Archive for June, 2017

კვირის იარაღი – Mk12 SPR

Wednesday, June 14th, 2017

a10227eb8c6bbadaa

აშშ-ში MK12 შეიარაღებაში მიღებულ იქნა 2002 წელს, როდესაც ამერიკა უკვე ჩართული იყო გლობალურ ომში ტერორიზმის წინააღმდეგ, რამაც წარმოშვა მოთხოვნა ბევრ სპეციალიზირებულ ცეცხლსასროლ იარაღზე. იარაღის მწარმოებლები ხანდახან საკუთარი ინიციატივით და ხანდახან სახელმწიფო სტრუქტურების მოთხოვნით ქმნიდნენ ახალი ტიპის იარაღებს და აწვდიდნენ მათ შეიარაღებულ ძალებს ტესტირებებისთვის და შესწავლისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ თუ კონვენციონალური სამხედრო შენაერთები (არმიის, ფლოტის, საჰაერო ძალების) მეტ წილად კმაყოფილები იყვნენ საშტატო იარაღით სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობა მუდმივად ეძებდა ახალ იარაღებს, რომლებიც მისცემდმნენ მის მებრძოლებს უპირატესობას ბრძოლის ველზე. ამ პროცესის შედეგად ბევრი ახალი იარაღი გაჩნდა, რომელსაც უნდა ქონოდა უპირატესობა სტანდარტულ M4/M16 ტიპის იარაღებზე და საბოლოო ჯამში შეეცვლა ისინი შეიარაღებაში.  მათ შორის იყო H&K 416, Robinson Armament XCR, FN SCAR-L და SCAR-H  და ასე შემდეგ. ნაწილი ამ იარაღების ვერ გაცდა პროტოტიპის სტადიას, ნაწილი იქნა მიღებული შეიარაღებაში ხანმოკლე პერიოდით, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ უწევდა კონკურენციას ან უფრო სწორედ არ იძლეოდა გადამწყვეტ უპირატესობას გაუმჯობესებულ M4A1-ზე, რომელიც SOPMOD-ის ნაკრების წყალობით გახდა ნამდვილად უნივერსალური პლატფორმა და მეტ ნაკლებად სრულად აკმაყოფილებდა მოთხოვნილებების მთელ სპექტრს, რომელიც წაყენებული იყო ასეთი იარაღის მიმართ. სწორედ SOPMOD-ის პროგრამიდან იღებს სათავეებს, „გაზუსტებული“ 5.56 კალიბრის MK12 Special Purpose Rifle – სპეციალური დანიშნულების შაშხანის შექმნის ისტორია. იდეა ამ იარაღის შექმნის ეკუთვნის მარკ ვესტრომს (არმალაიტის მომავალ პრეზიდენტს), რომელიც ეყრდნობოდა სპეც დანიშნულების ძალების (კონკრეტულად მე-5 დაჯგუფების) სურვილს ქონოდათ ახალი “აპერი” უფრო დიდი ეფექტური სროლის მანძილით ვიდრე M4 და ამავდროულად უფრო კომპაქტური ვიდრე სტანდარტული M16, მათ შორის ახალი 5,56 კალიბრის მუხტის გამოყენებით. იარაღის შექმნა, აწყობა და ტესტირება მიმდინარეობდა საზღვაო ძალების სახმელეთო საბრძოლო მოქმედებების ქრეინის ცენტრში. თავდაპირველად ლულა უნდა ყოფილიყო 20 ინჩიანი მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით სახმელეთო ძალების სარდლობა უარს იძახდა 20 ინჩიანი ლულების შეძენაზე, რომლებიც ისედაც იყო დასაწყობებული, მაგრამ ცხადია საჭირო იყო არა სტანდარტული M16-ის ლულა არამედ უფრო მაღალი კლასის საასპარეზო დონის ლულა და ამიტომ გადაწყდა, რომ ლულის სიგრძე იქნებოდა 18 ინჩი, რაც შესაძლებელს გახდიდა მის შეძენას.  დენთის აირების სისტემის სიგრძე იყო 12 ინჩი, ისევე როგორც M16 ტიპის შაშხანაზე. საასპარეზო დონის ლულების მიმწოდებლად არჩეულ იქნა Douglas Barrels, Inc., რომელიც აწვდიდა ქრეინის ცენტრს  უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ სქელკედლიან ლულებს 1:7 ტვისტით. თავდაპირველად MK12 არ უნდა ყოფილყო დამოუკიდებელი პლატფორმა და იგეგმებოდა სპეციალურად აწყობილი აპერების დაყენება უკვე არსებულ სტანდარტულ ლოუერებზე, რისთვისაც გამოიყენებოდა უკვე არსებული სტანდარტული M4A1-ის და ჩამოსაწერად გამზადებული  M16A1-ის ლოუერები, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც MK12 მიენიჭა ცალკეული იარაღის ინდექსი, Precision Reflex Incorporated-მა (PRI)  დაიწყო მთლიანი იარაღების დამზადება. მინიმუმ ოთხი მოდიფიკაციის (გენერაციის) MK12 არსებობს თუმცა ოფიციალური კლასიფიკაციით ისინი დაჯგუფებულია ორ ტიპად Mod 0 და Mod 1, სადაც ძირითადი განსხვავება მათ შორის არის გამოყენებული თავისუფალი ტიბჟირების ტიპი, რომლებიც მზადდებოდა PRI-ს და Knight Armament-ის მიერ. უკანასკნელი ასევე იყო სათადარიგო, დასაკეცი სამიზნე მოწყობილობების მომწოდებელი, რომელიც ასევე ყენდებოდა ამ შაშხანაზე (MOD 1-ზე). იარაღს შეიძლებოდა ქონოდა როგორც სტანდარტული ა2 ტიპის ფიქსირებული კონდახი ისევე, LMT-ს წარმოების ტელესკოპური SOPMOD კონდახი. პირველი გამოიყენებოდა MK12-ზე იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო ჯერებით სროლის საშუალება, ანუ საჭირო იყო შაშხანის ბუფერის მილის და ბუფერის გამოყენება. როგორც კი საბრძოლო ნაწილებში ჩათვალეს, რომ ჯერებით სროლის შესაძლებლობა ასეთ იარაღში იყო ზედმეტი, დაიწყეს შაშხანებზე კარაბინის ბუფერის მილის გამოყენება, რონელზეც უკვე შესაძლებელი გახდა ტელესკოპური კონდახის დაყენებაც. სხვადასხვა დროს ამ იარაღზე გამოიყენებოდა სხვადასხვა ოპტიკური სამიზნეები, მაგრამ თავდაპირველი არჩევანი გაკეთდა Leupold-ის 3.5–10×40  LR M3 სკოპზე. ამ ოპტიკის შესწორების მექანიზმი სპეციალურად გათვლილია MK262 mod1 ვაზნის ბალისტიკაზე. Blackhills-ის წარმოების MK262 MOD 1 წარმოადგენს მაღალი კლასის, საასპარეზო სიზუსტის მქონე ამუნიციას, რომლის შექმნაც მიმდინარეობდა MK12-ის შექმნის პარალელურად. იარაღი ასევე კომპლექტებოდა OPS Inc.-ის მაყუჩით, რომელიც ამავე კომპანიის ალმქრობ-კომპენსატორზე ყენდებოდა. სადგარი იყო Harris-ის წარმოების.  ბუნებრივია ზუსტი შაშხანა წარმოუდგენელია საასპარეზო სასხლეტის გარეშე და საბოლოო არჩევანი გაკეთდა Knight Armament-ის ორ საფეხურიან საასპარეზო სასხლეტის მოდულზე. განსხვავებით სხვა იარაღებისგან, რომელიც შეიქმნა იმ პერიოდში სპეც. დანიშნულების ნაწილების და ჯარის მოთხოვნით, MK12 აღმოჩნდა წარმატებული და ხანგრძლივი პროექტი. “სიერას”  77 გრანიანი ტყვიის ტერმინალური ბალისტიკა და სიზუსტე გამოდგა ბვერად უკეთესი ვიდრე M855-ის, შედარებით დაბალი გასროლის ხმის და ლულის ალის გამო, კარგად გაწვრთნილ მსროლელს შეეძლო ეფექტურად და შეუმჩნევლად ცეცხლის წარომება 600-700 მეტრამდე მანძილზე, დადასტურებული მკვლელობები მოხდა 850 მეტრზეც, თუმცა უფრო ხშირად ეს მანძილი იშვიათად აღემატებოდა 400-500 მეტრს. დეტალების მაქსიმალური თავსებადობა, აადვილებდა იარაღის მომსახურებას და შეკეთებას ხოლო საბრძოლო შენაერთებმა მიიღეს ერთ ბაზაზე (AR15) შექმნილი იარაღების ჯგუფი, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად ფარავდა მათ მოთხოვნილებებს მსუბუქ ცეცხლსასროლ იარაღში. Mk18 10 ინჩიანი ლულით ახლო მანძილებზე სამუშაოდ, M4A1 მძიმე SOPMOD ლულით უზრუნველოფდა საჭირო საცეცხლე ძალას და სიზუსტეს საშუალო დისტანციებზე და MK12 წვდებოდა სამიზნეებს, რომლებიც M4-ის ეფექტური სროლის მანძილის მიღმა იყვნენ განლაგებული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ახალი Mk12-ის შეძენა უკვე აღარ ხდება, მაგრამ იარაღი დღემდე იმყოფება შეიარაღებაში და აქტიურად გამოიყენება. გამომდინარე ამ იარაღის კარგი საბრძოლო რეპუტაციიდან და იმ ფაქტიდან, რომ ის გამოჩნდა რამდენიმე გახმაურებულ ბლოკბასტერში, რამდენიმე კომპანია უშვებს MK12-ის სამოქალაქო კლონებს. შეიძლება ითქვას რომ MK12 არის თავისებური სუბ-კულტურა თავისი უამრავი მიმდევარით ზოგადად AR-15-ის მოყვარულთა შორის.

