომ ამჯერად მეოთხე თაობის გლოკებს მოყვება სამი მჭიდი ნაცვლად ორისა. რატომ იყიდება ჩვენთან ეს პისტოლეტები მხოლოდ ორი მჭიდით, ჩემთვის უცნობია. შეიძლება ეკონომიის გამო იარაღები მოდიან მხოლოდ ორი მჭიდით და საკეტის გარეშე ან ამ ყველაფრის გაყიდვა ცალკე ხდება. 

კიდევ ერთი, რაც განასხვავებს მეოთხე თაობის გლოკებს არის ორმაგი დამაბრუნებელი ზამბარა.  სიმართლე გითხრათ მე არ მქონდა საშუალება ასე გვერდი-გვერდით შემედარებინა G21 სტანდარტული და ახალი ტიპის ზამბარებით, მაგრამ იმის მიხედვით რას წერენ და იძახიან ინტერნეტში, შესამჩნევი სხვაობა უკუცემაში არ არის. უკუცემის აღქმა რა თქმა უნდა სუბიექტურია, ჩემი აზრით G21 არ არის რთული “სამართავი”, მაგრამ საოცრებები არ ხდება და ცხადია 9მმ-ნი გლოკები უფრო სწრაფად ბრუნდებიან სამიზნე ხაზზე ვიდრე G21 და სწრაფი სროლისას დიდი “გლოკის” გაკონტროლება რთულია იგივე 9მმ-ან “გლოკთან” შედარებით.

სროლისას ჩვენ დავრწმუნდით, რომ G21 გამოირჩევა შესანიშნავი სიზუსტით. ასევე შევამჩიე, რომ ჩემ ხელს გაცილებით უკეთესად ერგება დიდ ჩარჩოიანი “გლოკები”. რამდენად სწრაფადაც არ უნდა ისროლო არ იცვლება მოხვედრის წერტილი, რომელიც როგორც წესი გადაინაცვლებს ხოლმე მარცხნივ ქვევით. როგორც უნდა ველოდოთ ხოლმე, პისტოლეტმა იმუშავა უპრობლემოდ ყველა ვაზნასთან, რომელზეც ჩვენ ხელი მიგვიწვდა. საქართველოში პრაქტიკულად არ იშოვება მუხტები ექსპანსიური ტყვიით და შესაძლებელია მხოლოდ FMJ, მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით ვაზნების შეძენა.  აბსოლუტური უმეტესობა არის სტანდარტულ წონის, 230 გრანი. ბუნებრივია ასეთი ვაზნებით პისტოლეტი უბრალოდ ვალდებულია  იმუშაოს კარგად.  ჩვენთან ითვლება რომ ამერიკული Federal-ის .45 კალიბრის 230 გრანიანი FMJ ტიპის ვაზნები არის “ოქროს სტანდარტი”. როდესაც მე დავაპირე ვაზნების შეძენა აღმოვაჩინე, რომ სწორედ ეს მუხტი ითვლება საუკეთესოდ. რაზეა ლაპარაკი Federal არის კარგი მწარმოებელი, მაგრამ სტანდარტული სიჩქარის .45 კალიბრის ვაზნა, 230გრანიანი FMJ  ტყვიით იქნება ერთნაირი განურჩევლად მწარმოებლისა. თუ რა თქმა უნდა მწარმოებელი იცავს სპეციფიკაციებს. სიზუსტე და ტერმინალური ბალისტიკა იქნება პრაქტიკულად იდენტური.  ტესტირებამ სიზუსტეზე გამოავლინა რომ Federal-ი იყო ყველაზე ნაკლებად ზუსტი მუხტი, დანარჩენ სამს შორის (S&B 230 gr FMJ “gold box”, S&B 230 gr FMJ “red box”, Magtech 230 gr FMJ). ყველა მუხტი გამოდგა ზუსტი, ყველა მუხტის მოხვედრის წერტილი დიდად არ განსხვავდებოდა, უბალოდ ყველაზე დიდ ჯგუფებს ვიღებდით Federal-ის ვაზნებით. ამერიკული წარმოების მუხტის დასაცავად ვიტყვით, რომ თუ ვენდობით მწარმოებლის მონაცემებს Federal-ის მუხტს აქვს 10 მ/წ-ით უფრო დიდი საწყისი სიჩქარე ვიდრე კონკურენტებს.

20180126_232050

პირველი სამი გასროლა 12 მეტრიდან

20180126_184711

15 მეტრი 

20180309_190421

საკვალიფიკაციო სამიზნე, 15-10 მეტრი. სამწუხაროდ სილუეტების ზომა 30-40% მცირეა რეალური ადამიანის სილუეტის ზომაზე, რის გამოც ჯგუფები ჩანს დიდი სილუეტთან შედარებით. შემდეგ სტატიებში ჩვენ გამოვიყენებთ უფრო რეალისტურ სამიზნეებს. 

