Archive for August 19th, 2016

დგუშიანი “AR-15″ თუ პირდაპირ შეფრქვევიანი “AR-15″? კითხვა ამაში მდგომარეობს

Friday, August 19th, 2016

ამ სტატიაში მე მინდა შევეხო ძალიან პოპულარულ თემას, რომელიც ეხება ჩვენთვის საყვარელ და კარგად ნაცნობ AR-15-ის (შემდგომში უბრალოდ “AR”) ტიპის ნახევრად-ავტომატურ იარაღს. ამჯერად მე ლაპარკი მაქვს ამ იარაღის „გადაყვანაზე“ საფირმო პირდაპირი შეფრქვევის სქემიდან, სქემაზე რომელიც იყენებს დგუშს მოკლე სვლით. აღნიშნული მოდიფიკაცია ერთ დროს იყო ძალიან პოპულარული მაგრამ ამ ბოლო დროს ჩემი დაკვირვებით ინტერესი ასეთი გადაკეთების მიმართ შემცირდა. ასეთი ნაკრებების მწარმოებლეები გაცხარებულები გვარწმუნებენ, რომ იარაღი რომელიც მუშაობს უკვე ნახევარი საუკუნეა არის დეფექტური და მათი პროდუქტის დაყენების შემდეგ “AR”-ი გახდება ისეთივე საიმედო როგორც AK-47.  უნდა აღინიშნოს, რომ „AR“-ის ავტომატიკის სქემის შეცვლა დგუშიან სისტემაზე არ არის რაღაც ახალი. ჯერ კიდევ 1967 წელს “კოლტმა” შექმნა “მოდელი 703″, “AR”-ი რომელიც იყენებდა დგუშიან სქემას. 80-ანი წლების დასაწყისში Rhino International Arms-მა შექმნა სავარაუდოთ პირველი კომერციული ნაკრები, სტანდარტული AR-ის დგუშიან სისტემაზე გადასაყვანად. 1984 წელს სამხრეთ კორეის ჯარმა მიიღო შეიარაღებაში Daewoo K2, საიერიშო შაშხანა, რომელიც არის “მძიმედ” მოდიფიცირებული „AR“-ი დგუშიანი ავტომატიკის სქემით,  2004 წელს კი “Heckler&Koch”-მა შექმნა HK416, რომელიც ასევე დაფუძნებული იყო “AR”-ზე მაგრამ ისევე როგორც K2, თავიდანვე იყო გათვლილი დგუშიან სქემაზე (შესაბამისად გაქრა ნაწილების თავსებადობა სტანდარტულ “AR”-თან). დღეს ძალიან ბევრი კომპანია უშვებს როგორც დგუშიან “AR”-ებს ასევე ნაკრებებს, რომლის საშუალებით ხდება პირდაპირ შეფრქვევიანი “AR”-ის გადაყვანა დგუშიან სქემაზე და სწორედ ასეთი კონვერტაციის  დადებით და უარყოფით მხარეებს ჩვენ განვიხილავთ ამ სტატიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს “AR”-ის სისტემა და ვაფასებთ მის დადებით მხარეებს, როგორც ყველა იარაღს, “AR”-ს აქვს თავისი შეზღუდვები და სისუსტეები. “AR”-ი არის  მსუბუქი, მარტივი, ძალიან ზუსტი და ძალიან „ადვილად სასროლი“ იარაღი პრაქტიკულად ეტალონური ერგონომიკით. ამას ყველაფერს მეტ წილად განაპირობებს პირდაპირი შეფრქვევის სისტემის გამოყენება, რომელსაც ასევე უწოდებენ სისტემას შიდა დგუშით სადაც დგუშის როლს ასრულებს საკეტის თავი.  ამ სქემაში დენთის აირები აიღება ლულიდან, თხელი აირების მილით მიედინება საკეტის ჩარჩოსკენ, ჩაედინება საკეტის მიმღეების გავლით საკეტის ჩარჩოს შიგნით და იქ მოქცეული გადასცემს ენერგიას საკეტის თავს, რომელიც იწყებს უკან მოძრაობას, ბრუნვით იხსნება, იყოლიებს საკეტის ჩარჩოს რა დროსაც ხდება გასროლილი მასრის ექსტრაქცია. ეს სისტემა ითხოვს საჭირო წნევის შექმნას საჭირო დროს, იმისთვის რომ მოხდეს გადატენვის ციკლი. სისტემა არის მარტივი, იყენებს მინიმალურ დეტალებს და მინიმალური რაოდენობის მოძრაობას. უკუცემის იმპულსი არის დაბალი და დროში გაწელილი. გამომდინარე იქიდან რომ საკეტი, საკეტის გული,  ლულა, დამაბრუნებელი ზამბარა ერთ ხაზზეა განლაგებული, მოძრავ ნაწილებს აქვთ აქვთ დაბალი მასა და უკუცემა პირდაპირ მიმართულია მსროლელის მხარში, შესაბამისად ლულის ხტომაც მინიმალურია.  იარაღის ითხოვს მინიმალურ წმენდას, გამომდინარე იქიდან რომ მას დგუშიანი სქემისგან განსხვავებით არ გააჩნია  დენთის აირების კამერა, დენთის აირების მილი და დგუში თავისი ელემენტებით. რა თქმა უნდა ამ სქემას აქვს თავისი მინუსებიც. დენთის აირები პირდაპირ ხვდება საკეტის ჩარჩოს და სალულე კოლოფის (ზედა რესივერის) შიგნით, რაც  ჯერებით ინტენსიური სროლისას იწვევს იარაღის გახურებას, რაც თავისმხრივ ნეგატიურად ზემოქმედებს დეტალების რესურსზე. ამის შედეგად ზეთი ინტენსიურად ორთქლდება მაღალი ტემპერატურის გამო და იარაღი ითხოვს ხშირ დაზეთვას. სხვადასხვა მუხტების გამოყენება ცვლის წნევის იმპულსის მაჩვენებლებს (წნევას და მის ხანგრძლივობას) რაც ჯერებით სროლისას ნეგატიურად აისახება საიმედოობაზე.  საპრესორის გამოყენებისას ასეთი იარაღი არის ჩუმი ვიდრე დგუშიანი იარაღი, მაგრამ ის უფრო ინტენსიურად ბინძურდება.

