Archive for March, 2015

“მოკლე” AR15 – სიგრძეს აქვს მნიშვნელობა

Wednesday, March 25th, 2015

jjr6o5

არ ვარ დარწმუნებული შეიძლება მე ვცდები, მაგრამ როგორც ჩანს საქართველოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მოკლე ლულიანი AR-15. მოკლე ლულიან AR-15-ში  მე ვგულისხმობ იარაღს  რომელიც აღჭურვილია 10.3 და 11.5 დუიმის სიგრძის ლულებით (შემდგომში უბრალოდ 10-ნი და 11-ნი ლულები). მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ქარხნული კარაბინების, რომლებიც იყიდება მაღაზიაში არის 16.5-ნი  ლულებით, როდესაც საქმე მიდგება შეკვეთით აწყობაზე უპირატესობა ენიჭება სწორედ უფრო მოკლე ლულებს.  მიზეზი რატომ არის ჩვენ მაღაზიებში კარაბინების უმეტესობა 16.5 დუიმის სიგრძის მქონე ლულებით არის ის რომ ეს იარაღები შემოდის ძირითადად აშშ-დან სადაც კარაბინები ლულის მინიმალური სიგრძით 16.5 იყიდება თავისუფლად ხოლო ამაზე მოკლე ლულიანი კარაბინი ითვლება „მოკლელულიან შაშხანად“ და საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, რომლის მიღებას უნდა დრო და 200 დოლარიანი ქვითარი. ჩვენთან ცხადია ასეთი შეზღუდვა არ არის და როგორც ჩანს არჩევანის შემთხვევაში მყიდველები უპირატესობას ანიჭებენ სწორედაც რომ მოკლელულიან კარაბინებს.

დაწყებული იმ დროიდან რაც კოლტმა გაამოუშვა მოდელი 607, კარაბინი მოკლე 10 ინჩიანი ლულით და გასაშლელი კონდახით, ასეთი ზე-მოკლე AR-15-ები პოპულარობით სარგებლობენ მომხმარებლების გარკვეულ წრეებში. პირველი „კლიენტები“ კი ასეთი იარაღის იყვნენ აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები რომლებიც ვიეტნამში იბრძოდნენ. მოდელი 607 შემდგომ შეიცვალა უფრო დახვეწილი 609 მოდელით, რომელიც იყო პირველი „ზემოკლე“ AR-15, რომელიც გამოდიოდა მსხვილი პარტიებით და დიდი რაოდენობით გამოჩნდა საბრძოლო დანაყოფებში. საბრძოლო პირობებში ექსპლუატაციამ გამოავლინა ბევრი პრობლემები ამ იარაღთან და ის შემდგომ შეიცვალა მოდელი 629 რომელსაც მათ შორის ქონდა უკვე ოდნავ გრძელი 11.5 დუიმიანი ლულა. როგორც მოგეხსენებათ, რომ  ამ სისტემის იარაღის და მისი ვაზნის ევოლუცია აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში არ წყდებოდა და ადგილი ქონდა მრავალ მცდელობას ამ იარაღის გაუმჯობესების. მიუხედავად იმისა, რომ ითვლება რომ მოკლე ლულიანი AR-15 არის ყველაზე პრობლემური შვილი სტოუნერის სისტემის იარაღების ოჯახში  2000 წელს 10 ინჩიანი AR-15 კვლავ გამოჩნდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების არსენალში ამჯერად Mk18-ის სახით, ხოლო სამოქალაქო მსროლელებში მოკლე AR-15 დიდი პოპულარობით სარგებლობს.  რატომ დაბრუნდა “მოკლე”  AR-15? იმიტომ, რომ ჯარს და ფლოტს უნდოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გაბარიტების მქონე იარაღი, რომელიც გამოიყენებოდა კარაბინის კალიბრს და იქნებოდა მაქსიმალურად თავსებადი შეიარაღებაში მყოფ M4-თან. თუ ადრე ასეთი კონფიგურაციის კარაბინი იყო არასაიმედო და პრობლემური რა შეიცვალა მას მერე? რა უპირატესობები და შეზღუდვები აქვს „ზემოკლე“AR-15-ებს? რას ელოდოს ასეთი იარაღის პატრონმა და რისთვის უნდა იყოს მზად. ყველა ამ შეკითხვაზე მე შევეცდები გაგცეთ პასუხები ამ საკამოდ ვრცელ სტატიაში.

დავიწყოთ ყველაზე მთავარით, რა პრობლემას ქმნის 10-ნი ან თუნდაც 11-ნი ლულის გამოყენება ამ სისტემის იარაღში? მოგეხსენებათ, რომ სტანდარტული AR-15 იყენებს დენთის აირების პირდაპირი შეფრქვევის სისტემას, რომელიც ცნობილია და გამოიყიენება მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ჯერ ფრანგულ როსინიოლის  სისტემის შაშხანებში და მოგვიანებით შვედი ერიკ ეგლუნდის კონსტრუქციის კარაბინში, თუმცა სტოუნერის მიერ გამოყენებული სქემა უფრო რთულია. ამ სისტემის ადეპტი მეც გახლავართ. რატომ? იმიტომ რომ ასეთი სქემის გამოყენება იძლევა საშუალებას შექმნა  მარტივი იარაღი ძალიან ცოტა მოძრავი დეტალით, უფრო მსუბუქი და თან უდიდესი სიზუსტის პოტენციალით. პირდაპირი შეფრქვევის სისტემას ცხადია დადებითი მხარეების გარდა გააჩნია უარყოფითი მხარეებიც (როგორც ყველა სისტემას). პირდაპირი  შეფრქვევის სქემაში რომელიც გამოიყენა იუჯინ სტოუნერმა დიდი მნიშვნელობა აქვს ლულაში წნევის შენარჩუნების დროს. ეს ნიშნავს რომ სისტემა იღებს საჭირო მოცულობის წნევას საჭირო დროის განმავლობაში რაც აუცილებელია, რომ მოხდეს მასრის საიმედო ექსტრაქცია და ახალი ვაზნის სავაზნეში მიწოდება. მოკლე ლულიან იარაღში გამომდინარე იქიდან, რომ ლულის დაბოლოება განლაგებულია ძალიან ახლოს დენთის აირების სიტემის ნასვრეტთან ლულაში საიდანც ხდება აირების ამოღება გადატენვის ციკლის შესასრულებლად აღნიშნული იწვევს წნევის შენარჩუნების დროის (dwell time)  შემცირებას. ეს კი ახდენს გავლენას იარაღის საიმედოობაზე, განსაკუთრებულად ჯერებით სროლისას. ანუ ამ  სისტემას აქვს თანადაყოლილი თვისება იყოს მგრძნობიარე წნევის შენარჩუნების დროზე და ასევე გამოყენებული ვაზნის მიმართ.  როგორც კი იცვლება ვაზნები და იარაღის კონფიგურაცია საჭიროა ცვლილებები რომ საიმედოობა შენარჩუნდეს. ეს არი იყო პრობლემა M16-ში, იმიტომ რომ ის იქმნებოდა კონკრეტული ვაზნის ირგვლივ, კონკრეტული კონფიგურაციით.