SPRC

MK12 Leupold-ის სკოპით, LMT-ს კონდახით, PRI-ს ტიბჟირით. ტიპიური Mod 0 კონფიგურაცია თუ არ ჩავთვლით დასაკეც კონდახს. ასეთი კონდახების დაყენება ხდებოდა უშუალოდ საბრძოლო ნაწილებში.

 01082016-001-01

MK12 Mod 1 KAC-ის ტიბჟირით და Ops. Inc-ის მაყუჩით

 BCM-URG-Mk12-1 RAS-3

BCM-ის წარმოების MK12-ის სამოქალაქო კლონი SPR Mk 12 Mod Bravo 1R

ჩვენი ტესტი – FN-15 “1776″

Thursday, June 8th, 2017

როდესაც, საქმე ეხება AR-15 ტიპის შაშხანის მწარმოებლებს, ყველას ალბათ მოაგონდება, „კოლტი“, „ბუშმასტერი“, “დენიელ დეფენსი”, “LMT” და ასე შემდეგ, ანუ ის კომპანიები რომლებიც არიან ამ სისტემის იარაღის და მისი კომპონენტების ყველაზე სახელგანთქმული  მწარმოებლები. გაცილებით ნაკლები არის ცნობილი AR-15-ზე, რომელსაც უშვებს ბელგიური “FN America LLC”. არა, და 2013 წლიდან სწორედ ეს კომპანია არის აშშ-ის შეიარაღებული ძალების ძირითადი მიმწოდებელი M4А1 ტიპის კარაბინების. ამ კომპანიამ უკვე მიაწოდა 120 000-ზე მეტი ახალი კარაბინი და ბოლო ხელშეკრულებით მიაწოდებს კიდე უფრო მეტს 2020 წლამდე, ასე, რომ როგორც  ჩანს ეს იარაღი უახლოეს მომავალში დარჩება აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში. მოკლედ, როგორც ხვდებით FN არის სერიოზული მოთამაშე AR-15-ების სათამაშო მოედანზე. საინტერესო ის არის, რომ არც ისე დიდიხნის წინ ამ კომპანიამ დაიწყო  AR-15-ების გამოშვება სამოქალაქო ბაზრისთვის , როგორც საბაზისო და უფრო ძვირადღირებულ კომპლექტაციებში, ასევე საბრძოლო იარაღის “რეპლიკების”, სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღების, რომლებიც მაქსიმალურად იმეორებენ კარაბინებს და შაშხანებს, რომლებსაც ხმარობს ან ხმარობდა აშშ-ის შეიარაღებული ძალები. სტატიის დაწერის მომენტისთვის ჯამში 10 განსხვავებულ მოდიფიკაციას.

Herstal Group-ის კომპანიის სათაო ოფისი ბელგიაში მდებარეობს ხოლო ამერიკაში ეს კომპანია წარმოდგენილია შვილობილი კომპანიით “FN America LLC”, რომელსაც რამდენიმე კომპლექსი გააჩნია აშშ-ში სადაც ხდება ახალი იარაღების დაპროექტება, გამოცდა და წარმოება. “ჰერსტალ გრუპი” აშშ-ში წარმოდგენილია კიდევ ერთი შვილობილი კომპანიით  ”Browning”, რომელიც მდებარეობს ქალაქ მორგანში, იუტას შტატში. გარდა იმისა რომ ”FN America LLC” აწარმოებს და ყიდის იარაღებს, ის ასევე სთავაზობს თავის კლიენტებს სასწავლო კურსებს, რომლის მიზანია ამ კომპანიის მიერ წარმოებული იარაღის ათვისება, შესწავლა და შეკეთება.

ამჯერად ჩვენი ტესტირების ობიექტი  FN-ის წარმოებული სამოქალაქო იარაღი, AR-15 ტიპის კარაბინი, მოდელი “1776″, რომლის წარმოება FN-მა დაიწყო 2015 წელს. ეს იარაღი დახასიათებულია მწარმოებლის მიერ როგორც: ”ხელმისაწვდომი, მაღალი მონაცემების იარაღი გამზადებული ოპტიკის დასაყენებლად” ხოლო 1776 არის აშშ-ის დამოუკდიებლობის დეკლარაციის მიღების წელი და ახალი კარაბინი უნდა სიმბოლიზირებდეს ამერიკელების სწრაფვას თავისუფლებისკენ. დასაწყისისთვის არც ისე ცუდია არა?

რას წარმოადგენს FN-15 “1776″ დეტალებში? ეს არის კარაბინი 16.5 ინჩიანი ლულით, პირდაპირი შეფრქვევის სქემით, აპერი და ლოუერი სტანდარტულია კონფიგურაციის არის, ისეთივე, როგორსაც ნახავთ M-4-ზე. კონდახი ასევე სტანდარტულია, ტელესკოპური, M-4 სტილის. მოდელი “1776″ იყიდება ისევე, როგორც ბევრი „დაწყებითი დონის“ AR-15 სამიზნე მოწყობილობების გარეშე, ე.წ. “გამზადებული ოპტიკისთვის” კონფიგურაციაში. ეs საკმაოდ გავრცელებული მიდგომაა, იმის გათვალისწინებით, რომ მყიდველებს, როგორც წესი სურთ საკუთარი პრეფერენციებით სამიზნე მოწყობილობების დაყენება და ამიტომ, მწარმოებელი უტოვებს მათ არჩევანის უფლებას, ხოლო იარაღის ფასი ამის წყალობით ოდნავ მცირდება. ამ გზას მიმართავს პრაქტიკულად ყველა მწარმოებელი. მაგალითად BCM-ის Recce MOD 0-ს არ გააჩნია სამიზნე მოწყობილობები, მაგრამ განსხვავებით 1776-დან მასზე დაყენებულია საკუთარი წარმოების „კვად-რეილი“. ჩვენი კარაბინი ბევრად უფრო მოუხერხებელი და თუ გნებავთ უაზრო კონფოგურაციით არის შესრულებული, მაგრამ ამაზე ცოტათის მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ar16-fn151776-lead-682x383.1446058136

სტანდარტული ა2 ტიპის ალის ჩამხშობი, სტანდარტული კონდახი, ა2-ის სახელური, ერთ საფეხურიანი “სამხედრო ტიპის” სასხლეტი „1776“-ის კომპლექტაცია მაქსიმალურად საბაზისოა, მაგრამ ასევე შენარჩუნებულია ფორვარდ “ასისიტი” და საექსტრაქციო ფანჯრის ხუფი. ზოგი მწარმოებელი უარს იძახის ამ დეტალებზე იმისთვის, რომ კიდევ ეუფრო შეამციროს იარაღის თვითღირებულება. სტანდარტული 6 პოზიციანი კონდახი აბსოლუტურად ადეკვატურია, ხოლო მასზე შესრულებული ლამაზი FN-ის ემბლემა გადაგაფქრებინებთ მის შეცვლას.  სურათი: tactical-life

კარაბინი იყიდება უბრალო მუყაოს ყუთში ჩადებული სადაც მასთან ერთად დევს ინსტრუქცია, მოკლე ტექნიკური აღწერილობა, საკეტი და ერთი მჭიდი.  რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ყველა FN-ის წარმოების AR-15 ტიპის ყველა იარაღი იყიდება ერთი ცალი „მაგპულის“ მე-3 თაობის მჭიდთან ერთად, რაც კარგია, იმიტომ რომ დაწყებითი დონის AR-15, როგორც წესი იყიდება სტანდარტული ალუმინის მჭიდებით. ალუმინის მჭიდიც მუშაობს მაგრამ „პიმაგი“ უკეთესია.

