Archive for November, 2015

ჩვენი ტესტი – АПС

Sunday, November 22nd, 2015

Пистолет-Стечкина_01_tb-620x400

მიღებული შეიარაღებაში მაკაროვის სისტემის პისტოლეტის შემდეგ, სტეჩკინის სისტემის პისტოლეტი (АПС) ძალიან წააგავს “მაკაროვს”, მართვის ელემენტების განლაგება პრაქტიკულად არ განსხვავდება, სახეზეა ვიზუალური მსგავსებაც. ავტომატიკის სქემა იყენებს ისევე როგორც „მაკაროვი“ თავისუფალ საკეტს. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ორმაგი მოქმედების არის. სროლის რეჟიმის გადამრთველი და მექანიკური მცველი ერთი დეტალით არის შესრულებული და ისევე როგორც „მაკაროვზე“ განლაგებულია  საკეტის მარცხენა მხარეს. და ისევე როგორც „მაკაროვი“, „სტეჩკინის“ დასაშლელად საკმარისია ჩამოწიოთ დაბლა სასხლეტის დამცავი რკალი და გადაწიოთ საკეტი უკან და ზევით მისი მოხსნის მიზნით. ცნობისთვის „სტეჩკინის“ პირველი პროტოტიპებზე დამაბრუნებელი ზამბარა იყო განლაგებული ლულის ქვეშ, შემდგომ როგორც მაკაროვზე ზამბარამ გადაინაცვლა ლულაზე. რაღა თქმა უნდა “სტეჩკინი” ისევე, როგოც “მაკაროვი” იყენებს 9მმ-ან ვაზნას 9×18, რომელიც ტრადიციულად რუსებისთვის შექმნილია გერმანული ვაზნის მიხედვით (9×18 Ultra).

უფრო გრძელი ლულის (140მმ), ავტომატური სროლის რეჟიმის და დიდი ტევადობის (20 ვაზნა) მჭიდის წყალობით ბუნებრივია სტეჩკინის პისტოლეტსუფრო მეტი საცეცხლე ძალა აქვს ვიდრე კომპაქტურ მაკაროვს. გრძელი (ისევე, როგორც “მაკაროვში” ქრომირებული) ლულის წყალობით ტყვიის საწყისი სიჩქარე 340 მ/წ-ში შეადგენს ხოლო სროლის ეფექტური მანძილი ინსტრუქციის შესაბამისად დაყენებული ბუდე-კონდახით  არის ძნელად დასაჯერებელი 100 მეტრი ჯერებით და 200 მეტრი ერთჯერადი გასროლებით. პირდაპირ ვიტყვი ეს არის არარეალური მაჩვენებლები და თუ გავითვალისწინებთ რა ყურადღება ექცეოდა პისტოლეტის შესწავლას საბჭოთა არმიაში ძალიან საეჭვოა რომ საერთოდ ოდესმე მომხდარიყო ამ იარაღიდან ეფექტური სროლის ათვისება.

ტრადიციულად რუსული/საბჭოთა იარაღის კონსტრუირების სკოლა ითვალისწინებდა ყველა დეტალისთვის მრავალი ფუნქციის მინიჭებას. “სტეჩკინში” მაგალითად სროლის ტემპის მარეგულირებელი მექანიზმი ასევე ასრულებს ავტომატური დამშვების ფუნქციას, ექსტრაქტორის ზამბარა ასევე ასრულებს მცველის ფიქსატოირის ფუნქციას და ასე შემდეგ. ამის გამო პისტოლეტი დეტალები რთული ფორმის არის, შტიფტების მაგივრად იყენებს დეტალთან ერთად შესრულებულ ჰაბებს (ისევე როგორც მაკაროვის პისტოლეტი). ასეთი მიდგომა ითხოვს რთული ფორმის დეტალების დიდი სიზუსტით დამზადებას, რაც ძვირი ჯდება მაგრამ სამაგიეროდ “სტეჩკინის” პისტოლეტი სულ 35 დეტალისგან შედგება. როგორც ჩანს საჭირო სიზუსტის დაცვა ვერ ხდებოდა და ერთ-ერთი რუსული წყაროს მიხედვით თითოეული პისტოლეტზე დეტალების მორგება ხელით ხდებოდა ინდივიდუალური წესით.   რუსული წყაროები აღნიშნავენ, რომ პისტოლეტი რეკორდულ ვადებში შესრულდა და წავიდა სერიაში მაგრამ გამოშვების პერიოდში ტექნიკურ დოკუმენტაციაში ათასზე მეტი ცვლილება იყო შეტანილი ხოლო მიღებისას პისტოლეტების 20% იწუნებოდა და ბრუნდებოდა ქარხანაში გამოვლენილი ხარვეზების გამო, რომელთა დიდი წილი უკავშირდებოდა არასაიმედო ფუნქციონირებას. (“Оружие пехоты” В. Мураховский). ალბათ წარმოების სირთულის გამო “სტეჩკინი” საბჭოთა კავშირის გარდა არავის არ გამოუშვია.

მოგეხსენებათ “სტეჩკინი” განეკუთვნება საკმაოდ იშვიათ პისტოლეტების კლასს, ანუ გააჩნია ჯერებით სროლის საშუალება. ავტომატურ რეჟიმში „სტეჩკინის“ სროლის ტემპი შეადგენს 700-750 გასროლას წუთში. აღნიშნული ტემპი მიიღწევა როგორც საკეტის დიდი მასით ასევე მექანიკური ტემპის დამწევის გამოყენებით.  ეს მექანიზმი ერთდროულად ამუხრუჭებს საკეტს და ასევე ავტომატური დამშვების ფუნქციას ასრულებს. განლაგებული პისტოლეტის ტარის უკანა ნაწილში აღჭურილი ზამბარით ის ჯერ ამუხრუჭებს საკეტს ხოლო საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისას  ათავისუფლებს სასხლეტს მის ბერკეტზე ზემოქმედებით. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ არ არის გამორიცხული რომ ეს დეტალი ასევე ამცირებს სროლის ტემპს იმით, რომ უშვებს სასხლეტს მცირე დაგვიანებით. მაღალი ხარისხის შენელებულ კადრებზე ჩანს რომ როდესაც საკეტი ბრუნდება წინა მდგომარეობაში გადის რაღაც დრო რის მერეც ეცემა ჩახმახი.  ანალოგიური მიდგომა განხორციელებულია მაგალითისთვის მოდერნიზირებულ კალაშნიკოვის ავტომატში. თუ სროლის რეჟიმის გადამრთველი დაყენებულია ერთჯერად რეჟიმზე მისი ღერძი არ აძლევს საშუალებას ტემპის შემანელებელს მიწვდეს სასხლეტის ბერკეტამდე და ასე გამოირიცხება ჯერით გასროლა.  რა თქმა უნდა სტეჩკინი არ იყო პირველი ვინც ტემპის მარეგულირებელი გამოიყენა და ამით მიაღწია სასურველ სროლის ტემპს. მექანიკური და ჰიდრავლიკური ტემპის მარეგულირებელი მქანიზმები ჯერ კიდევ ყველაზე ადრინდელ ტყვიამფრქვევების კონსტრუქციაში გამოიყენებოდა. ასეთი მექანიზმის გარეშე ტიპიური პისტოლეტის საკეტის შედარებით დაბალი მასის და მოკლე სვლის გამო სროლის ტემპი ადვილად ცილდება 1000 გასროლას წუთში. მაგალითად ავტომატური „გლოკების“ სროლის ტემპი შეადგენს 1100-1300 გასროლას წუთში.

stech1

სროლის ტემპის მარეგულირებელი მექანიზმი (ნაჩვენებია ისრით) განლაგებულია ტარის უკანა ნაწილში რის გამოც ტარი საკმაოდ სქელი გამოვიდა.  