შეკითხვაზე რატომ იყო 10-ნი AR-15-ი არასაიმედო ვიტნამში და გახდა საიმედო 2000-ან წლებში მარტივი პასუხი არ არის. საქმე იმაშია, რომ მაშინ ეს სისტემა იყო შედარებით ახალი და ნაკლებად შესწავლილი. მაშინ არ არსებობდა მძიმე ბუფერები, ზამბარები, ვაზნები არ იყო ისეთი მაღალი ხარისხის, როგორც დღეს.  იმ პროცესების ბუნება, რომელიც მიმდინარეობს AR-15-ის შიგნით არ იყო კარგად შესწავლილი. იუჯინ სტოუნერი, ჯიმ სალივანი და სხვა ნიჭიერი ხალხი, რომლებიც ქმნიდნენ და ხვეწავდნენ M-16, ქმნიდნენ მას ისეთს როგორსაც მას სთხოვდნენ სამხედროები. შაშხანას 20 დუიმიანი ლულით, 11 დუიმიანი დენთის აირების სისტემით და ვაზნით, რომელსაც ექნებოდა სასურველი გარე და ტერმინალური ბალისტიკური მონაცემები. იმ დროს უბრალოდ არ იყო მიღებული ერთი და იგივე სისტემის სხვადასხვა კონფიგურაციის შაშხანის (თვითდამტენის) შეიარაღებაში მიღება. ფეხოსნის ძირითადი იარაღის მოდიფიცირება დასაკეც, მოკლე-ლულიან, კომპაქტურ იარაღად დაიწყო მოგვიანებით და მანამდე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უბრალოდ სხვა სისტემას იღებდნენ შეიარაღებაში, უფრო მსუბუქს და უფრო სუსტი კალიბრის (მაგალითად 30-06 კალიბრის გარანდის შაშხანა და .30 კალიბრის კარაბინი M1.). ამიტომ, არავინ არ ფიქრობდა იმაზე თუ რა მოხდებოდა რომ M-16-ის ლულა გადაჭრილიყო შუაზე და რა ცვლილებები მოყვებოდა ამას ბალისტიკაში და ასე შემდეგ. იარაღის მოდიფიცირება ხდებოდა ახალი მოთხოვნების მიხედვით, სწრაფად, ომის პირობებში და პრობლემების გადაჭრა ხდებოდა იარაღის საბრძოლო პირობებში ექსპლუატაციის პარალელურად. მას მერე რაც ამდენი წელი გავიდა ცხადია ეს სისტემა უკეთ არის თუ არა ბოლომდე შესწავლილი და შესაბამისად გახდა შესაძლებელი საიმედო მოკლე AR-15-ის შექმნა. სამხედროები წავიდნენ შემდეგი გზით, დენთის აირების ნასვრეტი ლულაში გაიზარდა 16მმ-დან 18მმ-მდე, ექსტრაქტორის ზამბარა 4 ხვეულით შეიცვალა უფრო ხისტი ხუთ ხვეულიანი დეტალით, რომელსაც დაემატა რეზინის რგოლი ექსტრაქტორის ქვეშ („ბუბლიკი“),  სამი განცალკევებული დენთის აირების რგოლი შეიცვალა ერთიანი დეტალით.  მე ხელთ მაქვს პრეზენტაცია, რომელიც მიმოიხილავს Mk18-ის (M4 ტიპის შაშხანა აღჭურვილი 10 დუიმიანი აპერით) ტესტირების შედეგებს. 4 ასეთი იარაღიდან იყო ნასროლი ჯამში 40 000 ვაზნა. სულ ოთხივე იარაღმა განიცადა 56 დაბრკოლება. აქიდან ლომის წილი 29, მოვიდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ კარაბინზე, დანარჩენებმა 10 000 გასროლაზე განიცადეს 6, 10, და 11 დაბრკოლება შესაბამისად, რაც ნიშნავს საშუალოდ 1 111 გასროლას დაბრკოლების წარმოქმნას შორის. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. 10% ნასროლი იყო საპრესორების გამოყენებით. ყველა გასროლა ხდებოდა მოკლე ან საშუალო სიგრძის ჯერებით. უნდა ვივარაუდოთ რომ ნახევრად-ავტომატური სამოქალაქო მოდელები უფრო საიმედო იქნებიან რა თქმა უნდა კარგი მწარმოებლისგან ან აწყობილი კომპეტენტური პირის მიერ. ამ თემას კიდე დავუბრუნდებით ამ სტატიის ბოლოს.

mADqDg7

Mk18 Mod 1 რომელიც ამჟამად არის შეიარაღებაში, იწყობა კოლტის M4 ან M16A1-ის რესივერებზე და ასევე იყენებს Daniel Defense-ის ტიბჟირს პიკატინის სამაგრებით და SOPMOD კონდახს. იარაღზე აყენია KAC-ის საპრესორი.  

კიდევ ერთი პრობლემა უკავშირდება მოკლე ლულის გამოყენებას. შაშხანის მასრაში არსებული დენთი ნელა იწვის იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ლულის სიგრძე და ტყვიას მეტი ენერგია გადასცეს. შესაბამისად მოკლე ლულიდან სროლისას უნდა ველოდოთ დიდი მოცულობის ლულის ალს (ავტორის გამოცდილებით მოდერატტორის გაოყენების გარეშე ლულის ალი მზიან ამინდშიც ჩანს) იმის გამო რომ მოკლე ლულაში დენთი ვერ ასწრებს ბოლომდე დაწვას და ასევე გასროლის ხმა არის ძალიან მაღალი. აქ გამოსავალი არის მხოლოდ მაღალი ხარსხის სპეციალური ლულის მოწყობილობის/მოდერატორის გამოყენება, რომელიც შეამცირებს წნევის დარტყმას, ალს და გასროლის ხმას. სამწუხაროდ ასეთი თანამედროვე მოწყობილობების ფასი 100 დოლარიდან იწყება, მაგრამ თუ თქვენ აპირებთ მეტ ნაკლებად ბევრი ვაზნის სროლას თქვენი მოკლე AR-15-დან ასეთი მოწყობილობის გამოყენება აუცილებელია. ცხადია რომ მოკლე ლულა მნიშვნელოვნად ტვირთავს ლულის მოწყობილობას და ის მაღალი ხარისხის უნდა იყოს რომ გაუძლოს ექსპლუატაციას. ამერიკელები იყენებდნენ ვიეტნმაში შთამბეჭდავი სიგრძის მოდერატორს. მე მეყენა ასეთი მოდერატორი 11.5-ან კარაბინზე და ის კარგად ახშობს ლულის ალს და ამცირებს გასროლის ხმას, მაგრამ ის არც ისე ადვილად იწმინდება და ასეთი მოდერატორით 11.5-ნი კარაბინი ხდება 14.5-ნი კარაბინის სიგრძე. შესაბამისად  11.5-ნი ლულის გამოყენებაც აზრს კარგავს. მაღალი გასროლის ხმა ასევე სერიოზული ტაქტიკური შეზღუდვაა, დახურულ სივრცეში პისტოლეტის ან კარაბინის გასროლის ხმას ადამიანი აიტანს, მოკლე ლულიანი კარაბინიდა გასროლა სმენის დაცვის გარეშე ნიშნავს რომ მსროლელი  გარანტირებულად მიიღებს აკუსტიკურ ტრავმას. ამიტომ თუ ასეთ იარაღს იყენებთ თავდაცვისთვის იქონიეთ ახლომახლო სმენის დაცვის საშუელაბა.