firstoprod

„კოლტ 703“ შეიქმნა 1967 წელს, როგორც პასუხი პრობლემებზე რომლებიც შეემთხვა “AR”-ის ადრინდელ მოდელებს. როგორც კი პრობლემები გადაწყდა ადეკვატური მომსახურების უზრუნველყოფით და საჭირო მონაცმემების მქონე დენთის გამოყენებით, საჭიროება დგუშიან “AR”-ში გაქრა და „კოლტ 703“ ჩაბარდა ისტორიას.

რატომ გაჩნდა საერთოდ დგუშზე გადამყვანი ნაკრებები ან “AR”-ის დგუშიანი ვარიანტები?  სულ პირველი დგუშიანი “AR”-ი, კოლტის მოდელი 703 გაჩნდა როგორც ექსპერიმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა ადრინდელი “AR”-ების პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიებას. როგორც კი ზუსტად დადგინდა რა იყო მიზეზი პრობლემის, ამ იარაღმა დაკარგა ყოველგვარი აზრი და პროტოტიპის ფაზას ის არ გაცდა. ამერიკის ჯარმა გააგრძელა M16a1, შემდგომ M16A2-ის და M4-ის ექსპლუატაცია მანამ სანამ არ ჩაება გლობალურ ომში ტერორიზმის წინააღმდეგ და ბუნებრივია გაჩნდა მოთხოვნა უფრო გამძლე, ძლიერ და საიმედო იარაღზე. სამუშაოები ამ მიმართულებით წავიდა როგორც ახალი იარაღების შექმნით ასევე არსებული იარაღების გაუმჯობესების გზით. საბოლოო ჯამში არც ახალმა იარაღებმა და არც არსებულის მოდიფიკაციებმა ვერ დაარწმუნეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობა გადაიარაღების მიზანშეწონილობაში მაგრამ ეს ცალკე ისტორიაა. “AR”-ის გაუმჯობესების ერთ-ერთ გზას წარმოადგენდა მისი დენთის აირების სისტემის მოდიფიკაცია, რასაც მოყვა პროტოტიპების გამოცდა და რადიკალურად მოდიფიცირებული “AR”-ის HK416-ის გამოჩენა. ცხადია ეს პროცესი სავსე იყო ინტრიგებით, სენსაციებით და ჭორებით, და სასროლოსნი საზოგადოება ამ პროცესს ყურადღებით აკვირდებოდა. იარაღის მწარმოებლებმა დაინახეს რომ ასეთ პროდუქტს ექნებოდა მოთხოვნა სამოქალაქო სექტორში, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მიაჩნია, რომ თუ რამეს იყენებს ჯარი ან პოლიცია ესეიგი სამოქალაქო მსროლელისთვისაც ეს გამოსადაგია. შესაბამისად მწარმოებლებმა გამოუშვეს ბაზარზე ნაკრებები და მთლიანი იარაღები, თავიდანვე დაპროექტებული დგუშიან სქემაზე. ჭორები და სკანდალები დაკავშირებული “M4″-ის არასაიმედოობასთან ხელს უწყობდა პარანოის განვითარებას, რაც თავისთავად გარანტია იყო კარგი გაყიდვების.