სავარძლის ექსპერტები იტყვიან ალბათ, რომ რაც უფრო დიდია სროლის ტემპი მით უფრო უკეთესია მაგრამ საქმე იმაშია, რომ ასეთი მაღალი სროლის ტემპისას იარაღის კონტროლი შეუძლებელია და სროლა ხდება არაეფექტური. სტეჩკინმა რატომღაც ჩათვალა, რომ 1.2 კგ-ის წონის ავტომატური იარაღიდან სროლის ტემპი 700 გასროლა იქნებოდა ოპტიმალური მაგრამ მაგალითად გერმანელებმა, MP-5-ის შექმნისას გამოიყენეს სროლის ტემპი 650 გასროლა წამში რისთვის საკეტი დაამძიმეს ვოლფრამის ჩანართებით. ტომპსონის პისტოლეტ ტყვიამფრქვევის (M1) სროლის ტემპი შეადგენდა 600 გასროლას წუთში და ყველა ეს იარაღი აღიარებულია როგორც ზუსტი და ეფექტური იარაღი ჯერებით სროლისას. სამხედრო იარაღების ცნობილი ექსპერტი კოკალისი საერთოდ თვლიდა რომ 600 გასროლა წუთში არის საუკეთესო სროლის ტემპი ავტომატური იარაღისთვის ხოლო 890 გასროლა წუთში არის ეფქტური სროლის ტემპის ზედა ზღვარი. არსებობს მეორე გზაც სროლის ეფექტურობის გაზრდის, ეს არის ფიქსირებული ჯერებით სროლის რეჟიმი. ასეთი მიდგომა განხორციელდა მაგალითად მოგვიანებით H&K VP70-ში და Beretta 93R-ში.   ჩემი აზრით 750 გასროლა წუთში 1.2 კგ-ის წონის იარაღში მასიური საკეტით არ უზრუნველყოფს ეფექტურ სროლას ავტომატურ რეჟიმში და ავტომატური სროლის ეფექტური გამოცხადებული მანძილი 100 მეტრი რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს. საინტერესო ის არის რომ სტეჩკინის გარდა კონკურსზე პისტოლეტები წარადგინეს ასევე ვოევოდინმა და კალაშნიკოვმა, რომლებმაც საერთოდ  ფეხზე დაიკიდეს სროლის ტემპი და არც უცდიათ სროლის ტემპის შემცირება. ბუნებრივია მათი პისტოლეტები დამარცხდნენ. კალაშნიკოვმა როგორც მას ჩვევია ხოლმე არ გამოიჩინა თავი ორიგინალურობით და პრაქტიკულად წარმოადგინა ზომებში გაზრდილი Walther PP-ს კოპია თანაც ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით.

პისტოლეტზე მუშაობისას სტეჩკინი დიდ პრობლემებს წააწყდა ვაზნების საიმედო მიწოდების უზრუნველყოფის პროცესში. პრობლემების მიზეზი იყო ორ რიგიანი ვაზნების  გამოსვლის სქემის გამოყენება, ასევე სქელი და მოკლე მასრა პრაქტიკულდ მრგვალი ტყვიის თავით. ამის გამო სტეჩკინი მუშაობდა სხვადასხვა ტარის კუთხეებთან და ხვეწავდა მჭიდის კონსტრუქციას.  შრომა მართლაც რომ ტიტანური იყო, უმეტესობა პრობლემების სტეჩკინმა გადაწყვიტა მაგრამ მის იარაღს მაინც დარჩა საფირმო დაბრკოლება, ორმაგი მიწოდება, როდესაც ერთი ვაზნა თავით ზევით იყურება საექსტრაქციო ფანჯრიდან და რის გამოც როგორც ჩანს ნაწილი პისტოლეტების ვერ გადიოდა სამხედრო მიღების პროცედურებს. ამ პისტოლეტისთვის სტეჩკინმა სრულიად დამსახურებულად მიიღო სტალინის პრემია.

stech2

მოკლე სქელი მასრის და საკეტის უჩვეულოდ გრძელი სვლის გამო პირველი პროტოტიპების ტესტირებისას, საკეტის გახსნისას დარტყმა ჩარჩოზე საკმარისი იყო რომ მომხდარიყო ზედა ვაზნის თვითნებური ინერციული მიწოდება. ისრით ნაჩვენები ღარები იჭერენ ვაზნას, რომელიც მიწოდებამდე პრაქტიკულად გადახრილ და ნახევრად მიწოდებულ მდგომარეობაში ელოდება სანამ საკეტი დაარტყავს მას უკან დაბრუნებისას და შეაგდებს სავაზნეში. ასეთი პრაქტიკულად ორ საფეხურიანი მიწოდება უზრუნველყოფდა მოკლე ვაზნის საიმედო მიწოდებას მჭიდიდან ორრიგიანი ვაზნების გამოსვლით.

თავისთავად ავტომატური პისტოლეტის ამხელა არმიის შეიარაღებაში მიღება მოვლენა უნიკლაურია. არასდროს მანამდე და მის მერე ავტომატური პისტოლეტი რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არ ყოფილა შეიარაღებაში არც ერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. პისტოლეტის საბრძოლო თვისებების გაზრდა და კარაბინის როლის დაკისრება არ იყო მაშინ რაღაც ახალი.  ჯერ კიდევ 1914 წელს გერმანელებმა გარკვეული კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეები შეაიარაღეს „გრძელი“ „პარაბელუმებით“, 1904 წლიდან შეიარაღებაში იყო „პარაბელუმის“ ე.წ. „საზღვაო“ მოდელიც. რა თქმა უნდა იყო მოდელები რომლებიც ისროდნენ ჯერებით, მაგალითად Steyr M1912, Astra 901 და ა.შ. ხანმოკლე ინტერესი ავტომატური პისტოლეტების მიმართ გამოწვეული იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში პირველ რიგში იმით, რომ პისტოლეტი იყო ერთადერთი ნახევრად-ავტომატური ან თუნდაც ავტომატური იარაღი, მსუბუქი და საიმედო და ამიტომაც იყო მცდელობები ამ იარაღის ეფექტური სროლის მანძილის და საცეცხლე ძალის მაქსიმალური გაზრდის. როგორც კი გამოჩდნენ პირველი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები და დაიწყო მათი მასიური წარმოება სამხედროების ინტერესი “საიერიშო პისტოლტების” მიმართ მკვეთრად დაეცა და მას მერე მოყოლებული ავტომატური პისტოლეტები რჩებიან ეკზოტიკად და იშვიათად ხვდებიან სადმე შეიარაღებაში. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს პისტოლეტებზე შემორჩენილი იყო მხოლოდ კონდახის დაყენების ოფცია, ხოლო დიდი მჭიდები, რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები, გრძელი ლულები, ავტომატური სროლის რეჟიმები ჩაბარდა წარსულს, მაგრამ არა საბჭოთა კავშირში სადაც ყველა სიახლე და აღმოჩენა დიდი დაგვიანებით აღწევდა. შექმნილი წარუმატებელი და ბებერი ევროპული კონცეფციით გათვლილი სუსტ ვაზნაზე, „სტეჩკინის“ მიწოდება ჯარში იწყება 1952 წელს. ამ პისტოლეტით იარაღდებოდა ის სამხედრო პერსონალი, რომელიც ვერ ატარებდა ავტომატს, საბრძოლო მანქანების ეკიპაჟები, არტილერისტები, პილოტები და ასე შემდეგ. ბუნებრივია არადამაკმაყოფილებელი საცეცხლე ძალის და დიდი გაბარიტების გამო ამ იარაღმა არ დაიმსახურა კარგი გამოხმაურებები და  ზუსტად 7 წლის შემდეგ პისტოლეტის წარმოება შეწყდა. 1981 წლიდან მისი ჩანაცვლება მასიურად დაიწყო  AKC-74У ტიპის ავტომატებით. საბრძოლო პირობებში, მაგალითად ავღანეთში საბჭოტა არმიის საბრძოლო ნაწილებში „სტეჩკინი“ პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა როგორც ძირითადი საბრძოლო იარაღი და მაგის მაგივრად ოფიცრები ავტომატების ტარებას ამჯობინებდნენ. სტეჩკინი გახდა უფრო მოდური აქსესუარი, რიტუალური იარაღი რომელიც მეტყველებდა მისი პატრონის განსაკუთრებულ სტატუსზე.   გარდა მოკრძალებული საბრძოლო თვისებებისა როგორც უკვე აღვნიშნეე „სტეჩკინი“ გამოვიდა გაბარიტული, მძიმე (1.22 კგ სავსე მჭიდით), კომპლექტში მას მოყვებოდა ხის ბუდე-კონდახი (მოგვიანებით პლასტმასისგან დამზადებული), და ტყავის ჩანთა გათვლილი 4 სათადარიგო მჭიდზე. ეკიპირების ეს ელემენტები გაცილებით უფრო ნაკლებად გამძლე გამოვიდა ვიდრე პისტოლეტი და ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან. ჩემთვის საერთოდ ის ფაქტი, რომ “სტეჩკინმა” ჯარამდე მიაღწია დიდ გაკვირვბას იწვევს და ბევრ კითხვას ბადებს. ცნობილია მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირში მიხვდნენ, რომ პისტოლეტის როლი ჯარში იყო ძალიან უმნიშვნელო და ამის შედეგად შეიარაღებაში მიიღეს შედარებით მსუბუქი და კომპაქტური 9მმ-ნი მაკაროვის პისტოლეტი, გერმანული ვალტერ პპ-ს კონცეპტუალური ასლი ამის ფონზე უშველებელი პისტოლეტის აბსოლუტურად არარეალური გამოცხადებული მაჩვენებლებით შეიარაღებაში მიღება ძალიან უცნაურად გამოიყურება. როგორ დადგინდა გამოცხადებული ეფექტური სროლის მანძილები? 200 მეტრზე 9მმ-ნი “მაკაროვის” ვაზნის ვარდნა ისეთი იყო რომ პატარა შეცდომა სამიზნემდე დისტანციის გამოთვლაში და ტყვია სამიზნეს უბრალოდ არ მოხვდება. რა თქმა უნდა ასეთ მანძილზე ეფექტური სროლის წარმოება ჯერებით იყო აბსოლუტურად შეუძლებელი.