რაც შეეხება ლულის ცვეთის/რესურსის საკითხს ჩემს მიერ მოყვანილი ტესტირების შედეგებში ასევე ნახსენები არის ეს თემა. პრეზენტაციის ნაწილში, რომელიც ეხებოდა ლულის ყელის ცვეთის მაქსიმალურ ნიშნულს (throat erosion) რის შემდეგადაც ლულა უნდა გამოიცვალოს. ოთხმა კარაბინმა ამ მაჩვენებელს მიაღწიეს დაახლოებით 7 – 9 ათასი გასროლის შემდეგ.  ნახევრად-ავტომატურ კარაბინს სამოქალაქო მსროლელის ხელში თუ ის ანალოგიურად მაღალი ხარისხის ქრომირებული ლულით არის აღჭურვილი, რესურსიც დიდ ალბათობით უფრო მეტი მეტი იქნება.

სულ ბოლოსთვის კი  ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა შემოვინახე. რა გავლენას ახდენს 10-11-ნი ლულა კარაბინის გარე და ტერმინალურ ბალისტიკაზე? მოგეხსენებათ ბალისტიკაში საოცრებები არ ხდება და ბუნებრივია დამოკლებულმა ლულამ მნიშვნელოვნად შეამცირა ამ  იარაღის ეფექტურობა. 80-ნი წლების დასაწყისიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალები გადავიდა ახალ ვაზნაზე ინდექსით M855. ეს ვაზნა შექმნილი იყო იმისთვის, რომ გაზრდილიყო იარაღის ეფექტურობა წინაღობებს მიღმა განლაგებული სამიზნეების მიმართ, რის გამოც მის წინამორბედთან შედარებით (M193) გაიზარდა ტყვიის მასა (52 გრანიდან 62 გრანამდე), ხოლო ტყვიის შიგნით მოთავსდა ფოლადის გული, ე.წ. პენეტრატორი.

penetr

მიუხედავად იმისა რომ ტყვიაში მოთავსებულია რბილი ფოლადისგან დამზადებული გულა, M855 არ არის კლასიფიცირებული, როგორც ჯავშანგამტანი არც მწარმოებლის და არც აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ. ისე ასეთად არ არის კლასიფიცირებული საქრთველოშიც სადაც მოქალაქეს ეკრძალება მათ შორის ჯავშანგამტანი ტყვიების გამოყენება.

გაზრდილი მასის და პენეტრატორის გარდა გაიზარდა ტყვიის გარსის სიმკვრივე რამაც ჯამში გაზარდა ტყვიის ეფექტურობა ბარიერში გავლისას მაგრამ შეამცირა მისი ტერმინალური ეფექტურობა. მოგეხსენებათ, რომ ამ ტყვიის მთავარი დამაზიანებელი მექანიზმი არის ფრაგმენტაცია, ხოლო ფრაგმენტაციას ადგილი აქვს მხოლოდ ტყვიის გარკვეული სიჩქარის მიღწევის შემდეგ. სიჩქარის შემცირებამ და ტყვიის გარსის სიმკვრივის ზრდამ გამოიწვია ეფექტური სროლის მანძილის შემცირება და ეფექტურ სროლის მანძილში მე ვგულისხმობ იმ მანძილს რა მანძილზეც მოქმედენს ფრაგმენტირების მექანიზმი.  ეს უკვე იყო პრობლემა მაშინ როდესაც ჯარში მასიურად არ გამოჩნდა 14.5-ნი კარაბინები და ფეხოსანთა ძირითადი შეიარაღება კვლავ იყო M-16, 20 ინჩიანი ლულით. ბუნებრივია, ლულის დამოკლებამ მხოლოდ შეამცირა ტერმინალური ბალისტიკა.  მაგალითად M4-დან ნასროლი M855ის ტყვია განიცდის ფრაგმენტაციას მხოლოდ 50 მეტრამდე მანძილზე, ხოლო M193 განიცდის ფრაგმენტაციას 100 მეტრამდე მანძილზე. 11.5 ინჩიანი ლულიდან ნასროლი M855 საიმედოთ ფრაგმენტირდება მხოლოდ 15 მეტრამდე მანძილზე.  ამაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ის ვინც ირჩევს ასეთ იარაღს და ვაზნას საკუთარი თავის დაცვის მიზნით.

M-16A1, M193 ტიპის ვაზნასთან ტანდემში არის ძალიან ეფექტური იარაღი. ჭრილობები მიყენებული ასეთი იარაღიდან არის ძალიან მძიმე საბრძოლო პირობებში ეფექტური სროლის  მანძილის მთელ დიაპაზონში. საბჭოთა სპეციალსიტები, რომლებიც იმყოფებოდნენ ვიეტნმაში აღნიშნავდნენ მძიმე ჭრილობებს, რომლებსაც იწვევდნენ ამერიკელების ნასროლი ტყვიები, რაც გახდა გაეროში საბჭოთა მხარის მიერ პროტესტის მიზეზიც და ამტყვიების კარძალვის მოთხოვნა (ინფორმაცია აღებულია რუსული წყაროდან და დაუდასტურებელია). დიდი ალბათობით ვიეტნამიდან მიღებულმა ინფორმაციამ ითამაშა როლი გადაწყვეტილების მიღებაში, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირში უარი ითქვა 7.62×39 კალიბრზე და 1974 წელს მიღებულ იქნა შეიარაღებაში “ახალი” AK-74 კალიბრში 5.45×39.

