Archive for April, 2016

რევოლვერი, კი თუ არა?

Tuesday, April 5th, 2016

1831 წლის ზამთარში  სემუელ კოლტი იმყოფებოდა კალკუტაში (ინდოეთი), სადაც ის პირველად გაეცნო კოლლიერის კონსტრუქციის ბრუნავ პისტოლეტებს. კოლტმა ჩათვალა, რომ აღნიშნული პისტოლეტები ზედმეტად რთული იყო (მხოლოდ დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი 40-ზე მეტი ნაწილისგან შედგებოდა) და გარდა ამისა ყოველი გასროლის შემდეგ საჭირო იყო ბრუნავი სავაზნის ხელით დატრიალება და ლულასთან გასწორება. მიუხედავად ამისა კოლტს იდეა მოწონა და სანამ მისი ხომალდი მიცურავდა ბოსტონისკენ ის ფიქრობდა ნანახი იარაღის გაუმჯობესებაზე და პიველ რიგში მას უნდოდა რომ ბრუნვა მომხდარიყო ავტომატურად ყოველი გასროლს წინ და არა მეორე ხელის დახმარებით. გემზე განლაგებული ჯალამბარის (windlass) მუშაობაზე დაკვირვებით მან მოიგონა სისტემა რომელიც ერთდროულად შეაყენებდა ჩახმახს მორიგი გასროლისთვის და ასევე გადაატრალებდა დოლურას. ბოსტონში დაბრუნებისას კოლტმა შექმნა ხისგან დამზადებული მომავალი რევოლვერის პირველი მოდელი, დანარჩენი კიდე უკვე ისტორიაა…..

რაღა დროს რევოლვერია?! ხალხი კოსმოსში დაფრინავს, როგორც იტყოდა ჩემი მეგობარი, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ არის თუ არა კოსმოსში ფრენების ეპოქაში კვლავ დარჩენილი ადგილი რევოლვერისთვის? ასე თვალი გადავავლოთ იმ რევოლვერებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამ იარაღის ევოლუციაში, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმ უპირატესობებზე და შეზღუდვებზე რომელსაც ამ ტიპის იარაღი სთავაზობს მომხმარებელს.

ტექნიკური თვალსაზრისით რევოლვერის იერსახე თითქოს პრაქტიკულად არ შეცვლილა. ის კვლავ შედგება ჩარჩოსგან, მასში ჩახრახნილი ლულისაგან, სახელურისგან და რაღა თქმა უნდა დოლურასაგან. ახალი კატალოგები რომ გადავშალოთ, დავინახავთ რომ რევოლვერები თუ არ ჩავთვლით ერთპორ ეკზოტიკურ მოდელს ერთმანეთს ისე გვანან, როგორც ორი წყლის წვეთი, ხოლო ორი უმსხვილესი მწარმოებელი „ტაურუსი“ და „სმიტ&ვესონი“ პრაქტიკულად იდენტურ რევოლვერებს უშვებენ. სამწუხაროდ „კოლტის“ რევოლვერები როგორც ჩანს საბოლოოდ ჩაბარდა ისტორიას თუმცა ჭორები წარმოების განახლებაზე პერიოდულად ჩნდება და იარაღის მოყვარულებში ხანმოკლე აჟიოტაჟს იწვევს.  თავდაპირველად ათზე მეტი გადატენვის სქემიდან შემორჩა რეალურად მხოლოდ ერთი, გვერდიდან გასახსნელი დოლურათი, რომელიც გამოიყენება პრაქტიკულად ყველა თანამედროვე რევოლვერში, რომელიც შექმნილია თავდაცვისთვის.

colt-revolver1

სმიტ&ვესონი M&P მოდელი 10,  თხელი ლულით, გათვლილი “.38 სპეციალურზე” მრავალი წელი იყო ტიპიური ამერიკული პოლიციური რევოლვერი. მარტივი, უტყუარი, საიმედო იარაღი. წლების შემდეგ მას ჩაენაცვლება იგივე თვისებების მქონე “გლოკის” პისტოლეტი. რევოლვერებმა ევროპაში მალე დაუთმეს ადგილი პისტოლეტებს, მაგრამ აშშ-ში 70-ნი წლების ბოლომდე რევოლვერი რჩებოდა პოლიციის და არმიის შეიარაღებაში და ამიტომაც თანამედროვე რევოლვერის სახის ფორმირებაში აშშ-ის მწარმოებლებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