როგორც შეამჩნიეთ ალბათ მე  ”1776″-თან მიმართებაში არ ვხმარობ სიტყვა ბიუჯეტურს, იმიტომ რომ „1776“ არ არის ბიუჯეტური იარაღი ამ ტერმინის კლასიკური განმარტებით. დიახ, ის არის უბრალო კომპლექტაციით, მაგრამ შესრულებული ხარისხიანად, ხარისხიანი კომპონენტების გამოყენებით. დეტალების დამუშავება და მორგება უმაღლესია. დეტალები დაფარულია ხარისხიანი შავი დაფარვით. ლულაც და საკეტიც ატარებს MPI დამღებს.  MPI იშიფრება, როგორც Magnetic Particle Inspection და არის რკინის მაგნიტური დეფექტოსკოპიის ნაირსახეობა, რომელიც ავლენს რკინაში დამალულ დეფექტებს, გამომდინარე იქიდან რომ მათ რკინისგან განსხვავებული მაგნიტური ველი აქვთ. ასეთი მეთოდით შემოწმება-გავლილი დეტალები თავისუფალია მიკრობზარებისგან და სხვა დეფეტქებისგან, რაც უზრუნველყოფს ამ დეტალების ხანგრძლივ სიცოცხლეს. შემდეგი პუნქტი, რომელიც ყოველთვის უნდა ნახოთ AR-15-ის შეძენნისას არის საკეტის ჩარჩოზე განლაგებული დენთის აირების მიმღები (gas key), უფრო სწორედ მისი ხრახნების ფიქსაციის მეთოდი. ჩვენ შემთხვევაში ისინი საიმედოთ დაცულია დაშვებისგან. ანალოგიურად  უნდა შემოწმდეს ბუფერის მილის ქანჩი. თუ მას არ აქვს გაკეთებული ე.წ. „სთაქინგი“, ის დაიშვება. ამ დეტალზე „სთაქინგის“ არ არსებობა კრიტიკული ნაკლი არ არის ცხადია, მაგრამ ხშირად ბიუჯეტურ იარაღში ეს პროცედურები არ ხორციელდება სათანადოდ და თუ ბუფერის მილის ქანჩის დაშვება ადვილად შესამჩნევია და გამოსწორებადია, დენთის აირების მიმღების ხრახნების დაშვებას არასწორი სტაქინგის ან საერთოდ მისი არ არსებობის გამო, უკეთეს შემთხვევაში მოყვება შეფერხებები (გამოწვეული იმით რომ მოხდება წნევის ვარდნა და იარაღი არ გადაიტენება) ან უარეს შემთხვევაში მოხდება აპერის დაზიანება. უკეთესი შემთხვევაც ამ მაგალითის შემთხვევაში ძალიან პირობითია. შეტაკების პრიობებში და თავდაცვისას, დენთის აირების მიმღების გამო გაჭედილი იარაღი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს მის მფლობელს. ამის გარდა კიდევ ბევრი სხვა ხრიკი არსებობს, AR-15-ის ფასის შემცირების, მაგალითად სტანდარტული ტიბჟირი ყენდება მეტალის სიცხისგან დამცავი ფარების გარეშე. “1776″ ტიბჟირში ორ-ორი ასეთი ფარია განლაგებული რაც დაიცვას ხელს დამწვრობისგან თუნდაც ძალიან ინტენსიური ცეცხლის წარმოების პირობებში. ან თუნდაც აიღეთ ღვედის წინა გასაყრელი, ის მეტალის არის და დაფარულია რეზინის თხელი ფირით, რომ არ იხმაურის. დეტალებისადმი ასეთი ყურადღების და ასეთი დონის შესრულების შემდეგ უნამუსობა იქნება უწოდო “1776″ ბიუჯეტური და ამით მოაქციო ის იგივე კლასში რაც DPMS Oracle. “1776″ არის ხარისხიანი, ვარგისი იარაღი, ხოლო დაწყებითი დონის არის იმიტომ რომ აკლია ტაქტიკური ჩხარუნები, ვერტიკალური სახელურები და ასე შემდეგ, მაგრამ ამის ყველაფერის შეძენა შეუძლია პატრონს საკუთარი გემოვნებით და სურვილების მიხედვით, ასე რომ ჩვენი აზრით „1776“ არის კარგი თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა „ტოპ კლასის“ ტაქტიკური კარაბინის ასაწყობად, ისე რომ არ იქნება საჭირო ძირითადი კომპონენტების გამოცვლა.

boltfn

“1776″-ის საკეტი ფოსფატირებულია გარედან, შიგნიდან ქრომირებულია და აღჭურვილია გაუმჯობესებული ექსტრაქტორის ზამბარით. უკანასკნელი დეტალი საკმაოდ მნიშვნელოვანია იარაღის საიმედო ფუნქციონირებისათვის.

აქ მე მინდა პატარა გადახვევა გავაკეთო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იწყებს გადაკეთებებს, ფულის ინვესტიციას, ყველაზე თავზეხელაღებულები იწყებენ ძვირადღირებულ და საკითხავი ეფექტიანობის მქონე პროცედურების ჩატარებას, წვავენ ტყვიებს, რომ ლულის „აბკატკები“ აკეთონ და ასე შემდეგ, ისე რომ ჯერ არც ისვრიან იარაღს. ეს ყველაფერი არის სისულელე. ისროლეთ ჯერ იარაღი და შედეგების მიხედვით იმსჯელეთ იმსახურებს თუ არა ეს იარაღი დროის და ფულის ინვესტიციას და სად უნდა განხორციელდეს ეს ინვესტიცია. უკვე შემდგომ, ჯგუფების და დროის დინამიკის ცვლილებბებით მიხვდებით სწორი მიმართულებით მიდიხართ თუ არა.  გასაგებია ყველას თავისი მუღამები და გასართობი აქვს და ბევრი ფული, რომლის ხარჯვაც უხარია, მაგრამ ჩვენ ამ რესურსზე ვემხრობით პრაქტიკულ მიდგომებს და სხვებსაც იგივეს ვურჩევთ და ვასწავლით.