რა უპირატესობები გააჩნია დგუშიან “AR”-ს? პირველ რიგში რა თქმა უნდა ასეთი სქემის გამოყენებისას დენთის აირები აღარ ხვდება იარაღში. რაც ნიშნავს, რომ მოხსნილია გადახურების პრობლემა ჯერებით ხანგრძლივი სროლისას. იარაღი ნაკლებად სენსიტიურია სხვადასხვა მუხტების გამოყენებისას. საპრესორის გამოყენებისას არ მცირდება იარაღის საიმედოობა. რა პლიუსები მოაქვს “დგუშიან” სისტემას სამოქალაქო “AR”-ის შემთხვევაში? ჩემი აზრით პრაქტიკულად არაფერი. ანუ არაფერი რასაც იგრძნობთ ეგრევე, როდესაც ნაკრებს დააყენებთ. დაზოგავთ რამდენიმე მილილიტრ ზეთს, იმიტომ რომ ის ისე სწრაფად არ აორთქლდება. საკეტი არ იქნება ისე ინტენსიურად საწმენდი მაგრამ ინტენსიურად საწმენდი იქნბა დგუშის  სისტემის ელემნტები. წესით ეხლა უნდა გაგიჩნდეთ კითხვა, რა მინუსები გააჩნია დგუშზე კონვერტაციას და სწორედ აქ იწყება ამ სტატიის ყველაზე საინტერესო ნაწილი. ასევე იგრძნოთ რომ უკუცემა იმატებს, ბალანსი დაირღვევა და სიზუსტე სემცირდება მაგრამ ყველაფერს თავისი დრო.

როგორც პირდაპირ შეფრქვევიან სისტემას, ასევ დგუშიან სისტემას აქვს თავისი მინუსები. მაგალითად ფასი ფასი, რომელიც ემატება იარაღის ფასს. ანუ გამართულ იარაღს თქვენ უნდა დამატებით დაახარჯოთ მინიმუმ 300 დოლარი მარტო ნაკრების შესაძენად. ამას შეიძლება დაემატოს მისი დაყენების ხარჯები, ახალი ტიბჟირი და წინა სამიზნე მოწყობილობა. ამ ფასად შესაძლებელია სტანდარტული “AR”-ის სრულად დაკომპლექტება კარგი “ოპტიკით”, ღვედით და დამატებითი მჭიდებით, რაც ჩემი აზრით უფრო მიზანშეწონილია.

გასაგებია რომ საკეტი აღარ ხდება ისე გასაწმენდი, მაგრამ სამაგიეროდ იარაღს ემატება დენთის აირების კამერა, დგუში, გადამყვანი ღერძი რომელიც აერთიანებს დგუშს და საკეტს, დგუშის ზამბარა და შეიძლება სხვა დეტალებიც, გააჩნია რომელი მწარმოებლის ნაკრებს იყენებთ. ეს შეიძლება იყოს დენთის აირების რეგულატორიც. ეს ყველაფერი ზრდის დეტალების მათ შორის მოძრავი დეტალების რაოდენობას იარაღში და რაც მთავარია მის წონას.  დგუშიანი „AR“ იქნება უფრო მძიმე. დაახლოებით 150-300 გრამით. გარდა ამისა ეს 200-300 გრამი განთავსდება ყველაზე ცუდ ადგილას, იარაღის ლულაზე. დაუმატეთ ამას ტაქტიკური ფარანი, “ბიპოდი”, ვერტიკალური სახელური და იარაღის სიმძიმის ცენტრი გადაიწევს წინ და ბალანსი მნიშვნელოვნად გაუარესდება. იმის გამო, რომ „AR“-ში მჭიდის წინ პრაქტიკულად განლაგებულია მარტო ლულა, წინა სამიზნე მოწყობილობა, თხელი დენთის აირების მილი და მსუბუქი ტიბჟირი, „AR“-ით მანევრირება, სამიზნიდან სამიზნეზე გადატანა ძალიან ადვილია, ინერციის ძალა მცირეა და იარაღი ადვილად კონტროლირებადია. ეს თვისება შეეწირება დგუშიან სქემას.