АПС

1952 წელს ასეთი პირადი იარაღი კონცეფცია მორალურად მოძველებული იყო და მისი შეიარაღებაში მიღება მორიგი დადასტურებაა რუსების/საბჭოთა კავშირის ჩამორჩენის ახალი სისტემის იარაღების შემოღებაში.  შექმნისას ამ პისტოლეტს ადარებდნენ “მაუზერის” და იგივე სისტემის “ასტრას” ავტომატურ პისტოლეტებს, რომლებიც წინა საუკუნეში იყვნენ შექმნილები. ბუნებრივია, რომ “სტეჩკინი” უკეთ გამოიყურებოდა.  

მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტის წარმოება მალევე შეწყდა გარკვეული მისი რაოდენობა მოხდა აფრიკაში, სადაც საბჭოთა კავშირი მხარს უჭერდა და ამარაგებდა ბევრ ტერორისტულს ორგანიზაციას ან თუნდაც “მეგობარ” სახელმწიფოებს რომლებიც იზიარებდნენ უტოპიურ საბჭოთა იდეოლოგიას. ცნობილია, რომ “სტეჩკინი” საჩუქრად მიიღეს ფიდელ კასტრომ და ჩილეს პრეზიდენტმა სალვადორ ალიენდემ დიდი რაოდენობა “სტეჩკინების” დაილექა საბჭოთა არმიის სპეც დანიშნულების ნაწილებშიც.

საბჭოთა კავშირში სადაც ცეცხლსასროლი იარაღის არც ისე ბევრი მოდელი იყო წარმოდგენილი, ნებისმიერი იარაღის ირგვლივ იქმნებოდა უამრავი მითქმა-მოთქმა, მითი და ლეგენდა. რუსული წყაროების გადაკითხვისას, ხშირად წააწყდებით ესეთ ფრაზებს, როგორიც: “სარგებლობდა პოპულარობით სპეცრაზმებში, კრიმინალურ წრეებში, კილერებში, შპიონებში“ და ასე შემდეგ. რეალობა ის არის რომ საბჭოთა კავშირში და შემდგომ რუსეთში ნებისმიერი იარაღზე იყო მოთხოვნა და გამოიყენებოდა ყველაფერი რისი საშუალებაც კი იყო.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ლოკალური კონფლიქტების და კრიმინალური განუკითხაობის ფონზე მოთხოვნა კომპაქტურ იარაღზე გაიზარდა და ანემიური “მაკაროვის” გარდა აღმოჩნდა რომ ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ “სტეჩკინი”, იგივე კალიბრის მაგრამ უფრო უკეთესი სროლისუნარიანობით (რა თქმა უნდა ერთჯერადი გასროლებით), დიდი ტევადობის მჭიდით და რამე იყოს შესაძლებლობით დაეცალა მჭიდი ერთ წამზე ნაკლებ დროში. ყველა უწყება დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტროთი და დამთავრებული ფინანსთა სამინსიტროთი ქმნიდნენ საკუთარ სპეც-რაზმებს და დაიწყო “სტეჩკინის” “რენესანსი”. ასევე გამოყენება მოიძებნა ამ იარაღის “დახშობილი” ვერსიისთვის (АПБ, შეიარაღებაში მიღებული 1972 წელს), რომელიც იყენებდა მოსახსნელ საპრესორს და ბევრად უფრო ერგონომიულ რკინის მავთულის კონდახს. მოთხოვნა პისტოლეტზე იმდენად დიდი იყო რომ ერთ-ერთი წყაროს მიხედვით ჩეჩნეთის ომში რუსები იყენებდნენ ლენდ-ლიზით მიღებულ M1911A1 ტიპის პისტოლეტებს და ტყვიაწამალს. ამჟმამად ყველაზე ელიტარული რუსული სპეც-დანიშნულების ნაწილები გადავიდნენ დასავლურ პისტოლეტებზე და ასევე მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელ ადგილობრივი წარმოების იარიგინის კონსტრუქციის პისტოლეტზე. იმის ფონზე რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში რუსებმა ვერ შექმნეს საკუთარი წარმოების წარმატებული პისტოლეტი “სტეჩკინის” გამოყენება კვლავ გრძელდება “დაბალი რანგის” სპეც-რაზმებში, რომლებიც ფართოდ არიან წარმოდგენილი რუსეთის ყველა ძალოვან სტრუქტურაში. ასევე ის გამოიყენება უკრაინის, ბელორუსიის და სხვა ქვეყნებში რომლებსაც ერგოთ “სტეჩკინები” საბჭოთა კავშირისგან.   გამოდგა სტეჩკინის “დახშობილი” ვარიანტიც. მავთულის კონდახის და საპრესორის გამოყენების წყალობით იარაღი უფრო ერგონომიული და კონტროლირებადი გახდა მათ შორის ჯერებით სროლისას.

apb1

კონსტრუქციულად პისტოლეტი АПБ საკმაოდ საინტერესო არის. ერთი შეხედვით თითქოს ეს ჩვეულებრივი “სტეჩკინია” ლულაზე დაყენებული საპრესორით, მაგრამ რეალურად პისტოლეტს გააჩნია ორ კომპონენტიანი ინტეგრირებული გასროლის ხმის დახშობის სქემა. იმისთვის, რომ ტყვიის საწყისი სიჩქარე დაწეულიყო ბგერის სიჩქარეზე დაბლა, პისტოლეტის ლულას გააჩნია 12 ნახვრეტი საიდანაც დენთის აირები ხვდებიან სპეციალურ კამერაში, რომელიც ჩამოცმულია ლულაზე, ხოლო კამერაზე დამატებით ყენდება საპრესორი, რომელიც დამატებით ახშობს გასროლის ხმას. ასეთი იარაღი ძალიან სპეციფიური ინსტრუმენტია. დაყენებული საპრესორით და მავთულის კონდახით მისი სიგრძე 785მმ-ია ხოლო წონა 1800 გრ. 

“ბნელი 90-ების” დროს საქართველოში “სტეჩკინი” დიდი პოპულარობით სარგებლობდა და “რემბოს” სათვალესთან ერთად აუცილებელი ატრიბუტი იყო ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ოდნავ მაინც აღელვებდა თავისი გარეგნობა. გარკვეული რაოდენობის პისტოლეტები მათ შორის “დახშობილ” მოდიფიკაციაში მოხვდა სხვადასხვა ქართული შეიარაღებული ფორმირებების ხელში ლაგოდეხში განლაგებული გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მე-12 სპეციალური დანიშნულების  ბრიგადის ნაწილიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემდეგ შეიარაღების დიდი ნაწილი დატოვა ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე (მეორე ვერსიით რუსებმა უბრალოდ გაყიდეს შეიარაღება). გარკვეული რაოდენობა “სტეჩკინების” “გაპრავდა” და გახდა ლეგალური სამოქალქო იარაღი გამომდინარე იქიდან, რომ ამ იარაღის ფლობა ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. ასევე გარკვეული რაოდენობა შემოიტანეს საქართველოში უკრაინიდან და გაყიდეს სამოქალაქო ბაზარზე.

სიმართლე გითხრათ სტატიის დაწერა სტეჩკინის სისტემის პისტოლეტზე მე საკმაოდ დიდი ხანი მინდოდა. მართალია ეს იარაღი არასდროს არ ყოფილა ჩემ პირად საკუთრებაში, საშუალება მისი ახლოს გაცნობის მომეცა 5-6 წლის წინ როდესაც მე პრაქტიკულად შემთხვევით მომიწია სასროლეთზე ყოფნა ერთ-ერთი უწყების სპეცრაზმელებთან. სხვადასხვა იარაღებს შორის რომელიც იმ დღეს ჩვენ ვისროლეთ  მათ შორის იყო თვისობრივად ერთმანეთთან ახლოს მყოფი MP5K და “სტეჩკინის” პისტოლეტი.

არ მეხამუშება ვაღიარო რომ “სტეჩკინი” ლამაზი და ქარიზმატული იარაღია. იმ ეპოქის საბჭოტა იარაღებს ახასიათებს მაღალი დამზადების ხარისხი და ძალიან კარგი ხარისხის დაფარვები. მე ადრე ვწერდი 50-ან წლებში იჟევსკში გამოშვებულ TT-ს პისტოლეტებზე, რომლებიც დამზადების მაღალი ხარისხით გამოირჩეოდნენ და ძალიან ლამაზი შავი ფერის დაფარვა გააჩნდათ. ეს იარაღები ასევე ძალიან კარგად ისროდნენ. ამ მხრივ “სტეჩკინის” პისტოლეტიც სრულყოფილად გამოიყურება. სხვათაშორის “სტეჩკინს” უშვებდა ქარხანა “მოლოტ” განლაგებული ქალაქ ვიატსკიე-პლიანიში. ამ ქარხნის პროდუქცია დღესაც გამოირჩევა კარგი ხარისხით.  სოლიდური ზომები, სუფთა ფორმები, კარგი დაფარვა. საკეტი რბილად მოძრაობს,  უჩვეულო  გრძელი სვლა აქვს და მაკაროვისგან განსხვავებით არ საჭიროებს ძალის დატანებას. მიუხედავად დიდი ზომებისა ხელში სიმძიმე არ იგრძნობა. პისტოლეტის “საბრძოლო-საომარ” დანიშნულებაზე მეტყველებს უკანა სამიზნე მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს დოლურას ღარებით და გათვლილია 25-50-100-200 მეტრზე სასროლად.

