Archive for March 8th, 2017

ჩვენი ტესტი – Norinco M54

Wednesday, March 8th, 2017

რა შეიძლება იყიდო 350 ლარად თბილისში? ფეხსაცმელების წყვილი ალბათ, ქურთუკი ან ძალიან საბაზისო „სმარტფონი“. იარაღის მოყვარულისთვის 350 ლარი საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. ამ ფასად მეორად ცალ-ლულიან თოფს თუ იყიდი ან თუ გაგიმართლა ნაწვალებ, ჩამოწერილ „მაკაროვს“, რომელსაც დაფარვის აღდგენის პროცესში ორიგინალური წარწერებიც კი არ ექნება შენარჩუნებული.  მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელი აღმოჩნდა ამ ფასად, ბევრად უფრო საინტერესო რამის შეძენა. კონკრეტულად კი „ნორინკოს“, ჩინური წარმოების საბჭოთა “TT”-ს კლონის, რომლებიც ჩვენთან იშოვება როგორც ორიგინალურ კალიბრში 7.62×25, ასევე 9×19-ზე გათვლილი. როგორც კლასიკური „TT“-ს ზუსტი ასლი ასევე ე.წ. „ტოკეჯიპტის“ კონფიგურაციაში, შედარებით უფრო კომფორტული სახელურით და საშინლად მოუხერხებელი და არაესთეტიური მექანიკური მცველით. სწორედ ეს პისტოლეტი ვიყიდეთ ჩვენ 350 ლარად და სწორედ მას კონკრეტულად და ასევე ზოგადად ტოკარევის სისტემის სხვა პისტოლეტებს ეძღვნება ეს სტატია.

ეგრევე უნდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში, რაც მე ვწერ იარაღებზე და კიდე უფრო ადრეც, სანამ ამას ყველაფერს დავიწყებდი, მე მქონდა შესაძლებლობა მესროლა ბევრი “ტოკარევიდან”. მქონდა პირად საკუთრებაში სამი ასეთი პისტოლეტი, საბჭოთა, იუგოსლავიური და ჩინურიც, უკანასკნელი 9მმ-ან ვარიანტში. მე ვერ ვიტყვი რომ კმაყოფილი ვიყავი იმით თუ როგორ მუშაობდნენ “ტოკარევები” ზოგადად და კონკრეტულად ჩემი ამ სისტემის პისტოლეტები. ასე გამოდის რომ “ტტ”-ზე მოდის ლომის წილი პრობლემების, რომლებიც მე მინახია ავტომატურ პისტოლეტებში. პირადი შთაბეჭდილება, რომელიც მე შემექმნა “ტოკარევებთან” ურთიერთობისას ისეთია, რომ ეს პისტოლეტი არის ნედლი და გარკვეულწილად პრიმიტიული იარაღიც კკი, რომელიც თანაც არ არის უსაფრთხო. მაგრამ ამავე დროს უნდა ვაღიარო, არის ამ პისტოლეტებში ისეთი რამე, რაც მაინც მიზიდავს და მაიძულებს ვიყიდო მორიგი “ტოკარევის”. ეს არის მაგალითად უკიდურესად კომპაქტური ზომები ასეთი ძლიერი იარაღისთვის, ასკეტური ფორმა და შესრულება, მარტივი მოწყობილობა, საკმადო საინტერესო ვაზნა და ჩინური პისტოლეტის შემთხვევაში ყველაზე დაბალი ფასი. ამიტომაც როდესაც მორიგი “ტოკარევი” გაჩნდა იმ ფასად რა დროსაც ლარი “ლარობდა” მე ზედმეტი ფიქრების გარეშე ვიყიდე ის, Norinco M54, ორიგინალურ კალიბრში და ორ მჭიდით, 350 ლარად.

ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტებს უშვებდა უამრავი ქვეყანა, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ჩრდილო კორეა, პაკისტანი და ასე შმდეგ,  ხოლო ჩინური „ტოკარევების“ ისტორია იწყება 1951 წელს, როდესაც ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეიარაღებაში მიიღეს შენგიანგში განლაგებული ნომერ 66 ქარხნის მიერ წარმოებული პისტოლეტი, მოდელი „მ51“. ეს პისტოლეტი იყო საბჭოთა TT-33-ის ზუსტი ასლი და მისი წარმოებისას გამოიყენებოდა, როგორც ადგილობრივი ასევე საბჭოთა წარმოების ნაწილები. 1954 წელს დაიწყო გაუმჯობესებული პისტოლეტის წარმოება ინდექსით M54, რომელიც ამჯერად იყენებდა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ნაწილებს. ლიტერატურაში და ვებ-რესურსებზე წერენ რომ მოდელი 54 იყო გაუმჯობესებული ვარიანტი, მაგრამ რაში მდგომაროებდა გაუმჯობესება მე ვერ დავადგინე ვინაიდან მოდელი 54 ერთი შეხედვით საბჭოთა “ტტ”-ს პრაქტიკულად ზუსტი ასლია. მოდელი 54 ასევე გამოდიოდა შეზღუდული რაოდენობით 9მმ-ან ვარიანტშიც, გათვლილი 9×19 Luger ვაზნაზე.  იმისთვის რომ “ტტ” გახადოთ 9მმ-ნი, მინიმუმ საჭიროა უბრალოდ ლულის და ალბათ დამაბრუნებელი ზამბარის გამოცვლა.

მოდელი 54 კალიბრში 7.62, იყო და შეზღუდულად დღემდე არის, სტანდარტული სამხედრო პისტოლეტი ჩინეთის სახალხო-გამანთავისუფლებელ არმიაში. გარდა ამ მოდელებისა სახელმწიფო საწარმო NORINCO დღემდე უშვებს ანალოგიური კონსტრუქციის კომერციულ 9მმ-ან პისტოლეტებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ინდექსები NORINCO Model 201C, NORINCO Model 213, NORINCO TU-90, NORINCO NP-10, NP-17 და M20, გააჩნია რომელ ქვეყანაში და რა დროს იყიდებოდა. სულ ყველა აგებულია M54-ის ბაზაზე და ცვლილებები მათ შორის ძალიან უმნიშვნელოა. პრაქტიკულად პისტოლეტს დაემატა მხოლოდ მექანიკური მცველი და შედარებით უფრო ერგონომიული სახელურის პანელები. ამ ინდექსებით ეს პისტოლეტები იყიდება პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში და 1993 წლამდე აშშ-იც, სანამ „ნორინკო“ არ მოექცა სანქციების ქვეშ ირანისთვის აკრძალული ტიპის პროდუქციის მიყიდვისთვის და შესაბამისად მისი პროდუქციის იმპორტი აშშ-ში შეწყდა. გარდა ამისა “ნორინკო” აღმოჩნდა ჩართული სკანდალში, რომელიც უკავშირდებოდა ავტომატური იარაღით ამერიკული კრიმინალური ორგანიზაციების მომარაგებას. 1996 წელს ამერიკაში დააკავეს რამდენიმე იარაღით მოვაჭრე, რომელბსაც უპოვეს “ნორინკოს” წარმოების ავტომატური იარაღის მსხვილი პრტიები, რომლის მიყიდვასაც ისინი აპირებდნენ მაფიისთვის და სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებებისთვის. მინიმუმ ერთმა დაკავებულმა დილერმა განუცხადა აგენტებს, რომ ჩინეთის მთავრობა ფლობდა სრულ ინფორმაციას ამ უკანონო გარიგებებზე. მოგეხსენებათ China Northern Industrial Corp. ან შემოკლებულად Norinco, არის ჩინეთის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმო. საწარმო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არის გიგანტური, მასში დასაქმებულია 270 000 მეტი ადამიანი. რა თქმა უნდა ეს ხალხი არ არის მარტო სხვადასხვა იარაღების კლონების წარმოებით დაკავებული და ასევე უშვებს მძიმე შეიარაღებას, ტანკებს და ა.შ.