საქართველოში რევოლვერი ტრადიციულად ასოცირებულია ბელგიურ „ნაგანთან“, რომელიც გარდა იმისა, რომ დიდი რაოდენობით გაიყიდა სამოქალაქო ბაზარზე ასევე ხშირად ფიგურირებს კრიმინალურ ქრონიკაშიც.  „ნაგანი“ ჩვენთან ისევე როგორც პრინციპში ზოგადად რევოლვერი აშშ-ში, ითვლება უფროსი თაობის იარაღად, სადაც ის ჩვენ შემთხვევაში ასოცირებულია „საბჭოთა“ „ვესტერნებთან“ ან რაღაც “კრიმინალურ რომანტიკასთან”. იგივე მიზეზის გამო მაგალითად დიდი პოპულარობით ასევე სარგებლობს ჩვენთან მაუზერის პისტოლეტიც – C96. „ნაგანზე“ ჩვენ ვწერდით ადრე, ეს არის დიდი, მექანიკურად საიმედო იარაღი მაგრამ გააჩნია ანემიური კალიბრი, დაბალი ერგონომიკა, საშინელი სასხლეტი და მის გადატენვას მთელი საუკუნე ჭირდება.  „ნაგანის“ შემდეგ ყველაზე გავრცელებული რევოლვერი საქართველოში არის ბრაზილიური „ტაურუსის“ წარმოების (ასევე „როსის“) იარაღები.  „ტაურუსის“ რევოლვერების იმპორტი ხდებოდა საქართველოში რეგულარულად და ამ მომენტისთვისაც ბევრ მაღაზიაში დევს ახალი “ტაურუსი/როსის” რევოლვერები, ისევე როგორც არის საკმარისი შემოთავაზებები მეორადი იარაღის ბაზარზე. „ტაურუსის“ რევოლვერები მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად გამოიუყურებიან, გამოირჩევიან პირდაპირ ვიტყვი ფანტასტიური დაფარვებით და დიზაინით, მაგრამ აღრთოვანება სწრაფად გადაგივლით როდესაც ჯერ შეეცდებით ორმაგ რეჟიმში გასროლას ან დაშლით რევოლვერს და დახედავთ მისი მექანიზმის შესრულებას. სასხლეტი მძიმეა და უხეში, ხოლო შიგნიდან რევოლვერები ასევე უხეშად არიან დამზადებულები.  „ტაურუსები“ იმდენად კარგად არიან დამზადებულები გარედან, რომ როგორც ჩანს ეკონომია ხდება სადღაც სხვაგან, ან გამოყენებულ მასალებში ან დეტალების მორგებაში. და დეტალები მართლაც რომ უხეშად არის დამზადებული და ცუდათ მორგებული, რისი მიზეზიც არის საშინელი სასხლეტი ორმაგ რეჟიმში პრაქტიკულად ყველა „ტაურუსზე“ რაც მე ხელში მჭერია. გარდა ამისა მათი საიმედოობაც სერიოზული ეჭვის ქვეშ უნდა დავაყენოთ. ჩემი პირადი გამოცდილებით კარგად მუშაობენ .22 კალიბრის მოდელები, მე მქონდა ასეთი ორი: “როსსი 518″ და “ტაურუსი” მოდელი 60. რაც შეეხება .38 ან .357 კალიბრის რევოლვერებს, ერთი ჩემი მეორადი “ტაურუს 85″ საერთოდ არ მუშაობდა, მეორე .357 კალიბრის მოდელი 66, ჯერ ყოველთვის არ ურტყავდა ამაალებელს საკმარისი ძალით და ბოლო აბსოლუტურად ჩვეულებრივი ექსპლუატაციის პირობებში მას გაუტყდა „ტრანსფერ ბარი“. თუ გავითვალისწინებთ რომ არც „ტაურუსის“ პისტოლეტები არ იყო უპრობლემო (გატეხილი ექსტრაქტორი პრაქტიკულად ახალ PT1911-ზე) ჩემი პირადი აზრით „ტაურუსის“ იარაღი არ შეიძლება იყოს რეკომენდირებული როგორც სერიოზული საბრძოლო/თავდაცვის ინსტრუმენტი. ლომის წილი პრობლემების, რომელიც მე მქონდა იარაღის 150 მოდელთან უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში უკავშირდება „ტაურუსის“ იარაღებს, ასე რომ გამართლება: „ტაურუსი“ ყიდის ბევრ იარაღს და ამიტომაც მათ პრობლემებზე ხშირად წერენ ჩემზე არ ვრცელდება. ეს სტატია არ ეხება „ტაურუსის’ რევოლვერების მიმოხილვას, მაგრამ მე უნდა დამიფიქსირებინა ჩემი მოსაზრება ამ კომპანიის პროდუქციაზე. არ გამოვრიცხავ სადმე არიან “ტაურუსების” კმაყოფილი მფლობელები, უბრალოდ მე არ ვარ მათ რიცხვში.

7602c-1024x768

ბილ რუგერმა  რადიკალურად გააუმჯობესა კლასიკური კოლტის ერთმაგი მოქმედების რევოლვერი Single Action Army და 1955 წელს გამოუშვა მოდელი “Blackhawk”. ამ რევოლვერმა გააღვივა ინტერესი კლასიკური “ვესტერნის” სტილის რევოლვერების მიმართ და ის დღემდე გამოდის და პოპულარობით სარგებლობს სპორტსმენებში და უბრალო იარაღის ენთუზიასტებში.  

ტაურუსის გარდა რევოლვერების მსხვილი მწარმოებლები არიან ასევე Smith&Wesson, Ruger, Charter Arms”, რევოლვერებს დღემდე უშვებენ ასევე ევროპაში. პიონერმა “კოლტმა” შეწყვიტა რევოლვერების წარმოება 1996 წელს. ამის გამო ძალიან ცოტა „კოლტის“ რევოლვერია საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც ფასი მათ იარაღზე შესაბამისად მაღლა იწევს. მე 12 წლის განმავლობაში შემხვდა სულ სამი “კოლტი”, .357 კალიბრის „ანაკონდა“ და „პიტონი“ და .38 კალიბრის  „დეტექტივ სპეშელი“.  „რუგერის“ რევოლვერი მე არ შემხვედრია და არც მახსოვს, რომ რომელიმე მაღაზიას გაეყიდოს ესეთი, „სმიტ&ვესონიც“ საკმაოდ იშვიათია და გარდა ამ ორისა კიდე გვხვდება საქართველოში სამი ევროპული მწარმოებლის რევოლვერები, ჩეხური „ხოლეკი“, ესპანური „ლამა“ და გერმანული „ვაირაუხი“.   აბსოლუტური უმეტესობა მოდელების არის კომპაქტური .38 Special კალიბრის რევოლვერები. უკანასკნელი სამის ავკარგიანობის შესახებ მე ნაკლებად ვარ ინფორმირებული თუმცა გარეგნულად ეს რევოლვერები კარგად გამოიყურებიან, მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი.

Korth-Super-Sport

მჭუდროდ დასახლებული, წყნარი ევროპა მკაცრი რეგულაციებით ხდის ხელმისაწვდომს მხოლოდ სპორტულ სროლას, ამის გამო ევროპაში რევოლვერები უფრო მიზანში სროლისთვის გამოიყენება და ნაკლებად ნადირობისთვის ან თავდაცვისთვის. ევროპაში არის ბევრი მწარმოებელი მაღალი კლასის სპორტული რევოლვერების. სურათზეა გერმანული Korth “Super Sport” კალიბრში .357 მაგნუმ. 

 ”კოლტი” და “სმიტ&ვესონი” ყოველთვის წარმოადგენდენ ძველი სკოლის ხარისხიან და საიმედო იარაღს, რომელშიც ჩანდა კვალიფიციური და გამოცდილი ოსტატების ხელების შრომა. “რუგერმა” მოიტანა ახალი ტექნოლოგიები, წარმოების გამარტივება და ხელმისაწვდომობა, რაც ყველას არ მოეწონა. ამ სამიდან, მხოლოდ ორ დარჩა, ხოლო “კოლტმა” დაკარგა თავისი პოზიციები ნაწილობრივ  იმის გამო, რომ არ უსმენდა თავის მომხმარებლებს და ასევე კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი ტექნიკური დეტალის გამო. 50-ნი წლების ბოლოს პოლიციამ აშშ-ში დაიწყო უარის თქმა აქამდე ტრადიციულ სროლის შესწავლის დოქტრინაზე სადაც კადეტები მწკრივში დაწყობილები ისროდნენ “ხარის თვალში”, წინასწარ შეყენებული ჩახმახებით. აღმოჩნდა, რომ ორმაგ რეჟიმში “სმიტის” სასხლეტებს ბევრად უფრო რბილი და მოკლე სვლა აქვთ, რაც ეგრევე შეაფასეს მსროლელებმა, მას მერე რაც საცეცხლე მომზადება გახდა უფრო რეალობაზე ორიენტირებული. “კოლტში” ვერ დაინახეს ეს ტენდენციები, დაკარგეს ბაზარი და 1996 წელს “კოლტის” ლეგენდა დასრულდა.