ყველაზე დიდი და “1776″-ის ალბათ ერთადერთი ნაკლი,  არის მასზე  დაყენებული დენთის აირების ბლოკს. ჩემი აზრით  აზრს მოკლებულია სტანდარტული ტიბჟირის და მისი სამაგრების გამოყენების პირობებში ასეთი დენთის აირების ბლოკის გამოყენება. ვიღაცა იტყვის, რომ ასეთი დენთის აირების ბლოკი გაძლევს საშუალებას დააყენო ტიბჟირი, რომელიც პირდაპირ „დელტა-რინგზე“ ყენდება და ალბათ FN-შიც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ არც სტანდარტული დენთის აირების ბლოკის გადაჭრა არ არის პრობლემა, თუ დააპირეთ ასეთი ტიბჟირის დაყენება. ასეთ იარაღზე უნდა ეყენოს სტანდარტული წინა სამიზნე მოწყობილობა/დელტარინგი/სტანდარტული ტიბჟირი ან დაბალი „გას ბლოკი“ და ლულის ქანჩზე დასაყებელი გრძელი ტიბჟირით. მომავალი არის ყველა AR-15-ზე გრძელი ლულის ქანჩზე დასამაგრებელი გრძელი ტიბჟირების…

ჩემი აზრით ასეთ კარაბინზე „კვად რეილის“ დაყენების ყველაზე იაფი და გამართლებული  მეთოდია, უბრალო თუნდაც ჩინური წარმოების „კვად რეილის“ დაყენება, რომელიც ისევე ფიქსირდება იარაღზე, როგორც სტანდარტული პლასტმასის ტიბჟირი. თავისუფლად დაკიდული ლულები კარგია, არ ვდაობ, მაგრამ ტაქტიკურ კარაბინზე მათი დაყენება არ წარმოადგენს კრიტიკულ აუცილებლობას. მაგალითისთვის ჩემი AR-15 DPMS-ის 11.3 ნი ლულით და ჩინური „კვად რეილით“ თავისუფლად ისროდა 4.5 სმ-ან ჯგუფებს, რაც საკმარისზე მეტი სიზუსტეა ტაქტიკური კარაბინისთვის 28სმ-ნი ლულით. ვიღაცა იტყვის რა საჭირო არისო კვად რეილი საერთოდ. ჩემ შემთხვევაში მე მეყენა ბჯენი ხელისთვის, რომელიც  შეიძლება გამოიყენო რომ წამოდო რამეს და უფრო მყარი პოზიცია დაიკავო სროლისთვის. ასევე მეყენა ტაქტიკური ფანარი და საღვედე. არაფერი აქიდან ზედმეტი არ არის.

sstibj

ავტორის კუთვნილი, ერთ-ერთი AR-15, ჩინური წარმოების „კვად რეილით“. აღნიშნული დეტალი დაყენდა უპრობლემოდ, არ საჭიროებდა მორგებას ან გადაკეთებას და მშვენივრად ასრულებდა თავის ფუნქციას, თანაც სულ რაღაც 25 დოლარად.

სამიზნე მოწყობილობების არ არსებობა, როგორც უკვე ავხსენი ამცირებს იარაღის ფასს და აძლევს მყიდველს საშუალებას ტავად გადაწყვიტოს რისი დაყენება სურს. მე არ ვარ მომხრე მხოლოდ ოპტიკის ნდობის და ამიტომაც დენთის აირების ბლოკი გამოვცვალეთ სტანდარტულით, ხოლო უკანა სამიზნე მოწყობილობის როლში გამოვიყენეთ Magpul MBUS. მე არ ვარ კონკრეტულად ამ მოდელის სამიზნე მოწობილობის დიდი ფანატი. მაგრამ ის ღირს იაფი, ის მუშაობს, ის არის გამძლე, მსუბუქი და ოპტიკის დაყენების შემდეგ მას ჩაკეცავთ და ის აღარც გაგახსენებთ თავისი არსებობის შესახებ სანამ ოპტიკას რამე არ მოუვა და არ დაგჭირდებათ ისევ მისი გამოყენება. MBUS-ის ნაკლი არის ორი ფირფიტა ნასვრეტით, რომლებიც დიოპტირს როლს ასრულებენ. იმისთვის რომ გამოიყენოთ განიერი დიოპტრი ახლო მანძილზე სასროლად უნდა გადმოკეცოთ ფირფიტა წვრილი დიოპტრით. ასეთ მდგომარეობაში ის რჩება გარეთ გამოშვერილი და დარტყმის შედეგად ის ადვილად ტყდება. ეს არ არის ინტერენეტში მოსმენილი ისტორია, ჩვეულებრივი ვარჯიშის დროს მე ასე დავრჩი მარტო ერთი დიოპტრის ამარა. სამხუხაროდ “მაგპულზე” ერთი საფეხურით უკეთესი სამიზნე მოწყობილობების ფასი ორჯერ-სამჯერ მეტია. როგორც დამხმარე/სათადარიგო სამიზნე მოწყობილობა Magpul MBUS გამოდგება. ძირითადი სამიზნე მოწყობილობის როლში მისი ნდობა არ შეიძლება.

20170407_170043

“1776″ სტანდარტული “გას ბლოკის” (ზედვე შესრულებული წინა სამიზნე მოწყობილობით) დაყენების პროცედურა.

რაც შეეხება იარაღის ლულას, ის არის 16 ინჩიანი, “შავი” (არაქრომირებული) ლულა, 1:7-ნო ტვისტით და 5.56-ის სავაზნით. ლულა ასევე ატარებს MPI დამღას რაც მისი “ხარისხის სერტიფიკატია”.ლულის არხი დამზადებული ხრახნების ძირიდან მოჭრის (bottom rifling) მეთოდით. ლულის არხის დამზადების ეს მეთოდი არ ითხოვს რთულ დანადგარებს, სწრაფია და იაფი. ამ მეთოდით ერთი ლულის არხის დამზადებას უნდა სულ რაღაც 30 წამი, სწორედ ამის გამო ეს მეთოდი ასე პოპულარულია აშშ-ში. ასე ამზადებენ ლულებს E.R. Shaw, Douglas, Wilson, Lilja, Schneider, Shilen, Pac-Nor, Hart და ასე შემდეგ.  გარდა იმისა, რომ ეს მეთოდი სწრაფია და ითხოვს მარტივ დაზგებს ის ასევე შედარებით ნაკლებ სტრესს ქმნის ფოლადის სტრუქტურაში და თუ ლულის ნამზადი კარგი ხარისხისაა,  შედეგებიც შესანიშნავია.  ”1776″-ში სწორედ ამ მეთოდით დამზადებული ლულა გამოიყენება და არა FN-ის საფირმო ცივად ჭედვის მეთოდის გამოყენებით. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო კონტრაქტით დამზადებულ M4-ებს სწორედ ეგეთი ლულები უნდა ქონდეს. ხარისხი FN-ის ლულების ძალიან მაღალია, გამომდინარე იქიდან, რომ ლულები მზადდება საკუთარ საწარმოში, გადიან ხარისხის კონტროლს და ამის გარდა ყველა FN-ის იარაღი გადის ტესტირებას სიზუსტეზე სროლით. თუ იარაღი არ აკმაყოფილებს სიზუსტის სტანდარტს ის არ მოხვდება გაყიდვაში. თავისთავად ლულების დამზადების ტექნოლოგია ცალკე სტატიის თემაა, და როდესაც საქმე ეხება ტაქტიკურ კარაბინს, მე მირჩევნია ლულა იყოს ხარისხიანი, იყოს ქრომირებული და ქონდეს საჭირო ტვისტი. დანარჩენი მე არ მადარდებს. ამ შემთხვევაში ქრომი არ გვაქვს რაც ცუდია მაგრამ არა კრიტიკულია, სამაგიეროდ გამოყენებულმა ხრახნის მოჭრის მეთოდმა და დამზადების მაღალმა ხარისხმა უნდა განაპირობოს ძალიან კარგი სიზუსტე. ქრომი ასევე არაერთგვაროვნად ედება ზედაპირს და მაინცდამაინც არ უწყობს ხელს მაღალ სიზუსტეს. ასე, რომ ჩვენ გვქონდა მოლოდინი რომ იარაღი გვიჩვენებდა სიზუსტეს, რომელსაც შეიძლებოდა ელოდებოდე ზუსტი სროლისთვის განკუთვნილი იარაღისგან. დავამატებ მხოლოდ, რომ საკეტის ჩარჩო შიგნიდან ქრომირებულია, როგორც სამხედრო M-4/M-16-ზე.