fa_psl

უნგრული TT-58 გათვლილი 9×19 Luger-ზე  და ცნობილი სახელით “Tokegypt” იყო პირველი 9მმ-ნი ტოკარევი, დამზადებული სპეციალურად ეგვიფტესთვის. „ნორინკოს“ 213-ე  მოდელი პრაქტიკულად „ტოკეჯიპტის“ ასლია.  ერთ-ერთი ვერსიით 213-ე მოდელზე მცველის გაჩენა უკავშირდება აშშ-ში მისი გაყიდვის უფლების მოპოვებასაც. 9მმ-ნი მოდელი 213 ყველაზე გავრცელებული ჩინური “ტოკარევია” საქართველოში. 7.62 კალიბრის M54 გაცილებით უფრო იშვიათია.  

„ნორინკოს“ პისტოლეტები მოხდა ასევე საქართველოში.  ჩვენთან ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი მოდელი არის „213“, 9მმ-ან ვარიანტში, ‘ტოკეჯიპტის“ სტილის სახელურით და მექანიკური მცველით. სამი-ოთხი წლის წინ ასეთი პისტოლეტი შეძენა შესაძლებელი იყო სულ რაღაც 319 ლარად. ამ ფასში მოგივიდოდათ ახალი პისტოლეტი, ერთი მჭიდით, მოთავსებული მუყაოს და პენოპლასტის ყუთში, შომპოლთან და ინსტრუქციასთან ერთად.

003-5

9მმ-ნი Norinco 213 გაყიდული აშშ-ში. “KSI Pomona” არის კალიფორნიული იმპორტიორი კომპანიის დამღა. 

ჩინური კლონების გარდა, საქართველოში ასევე იყო ხელმისაწვდომი, როგორც ორიგინალური საბჭოთა „ტოკარევები“ (ფასი ამ სტატიის დაწერის პერიოდში, 700-900 ლარი ნორმალურ/კარგ მდგომაროებაში მყოფ მოდელში) ასევე იუგოსლავიური წარმოების კლონები, საიდანაც იუგოსლავიური Zastava Arms-ის პისტოლეტები (M57 და მისი მოდიფიკაციები) ყოველთვის ყველაზე ძვირი ღირდა და ამ მომენტისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ მეორად ბაზარზე, 900-1300 ლარის ფარგლებში. შესაძლებელია საქართველოში მოხდა „ტოკარევების“ კლონები სხვა ქვეყნებიდანაც მაგრამ მე ასეთები არ შემხვედრია. ალბათ ასეთი სხვაობა ფასებში ითხოვს ჩვენგან დეტალურ ახსნას თუ არა კომენტარის გაკეთებას მაინც. საბჭოთა „ტოკარევები“ ბოლო 10 წელი არასდროს არ იყიდებოდა საქართველოში 600 ლარზე ნაკლებად. ბუნებრივია, რომ წარმოშობის გამო ყველაზე დიდი მოთხოვნა და ყველაზე ფართო გავრცელება სწორედ საბჭოთა წარმოების პისტოლეტებს ერგოთ, რომლის იმპორტირებაც საქართველოში ხდებოდა რუსეთიდან და უკრაინიდან. ამავე დროს ვიზუალურად ყველაზე ლამაზი და დახვეწილი პისტოლეტები იუგოსლავიური ‘ზასტავებია“, რაც შედარებითი იშვიათობასთან ერთად განაპირობებს მაგათ მაღალ ფასს. შესრულების მხრივ, საბჭოთა „ტოკარევები“ ძალიან მოიკოჭლებენ. ომის დროს გამოშვებული პისტოლეტი ზოგადად საშინლად დაბალი ხარისხის არიან და ძალიან ცუდათ არიან შესრულებულები. თავის მხრივ ომამდე გამოშვებული და ომის შემდეგ გამოშვებულებს შესრულება აქვთ კარგი, საიდანაც ბოლო წლების (51-52) იჟევსკის გამოშვებები ხარისხით და შესრულებით არიან საუკეთესო საბჭოთა გამოშვების „ტოკარევებს“ შორის (სულ საბჭოთა კავშირში „TT”-ს სამი ქარხანა უშვებდა, ტულის, იჟევსკის და კოვროვის). გამომდინარე იქიდან რომ საბჭოთა ‘ტოკარევები“ „სურპლუსია“ ანუ ყოფილი სამხედრო იარაღებია მათი მდგომარეობა შეიძლება იყოს როგორც კარგი ასევე ნაცვეთი ან უბრალოდ უვარგისი. ჩემი გამოცდილებით საბჭოთა  „ტოკარევები“ ყველაზე პრობლემური პისტოლეტებია საიმედოობის მხრივ, იმიტომ რომ მათი დიდი პროცენტი სავალალო ტექნიკურ მდგომარეობაშია, ხოლო ომის დროს გამოშვებულები ძალიან დაბალი დონის შესრულებით ხასიათდებიან. ყველაფერი ეს ცხადია პირდაპირ მოქმედებს მათ საიმედოობაზე.

DSC08292

იუგოსლავიური „ზასტავა მ57“, კარგი პისტოლეტია, მაგრამ არასტანდარტული ტარი ითხოვს შესაბამის უფრო გრძელ მჭიდებს, რომლებსაც აქ ვერ იშოვით. შედარებით გრძელი და ამის გამო უფრო ერგონომიულ ტარში თავსდება 9 ვაზნიანი მჭიდი. 

IMG_1482

 1952 წელს იჟევსკში გამოშვებული „TT“ გამოირჩეოდა ძალიან მაღალი შესრულების დონით, კარგი სიზუსტით და აბსოლუტური საიმედოობით.

side

ომის დროს გამოშვებული საბჭოთა „TT“. დააკვირდით რამდენად არაზუსტად არის დეტალები დამზადებული. შიგნიდან პისტოლეტი კიდე უფრო უარესად გამოიყურება. ასეთ თუნდაც პრაქტიკულად ახალი პისტოლეტები ხასიათდებიან პრობლემური საიმედოობით და შედარებით ცუდი სიზუსტით.