რევოლვერის კალიბრებს რაც შეეხება, საქართველოში რევოლვერები წარმოდგენილია, როგორც პრინციპში დანარჩენ მსოფლიოშიც ყველაზე პოპულარულ კალიბრებში .22lr, რომელსაც წარდგენა არ ჭირდება, .22WMR, გაცილებით უფრო ძლიერი ცენტრალური აალების კალიბრებით .38 Special, .357 Magnum და ასევე ძალიან მძლავრი  .44 Magnum-ით. პირველი ორი კარგად არის ცნობილი და როგორც ვთქვი მათი წარდგენა საჭირო არ არის. რაც შეეხება .38 სპეციალურს (9×29.5mmR), ბევრს გონია რომ მისი დიდი ზომის გამო ეს ძლიერი ვაზნაა მაგრამ რეალობაში ეს ასე არ არის. მასრის დიდი ზომა განპირობებულია იმით, რომ გამოჩენისთანავე 1898 წელს ეს ვაზნა იყენებდა შავ (კვამლიან) დენთს რომელსაც მეტი ადგილი ჭირდებოდა. 4 ინჩიანი ლულიდან გასროლისას სხვადასხვა წონის ტყვიების გამოყენების შემთხვვაში .38 კალიბრის ტყვიის ენერგია ვარირებს 220-დან 320 ჯოულამდე. შედარებისთვის „9მმ მაკაროვისს“  ენერგია არის 231 ჯოული. რა თქმა უნდა “მოკლე-ცხვირიანი” რევოლვერის ორ ინჩიანი ლულიდან ენერგია კიდე უფრო დაბალი იქნება. 70-ნი წლებიდან რევოლვერებში შესაძლებელია +P ან +P+ ვაზნების გამოყენება რაც ზრდის ენერგიას 20%-ით. “.38 სპეციალური” დაბალწნევიანი ვაზნაა, რის გამოც მას სტანდარტულ ვარიანტში აქვს დაბალი ხმა, უკუცემა და იარაღიც ნაკლებად ცვდება. ბევრი თვლის, რომ .38 არის სუსტი, ჯეფ კუპერი იძახდა .38-ზე, რომ ის ვინც ატარებს ორ ინჩიან .38 კალიბრის რევოლვერს უნდა დაფიქრდეს რა არის უფრო მნიშვნელოვანი, მისი იარაღის თუ მისი საკუთარი სიცოცხლე. მადლობა ღმერთს მას მერე ბევრი დრო გავიდა და .38-ის ეფექტურობაც გაიზარდა, მათ შორის მაღალტექნოლოგიური ექსპანსიური ტყვიების გამოყენების წყალობით. გარდა ამისა .38-ის დადებით მხარეებს განეკუთვნება მისი ძალიან მაღალი თანდაყოლილი სიზუსტე.

18520633175_7

მაღალი თანდაყოლიილი სიზუსტის გამო .38 სპეციალური გამოიყენებოდა სპორტულ პისტოლეტებშიც კი, როგორიც მაგალითად ეს Hammerli P240

მიუხედავად მოკრძალებული ციფრებისა “.38 სპეციალური” დღემდე რჩება ყველაზე პოპულარულ ვაზნად რევოლვერებისთვის. 2006 წლის Guns&Ammo-ს აპრილის გამოცემაში მე ამოვიკითხე, რომ ვაზნების გადატენვის კომპონენტების გაყიდევბით “.38 სპეციალური” მერვე ადგილზეა, რაც არც ისე ცუდია ვაზნისთვის, რომელიც 108 წლის იყო იმ პერიოდისთვის.  .38-ს პოპულარობით მოსდევს “.357 სმიტ&ვესონ მაგნუმი” (9×33mmR).  აღნიშნული კალიბრი გამოჩნდა არენაზე 1934 წელს და მისი დაბადება მჭიდროდ უკავაშირდება ავტომობილების გავრცელებას, კრიმინალის ზრდას და პირველი ჯავშანჟილეტების გამოჩენას, ყველაფერი ეს ითხოვდა უფრო მძლავრ ტყვიას, წინაღობებში გავლის კარგი შესაძლებლობებით. ვიზუალურად ის ძალიან გავს “.38 სპეციალურს” და განსხვავდება მხოლოდ მასრის სიგრძით. ვაზნა გაცილებით უფრო მაღალწნევიანია და შესაბამისად ბევრრად უფრო მძლავრია. ტყვიის წონა ვარირებს 125 გრანიდან 180 გრანამდე ხოლო ენერგია 800-დან 1100 ჯოულამდე. მაღალი წნევის გამო “.357 მაგნუმს” გააჩნია გასროლის დიდი ხმა ხოლო მოკლე ლულიდან ალის „ბურთი“ მზიან ამინდშიც კარგად ჩანს. ამავე დროს ავტორს თუ დაუჯერებთ, სრული ზომის .357 მაგნუმის რევოლვერიდან სროლა ძალიან დიდი სიამოვნებაა. არც ამ კალიბრის ეფექტურობა ორფეხა მტაცებლების წინააღმდეგ არასდროს არ დამდგარა ეჭვქვეშ.

.44 მაგნუმი არ შეიძლება ჩავთვალოთ თავდაცვით კალიბრად, ის უფრო გამოიყენება სანადირო, სპორტულ იარაღებში, თუმცა არის შედარებით მსუბუქი, კომპაქტური მოდელებიც, რომლიდანაც სროლა ექსტრემალური გართობაა ძნელად ასატანი უკუცემის გამო. ამ ძლიერი  კალიბრის ენერგია ვარირებს 1000-დან 2000 ჯოულამდე რაც 500 ჯოულით უფრო მეტია ვიდრე „კალაშნიკოვის“ 7.62×39 ვაზნის ენერგია. ბუნებრივია იარაღი ამ კალიბრზე ძალიან გაბარიტული და მძიმეა.

329PDsw

1955 წელს შექმნილი “.44 მაგნუმზე” გათვლილი Smith&Wesson M29 იყო პირველი პრაქტიკული და საიმედო მსხვილკალიბრიანი ზე-ძლიერი რევოლვერი. .44 კალიბრის ვაზნა ისევე როგორც .357 მაგნუმი შეიქმნა ლეგეენდარული ელმერ კეიტის იდეების შესაბამისად და .44-ის დანიშნულება იყო დიდ და საშიშ ნადირზე ნადირობა. თაბამედროვე ტექნოლოგიებმა შესაძლებეელია გახადა .44 რევოლვერების წარმოება, რომელთა ფარული ტარება შესაძლებელია მაგრამ, “მაჯის-სამტვრევი” უკუცემის გამო ასეთი იარაღის გამოყენება შეუძლია მხოლოდ ფიზიკურად ძლიერ და კარგად მომზადებულ მსროლელს. სურათზე არის სწორედ ასეთი .44 კალიბრის რევოლვერი S&W 329PD. 