ასე, რომ ჩემი აზრით, წყნარი გულით შეგიძლიათ იყიდოთ ნებისმიერი დასახელებული ან სხვა კარგი რეპუტაციის მწარმოებლის ვაზნები  და პრობლემა არ გექნებათ. არ ღირს ფულის გადახდა მხოლოდ კოლოფზე წარწერის გამო.  გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოში შემოვიდა სამხრეთ-აფრიკული წარმოების, გადატენილი ვაზნები. მათი ხარისხი იყო ძალიან ცუდი, გამოიყენებოდა ნაყარი (სასროლეთზე აკრეფილი) მასრები სსხვადასხვა მწარმოებლების. მასრების “რესაიზინგს” და შემოწმბას ადგილი არ ქონდა, რის გამოც ვაზნებზე აღინიშნებოდა ბზარები და მათი ზომები არ ჯდებოდა სპეციფიკაციაში. იმის გათვალისწინებით, რომ ტექნიკურად შესაძლებელია .45 კალიბრის მასრაში შეცდომით ორმაგი დენთის მუხტის მოთავსება, ასეთი ვაზნების გამოყენება ემსგავსება სახიფატო ლატარეის თამაშს. ერთი ასეთი ვაზნის გამორჩევა ძნელია, მაგრამ თუ თქვენ ხედავთ რომ 10-20 ან მეტი ვაზნიდან უმეტესობაზე სხვადახვა მათ შორის უცნობი დამღებია, დიდი ალბათობით ეს ის ვაზნებია. თუ არ ხართ დარწმუნებული, ვიზუალურად დაათვალიერეთ ვაზნები რაიმე სახის დეფორმაციების ან ბზარების აღმოჩენის მიზნით და უსაფრთხოების წესების დაცვით “გაატარეთ” ისინი ყველა პისტოლეტში (მიაწოდეთ მჭიდიდან სავზნეში და ამოაგდეთ). თავის დროზე ჩემი ტესტირებისას 50 ასეთი ვაზნიდან 8 გაიჭედა სავაზნეში, იმიტომ რომ იყო გაბერილი ხოლო ორს ქონდა ბზარები მასრაში.  რა თქმა უნდა შეუძლებელია შეამოწოთ დენთის მუხტი ვაზნის დაშლის გარეშე, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება გამოიყენოთ, მხოლოდ ქარხნული ვაზნები.

fsvltac

ავტორის კუთვნილი Glock 21, ქართული წარმოების VL Tactical-ის კაიდექსის ბუდესთან ქარმრის შიგნით ტარებისთვის. ეს ბუდეები გაოირჩევა დამზადების კარგი ხარისხით და თითქმის ორჯერ უფრო დაბალი ფასით ვიდრე ამერიკული ანალოგები. ხშირად მესმის, რომ იძახიან, რათ მინდა ბუდე თუ იარაღს ვერ ვატარებო, მაგრამ ტარება აკრძალულა კანონით ხოლო კანონი შეიძლება გაუქმდეს ან უბრალოდ ჩვენ აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც კანონები აღარ მოქმედებენ, ამიტომ კარგი ბუდე და მასთან ერთად თუნდაც “მშრალი” ვარჯიში არის აუცილებელი. VL Tactical-ის ბუდეები არის ბიუჯეტური და ხარსხიანი პროდუქცია, რომლის შეძენა თქვენ ჯიბეს არ დაარტყავს. 

ახალი მეოთხე თაობის G21-ის , ისევე როგორც ყველა სხვა “გლოკი” აქამდე გამოდგა ზუსტი და საიმედო.  პისტოლეტს აშკარად მოუხდა უფრო თხელი ჩარჩო და მჭიდის დიდი ღილაკი. 13 +1 ტევადობაც წარმოადგენს სერიოზულ საცეცხლე ძალას. კი პისტოლეტი დიდია და მისი ტარება კარგი ხარსხის ბუდის გარეშე რთულია, მაგრამ შეარჩიეთ კარგი ბუდე და კომფორტული ტარების პრობლემაც მოგვარებული იქნება.  განსაკუთრებულად სერიოზულად განწყობილი ხალხი ალბათ ასევე შეცვლის სამიზნე მოწყობილობებს და დააყენებს რკინისგან დამზადებულებს.  ტრადიციულად მე არ დავუჭერ მხარს სასხლეტის მოდიფიცირებას ან გამოცვლას. ის აბსოლუტურად ადეკვატურია ასეთი პისტოლეტისთვის, თუმცა ალბათ ამ პისტოლეტის მაღალი სიზუსტის გათვალისწინებით ბევრს მოუნდება საასპარეზო სასხლეტის დაყენება.

dfghd

13 .45 კალიბრის ვაზნა ზუსტ და საიმედო იარაღში. კარგი ფარანი. ასეთი “სისტემა” იდეალურია სახლის დაცვის იარაღის როლში. 

shooterscentral.ge-ს დასკვნა: მეოთხე თაობის Glock 21 არის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ქარხნული წარმოების .45 კალიბრის სრული ზომის პისტოლეტი. მიუხედავად დიდი გაბარიტების და შთამბეჭდავი ტევადობის მჭიდისა, მისი წონა არ აღემატება სრული ზომის რკინის 9მმ-ნი პისტოლეტის წონას. სუსტი აღნაგობის ადამიანს, პატარა ხელებით ეს პისტოლეტი არ მოეჩვენება კომფორტულად ტარებისას და სროლის დროს, მაგრამ თუ მისი გაბარიტები თქვენთვის არ წარმოადგენს პრობლემას, ფასის გათვალისწინებით ძნელი იქნება G21-ზე უკეთესი იარაღის არჩევა. ნებისმიერი მისი კონკურენტის ფასი იქნება ალბათ მინიმუმ ორჯერ უფრო დიდი. G21 ისევე, როგორც ყველა “გლოკი” გამოირჩევა მარტივი და საიმედო კონსტრუქციით, მისი მოდიფიცირება არის ძალიან ადვილი და ხელმისაწვდომია ყველანაირი აქსესუარი. ჩემი აზრით G21 დღეს არის საუკეთესო .45 კალიბრის პისტოლეტი საქართველოში, ფასი-ხარისხის კრიტერიუმით. ასეთი პისტოლეტის ყოველდღიური ტარებისთვის, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს კარგუ ბუდის შერჩევას.