საქართველოში ცხადია ჩინურ TT-ს არ აქვს განსაკუთრებული სიმბოლური ღირებულება,  მაგრამ ის არის ახალი, ის არის იაფი, ვიზუალურადაც კარგად გამოიყურება  და ის არის როგორც 7.62 ასევე 9მმ-ან კალიბრში. მაგრამ როგორ მუშაობს ის? არის ის კარგი შენაძენი თუ “ჩინური ნაგავია” რომელსაც არ უნდა გაეკარო? სიმართლე გითხრათ ნებისმიერი “ტტ”-ს შეძენისას არ არის არანაირი გარანტია რომ იარაღი უპრობლემოდ იმუშავებს და ამიტომ “ტტ”-ს კაცი თუ იყიდისს, მხოლოდ იმისთვის რომ შეავსოს კოლექცია და/ან იშვიათად ისროლოს მიზანში და დატკბეს გასროლის ხმამაღალი ხმით, იმიტომ რომ ჩემი აზრით სხვა როლში ამ პისტოლეტის წარმოდგენა რთულია. იქნება ბევრი “ტტ”, რომელიც ნორმალურად იმუშავებს მაგრამ იმ “ტოკარევების” რიცხვიც ბევრია, რომელიც არ მუშაობს. როდესაც საუბარია ნებისმიერ ბიუჯეტურ იარაღზე არის შესაძლებლობა რომ გერგოს გაუმართავი პისტოლეტი, ტექნიკური წუნებით ან პირიქით გაგიმართლოს და მიიღო მუშა პისტოლეტი, ასე რომ ასეთი იარაღის შეძენისას ლოტოს პრინციპი ნამდვილად მოქმედებს. ჩვენც გადავწყვიტეთ მეცნიერების და თქვენი ცნობის მოყვარეობის ხათრით ეს ლატარეა გვეთამაშა და ხანმოკლე გაფორმების პროცედურის შემდეგ ჩინური “ტოკარევი” გადმოვიდა ჩვენ საკუთრებაში და ამიტომ სტატია გავაგრძელოთ სწორედ ამ პისტოლეტის აღწერით.

P1080209

ჩვენი მორიგი მიმოხილვის ობიექტი, ჩინური წარმოების „კლასიკური“ კონფიგურაციის Norinco M54. ჩემი აზრით ასეთი პისტოლეტი უკვე გადის საკოლექციო იარაღში, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ კონფოგურაციაში “ნორინკოს” პისტოლეტები ძალიან იშვიათია.

როგორც უკვე აღვნიშნე, მოდელი M54 არის ყველაზე სასურველ, კლასიკურ კონფიგურაციაში, საბჭოთა ტიპის სახელურით და მექანიკური მცველის გარეშე. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ დეტალების გარკვეული თავსებადობაც უნდა იყოს. პისტოლეტი უპრობლემოდ იღებს საბჭოთა წარმოების მჭიდებს, რაც კარგია იმის გათვალისწინებით, რომ ის იყიდება როგორც წესი ერთი მჭიდით. უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს ერთი მოდელის პისტოლეტებს შორის სრულად თავსებადი დეტალების წარმოება პრობლემური იყო ასე, რომ თუ “ნორინკოს” რამე გაფუჭდა წავა საბჭოთა წარმოების დეტალი, რომელსაც შეიძლება მცირე მორგება დაჭირდეს. პისტოლეტი მარცხენა მხარეს დატანილია საკმაოდ ლამაზად შესრულებული სერიული ნომრები და საფირმო წარწერები “ნორინკოს” ლოგოთი. სავაზნე გარედან ასევე მარკირებულია შესაბამისი კალიბრით. მეტი მარკირებები ან დამღები პისტოლეტზე არ არის.

ტექნიკურად „ტტ“ აგებულია კოლტ-ბრაუნინგის სქემით, საიდანაც მას ერგო ჩაკეტვის სქემა ლულის ირგვლივ  განლაგებულ ორი საბრძოლო ბჯენის და საყურის გამოყენებით, რომელშიც გაყრილია საკეტის შემაკავებლის ღერძი. საკეტის წინა ნაწილში განლაგებულია “ბუშინგი”, რის გამოც “ტოკარევს” ერგო “კოლტ-ბრაუნინგის” დაშლის შედარებით რთული ალგორითმი. მოსახსნელ მჭიდში ჩადის 8 ვაზნა და ის ადვილად იშლება გასაწმენდად. ჩვენ პისტოლეტს მოყვა ორი მჭიდი, ერთი ორიგინაკური ჩინური და ერთიც საბჭოთა წარმოების. პისტოლეტი დაფარულია თხელი შავი ოქსიდირებით ხოლო ლულა რომლის სიგრძე 116მმ-ია ოქსიდირებული არ არის. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ტრადიციული, ერთმაგი მოქმედების არის. პისტოლეტს აქვს მხოლოდ ერთი მცველის ფუნქცია, ანუ ნახევრად-შეყენების შესაძლებლობა. ეს პისტოლეტი 1933 წელს დაიბადა, ხოლო იმ დროს ავტომატური მცველები დიდი იშვიათობა იყო ამიტომაც დიდი სიფრთხილე გმართებთ ასეთ იარაღებთან ურთიერთობისას. არსებული ლეგენდის თანახმად სემიონ ბუდიონიმ უბრძანა ტოკარევს ამოეღო კონსტრუქციიდან ავტომატური მცველი, რომელიც ჩაკეტავდა დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს, თუ ტარს ხელს გაუშვებდი. ეს საკმაოდ საინტერესო მოთხოვნაა, იმის გათვალისწინებით რომ აშშ-ში 1911 წლის „კოლტზე“ ასეთი მცველი გაჩნდა სწორედ კავალერისტების მოთხოვნით, როგორც უსაფრთხოების აუცილებელი ელემენტი. მე ვერ მოვიპოვე „ტოკარევის“ სურათი ავტომატური ტარის მცველით. შეიძლება ეს ისტორია უბრალოდ ლამაზი ლეგენდაა და მცდელობა მისი კონსტრუქტორის ფიოდორ ტოკარევის აშკარა შეცდომის სხვაზე გადაბრალების. ასე რომ გაითვალისწინეთ, “ტოკარევი” არ არის უსაფრთხო იარაღი! ხოლო ჩახმახი უნდა იუოს ნახევრად შეყენებულ მდგომარეობაში თუ ვაზნა სავაზნეშია, თუ ის ბოლომდე დაშვებულია, მსუბუქი დარტყმაც საკმარისია რომ იარაღმა გაისროლოს. ნახევრად შეყენებული ჩახმახით პისტოლეტზე იბლოკება საკეტი და მისი გამოწევა უკან შეუძლებელია. ეს ნორმალურია. თუ ნახევრად-შეყენებულ ჩახმახზე საკეტის გახსნა შესაძლებელია ესეიგი პისტოლეტი გამოსულია მწყობრიდან.  ტყვიის გავარდნის საფრთხის გამო იქ სადაც აღელვებდათ ადამიანის სიცოცხლე „ტოკარევის“ ტარება ვაზნით სავაზნეში იყო აკრძალული. არსებული ლეგენდის თანახმად კრიმინალისტიკის საბჭოთა სახელმძღვანელოში აღწერილი იყო “ტტ”-თან დაკავშირებული უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ტიპიური ჭრილობის და განგებ მიყენებული (самострел) ჭრილობის იდენტიფიცირების და გამორჩევის მეთოდოლოგია. არც სამეგობროში არ აღმოჩნდა პრობლემა მომეძებნა ხალხი, რომელიც გახდნენ მომსწრეები როგორ გაისროლა დავარდნილმა “ტოკარევმა” “თავისით”. სწორედ ამიტომ მე არავის არ ვაძლევ რეკომენდაციას განიხილოს ეს პისტოლეტი როგორც თავდაცვის ან სამსახურეობრივი იარაღი.