მე სრულად ვიზიარებ არსებულ მოსაზრებას, რომ 14.5 დუიმიანი ლულით აღჭურვილი M4, M855 ვაზნასთან ერთად არ არის კარგი კომბინაცია. ეს არის შეცდომა, რომელიც ვერ სწორდება, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შიგნით არსებული კონსერვატიული, ბიუროკრატიული და კორუმპირებული სისტემის არსებობის გამო. მე არ მინდა იმის თქმა რომ M4 უვარგისი ნაგავია, არა, მაგრამ M855-ზე უნდა უარი ითქვას შეიარაღებულ ძალებში და მას არ უნდა ენდოს სამოქალაქო მსროლელი. დღეს არსებობს ბევრად უკეთესი ვაზნები. გავმეორდები მე არ მაქვს პრეტენზია იარაღთან ან კალიბრთან, პრობლემა არის M855. ამ ყველაფრის გარდა M855-ს უკავშირდება კიდე ორი პრობლემა, მისი დაბალი სიზუსტე და ის რომ ვაზნის ტერმინალური ეფექტი „თამაშობს“ პარტიიდან პარტიამდე.

რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ყველაფერი ზემოაღნიშნულიდან. გარე ბალისტიკა არ არის დიდი პრობლემა თუ გავითვალისწინებთ, რომ მოკლე AR-15-ს ადამიანი ყიდულობს როგორც თავდაცვის ისნტრუმენტს ან გასართობ იარაღს. სხვა გამოყენება ასეთ იარაღს უბრალოდ არ აქვს. თავდაცვით სცენარებში კარაბინის გამოყენება ხდება პისტოლეტის მანძილებზე, ანუ ტიპიურ შემთხვევაში სროლა განხორციელდება სასაუბრო დისტანციებზე, მიბჯენით ან 10 მეტრამდე მანძილზე. შესაბამისად ტერმინალური ბალისტიკა არის პრობლემა, მაგრამ იმდენად დიდი არა, როგორც სამხედროებისთვის, რომლებსაც უწევთ უფრო შორ მანძილებზე სროალ.  ქალაქის სახლის პირობებში მოკლე ლულით განპირობებული შეზღუდვები ასე მკვეთრად არ იჩენს თავს, თუმცა შეზღუდვები არსებობს და საკმაოდ სერიოზული.  არის დიდი ალბათობა რომ 10-15 მეტრის იქით 10-11 ინჩიანი ლულიდან ნასროლი M855 დაკარგავს დაზიანების მთავარ მექანიზმს – ფრაგმენტაციას. მისი ტერმინალური ეფექტი იქნება ძალიან სუსტი რაც ნიშნავს რომ სამიზნე არ იქნება ნეიტრალიზებული საიმედოდ და სწრაფად. ჩემი აზრით ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ვაზნა,  M855 არის გამოუსადეგარი 10-11 ინჩიან AR-15-ში. სწორედ ამიტომ საჭიროა შედარებით მძიმე ტყვიების გამოყენება.  ანუ ტყვიების სადაც ფრაგმენტაცია/ექსპანსია ხდება შედარებით დაბალ სიჩქარეებზე. 1:7-ნი ლულისთვის ესენია 68 Gr Hornady Match TM, 69 gr SMK OTM, 75 gr Hornady TAP, 77 Gr Nosler OTM. 1:9-ნი ლულისთვის უმჯობესია 69 გრანამდე წონის ტყვიების გამოყენება. ოპერატორები, რომლებიც იყენებდნენ Mk18-ს  უპირატესობას ანიჭებდნენ საშტატო ვაზნის ტყვიაზე უფრო მძიმე ტყვიით (77 გრანი) აღჭურვლი ვაზნას  - Mk 262, რომელიც ისევე როგორც M855 შეიარაღებაში არის მიღებული და განკუთვნილი იყო „მარქსემენის“ განკარგულებაში არსებული 5,56 კალიბრის სისტემებში გამოყენებისთვის. აუცილებლად გამოცადეთ ვაზნების მოქმედება, დარწმუნდით რომ მოკლე ლულიდან სროლისას არ ხდება მათი დესტაბილიზაცია და სამიზნეში არ არის ოვალური ნახვრეტები. თუ ლულა ვერ ახდენს ტყვიის სტაბილიზირებას გარდა სიზუსტი დეგრადაციისა ამან შეიძლება გამოიწვიოს ლულაზე დაყენებული კომპენსატორის ან მუხრუჭის დაზიანება, რომელსაც ზედმეტად ვიწრო ტყვიის გამოსასვლელი აქვს. და ბოლოს რჩევა იმათთვის ვინც იყენებს მოკლე AR15-ს თავდაცვისთვის, აქციეთ ჩვევად იარაღთან ერთად იქონიოთ სმენის დაცვის საშუალება, ყველაზე უმჯობესია აქტიური ყურსასმენები. დახურულ სივრცეში მოკლე AR15-დან გასროლამ, შეიძლება მძიმე დაზიანება მიაყენოს თქვენ სმენას.

graph2ტყვიის ვარდნა სხვადასხვა სიგრძის ლულებიან  AR15-დან, ვაზნა M855 ამერიკული იარაღისთვის და 7н6  რუსული იარაღისთვის. გათვლებისთვის გამოყენებულია ბალისტიკური კალკულატორი Hornady. რუსულ წყაროებში მოცემული მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება მიღებული შედეგებისგან, მაგრამ  რაც მივიღეთ  გათვლებით იმას გიჩვენებთ. 

graph1

ამ გრაფიკიდან ჩანს საწყისი სიჩქარის ვარდნა მანძილის ზრდასთან ერთად. 10 და 11 ინჩიანი ლულების ბალისტიკა პრაქტიკულად იდენტურია, მაგრამ პატარა მატებას ლულის სიგრძეში სხვა სარგებელი მოაქვს.  

tx4cut

არსებობს ასევე AR-15 12.5 დუიმიანი ლულით. ძირითადი მიზეზი ასეთი სიგრძის ლულის გაჩენის არის საშუალება გამოიყენოთ რეფლექსური ტიპის საპრესორი, რომელშიც თავსდება ლულის გარკვეული ნაწილი და ამიტომაც საჭიროა დამატებითი სიგრძე. 

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ არ გექნბეათ პრობლემა სიზუსტესთან. ეს სისტემა საოცრად დიდი სიზუსტის პოტენციალის მქონეა. 200 მეტრამდე მოკლე AR15 იქნება საკმარისზე მტად ზუსტი როგორც საბრძოლო კარაბინი ხოლო 100 მეტრამდე ის იქნება დიდი ალბათობით უფრო ზუსტი ვიდრე  ბევრისთვის სიზუსტის ეტალონი – „სვდ“.  რატომ? იმიტომ რომ მოკლე სქელი ლულა პრაქტიკულად არ განიცდის რხევას, დაუმატეთ ამას ლულის მაღალი ხარისხის, მოძრავი ნაწილების დაბალი მასა, დგუშის არ არსებობა, რომელიც არ ზემოქმედებს ლულაზე და მიიღებთ ძალიან ზუსტ იარაღს.