ვიცი ბევრი გაიფიქრეს: “ფუუ ეს რა იარაღია ქრომის გარეშე???”; “ნაჭედი ლულა ჯობია” და ასე შემდეგ, მაგრამ რეალობა არის ის რომ დღეს აშშ-ში ძალიან ბევრი მწარმოებელი უშვებს ძალიან კარგ ლულებს. არც ისე დიდიხნის წინ ზუსტ  იარაღში ნაჭედი ლულის გამოყენება ითვლებოდა მოვეტონად, მაგრამ ეხლა წარმოება იმდენად განვითარდა, რომ ჩემი ღრმა რწმენით არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს რა მეთოდით და რისგან დაზმადებული ლულა აყენია ტაქტიკურ კარაბინში, თუ ლულა ხარისხიანად არის დამზადებული გამოყენებული ტექნოლოგიის მოთხოვნების დაცვით. მე ვიცი ამის მოსმენა ძალიან გაუტყდებათ იმ ტიპებს, რომლებსაც უყვართ ძვირადღირებული ჩხარუნებით მარიაჟობა და ამაყობენ, რომ მათ აქვთ საშუალება იყიდონ ლულები დამზადებული ხელით, გადამდნარი მეტეორიტებისგან, მაგრამ რეალურ სამყაროში ეს არაფერ აღარ ნიშნავს. მე ვიცი ადამიანი, რომელმაც იყიდა რუეგერის დამზადებული გარედან ბოლომდე დაუმთავრებელი ნაჭედი ლულები მათი Mini-14-ის კარაბინებისთვის, მოარგო ისინი AR-15-ებს და მიიღო ისეთი სიზუსტე, რომ იყენებდა ამ იარაღებს Service Rifle კლასის შეჯიბრებებში. DPMS-ის 28სმ-ნმა  ლულამ AR-ზე სტანდარტული კონფიგურაციით და სასხლეტით, მომცა ისეთი სიზუსტე, რომელიც არ დაისიზმრებოდა სვდ-ს მფლობელებს  ხოლო სულ ბოლოს კაცმა ისროლა 65მმ-ნი ჯგუფი 250 მეტრზე 4 ჯერადი ოპტიკით სტანდარტული AR-15-დან, რომელზეც ეყენა შავი ლულა, გაურკვეველი მწარმოებლის, რომელიც ნაყიდი იყო იმიტომ რომ ღირდა ყველაზე იაფი. ცალკე თემაა ასეთი იღბლიანი და იაფი ლულები როგორ გაუძლებენ გრძელვადიან ექსპლუატაციას დ რამდენხანს დაიჭერენ ასეთ სიზუსტეს მაგრამ რაც ჩემით ვნახე იმას გეუბნებით. ქრომს რაც შეეხება, კარგია თუ ის არის და ცუდია თუ გიწევთ ბრძოლა ვიეტნამის ჯუნგლებში და ის არ არის. იმის თქმა მინდა, რომ უამრავი კარაბინი და შაშხანა იყიდება “შავი” ლულებით. 5.56/.223 კალიბრის ვაზნების აბსოლუტური უმეტესობა არ არის კოროზიული და შესაბამისად არ უნდა იდარდოთ ლულის არხის და სავაზნის ზედაპირის დამატებით დაცვაზე. ვიმეორებ კარგია რომ ქრომი იყოს, მაგრამ მისი “1776″-ის ლულაში არ არსებობა მე დიდად არ მადარდებს.

asddas

“1776″-ის ზომიერად სქელკედლიანი 16.5-ნი ლულა უზრუნველყოფს 5.56 ვაზნის პოტენციალის ადეკვატურ გამოყენებას და კარგ ბალისტიკას, თუმცა მისი წონის გამო იგრძნობა, რომ სიმძიმის ცენტრი წინ არის გადანაცვლებულია. “გას ბლოკზე” შესრულებული ხიშტის სამაგრი ასევე ზედმეტია. იარაღზე განთავსებულია საღვედეები კონდახზე და “გას ბლოკზე”, რაც უზრუნველყოფს ღვედის ერთნაირად კომფორტულ გამოყენებას ცაციებისთვისაც ან იმათთვის ვინც ისვრის მარცხენა მხრიდან.

 სტანდარტული AR-15-ის სიზუსტე, ქარხნული ვაზნის გამოყენებისას, როგორც წესი არ უნდა აღემატებოდეს 9 სმ-ს 100 მეტრზე. რეალობაში, ოპტიკური სამიზნის და კარგი ვაზნის გამოყენებით შესაძლებელია ამ მაჩვენებლის 3-4 სმ-მდე დაყვანა. ტაქტიკური კარაბინისთვის ეს არის საკმარისზე მეტი. მინდა გული დაგწყვიტოთ, მაგრამ ასეთი სიზუსტე დიდი იშვიათობაა “კალაშნიკოვის” კლონებში, რომლებშიც კარგი ხარისხის ლულაც შეიძლება განადგურდეს, როდესაც მას ჩააყენებენ გადაბრეცილ ტრუნიონში და გადაუჭერენ დენთის აირების ბლოკს და წინა სამიზნე მოწყობილობის ბაზას., და თან ამას ისე გააკეთებენ, რომ კორას არ ეყოფა შესწორებების მარაგი რომ კომპენსირება გაუკეთოს მრუდედ ჩაყენებულ ლულას და სამიზნე მოწობილობის ბაზას. ამის ფონზე AR-15 თავისი “რბილი” პირდაპირ შეფრქვევის სისტემით და ლულით, რომელსაც არაფერი არ უშლის ხელს გამოავლინოს თავისი სიზუსტის მაქსიმუმი, “კალაშნიკოვთან” შედარებით არის, როგორც ლეპტოპი საბეჭდ მანქანასთან შედარებაში.

დაიმედებული ამ ინფორმაციით ჩვენ გავეშურეთ სასროლეთზე. მინდა გითხრათ რომ ეს ნაწილი სტატიის დაიწერა სულ ბოლოს, ამიტომ ცხადია ჩვენ გვაინტერესებდა გაამართლებდა თუ არა “1776″ ჩვენ მოლოდინებს. არავის ეჭვი არ ეპარებოდა რომ FN-ის იარაღი იმუშავებდა საიმედოთ, მაგრამ ყველას გვაინტერესებდა როგორ სიზუსტეს გვაჩვენებდა. რას უნდა ელოდო სტანდარტული AR-15-დან ჩვენ უკვე დავწერეთ. ჯერ უნდა გასწორებულიყო მექანიკური სამიზნე მოწყობლობა, შემდეგ სიზუსტის დასადგენად დროებით უნდა დაგვეყენებინა 1-4×32 Bushnell სკოპი, რომელიც “ვისესხეთ” მეორე AR-15-სგან. მექანიკის გასწორებას დაჭირდა რამდენიმე წუთი. მიყვარს როდესაც იარაღი ადვილად სწორდება და არ არის საჭირო წავლება, დროს და ვაზნების ზედმეტი ხარჯვა. წინა სამიზნეს ხელის ხლება არ დაჭირდა ხოლო BIUS-ს დაჭირდა რამდენიმე კლიკი საჭირო ჰორიზონტალური შესწორების შეტანის მიზნით. 50 მეტრზე გასწორებისას რკინებით ჩვენ მივიღეთ ზუსტად 30მმ-ნი ჯგუფი. თქმაც არ უნდა, რომ AR-ის სტანდარტული სასხლეტი არ გამოდგება ზუსტი სროლისთვის, მაგრამ ადეკვატურია ტაქტიკური კარაბინისთვის. სასხლეტი არის ერთ საფეხურიანი, საკმაოდ გრძელი სვლით და მძიმე, მაგრამ ნარნარი, “ხრაშუნის” გარეშე. ასეთი სასხლეტის მოთვინიერება შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს ახალბედა მსროლელისთვის, მაგრამ როგორც კი მიხვდებით სასხლეტის დამუშავების სწორ ტექნიკას საქმე სწრაფად წინ წავა და ჯგუფები “ჯადოსნურად” შემჭიდროვდება.

20170606_195337

სროლით ტესტირება ხდება დაწოლილი მდგომარეობიდან და მოუმზადებელი პოზიციიდან. ისე, როგორც შეიძლება რომ მოგიწიოს ტაქტიკური/თავდაცვითი კარაბინის გამოყენება, თუ ამის საჭიროება დადგება. არავითარი ბენჩები, ბიპოდები (თუ ის არ არის იარაღის განუყრელი ნაწილი) სადგარები და მაგიდები რომლის ქვეშ შეგიძლია მოათავსო ღიპი რომ ხელს არ გიშლიდეს. თუ ამის შესაძლებლობა არის შესაძლებელია მჭიდზე დაყრდნობა.