მიუხედავად ამისა მაინც, თავისი დროისთვის „ტოკარევი“ ითვლებოდა კარგ პისტოლეტად. კოლტ-ბრაუნინგის ავტომატიკის სქემის და 1903 წლის ბრაუნინგის ერგონომიკის დიზაინის გამოყენებით, ის გამოირჩეოდა სიმარტივით, ლაკონური ფორმებით, იყო თხელი და ვაზნების გარეშე იწონიდა 850 გრამს (სავსე მჭიდით 940 გრამს) და იყენებდა ძლიერ ვაზნას. კონსტრუქციის თავისებურებებს ასევე განეკუთვნებოდა ცალკე შესრულებული დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის მოდული, რომლის ამოღება და გაწმენდა ადვილი იყო. ასევე საბრძოლო ზამბარა განთავსებული ჩახმახის შიგნით, ხოლო ტარში დარჩა მასიური ბრტყელი ზამბარა რომელიც ასრულებდა სასხლეტის დამაბრუნბლის ფუნქციას. პისტოლეტის აქილევის ქუსლიც სწორედ საბრძოლო ზამბარა არის, განთავსებული ჩახმახის შიგნით, ის დიდ დატვირთვებს განიცდის და მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები არც ისე ცოტაა.  არ არის რეკომენდირებული მშრალად სროლაც, რომ არ გატყდეს დამრტყმელი ან ის ღერძი, რომელიც მას საკეტში აქვს გაყრილი და დამრტყმელს იჭერს.

P1080197

პისტოლეტის შესრულება არის დამაკმაყოფილებელი. შიგნიდან პისტოლეტი უხეშად არის დამუშავებული მაგრამ დეტალების მორგება კარგია, არაფერი არ თამაშობს, არ ხმაურობს, საკეტის და ლულის მორგება კარგია, მჭიდი მჭიდროდ ზის ტარში, ტარის პანელებიო მყარად არის დამაგრებული. პისტოლეტი ტოვებს “მყარი” საიმედო იარაღის შთაბეჭდილებას.  

ორი სიტყვით მინდა ასევე შევეხო პისტოლეტის შესრულების ხარისხს. ის ნამდვილად ვერ შეედრება „ზასტავის“ მიერ წარმოებულ პისტოლეტებს. ყველგან ეტყობა ინსტრუმენტის კვალი, დაფარვა არ არის საუკეთესო, შეიძლება სულ ახალ პისტოლეტს ქონდეს ნაკაწრები ან თუნდაც დაფარვის დეფექტები, მაგრამ ეს ყველაფერი ზომიერების ფარგლებშია, რაც ასეთი ფასის იარაღზე დასაშვებია. რაც მთავარია როგორც წესი ეს პისტოლეტები მუშაობენ პირდაპირ კოლოფიდან და ქლიბით დამუშავებას არ ითხოვენ. ასევე ეს პისტოლეტები გაცილებით უფრო უკეთესად გამოიყურებიან ვიდრე ომის დროს გამოშვებული საბჭოთა „ტოკარევები“. ასე რომ შესრულებით “ნორინკო” დგას „ზასტავას“ და ომის დროინდელ საბჭოთა „ტოკარევებს“ შორის და თითქმის ისეთივე კარგია როგორც ბოლო წლების საბჭოთა „ტოკარევები“. აღსანიშნავია, რომ  „ნორინკოს“ ძალიან კარგი ხარისხის ლულები აქვთ. რაც მე მინახია, უმეტესობას სუფთა პრიალა ლულის არხები და სავაზნეები ქონდა.  ასეთ ლულებს საბჭოთა „ტოკარევებზე“ იშვიათად თუ წააწყდებით ამიტომ ხშირად მფლობელს გონია რომ ჩინური “ტტ”-ს ლულები ქრომირებულია მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. არსებობს ინფორმაცია რომ ლულები იმ პისტოლეტებზე რომლებიც მიეწოდება ჩინეთის არმიას ქრომირებულია, მაგრამ ამის მყარი მტკიცებულება მე ვერ მოვიპივე. ასევე არსებობს მონაცემები რომ უახლესი 9მმ-ნი “ტოკარევების” ლულებიც ქრომირებულია, ყოველ შემთხვევაში ასე წერია კანადაში ნორინკოს იმპორტიორი კომპანიის ვებ-გვერდზე მაგრამ ყველა “ნორინკოს”, რაც მე მინახია ქონდა სუფთა პრიალა ლულა და არ ქონდა ქრომირება.