pistonscheme1

ასე გამოიყურება ტიპიური დგუშიანი სქემები.  ზედა სქემაზე გამოიყენება სტანდარტული დენთის აირების მიმღები, რომელიც ამჯერად იღებს დგუშის ღერძის დარტყმას. ქვედა ვარიანტზე, “გრდემლი” რომელზეც ზემოქმედებს ღერძი შესრულებულია საკეტის ჩარჩოსთან ერთად. ზედა ვარიანტი იყენებს საკუთარ დენთის აირების ბლოკს, ქვედა ვარიანტი მიდის სტანდარტულ A2-ტიპის დენთის აირების ბლოკზე.  

ასევე გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს რაიმე უნიფიცირებული, სტანდარტული დგუშის სისტემა. ყველა მწარმოებელი იყენებს საკუთარი კონსტრუქციის ნაკრებებს და ეს ეხება ყველა კომპონენტს რომელსაც ეს სისტემები იყენებენ. ეს კიდე ნიშნავს, რომ თუ რომელიმე კომპონენტი გამოვიდა მწყობრიდან, მოგიწევთ ორიგინალური დეტალის შეძენა. პირდაპირი შეფრქვევიანი სისტემები პირიქით მაქსიმალურად უნიფიცირებულია, რაც ნიშნავს, რომ თუ რამე გამოვიდა მწყობრიდან ან გამოსაცვლელია, წავა ნებისმიერი მწარმოებლის სტანდარტული ნაწილი, რომელიც ათას საიტზე იყიდება. პირდაპირ შეფრქვევიანი სისტემის მომსახურება და მდგომარეობის კონტროლი ადვილია. თუ რამე დეტალი გამოდის მწყობრიდან ზარალი მინიმალურია. შესაბამისად შეკეთების ხარჯიც ძალიან მცირეა. პრაქტიკულად ერთადერთი რაც შეიიძლება გაფუჭდეს არის უჟანგავი რკინის დენთის აირების მილი (8-15 დოლარი), დენთის აირების რგოლები, (3-5 დოლარი კომპლექტში) და შეიძლება დაიშვას ხრახნები, რომლებითაც მაგრდება დენთის აირების მიმღები საკეტზე, რაც ადვილად სწორდება მსროლელის მიერ. მეტი მანდ არაფერი არ ფუჭდება. ნახევრად ავტომატურ იარაღზე პირდაპირი შეფრქვევის სისტემის კომპონენტების რესურსი პრაქტიკულად შეესაბამება ლულის რესურს  ანუ ხშირად გამოსაცვლელი არაფერი არ არის. დენთის აირების რგოლების გამოცვლა რეკომენდირებულია ყოველი 5 000 გასროლა, მაგრამ რეალობაში მათი რესურსი ბევრად აღემატება ამ ციფრს.