50 მეტრის შემდეგ დადგა 100 მეტრზე სროლის ჯერი. 4 გადიდებიანი “ბაშნელი” ცხადია არ არის საუკეთესო არჩევანი იმისთვის, რომ ბოლომდე ნახო სიზუსტის პოტენციალი მაგრამ თუ სამიზნე კონტრასტულია და ძალიან პატარა არ არის, როგორც წესი შესაძლებელია ძალიან კარგი ჯგუფების მიღება. 60 გრანიანი Hornady V-max-ით მივიღეთ 5 სმ-ნი ჯგუფი, სტანდარტული 62 გრანიანი FMJ ვაზნით 5სმ, 69 გრანიანი SMK – 5.5 სმ.  სტაბილური სიზუსტე სხვადასხვა ვაზნებით სროლისას, ფლაიერების არ არსებობა, საიმედოობა, ასეთი შედეგით არ შეიძლება რომ იყო უკმაყოფილო. შესაძლებელია ჯგუფების შემჭიდროება? უდაოდ. კარგი ოპტიკა, კარგი სასხლეტი, კარგი სადგარი, ცოტა ექსპერიმენტირება სხვადასხვა მუხტებით და დარწმუნებული ვარ ეს იარაღი სიზუსტით მიუახლოვდება საასპარეზო შაშხანას.  ჩვენ გეგმებშია “1776-ის ეტაპობრივი მორგება მსროლელზე, “აბკატკების” ვუდუს, ფანატიზმის და რადიკალური კასტომიზაციის გარეშე, იმისთვის რომ შევინარჩუნოდ კარაბინის მსუბუქი წონითი კატეგორია და ტაქტიკური/თავდაცვითი კარაბინის ფორმატი. კარგი ღვედი, “შუქი” და ოპტიკა, არის ის რაც გვაქვს გეგმებში. დამატებითი ტესტირება 200 და 300 მეტრზე ასევე დაგეგმილია და სტატია განახლდება შესაბამისად. რა თქმა უნდა არანაირ დაბრკოლებას , სროლის დროს ადგილი არ ჰქონდა, იარაღმა საათივით იმუშავა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო.  მგონი აზრი არ აქვს კიდევ ერთხელ AR-15-ის ერგონომიკაზე და სროლისუნარიანობაზე საუბარს. მიუხედავად იმისა, რომ იარაღი იწონის სულ რაღაც 2.9კგ-ს და არის ბუმბულივით მსუბუქი, უკუცემა მინიმალურია. ასეთი იარაღით შეგიძლია თუ გინდა მთელი დღე ტყეში თუ მთაში იხეტიალო და არ მგონია თუნდაც გულში, ჩუმად, ის ერთხელ მაინც დაწყევლო წონის გამო. იარაღის წონა ხშირად არ განიხილება როგორც სერიოზული ფაქტორი, მაგრამ ეს იმის გამო რომ ძალიან ბევრი მსროლელი დღეს ერთი მანქანით მიდის სასროლეთზე და მეორე მანქანით დასეირნობს პოზიციიდან სამიზნეებამდე. ჩვენი ფილოსოფია განსხვავებულია და მიგვაჩნია, რომ იარაღი უნდა იყოს საკმარისად მსუბუქი რომ გაიარო დღეში 10 კილომეტრი და არ მოგინდეს მისი ხევში გადაგდება.

ამჯერად აშშ-ის შეიარაღებული ძალების ძირითადი საბრძოლო შაშხანა არის M4A1, რომლის მიმწოდებელიც არის FN-ი. M4A1 მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ განსხვავდება ვიზუალურად XM177-სგან, რომლითაც მწვანე ბერეტები და “ზღვის ლომები” ომობდნენ ვიეტნმაში, ათი თავით მაღლა დგას ვიდრე მისი წინადმორბედები, უამრავი ძნელად შესამჩნევი ტექნიკური და ტექნოლოგიურ ცვლილების წყალობით.  M4A1 დღესდღეისობით არის ყველაზე ბრძოლაში გამოცდილი და ჩემი აზრით საუკეთესო 5.56 კალიბრის საბრძოლო შაშხანა/კარაბინი  მსოფლიოში და თუ ეს მადლი ცოტათი მაინც გადმოვიდა FN-ის სამოქალაქო იარაღებზე, მაგას რა ჯობია.

shootrscentral.ge-ს დასკვნა. FN “1776″ არის საბაზისო კომპლექტაციის მქონე მაგრამ არა “ბიუჯეტური” AR-15. შესრულებული მაღალი ხარისხით, კარგი კომპონენტებისგან აწყობილი ის წარმოადგენს კარგ ბაზას ტაქტიკური თუ თავდაცვითი ან თუნდაც “გაზუსტებული” AR-15-ის ასაწყობად, ისე რომ არ იქნება საჭირო მისი ძირითადი კომპონენტების გამოცვლა. მთავარ ნაკლს ჩვენი აზრით წარმოადგენს წინა სამიზნე მოწყობილობის არ არსებობა და მიუხედავად ამისა, რომ ის მიანც დაკომპლექტდა სტანდარტული ტიბჟირით. ყოველლგვარი მოდიფიკაციების გარეშეც, “1776″ თავისი 3კგ-ზე ნაკლები წონით და სტაბილური სიზუსტით არის შესანიშნავი 5.56 კალიბრის თაქტიკური/თავდაცვითი კარაბინი. “1776″ სავსებით შეესაბამება FN America-ს დევიზს ““Military Born, FN Manufactured” (“დაბადებული სამხედროდ, დამზადებული FN-ის მიერ”).

რა უნდა ვიცოდეთ AR-15-ის ბუფერებზე?

Monday, June 5th, 2017

assembufar15

თავდაპირველად ბუფერი AR-15-ში სხვა არაფერი იყო თუ არა თავისებური „ინტერფეისი“ საკეტსა და დამაბრუნებელ ზამბარას შორის. მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ ეს დეტალი ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს იარაღში ვიდრე ყველას ეგონა. განთავსებული დამაბრუნებელ ზამბარას და საკეტს შორის ის ასრულებს ბევრ ფუნქციას. ის ამცირებს მოძრავი ნაწილების სიჩქარეს, მუშაობს პრაქტიკულად ისევე როგორც თავისუფალი საკეტი, ანუ თავისი მასით რაღაც მომენტამდე არ აძლევს საკეტს უკან წასვლის საშუალებას. მის კუდში განლაგებული პლასტმასის „ბალიში“ იცავს ბუფერის მილს (ტექნიკურად ამ ნაწილეს ეწოდება რესივერის გაგრძელება) დარტყმებისგან და ბოლოს რაც მთავარია, ის არის საკეტის ასხლტომის საწინააღმდეგო მოწყობილობა. ეხლა ყველაფერზე დაწვრილებით და თანმიმდევრობით.