როგორც უკვე აღვნიშნე .22, .38, .357 და .44 არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული რევოლვერის კალიბრები მათ შორის საქართველოშიც თუ არ ჩავთვლით რა თქმა უნდა ბებერ “ნაგანს”. მისი ვაზნა – 7.62×38mmR (7.62mm Nagant), დღევანდელი სტანდარტებით  აბსურდულად სუსტია ასეთი ზომა წონის რევოლვერისთვის. ტყვიის წონა 97 გრანია, საწყისი სიჩქარე 270 მ/წ-ში, ენერგია 210 ჯოული. საქართველოში უმეტეს წილად ჩვენ გვხდება ე.წ. სპორტული ვაზნები (ინდექსი 7,62 СР гл ) რომელთა ენერგია სულ რაღაც 160-180 ჯოულია.

another_smith_et_up

“სმიტ&ვესონის” 1917 წლის მოდელი, პირველი მასობრივი წარმოების რევოლვერი პისტოლეტის კალიბრზე. გამომდინარე იქიდან, რომ .45ACP-ს არ ქონდა რანტი, ვაზნები ფიქსირდებოდა დოლურაში ნახევარმთვარის ფორმის კლიპებით, რომლებიც ასევე აჩქარებდნენ  იარაღის გადატენვას. 

რევოლვერების ევოლუციის საინტერესო განშტოებას წარმოადგენენ რევოლვერები პისტოლეტის კალიბრებზე. ასეთი რევოლვერების გამოჩენა უკავშირდება პირველ მსოფლიო ომს და აშშ-ის არმიაში წარმოქმნილ .45ACP კალიბრის პისტოლეტების დეფიციტს. სიტუაციის გამოსწორების მიზნით მიღებული იქნა გადაწყვეტილება მომხდარიყო რევოლვერების ადაპტაცია პისტოლეტი კალიბრზე და ასე გაჩნდა “სმიტ&ვესონის” 1917 წლის მოდელი, დიდი .45 კალიბრის 6 ვაზნიანი რევოლვერი. იდეა აღმოჩნდა როგორც ჩანს კარგი და რევოლვერები გათვლილი პისტოლეტის კალიბრებზე (მეტ წილად .380 ACP, 9×19 Luger, .45ACP და ძლიერი 10mm Auto) დღემდე გამოდის.

ეხლა როდესაც მეტნაკლებად გავერკვიეთ რა ტიპის და რა კალიბრის რევოლვერების შეძენა შეიძლება საქართველოში, მოდით განვიხილოთ რა გაუმჯობესდა რევოლვერებში უკანასკნელი 150 წლის განმავლობაში და რა უპირატესობებს გვთავაზობს რევოლვერი.

sdaas19

გაიცანით “სმიტ&ვესონ” “ქომბათ მაგნუმი”, რევოლვერი შექმნილი სამართალდამცავის მიერ სამართალდამცავებისთვის, გამოჩენისთანავე წარმოადგენდა ახალ სტანდარტს კომპაქტურობის და საცეცხლე ძალის მშვენიერი ბალანსით. 

რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი გამოიხატა გამოყენებულ მასალებში. ამან გამოიწვია როგორც რევოლვერების მასის და გაბარიტების შემცირება ასევე კალიბრის ზრდა და მათ შორის გაზარდა დოლურის ტევადობა 7,8 და 10 ვაზნამდე. პირველი მერცხალი, რომელმაც შემდგომ წარმოქმნა მთელი ტენდენცია იყო სმიტ&ვესონის რევოლვერი „ქომბატ მაგნუმი“. ამ რევოლვერის იდეის ავტორი იყო გამოცდილი სამართალდამცავი ბილ ჯორდანი. მისი აზრით .357 მაგნუმის კალიბრის რევოლვერი, რომელიც ზომებით იქნებოდა იდენტური K ზომის ჩარჩოს მქონდე .38 კალიბრის რევოლვერების მაგრამ ექნებოდა მძიმე ლულა და რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები იქნებოდა „საოცნებო“ იარაღი ნებისმიერი სამართალდამცავისთვის. „ქომბათ მაგნუმმა“ შემდგომში წოდებული მოდელი 19, შექმნა ტენდენცია, რომელიც დღემდე გრძელდება, რევოლვერების გაბარიტების შემცირება და სიმძლავრის და საცეცხლე  ძალის ზრდა. “ქომბათ მაგნუმი” იყო პირველი რევოლვერი შექმნილი სერიოზული პოლიციური სამსახურისთვის, და რომელიც გაბარიტებით და საცეცხლე ძალით გაუწევდა კონკურენციას პისტოლეტებს. გაშვებული წარმოებაში 1955 წელს “ქომბათ მაგნუმი” ეგრევე გახდა ზეპოპულარული და მათ შორის გახდა  აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტში ახლად შექმნილი სპეცდანიშნულების რაზმის “SEAL”-ის პირველი ოფიციალური საშტატო იარაღი.

P101dd0014

Smith&Wesson 340PD არის კარგი მაგალითი თუ რამდენად დაიხვეწა რევოლვერების კონსტრუქცია. 

იმაზე თუ რამდენად განვითარდა ტექნოლოგია ზოგადად და რევოლვერების კონსტრუქცია კონკრეტულად  ნათლად მეტყველებს “სმიტ&ვესონის” კიდევ ერთი რევოლვერი მოდელი 340PD.  იარაღის ჩარჩო დამზადებულია ალუმინისგან და მას ასევე მსუბუქი შენადნობისგან დამზადებული დოლურა აქვს. ლულა ასევე არის ალუმინის მაგრამ ლულის არხი არის ფოლადის ლეინერით. მისი წონა სულ რაღაც 340 გრამია. გაბარიტები და დამალული ჩახმახი იძლევა საშუალებას ეს იარაღი კომფორტულად და შეუმჩნევლად ატაროთ შარვლის ჯიბეში და ამავე დროს მისი კალიბრი არის მძლავრი “.357 მაგნუმი”. შედარებისთვის 40 წლის წინ “კოლტმა” დაამზადა აშშ-ს საჰაერო ძალებისთვის მთლიანად ალუმინის .38 კალიბრის რევოლვერი სახელად “Aircrewman”, იმ დროს ტექნოლოგია ჯერ არ იყო საკმარისად განვითარებული და ალუმინის დოლურა ვერ უძლებდა სტანდარტულ .38 კალიბრის ვაზნის დაბალ წნევასაც კი, რის გამოც 1123 მიწოდებული რევოლვერი და მასთან ერთად 40 000 ალუმინის “სმიტ&ვესონი მ13′ ამოღებულ იქნა მიმოქცევიდან და განადგურდა. თანამედროვე და ტექნოლოგიურად დახვეწილი მოდელი 340PD არის იარაღი ვიწრო სპეციალიზირებული მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტი და კარგი მაგალითი რევოლვერების პირველი უპირატესობის: შესაძლბლობა გამოიყენოთ უკიდურესად მძლავრი კალიბრი ძალიან კომპაქტურ იარაღში.