“სტეჩკინის” ბუდე-კონდახი ლამაზად გამოიყურება სურათებზე მაგრამ რეალურად ასეთი მიდგომის გამოყენებას მოყვა ის რომ ბუდის როლში ეს მოწყობილობა გამოვიდა დიდი, მძიმე, მოუხერხებელი, ხოლო კონდახის როლში ის ძალიან მოუხერხებელია. განლაგება, სიგრძე და ფორმა გამორიცხავს მის სწრაფად მიბჯენას მხარზე და მოსახერხებელი პოზიციის დაკავება პრაქტიკულად შეუძლებელია. კისერი არაბუნებრივად უნდა გადახაროთ და სულ ცოტახანში დაგეწყებათ ტკივილები. ერთ-ჯერადი გასროლებისას კონდახი კიდე რაღაცაში გეხმარებათ მაგრამ ავტომატური სროლა “სტეჩკინიდან” მოუხერხებელია და შესაბამისად ნაკლებად ეფექტური.

asdasda12

პისტოლეტის მცველი და სროლის რეჟიმების გადამრთველი მოუხერხებელია, ჯერ იმიტომ რომ განლაგებულია საკეტზე, მერე იმით რომ  გადამრთველით მანიპულირება ერთი ხელით ძნელია. 

ერთჯერად რეჟიმში სროლისას ტრადიციულად ვიწრო სამიზნე მოწყობილობები, რბილი სასხლეტი და გრძელი (185 მმ) სამიზნე ხაზი უზრუნველყოფს შესანიშნავ სიზუსტეს თუ წყნარად ისვრით კარგად განათებულ ტირში. ასეთ რეჟიმში სროლა ძალიან სასიამოვნო და ადვილია. ამ მხრივ “სტეჩკინი” სროლისუნარიანობით მე მირჩევნია ყველა სხვა რუსულ/საბჭოთა პისტოლეტს. ცუდი განათების პირობებში სამიზნე მოწყობილობების გარჩევა და ეფექტურად გამოყენება რთულია.

stechkin target

12 მეტრიდან, დაყენებული კონდახით ორ და სამ გასროლიანი ჯერებით  ყველა ტყვია ხვდება სანიზნეს თუ უმიზნებთ მუცელში. (სროლა ხორციელდებოდა კონდახის მარცხენა მხრზე მიბჯენით). ტარის კუთხის, მოუხერხებელი კონდახის  და ლულის მაღალი ღერძის გამო ეს იარაღი თითქოს საერთოდ არ არის შექმნილი ჯერებით ეფექტური სროლისთვის. 

ავტომატურ რეჟიმში სროლისას, გამოცდილ მსროლელს არ გაუჭირდება მიაღწიოს 2 გასროლიან კონტროლირებად ჯერებს. შედარებისთვის ეს აბსოლუტურად შეუძლებელია ავტომატურ გლოკში, სადაც 3-4 გასროლიანი ჯერების მიღწევა უფრო რეალურია. დაყენებული კონდახით “სტეჩკინი” ოდნავ უკეთესად კონროლდება ჯერებით სროლისას მაგრამ სროლა ხდება მოუხერხებელი. ასეთი კონდახის არანაირ ტაქტიკურ გამოყენებაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუ სანგრიდან წყნარად ესვრით მოშორებულ სამიზნეებს ეს “კონდახი” კიდე რაღაცნაირად ასრულებს თავის ფუნქციას, ახლო მანძილებზე სროლისას მისი გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩემი აზრით არ აქვს მნიშვნელობა იარაღის სროლის ტემპს, მოხსნილი კონდახის შემთხვევაში, ეფქტური სროლა ასეთი ტიპის იარაღიდან ითხოვს სერიოზულ მომზადებას. ავტომატური კომპენსატორიანი “გლოკიდან” და “სტეჩკინიდან” რეზულტატიური სროლა ჯერებით შესაძლებელია 10 მაქსიმუმ 15 მტერის მანძილზე, ისიც მაქსიმალურად მოკლე ჯერებით. გრძელი ჯერი ორივე იარაღში ერთნაირად არაფეფქტური იქნბა, 2 მაქსიმუმ 3 ტყვია მოხვდება სამიზნეს, დანარჩენი უბრალოდ აცდება. ესეც იმ შემთხვევაში თუ იარაღი მყარად გიჭირავთ და სამიზნე პირდაპირ თქვენ წინ არის. მოუხერხებელი პოზიციებიდან და ერთი ხელით, ჯერებით სროლას აზრი არ აქვს.  მოუმზადებელი მსროლელისთვის ავტომატური პისტოლეტის გადაცემა სახიფათოა რაზეც მეტყველებს ქვემოთ ვიდეოს “სკრინშოტი” და თბილისის ტირებში “სტეჩკინიდან” დაცხრილული ჭერები და კედლები. სროლის დროს “სტეჩკინმა” გაგვახარა საფირმო დაბრკოლებით, ვაზნა ამოხტა მჭიდიან და გაიჭედა თავით მაღლა. უნდა ვივარაუდოთ რომ ცვეთის პარალელურად იარაღის საიმედოობა პირდაპირ პროპორციულად მცირდება.

oopsacs

მომენტი როდესაც მსროლელმა გაიხვრიტა ხელი ავტომატური “გლოკიდან”.  

რა შეიძლება ვთქვათ ამ მიმოხილვის ბოლოს? ავტომატური პისტოლეტები არასდროს არ იყვნენ პოპულარულები და ვერ ჰპოვეს ფართო გავრცელება. დედამიწის ზურგზე ძალიან ცოტა ქვეყანაა სადაც კერძო პირებისთვის ნებადართულია ასეთი იარაღების ფლობა, ხოლო ძალოვან სტრუქტურებში ეს იარაღი არ სარგებლობს პოპულარობით მისი ათვისების სირთულის გამო, რაც ითხოვს დიდი ხარჯებს ხოლო სარგებელი საკითხავი რჩება. ეს იარაღები რჩება ეკზოტიკად და ვერასდროს ვერ შეავსეს ალბათ არ არსებული ნიშა პისტოლეტსა და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს შორის. ავტომატური პისტოლეტები დღეს შემორჩნენ ძალიან სპეციალიზირებულ თითებზე ჩამოსათვლელ სპეციალური დანიშნულების რაზმებში, კერძო კოლექციებში და კრიმინალურ წრეებში. ვისაც აქვს ბედნიერება და უფლება ფლობდეს ასეთ იარღს აფასებენ მათ მათი ისტორიული ღირებულების და იშვიათობის გამო ისევე როგორც იმის გამო, რომ ასეთი იარაღებიდან სროლა ძალიან სახალისოა. ამართლებს დღეს “სტეჩკინი” იმ ფასს, რომელსაც მაგაში ითხოვენ საქართველოში (4000 ლარი და ზევით)? თუ შევხედავთ მას პრაქტიკული თვალსაზრისით არ ვიცი. ერთის მხრივ იმ პირობებში, რომ პისტოლეტის სახლიდან გატანა საქართველოში შეუძლებელია, ლეგალური ავტომატური იარაღი თუ ის გამოცდილ ხელებშია სახლის დაცვის უზრუნველყოფის სცენარებში მრისხანე და ეფექტური იარაღი იქნება (თუ მსროლელი კარგად მომზადებულია) ყაჩაღების წინააღმდეგ. ფსიქოლოგიური ეფექტი როდესაც ტყვიების წვიმის ქვეშ მოექცევი ისეთია, რომ არ მგონია ბევრმა ყაჩაღმა გადაწყვიტოს განაგრძოს თავისი ბოროტი ქმედებები, როდესაც მას ჯერებით დაუშენენ ახლო მანძილიდან.  როგორც თავდაცვის იარაღი ფარული ყოველდღიური ტარებისთვის  ”სტეჩკინს” არანაირი აზრი არ აქვს უკვე დასახელებული მიზეზების გამო. რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ იარაღს მის ხელუხლებელ მდგომარეობაში (ავტომატური სროლის რეჟიმის შენარჩუნებით) აქვს ძალიან დიდი საკოლქციო ღირებულება და როგორც აღვნიშნე დედამიწაზე არც ისე ბევრი ქვეყანაა სადაც უბრალოდ მოქალაქეს შეიძლება ლეგალურად საკუთრებაში ქონდეს ეს იარაღი. ასე რომ ალბათ ასეთი მაღალი ფასი გამართლებულია.