ფაქტია, რომ დგუშზე გადაყვანილ „AR“-ებს გააჩნიათ ნაკლები რესურსი. ფაქტია, იმიტომ რომ ამას ადასტურებს ყველა ვისაც კი ქონია შეხება ორივე ტიპის ამ სისტემის იარაღთან და ხდებოდა მათი ექსპლუატაცია რესურსის სრულ ამოწურვანდე.  გაგიჭირდებათ ნახოთ ცნობილი სახე იარაღების სამყაროდან, რომელიც არის “AR”-ის დგუშზე გადაყვანის მომხრე.  ამის მიზეზი პირველ რიგში უნდა ვივარაუდოთ არის დგუშიანი სისტემის სირთულე და შეზღუდვები, რომლეებიც განპირობებულია იმით რომ ეს ნაკრები უნდა “ჩაატიოთ” იარაღში რომელიც ამაზე არ იყო გათვლილი. მეტი ნაწილი მათ შორის მოძრავი ნაწილი ზრდის გაუმართაობის ალბათობას. ზოგი სისტემა სხვაზე მეტ ხანს ძლებს მაგრამ ვერც ერთი ვერ ძლებს იმდენს რამდენსაც  „AR“ პირდაპირი შეფრქვევის სისტემით. ამ მხრივ საინტერესოა HK416-ის შექმნის ისტორია. გერმანელები მათთვის ჩვეული პედანტურობით ცდიდნენ “AR”-ზე დგუშიან სისტემას და მალე აღმოაჩინეს, რომ მისი გამძლეობა არ იყო მაღალი (ეხება ცხადია სამხედრო იარაღს ანუ იარაღს რომელიც ისვრის ჯერებით). იმისთვის, რომ მიეღწიათ სათანადო გამძლეობის ხარისხისთვის და მისაღები რესურსითვის, მათ მოუწიათ დგუშის ღერძის გასქელება რასაც მოყვა მათი იარაღის აპერის ფორმის და სიმაღლის ცვლილება, რომელშიც უნდა გატეულიყო გაძლიერებული/გასქელებული დგუში. ცხადია არც ერთი ნაკრები რომელიც დღეს იყიდება ასეთ რამეს არ ითვალისწინებს. ამიტომაც ყველაზე ხშირი გაუმართაობა უკავშირდება ზამბარის ან დგუშის ღერძის მწყობრიდან გამოსვლას. პოპულარულ “იუთუბ არხზე”  iraqveteran8888, მოხდა მაღალი კლასის LMT-ს წარმოების დგუშიანი AR-ის ტესტირება ჯერებით  ხანგრძლივი სროლისას. მწყობრიდან პირველი გამოვიდა სწორედ დგუში, რომელიც ჯერ გაიღუნა და შემდეგ დააზიანა ის ადგილი საკეტზე, რომელიც იღებდა დგუშის დარტყმას. გასროლილი ვაზნების რაოდენობა მწყობრიდან გამოსვლამდე? იგივე რაც პირდაპირ შეფრქვევიან “AR”-ზე. აი ასე.

iwv8888

ხსენებული ტესტირებისას დაზიანებული საკეტის ჩარჩოზე განლაგებული ღერძის გრდემლი და გაღუნული დგუში. იგივე ტესტირებისას პირდაპრი შეფრქვევიანი “AR”-ის დენთის აირების სისტემამ იმუშავა უპრობლემოდ და “დანებდა” M4/A2″ პროფილის ლულა რომელიც უფრო თხელი იყო ვიდრე დგუშიან “AR” -ში რომელიც შემდგომ გამოცადეს. ყველა M4A1-ზე ამჟამად ყენდება “SOCOM” პროფილის სქელ-კედლიანი ლულები, რომლებიც უფრო გამძლეა. 

424889313_1ac02f9fe2_z

დგუშიანი სქემის “აქილევსის ქუსლი” ყოველთვის იყო დგუშის დეფორმაცია. სურათზე (ზევიდან ქვევით) არის Daewoo K2-ის და “AK”-ს დგუშები. ორივე დეტალი მასიური და სქელია. გადამყვანი ნაკრებების დგუშის ღერძები თხელი და გრძელია, იმისთვის რომ შესაძლებელი იყოს მათი განლაგება სტანდართული  თხელი დენთის აირების მილის ადგილას. 

ასევე ფაქტია, რომ დგუშზე გადაყვანილი „AR“-ები ნაკლებად ზუსტია ვიდრე პირდაპირ შეფრქვევიანი. აღნიშნული დადასტურებულია ურიცხვი ტესტირებით, რომლის შედეგებიც შეგიძლიათ უპრობლემოდ მოიძიოთ ინტერნტეტში და მათი შედეგების აქ აღწერას აზრი არ აქვს.  ეს არ ნიშნავს რომ დგუშიანი „AR“-ი არ არის ზუსტი, უბრალოდ ის არ არის იმდენად ზუსტი როგორც „AR“ პირდაპირი შეფრქვევით. უკანასკნელში, ლულა პრაქტიკულად თავისუფლად დაკიდულია. დენთის აირები მიემართება პრაქტიკულად წინაღობის გარეშე პირდაპირ საკეტის შიგნით დენთის აირების მილის გავლით. დგუშიან სისტემაში ყველაფერი ხდება პირიქით, დენთის აირები ხვდება აირების კამერაში რომელიც განლაგებულია ლულაზე და ეჯახება დგუშს, რომელიც გადაცემს ენერგიას საკეტს. რა თქმა უნდა ენერგია ასევე გადაეცემა ლულასაც რის გამოც ლულა განიცდის ზემოქმედებას/დარტყმას რაც ზრდის მის ვიბრაციას და შესაბამისად გაფანტვას. ჯერებით სროლისას ეს პრობლემა მხოლოდ უარესდება და HK416-ზე ლულა გახადეს უფრო სქელი რომ ეს ვიბრაცია და ამით გამოწვეული ვერტიკალური გაფანტვა შემცირებულიყო. იარაღი გამოვიდა უფრო მძიმე ვიდრე ეს თავიდან იყო ჩაფიქრებული.საკეტი დგუშიან „AR“-ში იღებს დარტყმას, მაშინ როდესაც საკეტი პირდაპირ შეფრქვევიან „AR“-ში იღებს გაცილებით უფრო რბილ, დროში გაწელილ ზემოქმედებას რის გამოც უკუცემის იმპულსი დგუშიან “AR”-ში უფრო დიდია.