P1050488

ასეთი ჯგუფები არ იქნება იშვიათობა, კონკრეტულად ავტორის კარაბინის საშუალო სიზუსტე არის 4.7 სმ  100 მეტრზე. 

ეხლა რაც შეეხება საკითხს, რომელსაც სტატიის დასაწყისში შევეხე. ანუ კარგ 10 – 11 ინჩიან  AR-15-ის არჩევას. სიმართლე გითხრათ ყველა მოკლე AR-15 რაც მე მინახავს საქართველოში იყო აწყობილი აქ ნაწილებიდან ანუ არც ერთი არ იყო ქარხნული მოდელი. შესაბამისად დადგენა იმისი თუ რა კომპონენტებისგან და როგორ იყო აწყობილი კონკრეტული კარაბინი ძნელია. იმის თქმა არ არის საჭირო რომ მოკლე AR15-მა საიმდოდ იმუშაოს საჭიროა მხოლოდ მაღალი ხარსხის და საჭირო სპეციფიკაციების მქონე კომპონენტების გამოყენება. მე მინახია აქ აწყობილი მოკლე კარაბინები, რომლებიც არ მუშაობდნენ საიმედოდ ყველა ტიპის ვაზნით. დადგენა მუშაობს თუ არა იარაღი შესაძლებელია მხოლოდ მისი ტესტირებით. კარგი “მოკლე” AR-15 უნდა ინელებდეს ყველა ტიპის 5.56х45 კალიბრის ვაზნით.

გასათვალისწინებელია, რომ იარაღი შეიძლება საიმედოთ მუშაობდეს და ზუსტადაც ისროდეს, მაგრამ მას შეიძლება აგუჩნდეს პრობლემები მოგვიანებით. თუ მოკლე AR15 არ არის მოდით ვიხმაროთ ავტოსპორტული ჟარგონი შესაბამისად „დანასტროიკებული“  მაშინ შესაძლებელია არც ისე გრძელვადიან პერსპექტივაში იარაღს გაუჩნდეს მექანიკური პრობლემები. ეს გამოიხატება ექსტრაქტორის ნაჩქარებ ცვეთაში (რესურსის შემცირებაში), შეიძლება მალევე დაიწყოს პრობლემები საიმედოობასთან და ყველაზე მძიმე შედეგი გამოიხატება გატეხილ საბრძოლო ბჯენებში. მიზეზი? საკეტი გაიხსნება უფრო მალე და შეეცდება ამოიღოს მასრა სავაზნიდან, როდესაც ლულაში წნევა ჯერ კიდევ მაღალია, და მასრა არის გაფართოებული და მიბჯენილი სავაზნის კედლებზე. ამუშავე ასეთ რეჟიმში კარაბინი საკმარისად დიდხანს და ექსტრაქტორი გამოვა მწყობრიდან. სწორედ ამიტომ “მოკლე” AR-15-ში მიმაჩნია, რომ სავაზნე უნდა იყოს ქრომირებული, რაც ნაკლებ წინაღობას ქმნის ექსტრაქციისას და სწორედ ამიტომ მიჩნეულია რომ “მოკლე” AR-15-ში უმჯობესია მძიმე ბუფერის გამოყენება, რომელიც დიდხანს გაუწევს წინააღმდეგობას საკეტს რომელსაც აწვება დენთის აირები მანამ სანამ ლულაში წნევა დაეცემა, და ამავე დროს მისცემს საშუალებას იარაღს საიმედოთ შეასრულოს გადატენვის ციკლი. კონკრეტული ტიპის ვაზნის გამოყენებამაც შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები. მაგალითად ცნობილია, რომ Noveske თავის მოკლე AR-15-ში იყენებს დენთის აირების ნასვრეტს, რომლის დიამტერი არის 0.80 ინჩი ნაცვლად 0.70-სა Mk18-ში. მიზეზი? კარაბინმა უნდა იმუშაოს ნაკლებად ძლიერ არა სამხედრო სტანდარტის ვაზნებთან. შესაბამისად ამ იარაღში M855-ის გამოყენება უნდა დაბალანსდეს მძიმე ბუფერით და დამაბრუნებელი ზამბარის გამოყენებით. რა ლულა, რა ბუფერი, რა ექსტრაქტორი და დამაბრუნებელი ზამბბარა აყენია თქვენ იარაღში ამის გარკვევა შეიძლება აღმოჩნდეს შეუძლებელი. ამიტომაც საქართველოში ნაყიდი მოკლე AR15-ის შეძენა გარკვეულ რისკს წარმოადგენს. გამოცდილი მსროლელს შეუძლია მიხვდეს, როდის მისი კარაბინი იღებს მეტ დენტის აირებს ვიდრე ეს საჭიროა (overgas), შეიძლება მიხვდეს როდის დამაბრუნებელი ზამბარა ითხოვს შეცვლას და ასე შემდეგ. ნაკლებად გამოცდილი მომხმარებლისთვის მოკლე AR15-ის „დანასტროიკება“ იქნება ჩინური ენა.  ამიტომაც მე ასეთ მომხმარებელს ვურჩევ 14.5-16-5-ნი AR15-ის შეძენას, რომელიც იქნება მოსაწყენად საიმედო, ზუსტი და ტერმინალური ბალისტიკაც იქნება მისაღები თუნდაც უვარგისი M855-ის გამოყენებისას. “მოკლე” AR-15 არის სპეციფიკური ვიწროსპეციალიზირებული იარაღი. ყველაფერი ამის მოსმენის შემდეგ ვიღაცა იტყვის რომ აი კალაშნიკოვი იმიტომ არის მაგარი რომ ყოველთვის ისვრის, ამდენი ტვინის ჭყლეტვა საჭირო არ არის და ასე შემდეგ.  ქარხნული AR-15 მოკლე ლულებით, რომლებსაც უშვებს  Noveske, Bravo Company და ასე შემდეგ იქნება ზუსტიც და საიმედოც, მომხმარებელი ყიდულობს ამ იარაღს და იყენებს ჩვეულებრივად. საქართველოში აწყობილი “მოკლე” AR-15-ის შეძენისას თუ წააწყდით პრობლემებს, მაშინ მოგიწევთ ან გაყიდოთ ეს იარაღი ან დაადგინოთ რა არის პრობლემის მიზეზი და გამოასწოროთ ის. ამ სტატიაში მე ძალიან ზერელედ აღვწერე ტექნიკური ნიუანსები, რომ მკითხველს შეექმნას წარმოდგენა საკითხზე. ჩემი მიზანი არ იყო დეტალური აღწერა AR-15 მუშაობის სქემის. ამის საკამრისი კომპეტენცია მე არც მაქვს. მე ვიცი ის მინიმუმი რაც მაძლევს მე საშუალებას აქ აწყობილი AR-15 ვამუშაო საიმედოთ და ვისროლო ზუსტად. ჩემთვის ეს საკმარისია.

wund3

wund6

რუსული იარაღის ადეპტებს ვთვაზობ გაეცნონ  M855-ის და საბჭოთა 5.45×39 კალიბრის ტერმინალური ეფექტის ამსახველ ილუსტრაციებს. ცხადია რომ ამერიკული ვაზნა უფრო დიდ დაზიანებებს იწვევს, პრობლემა არის მხოლოდ ის რომ მოკლე ლულის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ამ კალიბრის ეფექტურობას. საბჭოთა ვაზნის ეფექტურობაზე გაცილებით ნაკლებია ცნობებილი. 