ჭკვიანი მსროლელის საიდუმლო იარაღი – “მშრალი ვარჯიში”

Wednesday, November 18th, 2015

იმისთვის, რომ გახდეთ უკეთესი მსროლელი თქვენ გინდათ ორი რამე, სურვილი, დრო და ფული, რომელიც არასდროს არ არის საკმარისი. ამბობენ რომ საჭიროა 10 000 საათი რომ შეისწავლო საქმე ოსტატის დონეზე, საინტერესოა რამდენ ვაზნაში გამოიხატება ეს 10 000 საათი, კითხულობს ცნობილი ინსტრუქტორი კლინტ სმიტი და ეს კითხვა აბსოლუტურად მართებულია იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში სადაც ყველაფერი ხუთჯერ მეტი ღირს, სადაც არ არის ტირები და სასროლეთები, ხოლო სროლის შესწავლის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს. სულ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ თქვენ გიწევთ კვირაში 5 დღის გატარება სამსახურში და თუ ოჯახი გყავთ შაბათ-კვირაც გადატვირთული იქნება ოჯახის საქმეებით და ამიტომ სროლისთვის ნაკლები დრო რჩება, თუნდაც ქვეყანაში ამის ყველა შესაძლებლობა იყოს.  არსებობს ორი გზა ვარჯიშის ხარჯების შემცირების, ერთი არის ძირითადი იარაღის იდენტური მაგრამ მცირეკალიბრიანი იარაღის შეძენა და პრაქტიკა ასეთი იარაღით რაც ამცირებს ხარჯებს ტყვიაწამალზე და ასევე ზოგავს თქვენი ძირითადი იარაღის რესურსს, ხოლო ერთდროულად დროის და ფულის ხარჯს შეგიმცირებთ მშრალი ვარჯიში ანუ ვარჯიშით სროლის გარეშე. მოგეხსენებათ ტაქტიკური სროლა (და ამ ტიპის სროლას და დაკავშირებულ საკითხებზე ყველაზე მეტ დროს ვუთმობთ ჩვენ ბლოგზე) არის ფსიქომოტორული ფსევდოათლეტიკური უნარი, რომლის ეფექტურ გამოყენება ანუ ეფექტური (სწრაფი/ზუსტი) სროლა, დამოკიდებულია კონკრეტული ქმედებების კონკრეტული თანმიმდევრობით განხორციელების დამახსოვრებაზე. ეს დამახსოვრება მიიღწევა ცხადია მათი ხშირი და რეგულარული გამეორებით და სწორედ ამიტომ მშრალი ვარჯიში არის მნიშვნელოვანი.

მშრალი ვარჯიში გაძლევთ საშუალებას განავითაროთ საჭირო უნარები, ისეთები როგორც მაგალითად არის გადატენვა, უსაფრთხო მანიპულაციები, იარაღის სამიზნე ხაზზე გატანა და ა.შ. ერთადერთი რასაც ვერ მოახერხებთ მშრალი ვარჯიშით არის უკუცემის კონტროლის სწავლას. იარაღთან მოპყრობის ყველა სხვა უნარჩვევის დახვეწა შესაძლებელია იარაღის გასროლის გარეშეც. არ ჩათვალოთ, რომ მშრალი ვარჯში არის შემცვლელი რეალური სროლის, რომ ის არასერიოზულია და არ ღირს ამაზე დროის დახარჯვა. მშრალი ვარჯიში არის ყველა პროფესიონალი მსროლელის ვარჯიშის პროგრამის შემადგენელი ნაწილი არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სპორტსმენი თუ ინსტრუქტორი. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ძირითადად მშრალი ვარჯიშის უზრუნველყოფას თავდაცვითი იარაღით თუმცა მაგალითისთვის სხვა ტიპის იარაღთან ვარჯიშის მაგალითებსაც მოვიყვან. ნებისმიერ შემთხვევაში პრინციპები და მიდგომა არის ერთი და იგივე.

airreal

კიდევ ერთი გზა უნარების განვითარების ზედმეტი ხარჯების გარეშე არის „აირსოფტის“ იარაღების გამოყენება, რომლებიც პრაქტიკულად ვიზუალურად და მართვის ელემენტებით ზუსტად იმეორებენ საბრძოლო იარაღს, თუმცა მათი ფასი შეიძლება საკამოდ მაღალიც იყოს. სურათზე არის ნამდვილი და აირსოფტის გლოკ 26, რომლებიც პრაქტიკულად იდენტურებია. 

სტატისტიკა არ იტყუება და თავდაცვითი იარაღის გამოყენების აბსოლუტური უმეტესობა ხდება უკიდურესად ახლო/სასაუბრო დისტანციებზე და ცუდი განათების პირობებში. ნებისმიერი სახლის/ბინის პირობებში ასეთი პირობების იმიტაცია არ წარმოადგენს პრობლემას, რაც ნახევარ საქმეს უდრის. ამით პასუხი გაცემულად ჩავთვალოთ კითხვაზე თუ სად ვივარჯიშოთ. არ არის საჭირო უსაფრთხო და მოშორებული ადგილის ძებნა. დროის, საწვავის, ვაზნების ხარჯვა. უბრალოდ გამოიყენეთ ამისთვის თქვენი ბინა, სახლი, ეზო, ავტოფარეხი.

რა თქმა უნდა უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მშრალად ვარჯიშისას იარაღში არ უნდა იყოს მოთავსებული სავსე მჭიდი, უნდა დარწმუნდეთ რომ იარაღი განმუხტულია. სამიზნეებს რომლებსაც გამოიყენებთ ნუ განალაგებთ ფანჯრებში. თუ მოხდა საოცრება და მაინც შემთხვევით გაისროლეთ, ტყვია უნდა მოხდეს სქელ ბლოკის/აგურის კედელს ან სხვა საიმედო წინაღობას და არ უნდა დატოვოს სახლი/ბინა თუ ავტოფარეხი, გააჩნია სად ვარჯიშობთ. უსაფრთხოება არის უმნიშვნელოვანესი. რამდენიმე დღით ადრე მე გადავაწყდი ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოს სადაც თბილისის ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდვლები საუბრობდნენ იარაღზე ამასობაში იარაღებს შლიდნენ მჭიდის მოხსნის და სავაზნის მდგომარეობის შემოწმების გარეშე რაც არის უსაფრთხოების ტექნიკის უხეში დარღვევა. ერთია ამ ვიდეოს არსებობა მეორე ის არის რომ არავინმა კომენტარებში არ აღნიშნა ასეთი უხეში შეცდომები. ეს მეტყველებს რომ უსაფრთხოების თემა კვლავ ყბადაღებულია და ერთადერთი რაც შეიძლება გავაკეთოთ არის უფრო მეტი მონდომებით ვიმუშაოთ ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებაზე. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ისე რომ არავინმა არ დაგინახოთ, იმიტომ რომ უცხო თვალისთვის ადამიანი იარაღით ყოველთვის განგაშის ნიშანია.

ვარჯიშების ორგანიზებისას მიუდექით საკითხს ენთუზიაზმით და არასტანდარტულად. მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა თქვენს ხელთ არსებული საშუალებები და რა თქმა უნდა მოუფრთხილდით იარაღს. მაგალითად გადაუდებელი გადატენვისას მჭიდის იატაკზე (ჩემ შემთხვევაში იატაკი ბეტონის არის) დაგდება არ იქნება კარგი იდეა. მე ვიყენებ ამისთვის ბრტყელ-ეკრანიანი ტელევზორის ყუთს რომელიც ფეხებთან მიდევს და იცავს მჭიდს ბეტონზე დაცემისგან, მუყაოს ორი სქელი ფენა ასევე დაიცვას მჭიდს დაზიანებისგან. მე არ მაინტერესებს რა წერია იარაღის ინსტრუქციაში მაგრამ მშრალად სროლისას მოათავსეთ სქელი რეზინის ნაჭერი ჩახმახსა და ნემსას შორის ან სპეციალური სავარჯიშო ვაზნები იარაღში რომელსაც არ აქვს გარე ჩახმახი (ინგლისურად ფუჭ სავარჯიში ვაზნებს ქვია snap-caps). თუ გაქვთ შესაძლებლობა თქვენი იარაღის აირსოფტის ვერსია ან თუნდაც სათამაშო ასლი შეიძინოთ, ძალიან კარგი. გამოიყენეთ ის მაქსიმალურად. მაგაალითად პლასტმასის ბუდიდან იარაღის ხშირი ამოღება ადრე თუ გვიან დაეტყობა იარაღის დაფარვას ხოლო მისი ასლის გამოყენება შეგინახავს საბრძოლო იარაღს.

tacbar1

სავარჯიშო სივრცის მოწყობის მაგალითი. ძველი საწოლის “დსპ” ფიცრისგან დამზადებული ტაქტიკური ბარიერი, სამიზნეები დაკიდებული ავტოფარეხის კედელზე. მოწყობის მთლიანი ხარჯი 0 ლარი. 