dasad2

გამხნევებული ბრიტანული SA85-ის გაუმჯობესების პროგრამის წარმატებით, „ხეკლერ&კოხის“ ინჟინრებმა „შეუტიეს“„AR“-ის პლატფორმას და როდესაც მიიღეს უარი მჭიდის კონსტრუქციის ცვლილებაზე („ნატოს“ სტანდარტის გამო), რაც რადიკალურად გაზრდიდა სისტემის საიმედოობას, დაიწყეს   „AR“-ის კონსტრუქციის სიღრმისეული შეცვლა და გამოუშვეს HK-416. სანამ იურიდიული ფორმალურობების გამო ისინი ვერ ახერხებდნენ იარაღის შეტანას აშშ-ს სამოქალაქო ბაზარზე, გამოცოცხლდნენ ამერიკული კომპანიები და შექმნეს ანალოგიური იარაღები, დაფუძნებული „AR“-ის სისტემაზე მაგრამ თავიდანვე გათვლილი დგუშიან სქემაზე. სურათზე ნაჩვენებია HK416-ის დენთის აირების სისტემა. ყველა ელემენტი ლულის ჩათვლით, მძიმე და მსხვილია იმისთვის რომ მიღწეულიყო პირდაპირ შეფრქვევიან სისტემასთან გათანაბრებული სროლის სიზუსტე, რესურსი და საიმედოობა. 

ზოგადად HK416-ის კონსტრუქციის შესწავლა, გვაძლევს საშუალებას დავინახოთ, რა უნდა იყოს შესრულებული დგუშიან „AR“-ზე, რომ ის იყოს 100%-ად გამძლე და რასაც თქვენ ვერ მიიღებთ დგუშზე გადამყვანი ნაკრების შეძენისას. მაგალითად ავიღოთ საკეტის და ქვედა რესივერის დიზანინი, რომელიც იცავს ქვედა რესივერს და ბუფერის მილს დაზიანებისგან, რომელსაც იწვევს საკეტის გადაბრეცა. ეს უნიკალური პრობლემა (bolt tilt) გაჩნდა იმის გამო, რომ საკეტი პირდაპირ შეფრქვევიან „AR“-ზე იღებს ენერგიას მოძრაობისთვის ცენტრიდან სადაც ხდება დენთის აირების აკუმულირება მაშინ როდესაც დგუშიან სისტემაში საკეტზე დარტყმა ხდება მის ზედა მხარეზე.

fkfhgfd

ამ სურათზე კარგად ჩანს დგუშიანი სქემის “გენეტიკური” ნაკლი, რომელმაც შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ავტოიტეტული და კომპეტენტური რესურსის vuurwapen blog-ის ავტორის „AR“-ი მასზე დაყენებული Ares-ის წარმოების ნაკრებით, სროლისას მწყობრიდან გამოვიდა იმის გამო რომ საკეტის დარტყმებმა იარაღის ბუფერის მილზე გამოიწვია ბუფერის ქანჩის დაშვება, კონდახი მილთან ერთად ჩატრიალდა, ზამბარის და ბუფერის შემაკავებელი თავისი ზამბარით კიდე ამოხტა თავისი ადგილიდან… ზოგ ნაკრებში ამ პრობლემას ექცევა ყურადღება, ზოგში არა. შედეგად ბუფერის მილის წინა ნაწილში დგუშიან “AR”-ებს აღენიშნება ხოლმე არათანაბარი ცვეთის ნიშნები.