როგორც სურათიდან ხედავთ, ბუფერის შიგნით განლაგებულია წონები, რომლებიც იქით-აქით დადიან. ეს გაკეთებულია იმისთვის რომ გაუქმდეს „საკეტის ასხლტომა“ (bolt bounce).  გასროლის მომენტში ბუფერი საკეტის ზემოქმედების შედეგად იწყებს უკან მოძრაობას, ახდესნ გასროლილი მასრის ამოგდებას, კუმშავს დამაბრუნებელ ზამბარას, რომელიც შემდგომ იწყებს დაგროვილი ენერგიის დაბრუნებას და იწყებს ბუფერის და საკეტის უკან დაბრუნებას. საკეტი გასროლილი წინ, იღებს ახალ ვაზნას მჭიდიდან, აწვდის მას სავაზნეში ეჯახება ლულას და სწორედ ამ მომენტში ხდება მისი ასხლტომა ლულიდან. ზამბარის ზემოქმედებით ის ისევ ბრუნდება წინ და საბოლოოდ „წყნარდება“ ჩაკეტილ მდგომარეობაში. ეს ესხლტომა ხდება წამის მეასედებში ალბათ, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში საკეტი არ არის ბოლომდე დახურული. ერთჯერად რეჟიმში სროლისას ეს არ ქმნის პრობლემების, იმიტომ რომ ადამიანისთვის ფიზიკურად შეუძლებელია დააჭიროს სასხლეტს ისეთი სისწრაფით რომ დაასწროს საკეტის საბოლოოდ ჩაკეტვას, მაგრამ ჯერებით სროლისას ეს წარმოშობს პრობლემებს, რაც ეგერევე გამოჩნდა იარაღის ჯერებით სროლისას ტესტირების დროს. საქმე იმაშია, რომ როდესაც საკეტი ბოლომდე დახურული არ იყო, მას „ეწეოდა„ ჩახმახი და ის თავისი ენერგიით ხურავდა მას ბოლომდე, მაგრამ ენერგია საკმარისი არ იყოს რომ ნემსას მიეღწია ამაალებლამდე და ხდებოდა მტყუნება. ტიპიური დაბრკოლება ასეთი სიტუაციის დადგომისას გამოიხატებოდა ჯერის გაწყვეტაში, ჩახმახი რჩებოდა დაშვებულ მდგომარეობაში, ხოლო სავაზნეში რჩებოდა ვაზნა. სწორედ იმისთვის რომ გაეუქნებინად „საკეტის სხლტომა“ ბუფერში მოათავსეს წონები, რომლებსაც აქვთ მოძრაობის გარკეული თავისუფლება. საკეტის დახურვისას ჯერ მას მოსდევს ბუფერი, ხოლო წონები ინერციით გადანაცვლებულია მის კუდში და როგორც კი ბუფერი „დააჯდება“ საკეტს, რომელიც აპირებს ასხლტომას, წონები ბუფერში ისევ ინერციით იწყებენ წინ მოძრაობად და „დააჭედებენ“ საკეტს თავის ადგილას ისე რომ არ მისცემენ მას ასხლტომის საშუალებას. სხვათაშორის „საკეტის სხლტომის“ პრბლემა წარმოიშვა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატებში როდესაც მასიურად გადავიდნენ შტამპვით დამზადებულ რესივერებზე და ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით “AKM”-ში გაჩნდა ჩახმახის შემანელებელი, მოწყობილობა რომელიც ანელებს ჩახმახს და აძლევს მას საშუალებას “დაეცეს” საკეტზე მას მერე რაც ის დაწყნარდება. ამის გამო ამ დეტალს ხშირად არასწორედ უწოდებენ სროლის ტემპის შემანელებელს, თუმცა ის სხვა დანიშნულებით გაჩნდა “АКМ”-ში.

bufdecons

კარაბინის ბუფერის მოწყობილობა

საკეტის ასხლტომის და იარაღის მტყუნების პრობლემამ კიდევ რამდენჯერმე იჩინა თავი, როდესაც აშშ-ის ჯარი გადავიდა უფრო სწრაფი დენთის მარკაზე, რომელმაც გაზარდა მოძრავი ნაწილების სიჩქარე და კიდე მოგვიანებით, როდესაც ლულები დამძიმდა და ასხლტომის ხარისხმა იმატა. რაც უფრო მძიმე მასა (დამძიმებული ლულის ფორმით) ხვდება საკეტს წინ მით უფრო მეტია ასხლტომის ხარისხსი. ყველა ამ შემთხვევაში ბუფერი მძიმდებოდა და პრობლემაც ქრებოდა. აზრი არ აქვს ზუსტი თარიღების მოყვანას რა დროს და რა წონით გაიზარდა ბუფერის წონა, მკითხველისთვის ეს თეორიულ-ისტორიული ფატქები ალბათ არ არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ შაშხანის ბუფერის დახვეწა მოხდა ამ იარაღის შეიარაღებაში მიღებიდან ადრინდელ ეტაპზე, ხოლო კარაბინის ბუფერის ევოლუცია/დამძიმება მიმდინარეობდა მისი კონსტრუქციის ევოლუციის პარალელურად, რაც ბუნებრივი პროცესია.

buf12

ცხადია არ შეიძლება ბუფერის წონის უკონტროლო გაზრდა. რაღაც ზღვრამდე მძიმე ბუფერი ამცირებს უკუცემას, პატრონი გახარებულია ამ ეფექტით, მაგრამ შემდეგ ხდება ისე, რომ დენთის აირების ენერგია აღარ არის საკმარისი, რომ იარაღი საიმედოთ გადაიტენოს. გარდა ამისა თუ ცხელ კლიმატში როდესაც დენთის აირების წნევა მაღალია  მძიმე ბუფერი შეიძლება კარგად მუშაობდეს, ყინვაში როდესაც დენთის წვის დინამიკა იცვლება, წნევა კლებულობს და შეიძლება იარაღმა ზედმეტად მძიმე ბუფერით, უბრალოდ შეწყვიტოს მუშაობა.

ეხლა მოდით გავერკვიოთ ბუფერის მოწყობილობაში და მის წონებში. ბუფერი შედგება კორპუსისაგნ, პლასტმასის „ბამპერისგან“ და ცილინდრული წონებისგან რომელბიც განლაგებულია კორპუსის შიგნით. წონები მილ-სპეკ ბუფერებში არის ორი ტიპის, რკინის და ვოლფრამის.  ვოლფრამი უფრო მძიმეა და ერთი ვოლფრამის წონა უდრის ორი რკინის წონის  მასას.

რაც შეეხება ბუფერების წონებს ისინი იცვლება გამომდინარე იქიდან ვინ და რისთვის უშვებს კონკრეტული მოდელის ბუფერებს. ის ფაქტი რომ ბუფერი ცვლის უკუცემის ხარისხს ბევრმა კომპანიამ გამოყარა ბაზარზე თავისი „უნიკალური“ და „ჯაოსნური“ ბუფერები მათ შორის ეკზოტიკური კონსტრუქციის, მაგალითად ჰიდრავლიკური ბუფერები, ამიტომ საქმე რომ გაგიადვილოთ ჩვენ მოგიყვებით „mil-spec“ ბუფერებზე, რომლებიც გამოიყენება სამხედრო იარაღში და ჩემი აზრით მხოლოდ მილ-სპეკ ბუფერები უნდა გამოიყენოთ თავდაცვით/ტაქტიკურ კარაბინებში.

როგორც გითხარით ბუფერი თამაშობს კრიტიკულ როოლს საიმედოობაში მხოლოდ ჯერებით სროლისას. გამომდინარე იქიდან, რომ მსროლელი ვერასდროს ვერ მოასწრებს გასროლას საკეტის საბოლოო დაწყნარებამდე, ამიტომ „ოქროს წესად“ ითვლება შაშხანაში სტანდარტული შაშხანის ბუფერის გამოყენება, ხოლო კარაბინში მოკლე ბუფერის მილით – ე.წ. H ბუფერის გამოყენება. პირველის წონა 150 გრამია, მეორის 107 გრ. ეხლა რაც შეეხება ბუფერის წონებს. თუ შაშხანის ბუფერი სტანდარტულია და იწონის 150 გრამს, კარაბინის ბუფერების 4 ოფიციალური (mil spec) „წონითი კატეგორია“ არსებობს.

სტანდარტული – სამი რკინის წონით – 85 გრ

H ბუფერი – ორი რკინის წონა და ერთი ვოლფრამის – 107 გრ

H2 ბუფერი – ორი ვოლფრამის წონ და ერთი რკინის – 121 გრ

H3 ბუფერი – სამი ვოლფრამის წონა – 141 გრ.

როგორც წესი სტანდარტული ბუფერი არ არის მარკირებული ხოლო დანარჩენები მარკირებულია ტიპის მითითებით (H, H2, H3).

კითხვა რა წონის ბუფერი გამოიყენოთ თქვენ კარაბინში შეიძლება იყოს რთული მოკლე პასუხის გასაცემად. ჩემი აზრით რაც უფრო მძიმე ბუფერია, მით უმჯობესია, ცხადია იმის გათვალისწინებით, რომ იარაღი საიმედოთ მუშაობს. მაგრამ 4 ბუფერის შეძენა და შემდგომ ვაზნების ხარჯვა იმის დასადგენად, რომელ ბუფერზე მუშაობს იარაღი საუკეთესოდ და რომელზე არა, ალბათ არის რთული, ხანგრძლივი და ძვირადღირებული გზა. როგორც ვთქვი, კარაბინებზე 14.5-16.5 ინჩიანი ლულით, პირდაპირი შეფრქვევის სისტემით და 7 ინჩიანი დენთის აირების მილით, უმჯობესი იქნება მინიმუმ H ბუფერის გამოყენება. 10-11 ინჩიან კარაბინებში H2 ან H3. რატომ არა სტანდარტული ბუფერი? იმიტომ, რომ ბევრი მწარმოებელი იყენებს დენთის აირების ბევრად უფრო განიერ ნასვრეტს იმისთვის, რომ უზრუნველყოს მუშაობა იაფ, დაბალმუხტიან ვაზნებთან და სტანდარტული ბუფერი უბრალოდ არ არის საკმარისი, რომ დაიცვას კარაბინის ნაწილები (ექსტრაქტორი, საკეტის თავაკი, ბუფერის მილი) ზედმეტი ცვეთისგან. აღსანიშნავია, რომ დგუშიანი AR-15-ი იყენებენ ორიგინალურ უფრ მძიმე ბუფერებს, იმიტომ რომ უკუცემის იმპულსი არის ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე რბილად მომუშავე პირდაპირი შეფრქვევის სისტემაში. კარგი მწარმოებლისგან ნაყიდი კარაბინი იქნება თავიდანვე აღჭურვილი საჭირო სპეციფიკაციების მქონე ბუფერით.