მშრალი ვარჯიშისას დაიცავით პრინციპი: ივარჯიშოთ ისე როგორც აპირებთ ბრძოლას. გაანალიზეთ თქვენი სისუსტეები, როგორი იქნება სავარაუდო სცენარი იარაღის გამოყენების, სახლის დაცვა, თუ პატრულის ოფიცერი ხართ გამოიყენეთ საშტატო აღჭურვილობა და ასე შემდეგ. მე ვერ გასწავლით ამ სტატიით როგორი უნდა იყოს საუკეთესო პროგრამა ვარჯიშის მაგრამ მე შევეცდები აგიხსნათ რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოდ და რას მიაქციოთ ყურადღება. უმეტეს წილად მშრალი ვარჯიშები სრულდება არა მაქსიმალური სისწრაფით არამედ თქვენი მაქსიმალური სისწრაფის 50-60%-ით. ასევე ტემპის შენელება თქვენ გაძლევთ საშუალებას ყურადღება გაამახვილოთ მოძრაობების სრულყოფილად შესრულებაზე რაც მნიშვნელოვანია. თქვემი მიზანია არა N რაოდენობის მოძრაობის არამედ N რაოდენობის სრულყოფილი მოძრაობის განხორციელება. თქვენი მიზანი უნდა იყოს  არა უკეთესი დროის ჩვენება მშრალი ვარჯიშისას არამედ პირველ რიგში სხვადასხვა შესაძლო სცენარების დროს თქვენი მოქმედებები შესრულდეს უნაკლოდ და ავტომატურად. ითვლება რომ სტრესის პირობებში ქვეცნობიერად თქვენ ყველაფერს ისე გააკეთებთ როგორც ისწავლეთ. ჯიმ სირილო, ცნობილი ნიუ-იორკელი პოლიციელი, ინსტრუქტორი და ჩემპიონი მსროლელი იხსენებდა, რომ თავისი პირველი შეიარაღებული შეტაკებისას მას ქონდა განცდა რომ მისი რევოლვერიდან ვიღაცა სხვა ისროდა. იმ შეტაკებაში მან გაიმარჯვა სამ შეიარაღებულ ბოროტმოქმედზე აქიდან ერთს მან გაარტყა თავში, რომლის მეოთხედი ჩანდა მხოლოდ. ყველაფერი რამდენიმე წამი გაგრძელდა.  ასე რომ ეს მაგალითი უნდა იყოს თქვენთვის დამატებითი მოტივაცია დაფიქრდეთ მშრალი ვარჯიშის პროგრამის შედგენაზე.

მნიშვნელოვანია ვარჯიშის დროს  გეცვათ ისე როგორც გაცვიათ ჩვეულებრივად ან დიდი ალბათობით გეცმევათ მაშინ როდესაც მოგიწევთ იარაღის გამოყენება. აღნიშნული ასევე მოგცემთ საშუალებას დაადგინოთ რამდენად თქვენი ტანსაცმელი მოსახერხებელია თუ გიწევთ სირბილი, სწრაფად გაჩერება ან პირიქით აჩქარება, ხომ არ გიშლით ხელს ზედმეტად მოტკეცილი შარვალი, ან ხომ არ გიშლით ხელს იარაღის ამოღებისას ქურთული ან პერანგი. მშრალად ვარჯიშის დროს ეკიპირების და აღჭურვილობის ტესტირება არის კარგი რამ რაც შეიძლება გააკეთოთ. პატრულის ოფიცერი უნდა ვარჯიშობდეს ფორმაში, ჯარისკაცი იგივე აღჭურვილობით რომლითაც მას მოუწევს ბრძოლაში წასვლა. ძალიან ადრე მე ერთ-ერთი უწყების ტირში ვნახე სავარჯიშო იარაღები, რომლებიც არ იყო ამ უწყების შეიარაღებაში. ასეთი მიდგომა მიუღებელია.

რაც შეეხება გამოყენებად სამიზნეებს. მე კვლავ ვრჩები ჩემი მოგონილი კონცეფციის ghost target-ის მომხრე. მუქი, არამკვეთრი, არაკონტრასტული სილუეტი. ტიპიური ვარიანტია, ყავისფერ მუყაოს ნაჭერზე შავი სპრეი-საღებავით დახატული სილუეტი. რეალურ სამყაროში ცოცხალი „სამიზნეები“ არ ირბენენ მკერდზე დახატული „ხარის თვალებით“ და ამიტომ არ არის საჭირო მიჩვევა კონტრასტულ სამიზნეებთან მუშაობაზე. გამოდგება ასევე ნებისმიერი ნივთები დალაგებული ან ჩამოკიდებული ირგვლივ. მუყაოს სამიზნის დროებით ჩამოკიდება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას. შესაძლებელია მათი განთავსება კარებებში, კიბეზე, ოთახის სიღრმეში და გამოყენება დამიზნებისთვის.

ghosttt

Ghost Target (სამიზნე აჩრდილი) მაქსიმალურად წააგავს რეალურ სამიზნეს, ბუნდოვანი ფორმებით, არაკონტრასტული, ადვილი და  იაფი დასამზადებლად. სპორტული ტიპის სამიზნეები, წრეებით,  ”ხარისთვალით” კარგია საბაზისო უნარების დახვეწისას. 

რა უნარების განვითარება შესაძლებელია მშრალი ვარჯიშით? გარდა რა თქმა უნდა საფუძვლებისა (სასხლეტთან მუშაობა, სამიზნე მოწყობილობების გასწორება, იარაღი ჭერა, დგომი) რაც მნიშვნელივანია, ასევე ყველა მანიპულაცია იარაღით, ამოღება, გადატეენვა, ბუდეში დაბრუნება, გადაადგილება სამიზნე ხაზის შენარჩუნებით და ასე შემდეგ. უბრალოდ დასაცავი არის თანმიმდევრობის პრინციპი. ვიწყებთ საფუძვლებით და ტექნიკის დახვეწის თანავე გადავდივართ უდრო რთულ უნარებზე მაგრამ არ ვივიწყებთ საფუძვლების პერიოდულ გამეორებას. საფუძვლების გარდა მაგალითად ადამიანისთვის რომელიც იყენებს თავდაცვისთვის პისტოლეტს უფრო კომპლექსური ვარჯიში უნდა მოიცავდეს იარაღის ბუდიდან სწრაფ ამოღებას და სამიზნე ხაზის დამიზნების ხაზთან გასწორება.