თუ გაგიჩნდათ კითხვა რომელი ჯობია 10 ინჩიანი თუ 11 ინჩიანი ლულა, ჩემი აზრით 11.5-ნი ლულა უკეთესია. სხვაობა ბალისტიკაში, როგორც მოყვანილი გრაფიკიდან ჩანს არის უმნიშვნელო მაგრამ 11.5 დუიმიან ლულას აქვს სხვა უპირატესობები. Bravo Company-ის (რომელიც სპეციალიზირდება AR-15-ის ტიპის იარაღის წარმოებაში) წარმომადგენლის განმარტებით 11.5 ინჩიანი ლულით აღჭურვილი AR-15 არის 4% უფრო გრძელი ვიდრე 10 ინჩიანი კარაბინი მაგრამ ეს 4% იძლევა საშუალებას წნევის შენარცუნების დრო გაიზარდოს 40% რაც სისტემას ხდის უფრო ტოლერანტულს სხვადასხვა ტიპის ვაზნების, სხვადასხვა წონის ბუფერების გამოყენებისას და ასევე ნაკლებად მგრძნობიარეა გაცვეთილი/სუსტი ექსტრაქტორების მიმართ.  ლულის ტვისტს რაც შეეხება, უმეტესობა მოკლე ლულაში გამოიყენება 1:7, მაგრამ არსებობს 1:9-იც, ავტორის კუთვნილი AR15 სწორედ ასეთი ლულით არის აღჭურვილი. ჩემი აზრით “მოკლე” AR15-ის ლულა და სავაზნე უნდა იყოს ქრომირებული.

რაც შეეხება მოკლე AR15-ის ტაქტიკურ ნიშას, რა თქმა უნდა ასეთი მოკლე და მსუბუქი კარაბინი მოსახერხებელი ინსტრუმენტია. მოკლე ლულის გამო იარაღით მანევრირება ადვილია. ინერცია მას პრაქტიკულად არ აქვს. ტაიმერის გამოყენებით ვარჯიშების შესრულებამ დაადასტურა რომ იარაღის სამიზნეზე მიტანა უფრო სწრაფია ვიდრე 16 ინჩიანი AR-15-ის. გადაადგილებისას, როდესაც იარაღი ღვედზეა დაკიდებული ის არ ედება არაფერს და არ ღლის მსროლელს. ცხადია დახურულ მჭიდრო სივრცეებშიც გამოსაყენებლად ასეთი კარაბინი ბევრად მოსახერხებელია. Mk18-ის დანიშნულებაც ეს იყოს, მისი გამოყენება მათ შორის უნდა მომხდარიყო ჯგუფების მიერ, რომლებიც დაკავებულები იქნებოდნენ გემების დათვალიერებით და ჩხრეკით, ოპერატორების მიერ, რომლებიც პირადი დაცვის ფუნქციას შეასრულებდნენ. ამ იარაღის გამოყენება არ იგულისხმებოდა “ჩვეულებრივ” საბრძოლო მოქმედებებში. ეს უნდა გაითვალისწინოს ასეთი იარაღის სამოქალაქო მფლობელმა. იმას ვისაც უნდა კომპაქტური თავდაცვის იარაღი ტარების უფლებით, რომელიც ჩაანაცვლებს პისტოლეტს, რომლის ტარება ჩვეულებრივ მოქალაქეებს ეკრძალება  ”მოკლე” AR15 იქნება კარგი არჩევანი. თუ ეძებთ შაშხანას, შაშხანის მანძილებზე სასროლად, სანადიროდ ან უბრალოდ გინდათ შორს მსროლელი მსუბუქი იარაღი აირჩიეთ 16.5-ნი ან 20-ანი ლულით აღჭურვილი იარაღი.  სამოქალაქო თავდაცვის იარაღის როლში “მოკლე” AR-15-ის ბალისტიკური შეზღუდვები იქნება ნაკლებად მნიშვნელოვანი და პირველ ადგილზე გამოდის თავდაცვის იარაღის მთავარი თვისება, საიმედოობა. რამდენად შესაძლებელია ენდოთ აქ აწყობილ AR-15-ს თქვენი გადასაწყვეტია.

და ბოლოს არ შემიძლია არ ვახსენო ამ სტატიაში “მოკლე” კალაშნიკოვი. საბჭოთა კავშირშიც შეიქმნა ანალოგიური იარაღი, რომლის დანიშნულება ასეთივე მოკრძალებული იყო. საუბარი მაქვს საბჭოთა კავშირში შექმნილ AКС74У-ზე. ამ იარაღს პრაქტიკულად უნდა შეეცვალა სტეჩკინის სიტემის პისტოლეტი, თავდაცვის იარაღის როლში, იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც პირდაპირ არ იყვნენ ჩართული საბრძოლო მოქმედებებში ან იყვნენ მძიმე შეიარაღების გათვლის ნაწილი, საბრძოლო მანქანების ეკიპაჟის წევრები და ასე შემდეგ (აშშ-ში ამ როლისთვის განკუვნილი იყო კარაბინი M4).  AКС74У-ს არასდროს მოეთხოვებოდა შაშხანის/კარაბინის ფუნქციების შესრულება. ტიპიური გამოყენების მანძილი? 50 მეტრი. თავდაპირველი იდეა ამ იარაღით შეიარაღებულიყო საჰაერო-სადესანტო ჯარები მიჩნეულ იქნა არამიზანშეწონილად მათ შორის ამ იარაღის არადამაკმაყოფილებელი საბრძოლო თვისებების გამო. ასევე რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არანაირ სპეციალური ვარჯიშები ან ჩათვლის სისტემა  AКС74У-ს მფლობელებისთვის საბჭოთა ჯარში არ არსებობდა და ნორმატივების ჩაბარება ხდებოდა  AК74-ით, ვინაიდან მათი ჩაბარება  AКС74У-ით უბრალოდ იყო შეუძლებელი. მცდელობები  AКС74У შეცვლილიყო უფრო ადეკვატური სისტემით არ შეწყვეტილა არც საბჭოთა კავშირში და არც შემდგომ რუსეთში. მოგვიანებით რუსებმაც შექმნეს  AК74-ის დამოკლებული ვარიანტი АК105, რომელიც აშკარად უფრო უკეთესი იარაღი უნდა იყოს ვიდრე  AКС74У.  არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩვენი გათვლებით მიღებული მონაცემები განსხვავდება იმ მონაცემებიდან, რომლებიც მოცემულია რუსულ წყაროებში. მე არ ვენდობი რუსულ წყაროებს, თან რუსებს არ უყვართ თავისი იარაღის კრიტიკა.  მე პრაქტიკულად ვერ ვიპოვე რაიმე საინტერესო საკითხავი ამ იარაღზე და როგორც ჩანს რუსებს კარგი არაფერი არ აქვთ ამ იარაღზე სათქმელი და დუმილი ურჩევნიათ. თუმცა საკმარისად არის გამოხმაურებები, რომლის მიხედვითაც იარაღი სწრაფად ხურდება და ცეცხლსი ეფექტურობა ნულამდე დადის. ის ფაქტიც, რომ ნორმატივების შესრულებისას ამ იარაღს არ იყენებდნენ მეტყველებს იმაზე რომ საბჭოთა ჯარში ამ იარაღს საერთოდ არ ანიჭებდნენ არანაირ მნიშვნელობას.