rweerr

Smith&Wesson J-frame რევოლვერების ოჯახი დღეს არის ნომერ პირველი კომპაქტური .38 კალიბრის რევოლვერების ოჯახი. ამ ზომის რევოლვერები ასევე გამოდის სხვა კალიბრებშიც აქიდან ყველაზე ძლიერი .357 მაგნუმია, მაგრამ .38 რჩება საუკეთესო კომპრომისად საცეცხლე ძალასა და კონტროლირებადობას შორის. სურათზე არის .38 კალიბრის მოდელი Centennial (მცველი) რომლის წარმოება დაიწყო 1953 წელს და ის არის ალბათ საუკეთესო კომპაქტური რევოლვერი ფარული ტარებისთვის. ისევე როგორც “ქომბათ მაგნუმმა” ამ რევოლვერმა შექმნა მთელი ტრენდი და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რევოლვერის ევოლუციაზე. J ზომის ჩარჩოთი, “სმიტ&ვესონ” მოდელი 30 ასევე გახდა პირველი მოკლელულიანი იარაღი მთლიანად დამზადებული უჟანგავი ფოლადისგან. 

რა თქმა უნდა საოცრებები არ ხდება და  ასეთ იარაღს, მსუბუქს მაგრამ ძალიან ძლიერს ყოველთვის ექნება გარკვეული შეზღუდვები რომელიც ეგრევე გამოვლინდა პირველ ასეთ რევოლვერში – სმიტ&ვესონის „კომბათ მაგნუმში“. მალე აღმოჩნდა, რომ „მაგნუმის“ ვაზნების ხშირი გამოყენება შედარებით კომპაქტურ რევოლვერში იწვევდა მათ ნაადრევ ცვეთას .38 კალიბრის იგივე ზომის რევოლვერებთან შედარებით. აქიდან გამომდინარე წარმოიქმნა პრაქტიკა, რომელიც გულისხმობდა ვარჯიშს “.38 სპეციალურის” გამოყენებით, ხოლო ტარება ხდებოდა “.357 მაგნუმის” ვაზნებით დატენილი რევოლვერის. აღნიშნული შესაძლებელია იმიტომ, რომ “.357 მაგნუმ” კალიბრის იარაღში დასაშვებია უფრო სუსტტი “.38 სპეციალურის” გამოყენება. ეს მიდგომა ზოგავს იარაღის რესურს და მსროლელის ჯიბესაც ნაკლებად ურტყავს. რაც შეეხება მოდელს 340პდ, ამ იარაღში არ არის რეკომენდირებული 120 გრანზე ნაკლები წონის ვაზნების გამოყენება ვინაიდან ბოლომდე არ დამწვარმა დენთის ნაწილაკებმა შეიძლება გამოიწვიონ ჩარჩოს ეროზია, ან დაძრან მსუბუქი ტყვია მასრაში რაც გამოიწვევს იარაღის გაჭედვას. ეს შეზღუდვები ძნელად ასატან უკუცემასთან ერთად არის ფასი რომელსაც იხდით შესაძლებლობაში ჯიბით კომფორტულად ატაროთ იარაღი, შაშხანის კალიბრის სიმძლავრით.

IMGm58

Smith&Wesson M57/58, წარდგენილი 1964 წელს გათვლილი იყო ძლიერ .41 მაგნუმზე, რომლის შექმნის უკან იდგნენ ელემერ კეიტი, ბილ ჯორდანი და სკიტერ სკელტონი. ძლიერი ვაზნა შექმნილი “რემინგტონში” და მასზე გათვლილი რევოლვერი მოდელი 57 იმით არიან საინტერესო რომ წარმოადგენენ ევოლუციურ ჩიხს, იმ წერტილს სადაც სიმძლავრემ გადაწონა პრაქტიკულობა. 1964 წელს ჯერ არ არსებობდა მაღალტქნოლოგიური ექსპანსიური ტყვიები და ვიდრე .38 იყო სუსტი ხოლო .357 მაგნუმი ხასიათდებოდა ზედმეტი შეღწევით, ჩაითვალა რომ .41 მაგნუმი,  10 მმ-ნი 210 გრანიანი ტყვიით და ენერგიით 1500 ჯოული იქნებოდა იდეალური პოლიციური ვაზნა. სამწუხაროდ პოლიციელებმა არ მოიწონეს გასროლის მაღალი ხმა, ლულის ალი და უკუცემა ისევე როგორც სმიტ&ვესონის რევოლვერი N ზომის ჩარჩოთი კარგად ვერ ინელებდა ახალ მაგნუმს. “.41 მაგნუმი” მართალია დღემდე გამოდის მაგრამ ის უბრალოდ ვერ გახდა “მეინსტრიმ” კალიბრი, როგორც “.357 მაგნუმი” ან “.44 მაგნუმი” და სარგებლობს სიყვარულით და აღიარებით მხოლოდ ენთუზიასტების ვიწრო წრეში. 

მეორე უპირატესობა უკავშირდება თვითონ რევოლვერის კონცეფციას. რევოლვერის ათვისება ადვილია. რევოლვერს არ გააჩნია მცველი, მჭიდი, მჭიდის ღილაკი, არ არის საჭირო ვაზნის ხელით მიწოდება. ზოგი პისტოლეტი ისეთია, რომ სუსტი ხელების პატრონს საერთოდ გაუჭირდება ვაზნის მიწოდება, ვიწრო საკეტის და ხისტი ზამბარის გამო. ნაკლები მანიპულაცია და ღილაკი ნიშნავს, რომ სტრესის პირობებში ნაკლებია რამის დავიწყების ან არასწორად გაკეთების ალბათობა. რევოლვერში ყველაფერი ძალიან მარტივია, ამოიღე და ისროლე, როგორც „გლოკი“, იმ განსხვავებით, რომ რევოლვერის სასხლეტი გაცილებით უფრო მძიმეა და თან გრძელი სვლით რაც ამცირებს უნებლიე გასროლის რისკს. საკმარისია ერთხელ დახედოთ რევოლვერს რომ დაინახოთ დოლურა სავსეა თუ ცარიელი. ერთი ღილაკის დაჭერით დოლურა გარეთ გამოდის და შესაძლებელია დარწმუნდეთ რომ იარაღი მართლაც დატენილია. ერთი მოძრაობით კეტავთ დოლურას და იარაღი ისევ მზად არის სასროლად. 2 წუთიანი ინსტრუქცია და მსროლელი მზად არის რევოლვერის გამოყენებისთვის. ეს ასევე არის მიზეზი რის გამოც რევოლვერს ხშირად ურჩევენ გამოუცდელ ახალბედა მსროლელს, თუმცა ეს ყოველთვის სწორი არ არის. რატომ ამას მერე მიხვდებით.