საერთოდ როგორ და რატომ გაჩნდა HK416 ამერიკის ჯარში კონკრეტულად კი სპეციალური დანიშნულების ნაწილებში? იმიტომ, რომ მათ სურდათ მოკლე იარაღი, რომელიც საიმედოთ იმუშავებდა საპრესორთან ერთად მათ შორის ჯერებით სროლისას.  საპრესორები და ჯერებით მსროლელი სამოქალაქო გრძელ-ლულიანი იარაღი საქართველოში აკრძალულია და ამიტომაც ამერიკული „სპეცნაზის“ გამოცდილებას თქვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით რომ მათ ხანმოკლე რომანის შემდეგ უარი თქვეს HK 416-ზე.

პირდაპირი შეფრქვევის სისტემა გამოცდილია ბრძოლაში და არსებობს უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი. ბევრი რამე რაც უკავშირდება დგუშიან სისტემებს ჯერ ბოლომდე უცნობია. დგუშზე გადამყვან ნაკრებებს ბრძოლა არ უნახავთ, რომელიმე მსხვილ სამართალდამცავ სამსახურს ან საბრძოლო დანაყოფს ის არ გამოუყენებია. HK416-იც შედარებით ახალი სისტემაა.  მაგალითად HK416-ის ტესტირებისას 2007 წელს ამერიკაში, 2500-3000 გასროლის შემდეგ დაფიქსირდა სიზუსტის მკვეთრი დეგრადაცია. 2-3MOA-დან 5-MOA-მდე. ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ მოხდა მაგრამ დაბრალდა ეს დენთის აირების ნასვრეტის ეროზიას და იმ ადგილში ნამწვავის დაგროვებას. რა თქმა უნდა ნაკრებების კონსტრუქციებიც იხვეწება. მაგალითად ადრინდელი ნაკრებები იყენებდნენ სტანდარტულ A2 ტიპის დენთის აირების ბლოკს, მაგრამ მასზე დგუშის დარტყმა რომელიც საწყის მდგომარეობაში ბრუნდებოდა იწვევდა მის დეფორმაციას და ადგილიდან დაძვრას, რის გამო აღნიშნული დეტალი აღარ გამოიყენება და იცვლება სპეციალური დეტალით, რაც ართულებს ნაკრების მონტაჟს და ზრდის მის ფასს. იგივეე ეხება საკეტს. თუ ადრე გამოიყენებოდა სტანდარტული საკეტის ჩარჩო ეხლა უმეტესობა მწარმოებლების იყენებს ჩარჩოს რომელზეც დგუშის ღერძის “გრდემლი” შესრულებულია საკეტთან ერთად.

ლარი ვიკერსი ამერიკული “დელტას” ყოფილი ოპერატორი და ადამიანი რომელმაც ასევე მიიღო მონაწილეობა HK416-ის შექმნაში და აქტიურად იყო ჩართული ამ იარაღის “გაპიარებაში” განმარტავს, რომ დგუშიანი  „AR“-ის არჩევანი გამართლებულია თუ: ლულის სიგრძე 14.5 ინჩზე ნაკლები; იგულისხმება ხანგრძლივი სროლა ჯერებით; გამოიყენება ვაზნების ფართო სპექტრი; გამოიყენება საპრესორი. მეორეს მხრივ ”AR”-ის ექსპერტი და ცნობილი ინსტრუქტორი მდიდარი საბრძოლო გამოცდილებით მაიკ პანონი თვლის რომ საპრესორიით აღჭურვილი “10 ინჩიანი AR”-ის გამოყენება საბრძოლო პირობებში შესაძლებელია, მაგრამ იარაღი სპეციალურად უნდა იყოს მომზადებული ამ როლისთვის და სტანდარტული დეტალების ნაწილი უნდა შეიცვალოს. ზოგადად არც ერთი სერიოზული ინსტრუქტორი არ არის შემჩნეული  ”AR”-ის ლანძღვაში, იმ კომიკურ პერსონაჟებს არ ვთვლით რა თქმა უნდა, რომლებიც საკუთარი ქარიზმის და ხმამაღალი კატეგორიული ტონით იზიდავენ კლიენტებს და ამით ირჩენენ თავს.

authar15.11.3

ავტორის კუთვნილი 11.3 ინჩიანი ნახევრად-ავტომატური “AR” იყო აბსოლუტურად საიმედო ყველა ტიპის ვაზნასთან და ამავე დროს სტაბულურად ისროდა 1.5MOA-ს.