დიახ, AКС74У არის ბუმბულივით მსუბუქი, ძალიან კომპაქტური და სიამედოც. სროლა ამ იარაღიდან მაგარი გართობაა, მაგრამ ეს იარაღი არის არაეფექტური და გაცილებით უფრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვიდრე ამერიკული M4 ან თუნდაც Mk18. რუსები ყველგან იმეორებენ, რომ ამ იარაღის ეფექტური სროლის მანძილი არის 500 მეტრი რაც ჩემი აზრით ისეთივე რეალისტურია როგორც 1000 მეტრზე სამიზნე მოწყობილობები მაუზერის პისტოლეტებზე. პრიმიტიული სამიზნე მოწყობილობები და მოკლე სამიზნე ხაზის გამო (პრაქტიკულად პისტოლეტური 235მმ) ეფექტურად სროლა AКС74У-დან შეუძლია მხოლოდ კარგად გაწვრთნილ მსროლელს. ჯერებით სროლისას ახლო მანძილებზე AКС74У ასევე მნიშვნელოვნად ჩამორჩება M4-ს მიუხედავად იმისა, რომ ისიც იყენებს შედარებით დაბალ იმპულსიან ვაზნას. როგორ მოხვდა ეს იარაღი შეიარაღებაში ჩემთვის გაუგებარია. ტექნიკური დავალება იყო ძალიან ხისტი მე ვიტყოდი არარეალისტური, რასაც შეეწირა იარაღის საბრძოლო თვისებები, დაუმატეთ ამას კორუფცია ზედა ეშელონებში და გასაგები გახდება სავარაუდო მიზეზებიც ამ იარაღის ჯარში და მილიციაში მოხვედრის. ალბათ იგივე მიზეზების გამო წარმოებაში მოხვდა კურიოზული პისტოლეტი ПСМ-ი, რომელიც ასეთი გამოვიდა ასევე არარეალისტური მოთხოვნების გამო.

9024321 ვერტმფრენების საბჭოთა პილოტები ავღანეთში, საშტატო ავტომატებით ბუდეებში. 

“უცნობი” ზიგ-ზაუერი

Tuesday, March 10th, 2015

pro3

წლების განმავლობაში ზიგ-ზაუერის ეს პისტოლეტი იყო ამ კომპანიის უფრო ძვირადღირებული პისტოლეტების ჩრდილში მოქცეული. შექმნილი, როგორც ამ კომპანიის პირველი პისტოლეტი პოლიმერის ჩარჩოთი, საკმაოდ თავისებური დიზაინით ის განსხვავბით ამ კომპანიის სხვა მოდელებისგან უნდა ყოფილიყო იაფი და შესაბამისად ხლმისაწვდომი  ყველასთვის. დასახელებული როგორც Sig Pro, ეს პისტოლეტი გაყიდვაში მოხვდა 1998 წელს. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი ბევრად უფრო იაფი ღირდა ვიდრე სხვა მოდელები, ის ისეთივე დახვეწილი და სრულყოფილი იყო როგორც ამ კომპანიის უფრო ძვირიანი მოდელები და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს უფრო მეტი ოფციაც ქონდა. 1998 წელს უკვე შესაძლებელი იყო ამ პისტოლეტზე ფარნის დაყენება ისევე, როგორც მას გააჩნდა ცვლადი ტარის სახელური რაც იძლეოდა საშუალებას პისტოლეტი მორგებულიყი სხვადასხვა ზომის ხელზე. რა თქმა უნდა ის არ იყო პირველი პისტოლეტი, რომელსაც ასეთი ოფციები გააჩნდა, მაგრამ 1998 წელს ყველაფერი ეს უდაოდ ინოვაციური გადაწყვეტილებები იყო. SIG Pro თავიდან იყო გათვლილი მხოლოდ .40S&W-ზე და .357SIG-ზე მაგრამ მოგვაინებით გაჩნდა მოდელი კალიბრში 9mm Luger. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამას დიდი მნიშვნელობა სულაც არ ქონდეს მაგრამ მე მომწონს როდესაც პისტოლეტი თავიდან დაპროექტებული იყო უფრო მძლავრ კალიბრზე ვინაიდან უფრო სუსტ კალიბრში მას თეორიაში უნდა ქონდეს გამძლეობის უფრო დიდი რესურსი. კალიბრების არჩევანს რაც შეეხება, მაშინ, 90-ის ბოლოს ითვლებოდა, რომ პირველი ორი კალიბრი გახდებოდა ძირითადი სამხედროებში და პოლიციაში და ამით იყო განპირობებული ასეთი არჩევანი, მაგრამ დღეს 2015 წელია და ჯერ არავინ არ აპირებს გამოცდილი 9მმ „ლუგერის“ ჩამოწერას. შესაბამისად პისტოლეტები ამ კალიბრზე გათვლილი დიდი მოთხოვნით სარგებლობენ.   როგორც უკვე აღვნიშნე, მრავალი წლის განმავლობაში ეს პისტოლეტი „ზიგ“-ის სხვა მოდელების ჩრდილში იყო და არც ჩვენ არ მიგვიქცევია მაგისთვის ყუარადღება იმ მიზეზის გამო, რომ ეს პისტოლეტი საქართველოში არც ისე ბევრია. მაღაზიებს ის არ შემოუტანიათ ალბათ ერთი 10 წელი და მეორადი იარაღების ბაზარზე ის ძალიან იშვიათად ჩნდება. სიმართლე გითხრათ პირადად მე არ მისი დიზაინი დიდად არ მომწონდა, ამიტომ განსაკუთრებულად არ დავეძებდი შეხვედრას ამ პისტოლეტთან. ასეა თუ ისე შეხვედრა შედგა და ამ შეხვედრის შედეგია ეს მოკლე მიმოხილვა.

pro2

ჩვენი ტესტირების ობიექტი, Sig SP2022. არსებობოს ამ პისტოლეტის კომპაქტური ვარიანტი CSP2022 და ასევე ორივე ხელმისაწვდომია საკეთით, რომელიც უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული.  