კომერციული მწარმოებლის ბუფერების კონსტრუქცია, წონა და შიგთავსი შეიძლება იყოს კარდინალურად განსხვავებული და მათი მიმოხილვა ცილდება ამ სტატიის მიზნებს. ჩემი აზრით თავდაცვით/თაქტიკურ კარაბინში უნდა გამოიყენოთ მხოლოდ mil-spec ბუფერები კარგი მწარმოებლისგან. იარაღი აღჭურვილი ასეთი ბუფერით იმუშავებს საიმედოთ მიუხედავად ვაზნისა და კლიმატური პირობებისა. უსახელო მწარმოებლის ბუფერების გამოყენებას არ გირჩევთ. შეიძლება ასეთი იაფფასიანი ბუფერი არ ჯდებოდეს წონის სპეციფიკაციებში ან ის შეიძლება უბრალოდ დაიშალოს იარაღში. ხარისხიან ბუფერი ღირს  10-დან 20 დოლარამდე და მასზე ეკონომია არ ღირს.  მეორეს მხრივ სპეციალიზირებულ საასპარეზო, სპორტულ იარაღში, ვისაც რა უნდა იმას იყენებს. AR-15-ის ავტომატიკის სქემა იძლევა საშუალებას „დანასტროიკების“ როგორც, ავტორბოლების მოყვარულები იტყოდნენ და ამიტომ სპორტსმენები და უბრალოდ ენთუზიასტები ექსპერიმენტირებენ სხვადასხვა წონის ბუფერებით, დენთის აირების სისტემებით და ასე შემდეგ, რომ მიიღონ იარაღი სასურველი მახასიათებლებით. პრინციპში ეს არის სულ რისი თქმაც შეიძლება AR-15-ის ბუფერზე და მის როლზე იარაღის საიმედო მუშაობაში.

რაც შეეხება დამაბრუნებელ ზამბარებს, აბსოლუტური უმეტესობა სტანდარტულია, და მზადდება ორი ტიპის მეტალისგან, უჟანგავი რკინა და ქრომ-სილიკონის ფოლადი. უკანასკნელისგან მზადდება სარქველების ზამბარები ავტომობილის ძრავებში და მათი სიცოცხლის ციკლი არის პრაქტიკულად უსასრულო. უჟანგავი რკინისგან დამზადებული ზამბარები იცვლება ყოველი 5 000 გასროლის შემდეგ, თუმცა მათი რეალური რესურსი შეიძლება გაცილებით მეტიც იყოს. უჟანგავი ზამბარა ჯდება 10 დოლარამდე, ქრომ-სილიკონის ორჯერ მეტი. აქვე ისევ უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც საქმე მიდის AR-15-ის კომერციული წარმოების ნაწილებზე, სიტყვა სტანდარტულის გამოყენება შეუძლებელია და იგივე ეხება დამაბრუნებელ ზამბარებსაც. თუ ბუფერის მილი არასტანდარტული სიგრძის არის, შეიძლება გახდეს საჭირო არასტანდარტული ზამბარის გამოყენება. სწორედ ამიტომ, ადრეც და ეხლაც, მე ვიძახი, ტაქტიკური/თავდაცვითი კარაბინის აწყობისას მიყევით Mil-Spec-ის, სტანდარტს, რომელიც გამოიყენება აშშ-ის შეიარაღებაში მისაღები AR-15-ის სისტემის იარაღების წარმოებისას. ეს დაგაზღვევთ სხვადასხვა არასასიამოვნო სიურპრიზებისგან, და ასე აწყობილი იარაღი შეიძლება თავიდან „ფეისბუქზე“ პოზირებისთვის არ გამოდგეს მაგრამ სამაგიეროდ იმუშავებს უპრობლემოდ და კარგი ბაზა იქნება შემდგომი მოდიფიკაციებისთვის.

ბოლოს ორიოდე სიტყვა მინდა დავწერო ბუფერის მილზე (buffer tube) ან უფრო სწორად რესივერის გაგრძელებაზე (receiver extension), რაც ტექნიკურად უფრო ზუსტი ტერმინია თუმცა „ბუფერის მილი“ უფრო ხშირად გამოიყენება. ეს დეტალი გამოიყენება ცხადია კონდახის დასაყენებლად და ასევე მასში თავსდება ბუფერი და ზამბარა. ზედ მას აქვს ორი დამატებითი დეტალი, ქანჩი (custle nut) და  ჩამკეტი პლატა (lock plate), ორივე ეს დეტალი უზრუნველყოფს მილის ფიქსაციას რესივერზე („ლოუერზე“).  ორი სტანდარტის ბუფერის მილი არსებობს, mil-spec და კომერციული. პირველი მზადდება 7075-T6 ტიპის ალუმინისგან ჭედვით ხოლო კომერციული უფრო რბილი და იაფი 6061-T6 მარკის ალუმინსიგან ღარვის (ფრეზირების) მეთოდით. მილ-სპეკ მილის გარე დიამეტრი 29.17მმ, ხოლო კომერციულის 29.66მმ. განსხვავება მილის დიამეტრში  გამომდინარეობს მათი დამზადების ტექნოლგიიდან და გამოყენებული მასალიდან. კიდევ ერთი გამანსხვავებელი ნიშანია მილის დაბოლოება, კომერციული მილებზე დაბოლოება დახრილია, მაშინ როდესაც მილ-სპეკ მილებზე დაბოლოება სწორია.  ორივე ტიპის მილი დგება სტანდარტულ რესივერზე და იტევენ სტანდარტულ ზამბარებს და ბუფერებს. გარდა ამ ორისა კიდევ არსებობს ორიგინალური მილები, რომლებიც გამოიყენება ე.წ. “AR Pistols”-ში, უნიკალური იარაღში აშშ-თვის, რომლის არსებობა განპირობებულია უაზრო ნორმებით და იარაღის კლასიფიკაციის სისტემით. ასევე არსებობს ორიგინალური დასაკეცი კონდახის სისტემები, რომლებიც იყენებენ ასეთივე ორიგინალურ ბუფერის მილებს. ასეთი სისტემები იყიდება, როგორც ნაკრები, ანუ ყველაფერ რაც შეიძლება დაგჭირდეთ, ხანდახან ინსტრუმენტების ჩათვლით, უკვე შედის ნაკრებში. თავის დაზღვევის მიზნით ისევ მიყევით მილ-სპეკს.

კიდევ ერთ რამეზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება მილ-სპეკ სტანდარტზე და მის გამოყენებაზე. პირადად მე ვიყენებ mil-spec-ს, როგორც რწმუნებას რომ დეტალები წავა ერთმანეთზე და არა აუცილებლად როგორც რწმუნებას მაღალი ხარისხის. მილ-სპეკ სტანდარტები დაწერილია 60-ან წლებში და მას მერე ბევრი რამე შეიცვალა მასალებში და წარმოებაში. ბევრად უფრო უკეთესი მასალებია ხელმისაწვდომი და ბევრად უფრო დახვეწილი წარმოების მეთოდები. გარდა ამისა სამხედროებს უფრო სწორედ კი სახელმწიფოს ყოველთვის უნდა ყველაფერი იაფი და არა აუცილებლად ყველაზე კარგი.  ასე, რომ თუ ვსაუბრობთ მილ-სპეკზე როგორც ხარისხის საზომზე უყურეთ მაგას როგორც მინიმუმს ან საწყის წერტილს და არა როგორც ოქროს სტანდარტს.