Colt_Detective

Colt Detective Special ასევე გათვლილი “.38 სპეციალურზე”, ბრიტანული “ბულდოგის” შორეული შთამომავალი, იყო პირველი თანამედროვე “მოკლეცხვირიანი” რევოლვერი. გამოშვებული 1927 წელს ის წარმოებაში იყო 69 წელი.  ისევე როგორც “ქომბათ მაგნუმი” და სმიტ&ვესონის Centennial, ეს რევოლვერი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს რევოლვერების ისტორიაში. 

მესამე უპირატესობა: დატენილი და სროლისთვის გამზადებული რევოლვერი „დასვენებულია“.  არც ერთი ზამბარა არ არის წნევის ქვეშ. არც მჭიდის ზამაბარააა დატვირთული არც ჩახმახის/დამრტყმელის. დატენილი და სროლისთვის გამზადებული რევოლვერი ასი წლის მერეც გაისვრის თუ არ დაიჟანგა და არ დალპა ცუდი შენახვის გამო.

მეოთხე უპირატესობა: ავტომატური ექსტრაქცციის არ არსებობა. გასროლისას არ არის საჭირო ძლიერი ჭერა, რომელიც აუცილებელია მცირე ზომის პისტოლეტებიდან სროლისას, იმისთვის რომ საკეტს ეყოს ინერცია მასრის ამოსაგდებად. ავტომატური ექსტრაქციის არ არსებობა განაპირობებს დამატებით უპირატესობებს: შესაძლებლობა ისროლოთ პირდაპირ ჯიბიდან (ვიღაცას გაეცინება მაგრამ წაიკითხეთ სტატია ბოლომდე და უკვე ისე აღარ გაიცინებთ). თუ პისტოლეტის საკეტს ან მასრას დახვდა რამე წინაღობა პისტოლეტი გაჭედავს, რევოლვერი გაისვრის ყოველთვის. ზოგი იძახის რომ რევოლვერის დამატეებითი უპირატესობა არის უნარი ეგრევე გაიმეორო გასროლა თუ ვაზნა არ აალდა და გასროლა არ მოხდა.  თეორიულად ეს არის უპირატესობა, მაგრამ რეალურად თანამედროვე ვაზნები იმდენად საიმედოა რომ მე არ მახსოვს ასეთი შემთხვევა მომხდარიყო უაკანასკნელი წელი და ჩვენმა ინსტრუქტორებმა დამიდასტურეს რომ პოლიგონზე ასი ათასობით გასროლილ ვაზნაზე მათ „ასეჩკა“ არ ახსოვთ. ვინაიდან ექსტრაქცია მექანიკურია, რევოლვერი გაცილებით ნაკლებად არის მგრძნობიარე ვაზნის ხარისხთან მიმართებაში. თუ ვაზნა ჩაეტია რევოლვერში ის მას როგორც წესი გაისვრის. რევოლვერი გაძლევთ საშუალებას შეზღუდვების გარეშე გამოიყენოთ საფანტის, ფუჭი, ნაკლბად-ლეტალური, მსუბუქი სპორტული და მძლავრი თვადაცვითი მუხტები. თუმცა ზემსუბუქ რევოლვერებში უკუცემა იმდენად ხისტია რომ რეკომენდირებულია რაღაც წონის წონის ზევით ტყვიით აღჭურვილი ვაზნების გამოყენება.

360pd-6

ხისტმა უკუცემამ შეიძლება უბრალოდ დაძრას ტყვია დარჩენილ ვაზნებში  და გაჭედოს რევოლვერი. ეს აქტუალურია მხოლოდ ზე-მსუბუქ, ალუმინის მსხვილკალიბრიანი რევოლვერებისთვის. წარწერა ლულაზე აფრთხილებს მსროლელს ამის შესახებ. 

მეხუთე უპირატესობა: რევოლვერი არ იყენებს მჭიდებს. მჭიდი პისტოლეტის საიმედოობაში გადამწყვეტ როლს თამაშობს და ლომის წილი პრობლემების რომელიც შეიძლება წარმოიშვას პისტოლეტში უკავშირდება სწორედაც რომ დეფექტურ/დაზიანებულ მჭიდებს. ხშირად დეფექტური მჭიდის ვიზუალური დათვალიერებით ამოცნობა შეუძლებელია. რევოლვერს მჭიდი არ გააჩნია და შესაბამისად არც ასეთი პრობლემები აქვს. სწრაფ-დამტენები, ე.წ. “სპიდლოდერები” ასრულებენ გარკვეულ წილად მჭიდის ფუნქციას რევოლვერებში, აჩქარებენ მის გადატენვას. ამასთანავე ისისნი არანაირად არ თამაშობენ როლს რევოლვერის საიმედოობაში და ასევე ძალიან იაფი ღირს, HKS-ის “სპიდლოდერის” ფასი არ აღემატება 10 დოლარს. ზოგ მოდელში გათვალისწინებულია ნახევარმთვარის ან მრგვალი კლიპების გამოყენება, რომლებიც ერთად იჭერენ ვაზნებს და მათთან ერთად თავსდებიან ბარაბანში. ასეთი კლიპის გაღუნვა ავტომატურად გამოიწვევს დაბრკოლებას, დოლურა უბრალოდ არ დაიკეტება.

speedl

რევოლვერის გადატენვის დაჩქარების ორი მეთოდი, ელასტიური სტრიპი და მექანიკური „სპიდლოდერი“.

მეექვსე უპირატესობა: რევოლვერის მორგება ადვილია ნებისმიერი ზომის ხელზე. გნებავთ რევოლვერი სპორტული სროლისთვის, ერთი ხრახნი მოხსენით და დააყენეთ ორთოპედიული სახელური. გნებავთ ფარული ტარებისთვის მაქსიმალურად კომპაქტრუი იარაღი, მოხსენით ერთი ხრახნი და დააყენეთ კომპაქტური სახელური. პოპულარულ რევოლვერებზე არსებობს ათასნაირი სახელურის ქარხნული კონფიგურაციები და თუ სასურველი ვერ ნახეთ დაამზადებინეთ ისეთი რომელიც მხოლოდ თქვენ ხელზე იქნება მორგებული.