ყველაფერი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემი აზრით სამოქალაქო “AR”-ის გადაყვანა დგუშიან სისტემაზე აზრს მოკლებულია. “AR”-ი არის კარგი სწორედ მისი პირდაპირი შეფრქვევის სქემის წყალობით. გადაიყვანო ეს სისტემა დგუშიან სქემაზე,  დაახლოებით იგივეა რომ იყიდოთ „სუბარუ იმპრეზა“, ამოიღოთ მისი ოპოზიტური ძრავი და ჩააყენოთ შიგნით „ტოიოტას“ ძრავი. ოპოზიტური ძრავი არის ის რაც ხდის „სუბარუს“ უნიკალურს. ოპოზიტური ძრავი გამოყენება ნიშნავს დაბალ სიმძიმის ცენტრს, ნაკლებ ვიბრაციას, სიმძლავრის და საწვავის ეკონომიურობის საუკეთესო შეფარდებას, ამას დამატებული უნიკალური ჟღერადობა. არ მოგწონთ „ოპოზიტური“ ძრავი? არ მოგწონთ პირდაპირი შეფრქვევის სქემა? მაშინ იყიდე სხვა მანქანა/იარაღი. ის ფული კიდე რომელიც უნდა დახარჯოთ აზრს მოკლებულ “აფგრეიდში” ჯობია უფრო საჭირო რამეში გამოიყენოთ.

ჩემი გამოცდილება პირდაპირ შეფრქვევიან “AR”-ებთან ძალიან პოზიტიურია. უამრავი ნასროლი ვაზნა და ნოლი პრობლემა. დიახ მე მინახია პრობლემები “AR”-ზე რომლებიც გამოწვეული იყო მჭიდებით და იმის გამო რომ პატრონები არ უვლიდნენ თავის იარაღს და გამოეპარათ რაღაცეები. მე არ მგონია რომ დგუშზე გადამყვან ნაკრებს გადაეწყვიტა რომელიმე ეს პრობლემა. ისევე როგორც მინახია როგორ ჭედავენ და ფუჭდებიან სამოქალაქო “კალაშნიკოვები”. არა მე არ ვარ დარწმუნებული რომ “AR”-ი არის საუკეთესო საბრძოლო იარაღი, იმიტომ რომ არ მიომია და არ მიმსახურია ამ იარაღით, მაგრამ ჩემი აზრით სამოქალაქო-თავდაცვითი და ტაქტიკური იარაღის როლში ეს სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა. მოუარეთ “AR”-ს როგორც ყველა სხვა იარაღს, დამატებით კარგად დაზეთეთ “AR”-ის საკეტი, გამოიყენეთ ხარისხიანი მჭიდები, მიაქციეთ ყურადღება დენთის აირების მიმღების (gas key) ხრახნებს, დენთის აირების რგოლების მდგომარეობას და თქვენი იარაღი არასდროს არ გაჭედავს.

არც ერთი სისტემა არ არის დაცული არაკომპეტენტური მომხმარებლისგან. შორს რომ არ წავიდეთ, მაგალითად ავიღოთ ისევ HK416. ეს იარაღი შეიარაღებაში მიიღო ნორვეგიამ და ეგრევე წააწყდა სერიოზულ პრობლემებს საიმედოობასთან. მიზეზი რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს უკავშირდებოდა სწორედ რომ ნაქებ დენთის აირების სისტემას, კონკრეტულად კი დენთის აირების რეგულატორს. რატომღაც ჯარისკაცებს აუკრძალეს ამ კომპონენტის დაშლა და წმენდა რასაც მოყვა ამ მოწყობილობის ინტენსიური დაბინძურება რაც იწვევდა მის მწყობრიდან გამოსვლას ან თვითნებურად პოზიციის შეცვლა, რომელიც გამოიყენებოდა საპრესორით სროლისას. შეიძლება ვიდაოთ, რომ რეგულატორი არ უნდა იცვლიდეს პოზიციას და არ უნდა ძვრებოდეს იარაღს, მაგრამ ჭეშმარიტება არის იმაში რომ საჭიროა იარაღის კონსტრუქციის, მისი სუსტი და ძლიერი მხარეების ცოდნა და სათავისოდ გამოყენება.