დანარჩენში „ნორინკო“ არის ტიპიური „იმ” ეპოქის პისტოლეტი. იმ ეპოქის, როდესაც სწრაფი გადატენვები და ტაქტიკურ-პრაქტიკული სროლის ტექნიკები ჯერ არ იყო გამოგონილი. პისტოლეტი ცოტათი უხეშია, ვიწრო და მოკლე ტარი ხელში არ ზის კარგად, მაგრამ ამავე დროს ყველაფერი მუშაობს მკაფიოდ. მჭიდის ღილაკი, საკეტის შემაკავებელი, ჩახმახი, მკაფიო „კლიკით“ გატყობინებენ თავიანთი მდგომარეობის შესახებ. მჭიდები თავისუფლად თავსდება პისტოლეტში და ასევე თავისუფლად ვარდება გარეთ მჭიდის ღილაკზე დაჭერის შემდეგ. კი კუთხეები პისტოლეტს ბასრი აქვს, დიახ სახელური ისეთი ერგონომიული არ არის, ცოტა მეტი ძალა გინდა რომ საკეტი უკან გამოწიო, მაგრამ მერე მაინც გახსენდება რა დაგიჯდა ეს პისტოლეტი და ასევე ის, რომ 7.62×25 ფოლადის გულით ხვრეტს სტანდარტულ რბილ ჯავშან-ჟილეტებს. ხვდები რომ ეს არ არის “ჯიბის” კალიბრის პიტოლეტი.  უყურებ მის სუფთა, ლაკონურ ფორმებს და ჩამოთვლილ ნაკლოვანებები უკვე ისე არ იქცევენ ყურადღებას. დიახ, ლაკონურობა, სიმარტივე და მცირე გაბარიტები, უფრო სწორედ პისტოლეტის სითხელე, არის ის რაც ყოველთვის მხიბლავდა “ტოკარევის” პისტოლეტში. გარდა ამისა მხილავს ისიც რომ ასეთ იაფ იარაღში ყველა დეტალი დამზადებულია ფრეზირების მეთოდით რაც დღეს ბიუჯეტურ იარაღში უბრალოდ აღარ ხდება. ძალიან ბევრს ხიბლავს ასევე 7.62×25 კალიბრის ვაზნაც, რომელიც “ტოკარევის” ორიგინალური და ალბათ ყველაზე გავრცელებული კალიბრია. ის პრაქტიკულად ზუსტი ასლია გერმანული 7.63×25 ვაზნის, იგივე .30 Mauser Automatic-ის, რომლის შემქმნელებიც არიან ძმები ფედერლეები, და შექმნეს მათ ეს ვაზნა 1896 წელს C96 ტიპის, მაუზერის კონსტრუქციის პისტოლეტისთვის. ბოთლის ფორმის მასრაში მოთავსებული იყო 86 გრანიანი მრგვალთავიანი ტყვია, რომელსაც გააჩნდა საწყის სიჩქარე 440 მ/წ-ის ოდენობით და ენერგია 545 ჯოულის ოდენობით. იმ დროისთვის და ეხლაც, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრები იყო. რუსეთში და შემდგომ საბჭოთა კავშირში მაუზერის პისტოლეტები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ და ამიტომაც  ეს ვაზნა აარჩიეს, როგორც სტანდარტული პერსპექტიული პისტოლეტ-ტყვიამფრვევისთვის და პისტოლეტებისთვის, რომლებიც საბჭოთა არმიას უნდა მიეღო მომავალში შეიარაღებაში. გარდა ამისა ამ არჩევანს ქონდა ასევე კონკრეტული ეკონომიკური მიზეზებიც. პისტოლეტის, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების, ტყვიამფრქვევბის და შაშხანების ლულების წარმოება შესაძლებელი იქნებოდა ერთი და იგივე დაზგა-დანადგარებზე რაც ამცირებდა დიდი ჯარის გადაიარაღების და მომარაგების ხარჯებს. არსებული მონაცემებით ახალი ვაზნის წარმოებისთვის საბჭოთა კავშირმა შეიძინა აუცილებელი დანადგარები და ლიცენზია გერმანიაში, პირდაპირ DWM-სგან. 30-ან წლებში, ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი ამ ვაზნას ეძახდნენ 7.62 კალიბრის მაუზერის ვაზნას. ზომებით ის პრაქტიკულად იდნეტურია მაუზერის ვაზნის, უბრალოდ იყენებს ბერდანის ამაალებლებს. უკვე 1953 წლიდან სსრკ-ში შეიარაღებაში მიიღეს ახალი ტიპის უფრო “ეკონომიური” ვაზნა, ბიმეტალის მასრით და ფოლადის გულით, ხოლო 53 წლამდე გული ტყვიის იყო. ითვლება რომ საბჭოთა ვაზნები შედარებით ძლიერი მუხტით არიან და შესაბამისად მეტი ენერგია აქვთ, ამიტომ მათი გამოყენება მაუზერის ვაზნაზე გათვლილ, განსაკუთრებულად ძველ იარაღებში არ არის რეკომენდირებული. ამის მიზეზი ჩემი აზრით გარდა უფრო დიდი წნევისა, ასევე არის ის რომ მასრა ბიმეტალის არის რაც მეტად ტვირთავს ექსტრაქტორს, ხოლო საბჭოთა დენთი არასტაბილურობით გამოირჩევა და შესაძლებელია წნევა კიდე უფრო მაღალ მაჩვენებელზე ადიოდეს ვიდრე ეს მითითებულია სპეციფიკაციებში, ასე რომ აქაც მოქმედებს დაუწრელი კანონი: საბჭოთა ვაზნები უნდა გამოიყენოთ მხოლოდ საბჭოთა იარაღში. ვისაც გაქვთ ორიგინალურ მაუზერის ვაზნაზე გათვლილი იარაღი, თუ ვერ შოულობთ ორიგინალურ ვაზნებს, გამოიყენეთ კომერციული, ახალი გამოშვების „ტოკარევის“ ამუნიცია და ისიც თუ იარაღი კარგ მდგომარეობაშია. შესაბამისად მაუზერის ვაზნების გამოყენება უპრობლემოდ შესაძლებელია „ტოკარევებში“, თუმცა ჩემი რჩევა იქნება თუ გაქვთ ორიგინალური მაუზერის ვაზნები, იპოვეთ C96-ის პატრონი და გადაუცვალეთ ეს ვაზნები მას.

რუსები რატომღაც თვლიან რომ 7.62TT-მ ჯერ კიდევ არ ამოწურა თავის პოტენციალი მაგრამ ჩემი აზრით ეს ასე არ არის. როგორ შეიძლება ვაზნამ, რომელიც დაიბადა 1896 წელს და დიდი ხნის წინ მოიხსნა შეიარაღებიდან, უწოდო პერსპექტიული? ბალისტიკაში არაფერი მუქთად არ არის. პირველ რიგში ტყვიის პატარა წონა ზღუდავს ამ ვაზნის ეფექტურობას, მისი დიდი სიგრძე ითხოვს შესაბამისად დიდ სახელურს. “ტტ-ს ვაზნის” ნაქები შეღწევის და გახვრეტის უნარი საერთოდ არასასურველი პარამეტრია სამოქალაქო იარაღისთვის.  ”ტოკარევი” ვაზნებით ფოლადის გულებით არის უბრალოდ სახიფათო ქალაქში. გასროლის ხმა და უკუცემა სუბიექტური შეფასებით უფრო დიდი ვიდრე 9×19 ვაზნის შემთხვევაში.  თანამედროვე მუხტები ექსპანსიური ტყვიით პრაქტიკულად არ იწარმოება. alloutdoor-მა ჩაატარა ტესტები იუგოსლავიური ექსპანსიური ვაზნებით და დაადგინა, რომ ჟელატინში 7.62 კალიბრის ტყვია ისეთივე ჭრილობის არხს ქმნიდა როგორც  .45 კალიბრის მთლიანად გარსით დაფარული ტყვია, მაგრამ შეღწევა იყო ნაკლები (რაც ბუნებრივია ექსპანსიური ტყვიისთვის რომელიც ამ კალიბრის შემთხვევაში თანაც ძალიან მსუბუქია). ხსენებულმა გამოცემამ ჩათვალა, რომ ეს ვაზნა ასეთ კონფიურაციაში ადეკვატურია თავდაცვისთვის. სამწუხაროდ ამ კალიბრის ექსპანსიური ვაზნის შოვნა საქართველოში და ალბათ დანარჩენ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია. მთლიანად გარსით დაფარული ტყვიის ტერმინალური ეფექტურობა თუნდაც ტყვიის გულით, არის საკმადო მცირე, რაც დასტურდება მეორე მსოფლიო ომში მიღებული გამოცდილებით.ყველაფერი ამის გამო ეს კალიბრი დღეს პრაქტიკულად მკვდარია. რომ არა მეორადი „ტოკარევების“ დიდი რაოდენობა, მისი წარმოებაც საერთოდ დიდიხანია შეწყდებოდა.

ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს, რაღაც გაძლიერებულ ვაზნებზე, რომლებიც გამოიყენებოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში და თუ გაისროდი მას პისტოლეტიდან ის გაიბზარებოდა, აფეთქდებოდა, გაფუჭდებოდა, გააჩნია ამ მითის რომელ რედაქციას კითხულობთ.  ოფიციალურად ასეთი განსაკუთრებული ვაზნა საბჭოთა კავშირში არასდროს არ არსებობდა, რა თქმა უნდა თუ არ ჩავთვლით П-41 ტიპის ჯავშან-გამტან ვაზნას, მაგრამ ასეთი ვაზნა აღჭურვილია შესაბამისად მარკირებული ტყვიით, რომლის თავი შეღებილია შავად წითელი ზოლით და ის არ აგერევათ სტანდარტულ ვაზნებში. ბევრად უფრო არეული მდგომარეობაა სხვა ქვეყნენში წარმოებულ ვაზნებთან. წერდნენ ბულგარულ და ჩეხურ ვაზნებზე ძალიან მაღალი წნევებით, რომელთა ტყვიის საწყისის სიჩქარე აღწევდა 500 და 560 მეტრს წამში. დეტალური ექსკურსი „ტოკარევის“ ამუნიციაში ცალკე სტატიის თემაა, მითუმეტეს თუ ეს ვაზნა ამდენიხანი არსებობს, ამიტომ ერთი რჩევით შემოვიფარგლები მხოლოდ, თუ იარაღს და პრინციპში საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდებით, გაურკვეველი წარმოშობის ძველი ვაზნების გამოყენება არ არის კარგი იდეა. თუ სერიოზულად ხართ განწყობილები გამოიყენეთ ქრონოგრაფი, რომ დაადგინოთ ტყვიის საწყისი სიცქარე მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ძველი გამოშვების ვაზნებში პარტიებს ან თუნდაც ერთი და იგივე პარტიის ვაზნებში სხვაობა საწყის სიჩქარეში შეიძლება იყოს ძალიან დიდი.  ინტერნეტი სავსეა “ხორორ ისტორიებით” დანგრეულ, გაბზარულ და აფეთქებულ 7.62 კალიბრის პისტოლეტებზე (ძირითადად “ტტ” და CZ52, ორი ყველაზე გავრცელებული პისტოლეტი ამ კალიბრში). ჩემი დაკვირვებით ყველაზე მეტი ასეთი ისტორია უკავშირდება ბულგარეთში გამოშვებულ ვაზნებს.

ბუნებრივია ამ სტატიისს მკითხველს აინტერესებს ამართლებს ჩინური “ტოკარევი” თუ არა, ანუ როგორ ისვრის ის? არის ის საიმედო? იდეაში გრძელი სამიზნე ხაზი (156მმ), სწრაფი ტყვია სწორი ტრაექტორიით და ერთმაგი მოქმედების სასხლეტი ქმნიან კარგ კომბინაციას შორს მსროლელი და ზუსტი პისტოლეტისთვის, მაგრამ პისტოლეტის შესრულების ხარისხი ამას ხელს უშლი. მოუხერხებელი ტარი და მძიმე სასხლეტი არ უწყობენ ხელს ზუსტ სროლას. საიმედოობას რაც შეეხება, სამწუხაროდ ასევე დადასტურდა, რომ უფასო (ან იაფი) ყველი მარტო ხაფანგში თუ მოიძებნება. პირველი გასროლებიდან ცხადი გახდა რომ პისტოლეტს პრობლემები აქვს.  ყოველ 6-7 გასროლაზე, არ ხდებოდა მასრის ბოლომდე ექსტრაქცია. სხვა პრობლემა მას არ ქონდა. პისტოლეტი უნდა აღინიშნოს რომ არ ითხოვდა გასწორებას, ზომიერად ზუსტად ისროდა და რომ არა პრობლემები საიმდოობასთან მე ვიტყოდი რომ პისტოლეტი დამაკმაყოფილებლად მუშაობდა. სამიზნე მოწყობილობები იმ ეპოქისთვის ტიპიურია, პარტრიჯის ტიპის, საკმაოდ მაღალი თარაზოთი და თხელი კორით. ბუნებრვივია ცუდი განათების პირობებში მათი გამოყენება შეუძლებელია, მაგრამ მიზანში სროლისას განათებულ ტირში მათი ზომები და ფორმა არ ქმნიდა დიდ პრობლემას. უკუცემა იყო დიდი, არაკომფორტული და მისი მოთვინიერება მოუხერხებელი, მოკლე ტარის გამო იყო ძნელი,  ხოლო გასროლის ხმა იყო ძალიან მაღალი. ამის გამო ერთი ხელიდან ზუსტი სროლა ასევე იყო საკმაოდ რთული.  ჩინურ პისტოლეტს ოდნავ შეცვლილი აქვს ჩარჩოს ფორმები რის გამო სროლისას პისტოლეტი იკბინებოდა, ანუ კანი ყვებოდა ჩახმახის ქვეშ. ეს დამახასიათებელია ბევრი “ტტ-ს” კლონისთვის, რომელზეც ტარი ისეა შესრულებულია რომ პისტოლეტი ოდნავ ღრმად იჯდეს ხელში.