უპირატესობებზე თუ ჩამოვყალიბდით მოდით გავიხსენოთ რევოლვერის შეზღუდვებიც. ესენია პირველ რიგში ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი და განსხვავებული ერგონომიკა, რომელიც ითხოვს მიჩვევას. ასევე გადატენვის დაბალი სისწრაფე და შეზღუდული ტევადობა. მსუბუქ რევოლვერში თუნდაც “.38 სპეციალური +P”-ს აქვს საკმაოდ ხისტი უკუცემა. ასეთ რევოლვერში .357 მაგნუმის გამოყენება უკვე ითხოვს სერიოზულ მომზადებას.

sw6278sm

1998 წელს სმიტ&ვესონმა წარმოადგინა მოდელი 627-2. ეს იყო 8 ვაზნიანი რევოლვერი გათვლილი ,357 მაგნუმზე. 2 ვაზნის დამატებამ გაზარდა რევოლვერის საცეცხლეე ძალა. .22 კალიბრის რევოლვერებში დოლურად ტევადობა გაიზარდა 10 ვაზნამდე რაც პრინციპში შეესაბამება უმეტესობა ამ კალიბრის პისტოლეტების მჭიდის ტევადობას. 

ჩემი აზრით საიმედოობის და სიზუსტის მხრივვ პისტოლეტი და რევოლვერი ერთნაირია, თანამედროვე წარმოების პირობებში, პრაქტიკული თვალსაზრისით პისტოლეტიც და რევოლვერიც ადეკვატურად ზუსტია, თუმცა რევოლვერს მაინც აქვს მცირე უპირატესობა საიმედოობაში გამომდინარე იქიდან, რომ მას არ აქვს მჭიდი და ის ნაკლებად სენსიტიურია ვაზნის ტიპის და ხარისხის მიმართ. ეს არ ნიშნავს რომ რევოლვერები არ ჭედავენ. მაგრამ თუ გაჭედილი პისტოლეტის დაბრუნება მწყობრში  შესაძლებეელია წამებში, აი რევოლვერის “გაცოცხლება” ასეთი ადვილი არ არის. თუ რევოლვერმა გაჭედა ის გაჭედავს  კონკრეტულად და  შესაძლებელია საჭირო გახდეს იარაღის ხელოსანთან მიტანა. რამ შეიძლება შეაფერხოს რევოლვერის მუშაობა გარდა ვთქვათ მექანიკური პრობლემისა? ბინძურმა სავაზნეებმა ან გახეთქილმა მასრამ შეიძლება გახადოს ექსტრაქცია შეუძლებელი. ჭუჭყი ან  არდამწვარი დენთის ნაწილაკების მოხვედრა/დაგროვება საექსტრაქციო ვარსკვლავის ქვეშ არ მისცემს მას საშუალებას დაბრუნდეს გადატენვის შემდეგ თავის ადგილას და დოლურა ვერ ჩაიკეტება. ორივე შემთხვევაში დაბრკოლების აღმოფხვრა იქნება ძალიან რთული, განსაკუთრებით თუ ირგვლივ ისვრიან ან თქვენ ხართ თავდასხმის ობიექტი. გამომდინარე იქიდან რომ, რევოლვერის მექანიზმეების მუშაობა უნდა იყოს სინქრონიზირებული ხანდახან ხდება უცნაური რამეები თუ მექანიზმი მორყეულია. მაგალითად ერთი ჩემი “ტაურუსის” რევოლვერი (მოდელი 85) სროლის დროს ჭედავდა დოლურას. სასხლეტი ქვავდენოდა და იარაღი გამოდგებოდა მარტო მტრის მიმართულებით სატყორცნად. ასე, რომ თუ პისტოლეტის რემონტი და მასში დაბრკოლების აღმოფხვრა შეუძლია უშუალოდ პატრონს, რევოლვერის შემთხევაში ეს ასე არ არის.  რევოლვერის მწყობრში დაბრუნება არის კვალიფიციური ოსტატის საქმე. გვერდებიდან გამოსროლილი ტყვიის ნაწილაკები ასევე მეტყველებენ, რომ რევოლვერს აქვს სინქრონიზაციის პრობლემა ანუ სავაზნე ზუსტად არ უსწორდება ლულას. ასე, რომ ყურადღების მიქცევა და გაფრთხილება არის აუცილებელი. დაივიწყეთ ხელის ერთი მოძრაობით დოლურის ინერციით ჩაკეტვა, როგორც კინოფილმებში.

ჩნდება კითხვა, დასახელებული ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით  რა ტაქტიკური ნიშა შეიძლება გამოვუყოთ რევოლვერებს?

აშშ ალბათ არის ერთადერთი ქვეყანა სადაც დაშვებულია ნადირობა რევოლვერით და ამავე დროს მოკლელულიანი იარაღის ფლობა და ტარება  პრაქტიკულად არ არის შეზღუდული, შესაბამისად სანადირო მოკლელულიან იარაღში რევოლვერი მანდ დომინირებს და რევოლვერი აქტიურად გამოიყენება სანადირო იარაღის როლში. საქართველოსთვის ნადირობა რევოლვერით ნაკლებად კი არა და საერთოდ არ არის აქტუალური.

სამსახურეობრივი იარაღის როლში რევოლვერები აღარ გამოიყნება 70-ნი წლების ბოლოდან, როდესაც გამოჩნდა უამრავი დიდი ტევადობის საიმედო პისტოლეტი, რომლებიც უპრობლემოდ ინელებდნენ ექსპანსიურ ვაზნებს. მე არ ვიტყვი რომ რევოლვერების გამოყენება საერთოდ არ ხდება. რევოლვერებს დღემდე აქტიურად იყენებს საფრანგეთის სამართალდამცავები.  ასევე მაგალითად ერთ-ერთმა პოლიციის დეპარტამენტმა აშშ-ში, სთხოვა სიტ&ვესონს შეექმნა ტაქტიკური რევოლვერი, რომელიც გამოდგებოდა საიერიშო რაზმის ბალისტიკური ფარის ოპერატორის შესაიარაღებლად. დამკვეთების აზრით რევოლვერი არ გაჭედავდა იმ შემთხვევაში თუ ოპერატორი მას შემთხვევით მიაბჯენდა ან უბრალოდ წამოდებდა ფარს. ასე დაიაბადა მოდელი 327 TRR8, 8 ვაზნიანი, “.357 მაგნუმ” კალიბრის რევოლვერი აღჭურვილი “პიკატინის” სამაგრებით. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს რევოლვერი საუკეთესო იარაღია ამ როლში, ბობ ტაუბერტი გამოცდილი ინსტრუქტორი, რომელიც მათ შორის იდგა  FBI-ს HRT (მძევალთა გათავისუფლების სპეციალური ჯგუფი) დანაყოფის შექმნის პროცესის  სათავეში, თავის მართლაც შესანიშნავ წიგნში Rattenkrieg, არაფერს არ წერდა გაჭედილ პისტოლეტებზე, პირიქით ის იძახდა რომ ფარის ოპერატორის იარაღი უნდა იყოს რაც შეიძლება დიდი ტევადობის მჭიდით, რომ მას არ დაჭირდეს გადატენვა. ასეა თუ ისე, როგორც ჩანს არიან სპეც-დანიშნულეების ნაწილები სადაც სხვაგვარად თვლიან და სმიტ&ვესონმაც მათი თხოვნა შეასრულა.