losloa

თავდაცვა თავდამსხმელისგან არის რეაქციული ქმედება ანუ ჩვენ ვრეაგირებთ საფრთხეზე და თავდამსხმელს აქვს უპირატესობა მოულოდნელობის ეფექტის სახით. რა შეუძლია ადამიანმა ამას დაუპირისპიროს? პირველ რიგში ის რასაც ინგლისურად ქვია situational awareness, ანუ ყურადღების მიქცევა გარემოზე, იმაზე რა ხდება ჩვენს ირგვლივ. მაგალითად ღამით ცარიელ ქუჩაში ჩვენ სწრაფად გვიახლოვდება ადამიანი. ეს უკვე სიგნალია ჩვენთვის შესაძლებელი საფრთხის შესახებ ხო? თუ ჩვენ ცხვირი ცაყოფილი გაქვს სმარტფონში სანამ აგური თავში არ მოგვხდება ვერაფერს ვერ გავიგებთ. ირგვლივ გარემოზე დაკვირვება გვაძლევს ჩვენ საშუალებას ადრე შევამჩნიოთ საფრთხე. მას მერე რაც ჩვენ ვრწმუნდებით რომ ვართ სერიოზული საფრთხის ქვეშ ჩვენი მიზანია მოვიმარჯვოთ ის თავდაცვის საშუალება რაც არის ჩვენ განკარგულებაში, პისტოლეტი, დანა, წიწაკის აეროზოლი ანუ მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენი რეაქციის დრო და პირდაპირ პროპორციულად გვაზარდოთ გადარჩენის შანსები. სწორედ ამიტომ უნარი სწრაფად მოვიმარჯვოთ თავდაცვის იარაღი არის უმნიშვნელოვანესი უნარი რომლის დახვეწისთვის სულაც არ არის საჭირო ვაზნები და სასროლეთზე სიარული. მიზანშეწონილია ყოველი იარაღის ამოღება დავასრულოთ დამიზნების ხაზზე გატანით და სამიზნეზე დამიზნებით. ყურადღება მისაქცევია ერთ მნიშვნელოვან ნიუანსზე რომელიც ეხება უსაფრთხოებას. ყოველი იარაღის ამოღება არ ნიშნავს რომ აპირებთ სროლას, თუმცა შესაძლებელია იარაღის ამოღება დაიწყოთ იმიტომ რომ უკვე მოახდინეთ სამიზნის იდენტიფიცირება და უნდა განახორციელოთ გასროლა. როგორც იცით საქართველოში ეხლა უკვე უნდა ჩააბაროთ გამოცდა, რომელიც მათ შორის მოიცავს კითხვებს რომელიც უკავშირდება უსაფრთხოებას. გამოცდის ავტორები თავისი მწირი ცოდნიდან გამომდინარე შეცდომები დაუშვეს კითხვების და პასუხების შედგენისას და ერთ -ერთი შეცდომა სწორედ ეხება იმას თუ როდის უნდა მოთავსდეს თითი სასხლეტზე. ორი რამე უნდა მოხდეს რომ თქვენ თითი დადოთ სასხლეტზე, თქვენ უნდა დააპიროთ გასსროლა და იარაღი უნდა იყოს მიმართული სამიზნეზე (გამოცდაში მხოლოდ ერთი გარემობა – სროლის დაპირება არის მითითებული).  თუ თქვენ დააპირეთ სროლა მაშინ როდესაც იარაღი ჯერ ბუდეშია, იარაღის ამოღებისას თითი მაინც არ უნდა იყოს სასხლეტზე, მხოლოდ როდესაც იარაღი გაუსწორდება სამიზნეს თითი თავსდება სასხლეტზე და ხდება გასროლა. ბუნებრივია მეორე სცენარისას იარაღის ამოღებისას ყოველთვის არ იქნება საჭირო გასროლა, სამიზნე აგრესიულად იქცევა მაგრამ გაქვთ დისტანცია და უბრალოდ უნდა მიმართოთ იარაღი საფრთხეზე და დაელოდოთ მოვლენების განვითარებას. დაიმახოვრეთ: სანამ გადაწყვეტილება გასროლაზე მიღებული არ არის და იარაღი არ უმიზნებს სამიზნეს თითი სასხლეტს არ ეხება. ეს უნარი არის საკვანძო ელემენტი იარაღთან უსაფრთხო მოპყრობის ტექნიკის და მშრალად ვარჯიში გახდის ამ ელემენტს თქვენი ტექნიკის განუყრელ ნაწილს. თანამედროვე იარაღი ისეა აგებული, რომ ის არ გაისვრის თუ სასხლეტს არ დააჭირეთ, არც დავარდნა, არც დარტყმა, მოკლედ ვერაფერი ვერ აიძულებს რომ იარაღმა ისროლოს თუ სასხლეტი ხელუხლებელია. ეს მარტივი წესი დაგიცავთ თქვენ 99,9% უნებლიე გასროლისგან თუნდაც ძლიერი სტრესის პირობებში.

brassonsight

სასარგებლო ვარჯიში, რომლის მიზანია გამოიმუშავოთ სასხლეტზე დინჯი ერთგვაროოვანი დაჭერის ჩვევა, არის  მასრის მოთავსება იარაღზე და ისე დაჭერა სასხლეტზე რომ მასრა არ გაინძრეს და მითუმეტეს არ ჩამოვარდეს. ასეთი ვარჯიში აუცილებელია დამწყები მსროლელისთვის და არ აწყენს უფრო გამოცდილ მსროლელსაც. 

მე დავიწყე მშრალი ვარჯიშის პროგრამაზე საუბარი ამ ორი ელემნტით (იარაღის ამორება, დამიზნების ხაზზე მიტანა) იმიტომ რომ ეს ორივე ელემენტი არის ქვაკუთხედი ჩემი მშრალი ვარჯიშის პროგრამის, თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ რისი დახვეწა გინდათ და არის თქვენი პრიორიტეეტი. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იარაღის სწრაფი გადატანა სამიზნიდან სამიზნეზე და ასევე დამიზნება ჩემს გვერდით და უკან განლაგებულ სამიზნეებზე პოზიციის სწრაფი შეცვლით. ახალბედა მსროლელებმა მშრალი ვარჯიშით ყურადღება უნდა მიაქციონ ჯერ ზუსტი სროლის საფუძვლებს, დგომა, იარაღის ჭერა, სუნთქვა, სამიზნე მოწყობილობების გასწორება სამიზნის მიმართ და მუშაობა სასხლეტთან. მშრალი ვარჯიში მოგცემთ საშუალებას ავტომატიზმამდე დაიყვანოთ თქვენი მოქმედებები. გააშალაშინოთ ტექნიკა. სულ მალე მოძრაობებისს გახდება ეკონომიური, ეფექტიანი და შესაბამისად სწრაფი. მოდით ავიღოთ სხვა მაგალითი, თქვენ ხართ საპატრულო პოლიციის ოფიცერი, ჩემი აზრით პრაქტიკა მანქანის გამოყენებით იქნება აუცილებელი. შეისწავლეთ მანქანის მოწყობილობა, ნახეთ სად არის ყველაზე უსაფრთხო ადგილები ამოფარვისთვის. დახვეწეთ მანქანის როგორც ბარიერის ან საყრდენის გამოყენება. თუ თქვენ არ ჩანხართ ეს არ ნიშნავს რომ დაცული ხართ ტყვიისგან. სიბნელეშიც არ ჩანხართ მაგრამ სიბნელე ტყვიას არ აჩერებს. გადით ქალაგარეთ მანქანით სადმე წყნარ ადგილას და ივარჯიშეთ. ფაქტი რჩება ფაქტად, ყველა წარმატებული პოლიციელი ან თუნდაც კარგი მაგალითია სამხედრო სნაიპერები, იყვნენ წარმატებულები, იმიტომ რომ სროლის და გადარჩენის ტექნიკაში ისინი ვარჯიშობდნენ ან მანამდე სანამ ფორმას ჩაიცმევდნენ ან დამატებით დროს იმის მაგივრად რომ დაესვენათ სამსახურისგან. ნუ ენდობით სასწავლო პროგრამებს ჯარში თუ პოლიციაში. სახელმწიფოს უფრო ნაკლები უჯდება დაღუპული ოფიცრების დამარხვა და კომპენსაციის გადახდა ვიდრე ყველა ოფიცრის ადეკვატური მომზადება და აღჭურვა. სამკვდრო-სასიკვდილო ბრძოლაში მტერთან თქვენ არავინ არ გიშველით და თქვენ დამოკიდებულები იქნებით მხოლოდ საკუთარი უნარების დონეზე. მოწადინებული მსროლელი არის მსროლელი რომელიც ფიქრობს.

hqdefault

იმპროვიზაცია თქვენი მეგობარია. კარგი მაგალითი არის ტექნიკა რომელსაც ხმაროებენ თეფშებზე მსროლელები. თითქოს როგორ უნდა ივარჯიშოს “სტენდავიკმა” სახლში? როგორ და თოფის ლულაში თავსდება ფარანი, ვიწრო სხივით, და მსროლელი უბრალოდ თოფით “მიყვება” ოთახის კუთხეებს და ხაზებს და სწავლობს თოფის მოძრაობას ან თოფის შეგდებას მხრაზე. თოფისთვის ფარნის სხივის სიგანე არ ქმნის პრობლემას მაგრამ ხრახნილულიანი იარაღის პატრონემბა შეიძლება იგივე მიზნებისთვის გამოიყენონ ყველაზე იაფი ლაზერის მარკერები დამაგრებული იარაღზე.