17193771_432461823762647_20757258_o

ასე გამოიყურება სამიზნე 15 მეტრიდან ორი ხელით სროლის შემდეგ.  დიდი არაფერი შედეგი არ არის მაგრამ საბრძოლო ან თუნდაც თავდაცვითი იარაღისთვის ასეთი შედეგიც მისაღებია. (ვაზნები S&B 90gr FMJ)

უნდა ითქვას, რომ მორალურად ჩვენ მზად ვიყავით პრობლემებისთვის, ამიტომ დიდად არ გაგვიკვირდა როდესაც “ნორინკომ” შემოგვთავაზა გამოცანა, რომლის ამოხსნაც მოგივწევდა. როდესაც პისტოლეტი ჭედავს, უნდა დავრწმუნდეთ პირვლ რიგში, რომ ეს არ არის ვაზნის ან დეფექტური მჭიდის ბრალი. გამომდინარე იქიდან რომ პისტოლეტი ჭედავდა ორივე მჭიდზე და ორივე ვაზნით რაც ჩვენ გვქონდა (უკრაინული და ჩეხური S&B), შეგვეძლო თამამად გამოგვერიცხა ეს ორი ყველაზე გავრცელებული მიზეზი რომელიც იწვევს დაბრკოლებებს ავტომატურ პისტოლეტში. შემდეგ უნდა დააკვირდეთ პისტოლეტიდან გასროლის და გადატენვის ციკლის კონკრეტულად რა ეტაპზე ხდება  დაბრკოლება. ჩვენ შემთხვევაში მასრა ან ბოლომდე ან ნაწილობრივ ტოვებდა სავაზნეს, მაგრამ არ ხდებოდა მისი ეჟექცია, ანუ რაღაც მიზეზის გამო საკეტს, ექსტრაქტორის საშუალებით ვერ “მიქონდა” მასრა ეჟექტორამდე და შესაბამისად ის რჩებოდა პისტოლეტში. ჩემი აზრით საქმე იყო ან ზედმეტად ვიწრო სავაზნეში, ან ექსტრაქტორის სუსტ ზამბარაში ან უბრალოდ საკეტი ბოლომდე უკან ვერ მიდიოდა და მასრას ვერ “აჯახებდა” ეჟექტორს. იმისთვის რომ დაგვედგინა სავაზნის მდგომარეობა ჩვენ დავათვალიერეთ მისი ზედაპირი რაიმე დეფექტის არსებობის საგანზე, დეფორმაცია, ღრმა ნაკაწრი, კოროზია. არაფერი ისეთი რაც შეიშლიდა ვაზნის ექსტრაქციას ჩვენ არ აღმოვაჩინეთ. გასროლილი მასრებიც ჩვეულებრივად თავსდებოდა სავაზნეში. მასრები არ იყო გაბერილი, არც რკალზე არ ქონდა დაზიანებები რაც მიგვანიშნებდა რომ ექსტრაქტორი ახტებოდა მას ან გლიჯავდა, გაჭედილი მასრის ამოღების მცდელობისას. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც ზომიერად გავაპრიალეთ სავაზნის ზედაპირი. თუ რამის გამოსწორების აუცილებლობა არ არის დადასტურებული, ჯობია ეს არ გააკეთოთ, მაგრამ ჩვენ შეზღუდულები ვიყავით ვაზნების რაოდენობაში რომელიც 2 ლარი ღირს და ასევე ტესტირების ამბავშიც, რომელიც უნდა მოხმდარიყო უკვე იარაღის ახალ მფლობელზე გადაფორმების შემდეგ, ამიტომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მიგვეღო ზომები დაბრკოლების ყველა შესაძლო მიზეზის აღმოსაფხვრელად. ასე, რომ სავაზნე გაპრიალდა. შემდეგ მოვხსენით იარაღს ექსტრაქტორი რომელიც დამაგრბულია საკეტში ერთი ვერტიკალური შტიფტით. სიმართლე გითხრათ როდესაც ვნახეთ მისი ზამბარა, უბრალოდ სიცილი აგვიტყდა. ეს იყო მინიატურული, იმდენად პატარა და სუსტი ხვეული ზამბარა რომ ალბათ მოუხდებოდა საათის მექანიზმს და არა საბრძოლო იარაღს. ამიტომ ზამაბარა შეიცვლა უფრო ხისტი და ძლიერით. ძლიერი ზამბარა ახშობს ექსტრაქტორის ვიბრაციას გასროლის მომენტში და ამცირებს ალბათობას რომ ის ამ ვიბრაციისას უბრალოდ აცდება მასრის რკალს და საკეტი დაიძვრება უკან უკვე მასრის გარეშე. ზამბარის გამოცვლის შემდეგ მოვიდა ჯერი გაგკვერვკია, მიდის თუ არა საკეტი ბოლომდე და აღწევს თუ არა მასრა ეჟექტორამდე.

tteje

“ტოკარევში” ეჟექტორის როლს ასრულებს ეს ადგილი დამრტყმე;-სასხლეტი მექანიზმის კორპუსზე. იაფი და ტექნოლოგიური გადაწყვეტილება, რომელიც მეორეს მხრივ ართულებს მის “ტუნინგს” ეჟექციის სასურველი ხასიათის მისაღწევად.

შეიძლება მე ვცდები, მაგრამ მე მომეჩვენაб რომ ზამბარა “ნორინკოში” იყო მეტის-მეტად გრძელი. ამის გამო მისი მოთავსება პისტოლეტში იყო ძალიან რთული და ხელი რომ აგეშვათ ის თუნდაც ბოლომდე მოთავსებული შიგნით , მაინც აიხვეოდა და ამოხტებოდა გარეთ. ჩემი ვარაუდით გასროლის მომენტში ის ისე იხვეოდა შიგნით, რომ არ აძლევდა საკეტს ბოლომდე მისვლის საშუალებას. ამ პრობლემის შესახებ მე ნეტში ადრეც წამიკითხავს და ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ხდებოდა ორი სამი ნახვევით ზამბარის დამოკლება. ჩვენც იგივე გავაკეთეთ. ამით ჩვენ ვუპასუხეთ პრაქტიკულად ყველა მიზეზს, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ასეთი ტიპის დაბრკოლება.