RR5 სმიტ&ვესონ 327 TRR8 გაჩნდა სამართალდამცავების მოთხოვნის შესაბამისად და ეს კომპანია ყოველთვის ყურადღებით უსემნდა და ხშირად სთავაზობდა კიდევაც მათ და სპორტსმენ სმროლელებს სამსახურს. ამის გამო ამ კომპანიამ მალე დაიკავა ლიდერის პოზიციები და დაძირა კიდევაც თავისი მთავარი კონკურენტი “კოლტი”. როგორც ბილ რუგერმა ერთხელ თქვა, “კოლტის” მმართველობა უფრო გატაცებული იყო გოლფის თამაშით ვიდრე სროლით. 

ასევე ჩემი აზრით ტაქტიკური ნიშა ე.წ. “მოკლე-ცხვირიანებისთვის” (კომპაქტური რევოლვერები 2 ინჩიანი ლულით) კვლავ არსებობს. უბრალოდ გამომდინარე მათი შეზღუდევბიდან კარგად უნდა გვესმოდეს რომ ეს ნიშა საკმაოდ ვიწროა. რაც უფრო იზრდება “მოკლეცხვირიანის” სიმძლავრე პირდაპირ პროპორციულად მცირდება კომფორტი და რთულდება ეფექტური სროლა. “მოკლე-ცხვირიანს” აქვს მძიმე სასხლეტი (როგორც ყველა რევოლვერს) რომელიც ვერ შეედრება პისტოლეტის სასხლეტებს, აქვს მოკლე სამიზნე ხაზი და მსუბუქი მასის გამო გააჩნია დიდი უკუცემა.

.

640pro_series400x300

ასე უნდა გამოიყურებოდეს რევოლვერის თავდაცვითი კომპლექტი: საიმედო რევოლვერი (ამ შემთხვევაში S&W 640), კარგი ბუდე, რამდენიმე „სპიდლოდერი“ (HKS) და მათი „პაუჩი“.

დასახელებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ბუნებრივია რომ პოტენციალური რევოლვერის “კლინეტი” უნდა დარწმუნდეს, რომ რევოლვერს რომელსაც ის აირჩევს არის კარგი ხარისხის, აქვს საუკეთესო სასხლეტი, პატრონს ხელთ უნდა ქონდეს „სპიდლოდერები“ ხოლო ინტენსიური ვარჯიში არის აუცილებელი, მათ შორის იმისთვის რომ დარწმუნდეს რომ მას შეუძლია რევოლვერის მოთოკვა სასურველი ვაზნების გამოყენებისას. იდეაში პრაქტიკის 90% უნდა დაეთმოს ორმაგ რეჟიმში სროლას. კომპაქტური რევოლვერის გამოყენება შესაძლებელია როგორც სათადარიგო უკანასკნელი შანსის იარაღის როლში, რაც გულოსხმობს გამოყენების კრიტიკულად ახლო მანძილებს. ყოველდღიური ტარებისთვის სადაც ალბათობა თავდასხმის არ არის მაღალი. რევოლვერი ადვილი სატარებელია და 5-6 ვაზნა საკმარისია რომ დაიცვა თავი. რაც შეეხება ჯიბიდან სროლას, არაფერი სასაცილო და კურიოზული ამაში არ არის. თუ არ იცით ხართ თუ არა საფრთხის ქვეშ ჩაყავით ხელი ჯიბეში და მოკიდეთ ხელი რევოლვერს. გარედან თქვენ ჩვუელებრივად გამოიყურებით მაგრამ ამავე დროს მზად ხართ ნახევარ წამში განახორციელოთ გასროლა. თუ საფრთხე არ არის, ამოიღეთ ხელი ჯიბიდან და მიესალმეთ გვიან სტუმარს რომელიც სახლის კარზე მოგადგათ ან გააგრძელეთ თქვენი გზა თუ ქუჩაში ხართ. არ არის საჭირო  ვაზნის მიწოდება და მერე განმუხტვა, მცველის მოხსნა და ჩაკეტვა.

გაითვალისიწნეთ, რომ მართალია რევოლვერს არ აქვს საკეტი, რომელსაც შეიძლება გასროლისას წინაღობა შეხვდეს და იარაღიც გაჭედავს, მაგრამ სამაგიეროდ რევოლვერი შეიძლება ეფექტურად დაბლოკო და არ მისცე გასროლის საშუალება თუ წაავლებთ და მოუჭერთ ხელს ბარაბანს. მსროლელის თითს ძალა არ ეყოფა დაძლიოს წინააღმდეგობა და გაისროლოს (თუ ჩახმახი არ არის შეყენებული).

cobra52

იგივე შესაძლებელია ასევე ჩახმახის ხელით დაბლოკვით, რევოლვერზე გაცილებით დიდი და გარეთ გამოშვერილი ჩახმახებია ვიდრე პისტოლეტებზე და ამიტომაც დამალული ან ნახევრად დამალული ჩახმახი გარდა იმისა, რომ აადდვილებს იარაღის ჯიბით ტარებას ასევე იცავს ჩახმახს დაბლოკვისგან, იქნება ეს თავდამსხმელის ხელი თუ ტანსაცმელი რომელსაც შეიძლება ეს წამოედოს და ხელი შეგიშალოთ მის ამოღებაში. სურათზეა “კოლტ კობრა” ჩახმახის დამცავით. ასევე არსებობენ მოდელები დამალული ჩახმახით და პოპულარულია ჩახმახის გამოშვერილი ნაწილის მოჭრა რის შემდეგ რევოლვერი ხდება პრაქტიკულად მხოლოდ ორმაგი მოქმედების იარაღი. 

რა თქმა უნდა ის ფაქტი, რომ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ გარკვეულ კი არა და სერიოზულ შეზღუდვებს გვიწესებს. ვაზნები ძვირია და მათი ნომენკლატურია მწირია. კარგი თავდაცვითი მუხტბი .38 კალიბრში პრაქტიკულად არ გვხვდება და იგივე ეხება .357 მაგნუმს, იმ სხვაობით რომ მაგნუმი მაინც ძლიერი ვაზნაა ხოლო .38-ში ადეკვატური მუხტის გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პრობლემას წარმოადგენს პრაქტიკაც. კარგი რევოლვერები პრაქტიკულად არ იყიდება და არც მეორად ბაზარზე არ იშოვება, რის გამოც ჩემი ღრმა რწმენით თუ ადამიანი ეძებს მოკლელულიან თავდაცვით იარაღს, მან ჯობია გვერდი აუაროს რევოლვერებს და აირჩიოს ადეკვატური კალიბრის პისტოლეტი.

P1070146

ავტორის კუთვნილი, სქართველოში ძალიან იშვიათი Colt Detective Special. სწორედ ამ რევოლვერის გაცნობით “ინსპირერებულია” ეს სტატია.