მოდით აგიღწერთ ჩემ ტიპიურ სრულ მშრალი ვარჯიშის სესიას. ასეთი სესია მე მაქვს კვირაში მინიმუმ ორჯერ, როგორც წესი სამჯერ. ხანგრძლივობა 15-30 წუთი. ვარჯიში მოიცავს ორი ტიპის იარაღს, პისტოლეტს და ტაქტიკურ კარაბინს. როგორც უკვე ვთქვი მე მაცვია ჩემი ყოველდღიური ტანსაცმელი (იგივე რაც ჩვეულებრივად უბრალოდ ვიყენებ ძველ ტანსაცმელს რომ ახალი არ გავაფუჭო). არ არის საჭირო ისე ჩაცმა თითქოს იყოთ რომელიღაცა სპეცრაზმის ოპერატორი მაშინ როდესაც არ ხართ. ვარჯიშს როგორც წესი ვიწყებ ძალიან მარტივი მოძრაობებით, დამიზნების ხაზზე მიტანა, რამდენიმე დაჭერა სასხლეტზე ერთმა და ორგამ რეჟიმში, შემდეგ უკვე გადავდივარ უფრო კომპლექსურ ქმედებებზე,  პისტოლეტის კურთუკის, მაისურის ქვეშიდან სწრაფი ამოღება და სამიზნეზე მიმართვა. შემდეგ იგივე უკვე მზადყოფნის პოზიციიდან, როდესაც იარაღი უკვე ხელში მაქვს. შემდეგ გადატანები სამიზნიდან სამიზნეზე, რამდენიმე სამიზნეზე შეტევა.  შემდეგ იარაღის ამოღება მოძრაობაში და რამდენიმე სამიზნეზე შეტევით, სტატიკური პოზიციიადან გვერდებიდან და უკან განალგებულ სამიზნეებზე შეტევა. შემდეგ ვმუშაობ ტაქტიკურ ბარიერთან, ისე რომ ყოველი სასროლოსნო ადგილიდან დამიზნება და გასროლა რამდენჯერმე მაინც რომ გავიმეორო. შემდეგ იგივე უკვე კარაბინით. კვირაში მინიმუმ ერთხელ ვვარჯიშობ იარაღის გადაუდებელ და ტაქტიკურ გადატენვაში. სრული ვარჯიში ყოველ დღე არ გამომდის მაგრამ ვცდილობ აუცილებლად იარაღის ამოღება და დამიზნება ვიმეორო სტაბილურად ყოველ დღე. თუ დრო მაძლევს საშუალებას ვარჯიშისას ასევე ვცდილობ მივიღო ფიზიკური დატვირთვა აზიდვებით, განტელებით ან პრესის ვარჯიშებით. ძლიერი ფეხები, უნარი სწრაფად მოწყდე ადგილიდან და დამუხრუჭდე არის მნიშვნელოვანი ამიტომ მე ვცდილობ რომ ყოველთვის ჩავრთო პროგრამაში ჩაჯდომები, ადგილიდან სტარტის აღება და დამუხრუჭება. ტაქტიკური ბარიერი მაძლევს საშუალებას დავტვირთო მუხლები იმისთვის რომ სწრაფად მივიღი არასტანდარტული მაგრამ სტაბილური სასროლოსნო პოზიციები. თავდაცვითი სროლა პისტლეტიდან არის ორთაბრძოლის ნაირსახეობა ისევე, როგორც მაგალითად კარატე და სწორედ ასე უყურეთ სროლას და იგივე მიდგომები გამოიყენეთ. ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ ფორმას, გონებრივ განწყობას და ტექნიკას.

ეს პროგრამა არის შექმნილი ჩემთვის, როგორი უნდა იყოს თქვენი პორგრამა დამოკიდებულია იმაზე თუ რა მიზნების მიღწევა გსურთ და რა თქმა უნდა რა იარაღს იყენებთ. როდესაც მე გატაცებული ვიყავი შაშხანებით მე ვსწავლობდი მანძილის დადგენას “მილ-დოტის” ტიპის ბადითმ რისთვისაც შაშხანიდან ვიღებდი საკეტს, ვირჩევდი ორიენტირს და ვცდილობდი რაც შეიძლება მალე გამომეთვალა მანძილი და შემდგომ ვამოწმებდი გამოთვლების სიზუსტეს. იარაღებს მე ვფლობ უკანასკნელი 15 წელი მაგრამ აქიდან 5 წელი უკავშირდება ჩემი უნარების და ცოდნის განვითარებას, 10 წელი მე ტყვილა დავკარგე იმიტომ რომ მქონდა ურთიერთობა ხალხთან, რომელიც არ იყო დაინტერესებული განვითარებით და მეც ვიყავი განწყობილი არასერიოზუალად. ვერ ვიტყვი რომ ჩემი ხარჯები გაიზარდა ბოლო 5 წელი, უბრალოდ დროის და ფულის ხარჯვა გახდა რაციონალური და გაცილებით მეტი შედეგის მოტანა დაიწყო.

მიმართეთ  ”იუთუბს” და ინტერნეტს სადაც უამრავი ვიდეო გაკვეთილი და სტატია დევს მშრალ ვარჯიშზე (აკრიფეთ საძიებო ველში dry fire). მიუხედავად იმისა რომ ინფორმაცია უფასოა და ხელმისაწვდომი ყოველ დღე მე ვხედავ რომ ჯიუტად ხდება ამ მართლაც რომ საოცარი შესაძლებლობის იგნორირება. ეს ინტერნეტის იგნორირების ფენომენი რჩება ჩემთვის ამოუცნობ გამოცანად. ნუ დაემზგავსებით ამ ხალხს, იფიქრეთ, ისწვალეთ, შეამოწმეთ და გადაამოწმეთ თქვენი უნარები და ცოდნა.

სტატიის ბოლო მე მინდა მოგიყვეთ თქვენ ერთ ადამიანზე, რომელიც გამორჩეულია სროლის სამყაროში მაგრამ სამწუხაროდ მის შესახებ ბევრისთვის არ არის ცნობილი. ეს არის ბრიტანელი დევიდ ვესტერჰაუტი, ადამიანი რომელიც სათავეში ედგა როდეზიაში საბრძოლო პისტოლეტიდან სროლის დისციპლინის ჩამოყალიბების პროცესს. როდეზია პრაქტიკულად იყო “თეთრი” ანკლავი სამხრეთ აფრიკაში, არაღიარებული სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა ყოფილი ბრტიანული კოლონიის სამხრეთ როდეზიის საზღვრებში (ეხლანდელი ზიმბაბვე). როდეზიამ იარსება სულ რაღაც 14 წელი მაგრამ იმის გამო  რომ მათ ცალმხრივად გამოაცხადეს დამოუკიდებლობა ბრიტანეთისგან და ასევე ჩაებნენ ომში რადიკალურ მემარცხენე კომუნისტურ მოძრაობებთან (ე.წ. Bush War). ეს ქვეყანა მოექცა სანქციების ქვეშ და ბუნებრივია, რომ ომის და სანქციების პირობებში სპორტზე ზედმეტი იყო ფიქრი. მიუხედავად ამისა, ვესტერჰაუტმა შეძლო და გაიყვანა თავისი პრაქტიკული სროლის გუნდი მესამე ადგილას ჯგუფურ ჩათვლაში 1975 წელს შვეიცარიაში, ხოლო 1976 წელს ავსტრიაში გავიდნენ პირველ ადგილზე და დაამრცხეს ამერიკელების უძლიერესი გუნდი. მოპოვებული ავტორიტეტის და პერსონალური ქარიზმის წყალობით მან მოიპოვა უფლება ჩაეტარებინა ჩემპიონატი როდეზიაში სადაც მისმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში ამერიკელებთან ისევ გამოვიდა გამარჯვებული ხოლო ვესტერჰაუტი გახდა როდეზიის 1977 წლის საუკეთესო სპორტსმენი. ეს ყველაფერი ვესტერჰაუტმა და მისმა კოლეგებმა შეძლეს უმძიმეს პირობებში. ავსტრიაში ჩემპიონატზე როდეზიის გუნდს ქონდა მხოლოდ ერთი პისტოლეტი მთელ გუნდზე (მეორე მწყობრიდან გამოვიდა). ისინი თავად ტენიდნენ ვაზნებს და ასხავდნენ ტყვიებს. როდეზიის გუნდის ბრწყინვალე სამწლიანი ჩემპიონობა ადასტურებს, რომ შესაძლებელია შედეგის მიღწევა თუნდაც ძალიან შეზღუდული რესურსებით და სწორედ ამაში იყო ძლიერი ვესტერჰაუტი. ვესტერჰაუტი გატაცებული იყო იდეით გაზრდილიყო მსროლელების ოსტატობა მაგრამ ისე რომ გამოყენებულიყო მინიმალური რაოდენობის ძვირფასი ვაზნები. თავის ექსპერიმენტები მან ჩაატარა ჯარისკაცების ორი ჯგუფით საიდანაც ერთი ჯგუფი დაკავებული იყო ინტენსიური მშრალი ვარჯიშებით მისი შექმნილი პროგრამით, ხოლო მეორე მხოლოდ “ცხელი” ვარჯიშებით მაგრამ შეზღუდული რაოდენობის ტყვიაწამლით. პირველმა ჯგუფმა კვალიფიკაციისას აჩვენა ოდნავ უკეთესი შედეგი. სწორედ ასეთი მეთოდური მიდგომებით იყო ცნობილი ვესტერჰაუტი და სწორედ ასე მიუხედავად ხანმოკლე არსებობისა როდეზია შევიდა პრაქტიკული/ტაქტიკური სროლის ისტორიაში. როდეზიას ხშირად სტუმრობდნენ ჯეფ კუპერი და ბილ ჯორდანი, ადამიანები,, რომლებმაც შექმენს პრაქტიკული სროლა მაგრამ შემდგომ დაშორდნენ ამ დისციპლინას, იმიტომ რომ ის გადაიზარდა სპორტულ დისციპლინაში და არ დარჩა როგორც საბრძოლო ხელოვნება, როგორც ეს მის შემქმნელებს სურდათ. ასევე პირველად სწორედ როდეზიაში 1977 წელს მოხდა შეჯიბრში რკინის სამიზნეების გამოყენება. დევიდ ვესტერჰაუტი  ეხლცა ცხოვრობს ზიმბაბვეში და ისევ დაკავებულია სროლით. მისი წყალობით ზიმბაბვე დღემდე მონაწილეობს შეჯიბრებებში პრაქტიკულ სროლაში. 2012 წელს ამ ქვეყანაში ჩატარდა აფრიკის ზონის ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპიც.

Dave

დევიდ ვესტერჰაუტი