არ ვიცი რა იყო ზედმეტი და რა იყო საჭირო, იმიდან რაც ჩვენ გავაკეთეთ, მაგრამ პისტოლეტი “ჯადოსნურად” ამუშავდა.  ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რასაც ჩვენ არაერთხელ გვითქვავს ბლოგის “ფეისბუქის” გვერდზე და ასევე სტატიებში. ასეთი იაფი იარაღების შეძენისას მყიდველი უნდა მორალურად მზად იყოს პრობლემებისთვის და იცოდეს როგორ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემები. თუ თქვენ არ გესმით კარგად, როგორ მუშაობს იარაღი, თუ გეზარებათ ამაში გარკვევა, არ გაქვთ სათადარიგო ზამბარების, ხრახნების, შტიფტების მარაგი და ინსტრუმენტების მინიმალური ნაკრები, ჯობია იყიდოთ თანამედროვე  იარაღი მწარმოებლისგან კარგი რეპუტაციით ან იარაღი გარანტიით,  დარწმუნდით, რომ ის მუშაობს და თუ არა, დააბრუნეთ და აიღეთ სხვა. ასევე მინდა გითხრათ, რომ იარაღის საკუთარი ძალებით რემონტი ყოველთვის არის სერიოზული რისკი, ამიტომ შეხედეთ ამ მონაყოლს, როგორც საინტერესო და სახალისო ისტორიას და არა როგორც ინსტრუქციას “ტოკარევის” შეკეთების ან “ტუნინგის” ან თუნდაც, როგორც მოწოდებას ჩაძვრეთ იარაღის შიგნით, ქლიბოთ და აპრიალოთ ყველაფერი. თუ იარაღი მუშაობს, მისი ხელის ხლება არ შეიძლება. საუკეთესო არის კარგის მტერი, როგორც რუსები იტყვიან და ამაში მე თავად არაერთხელ დავრწმუნდი როგორც თავად ასევე სხვის მაგალითებზე.  ასე “გაუმჯობესებული” და შედეგად გაფუჭებული იარაღიც ბევრი მინახია, ასე რომ კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, თუ ამის გადაუდებელი აუცილბელობა არ არის და კარგად არ გემსით რას აკეთებთ, იარაღს ხელს ნუ ახლებთ. იმ მცირე რაოდენობით წარმოდგენილი იარაღის ენთუზიასტებისთვის, რომლებიც ერკვევიან იარაღების მოწყობილობაში და აქვთ უნარები მექანიზმების შეკეთების და რკინასთან მუშაობის, ასეთი “ნორინკო” ცხადია იქნება ნამდვილი საჩუქარი. იაფად ყიდულობ საინტერესო პროექტს, “project gun”, როგორც ასეთ იარაღს უწოდებენ ამერიკაში და იღებ სიამოვნებას მის წესრიგში მოყვანით. ხელზე კბენის პრობოლემის მოგვარებაც იყო შესაძლებელი ჩარჩოზე კუთხის დაქლიბვით მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პისტოლეტის დატოვებას არ ვაპირებდით გადავწყვითეთ ეს აღარ გაგვეკეთებინა.

tthammerbite

სურათიდან კარგად ჩანს სხვაობა საბჭოთა (მარცხნივ) და მის რუმინულ კლონს შორის. გამომდინარე იქიდან რომ “ნორინკოზე” ისევე როგორც რუმინულ “ტოკარევზე” ჩახმახი ექცევა ხელათან უფრო ახლოს, ადგილი აქვს მსუბუქ “კბენას”. ჩარჩოს ან თუნდაც ჩახმახის მცირე დაქლიბვით ადვილად შესაძლებელია ხელზე კბენის პრობლემის მოგვარება. 

გამომდინარე იქიდან, რაც მე უკვე დავწერე, ვგულისხმობ კალიბრის თავისებურებებს და ასევე იმას, რომ “ტტ” არ არის უსაფრთხო, მე ვერ გაუწევ მას რეკომენდაციას, როგორც იარაღს რომელსაც შეიძლება ანდო თავისი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ეს პისტოლეტი ასევე არ გამოირჩევა დიდი რესურსით. რამდენადაც ჩვენ დავადგინეთ 7.62 კალიბრის ნორინკოს ინსტრუქციაში ლულის  მითითებული რესურსი შეადგენდა 8 000 გასროლას რაც ძალიან ცოტა არის თუმცა ცხადია რომ გარანტირებულ და რეალურ რესურს შორის შეიძლება იყოს უშველებელი სხვაობა. პირადად ჩემი აზრით “ტოკარევი” მექანიკურად პრობლემურია, მისი შესრულება და ხარისხის კონტროლი არ გამორიცხავს ალბათობას, რომ თქვენ ხელში მოხვდება იარაღი წუნით. პისტოლეტს აქვს ძალიან საშუალო ერგონომიკა. ჩინური, საბჭოთა და იუგოსლავიური “ტოკარევები” არ არიან საიმედო პისტოლეტები, იმიტომ რომ ბევრი მინახია რომელიც არ მუშაობდა, თუმცა ვიზუალურად პისტოლეტებს არ ეტყობოდა ცვეთა. ჭედავდა ასევე სულ ახალი და ლამაზი “ზასტავაც”. შედარებისთვის, მე პრაქტიკულად არ მინახია “მაკაროვი”, რომელიც არ მუშაობდეს. ჩემმა მეგობარმა ერთხელ იყიდა ასეთი “დაფეხვილი” “მაკაროვი”, უხეშად აღდგენილი დაფარვით, მჭიდი იყო დეფორმირებული, ამობურცული წინა მხარეს, რაც მეტყველებდა რომ ის ძალიან დიდი ხანი გამოიყენებოდა. სავაზნეს უკანა ნაწილი დაჭეჭყილი იყო საკეტის დარტყმისგან, რაცუკვე მეტყველებდა, რომ პისტოლეტიდან მრავალი  ათასი ვაზნა იყო ნასროლი და მაინც, ის მუშაობდა. ასე, რომ ჩვენი აზრით “ტოკარევი” 7.62 კალიბრში არის, საკოლექციო, გასართობი ე.წ. “range gun” და თუ სხვა გამოსავალი არ არის პატრონსაც დაიცავს, რა თქმა უნდა თუ გამართულ ტექნიკურ მდგომარეობაშია. თუ გინდათ იარაღი თავდაცვის მიზნით, იგივე “მაკაროვი” დაჯდება 100-200 ლარით მეტი, მაგრამ ბერვად უკეთესი იარაღიც იქნება. თავის ფასში “მაკაროვს” საერთოდ ალტერნატივა არ აქვს.

საბოლოო ჯამში ჩვენი პატარა თავგადასავალი “ნორინკოსთან” დასრულდა “ხეპი ენდით”, იმედია სტატიაც მოგეწონათ. ბოლოს ჩვენ მივიღეთ მუშა იარაღი, იდეალურ მდგომარეობაში, რომელიც დაამშვენებდა ნებისმიერ კოლექციას. თუ ვინმს უყვარს “ტტ”-დან სროლა და გააჩნია ამის საშუალება, ის ასევე დააფასებს იმ ფაქტს რომ პისტოლეტი ახალია, ანუ მისი ბიოგრაფია ცნობილია და რომ მისი ლულა აბსოლუტურად საღია და გაუძლებს ინტენსიურ ექსპლუატაციას. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ, იარაღი ეგრვე გაწმინდოთ სროლის შემდეგ, იმიტომ რომ კოროზიული ვაზნები სულ ახალ ლულას შეჭამენ უფრო მალე ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლიათ.

DSC09954

ბერდანის ამაალებელი კოროზიულია, რის გამო სროლის შემდეგ იარაღი სათანადოდ უნდა გაიწმინდოს. სურათზე არის იუგოსლავიური „ზასტავას“ ლულა რომელიც გაფუჭდა მხოლოდ იმის გამო რომ პატრონმა დროზე არ გაწმინდა პისტოლეტი.