დავიწყოთ იმით, რომ გარკვეული გაუგებრობა არსებობს ამ პისტოლეტის სახელთან თავდაპირველად პისტოლეტს ერქვა SIG Pro, შემდეგ ის ოდნავ შეცვალეს და დაარქვეს 2009 და უკვე საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნბის გათვალისწინებით გაჩნდა ისევ ოდნავ სახეშეცვლილი მოდელი ამჯერად ინდექსით SP2022. მიუხედავად იმისა რომ პისტოლეტის სახელში არ ფიგურირებდა თავიდან სახელი ზაუერი, ცნობილია, რომ 2000 წლის შემდეგ მთელი საწარმოო ხაზი რომელიც ამ პისტოლეტს უშვებდა შვეიცარიიდან გადაიტანეს გერმანიაში ზაუერის წარმოებაში. შესაბამისად პირველ პარტიებს შეიძლება ქონდეთ წარწერა ჩარჩოზე, რომ ის დამზადებულია შვეიცარიაში (პირველი 50 000 ერთეული). ითვლება რომ ციფრი 20 პისტოლეტის ინდექსში გაჩნდა ფრანგული ტენდერის წინ, და ნიშნავდა რომ 20 წელი უნდა ყოფილიყო მისი „სიცოცხლის ციკლი“. რას ნიშნავს 20 წლიანი სიცოხლის ციკლი მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი. რამდენი ვაზნის გასროლა იგულისხმება ან რა უნდა მოუვიდეს იარაღს 20 წლის შემდეგ უცნობია, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ იარაღი, რომელიც ხვდება სამართალდამცავების ან სამხედროების ხელში როგორც წესი გამოირჩევა ისეთი თვისებებით, როგორიც არის საიმედოობა, გამძლეობა და გამძლეობაში მე ვგულისხმობ იმას, რომ პისტოლეტი უძლებს ექსპლუატაციას რთულ  პირობებში. ცნობილია რომ პისტოლეტის ტესტირების პროცესში ფრანგებმა 460 000 ვაზნა ისროლეს სატესტო მოდელებიდან და როგორც ჩანს შედეგიდ კმაყოფილები დარჩნენ იმიტომ რომ 2003 წელს საფრანგეთმა შეიძინა სულ 250 000 ამ მოდელის პისტოლეტი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ერთჯერადი ასეთი ტიპის შესყიდვაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ  SP202-ს ფრანგულ ტენდერში კონკურენციას უწევდა Heckler&Koch-ის პისტოლეტი P2000, მაგრამ გაიმარჯვა გერმანულ-შვეიცარულმა ფირმამ, ვინაიდან ფრანგებმა მათ შორის მიიჩნიეს რომ ე.წ. LEM სასხლეტი P2000-ზე ნაკლებად მოსახერხებელი იყო ვიდრე კლასიკური ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი SP2022-ზე. გარდა ამისა „ზიგ-ზაუერმა“  შესთავაზა უფრო დაბალი ფასიც თავის პისტოლეტზე.

pro5

SIG Pro და SP2022. ადრინდელი მოდელები აღჭურვილი იყო არასტანდარტული აქსესუარების სამაგრით ჩარჩოზე, ხოლო დაახლოებით 2002 წლიდან ყველა SP2022 აღჭურვილია პიკატინის ტიპის უნივერსალური სამაგრით.

მიუხედავად იმისა რომ პისტოლეტს ეძახდნენ „პ226-ს ღარიბებისთვის“ (ის თითქმის ორჯერ ნაკლები ღირს ვიდრე P226) ამ პისტოლეტს აქვს ისეთი რამეები რაც არ გააჩნია უფრო ძვირიან „ზიგის“ მოდელებს. SP2022 მეტ წილად იმეორებს სხვა „ზიგების“ კონსტრუქციას, მართვის ელემენტები იგივე ადგილას არის განლაგებული, ჩაკეტვის სისტემა იგივეა, ასევე გამოყენებულია ზიგის ოთხ კომპონენტიანი დაცვის სქემა და სასხლეტიც იგივე კონფიგურაციის არის, მაგრამ დამატებით მას გააჩნია უნივერსალური პიკატინის სამაგრი, სავაზნის მდგომარეობის ინდიკატორი, ცვლადი სახელურები. როგორც სხვა პისტოლეტები SP2022-ის საკეტიც დაფარულია ზიგ-ზაუერის სტანდარტული დაფარვით, რომელსაც კომპანიაში “Nitron“-ს ეძახიან. არც ისე ცუდია ეკონომიური მოდელისთვის არა?

pro4

ტარის შიგნით ღილაკზე დაჭერით შესაძლებელია ტარის მოხსნა, მისი ქვევით ჩამოცურებით. ხეკმისაწვდომია სამი ზომის ცვლადი სახელური.

ყველაზე დიდი სხვაობა „ზიგის“ სხვა მოდელებისგან გარდა რა თქმა უნდა პოლიმერის ჩარჩოსა არის საკეტის შემაკავებელი, რომელიც კონსტრუქციულად იდენტურია კოლტის M1911-ის დეტალის. მან შეცვალა  ორი დეტალი 220 სერიის პისტოლეტში რომელშიც საკეტის შემაკავებელი და დასაშლელი ბერკეტი ცალ ცალკე იყო შესრულებული. ანუ ყველაფერთან ერთად SP2022 უფრო მარტივი კონსტრუქციისაც არის.  ასეთი ფორმის დეტალის გამოყნება ნიშნნავს რომ საკეტის შემაკავებელი განლაგებულია სხვა მწარმოებლის პისტოლეტებთან შედარებით უფრო უკან და სროლისას საჭიროა ისე გეჭიროთ იარაღი, რომ უნებლიეთ არ დაბლოკოთ საკეტი ღია მდგომარეობაში ან პირიქით მისცეთ მას საშუალება დარჩეს ღია მდგომარეობაში ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ. ვარჯიშისას მიაქციეთ ამას ყურადღება.

პირველი შთაბჭდილებები პისტოლეტის ხელში აღების შემდეგ საკმაოდ კარგია. SP2022 ტოვებს ხარისხიანად დამზადებული პისტოლეტის შთაბეჭდილებას. ტარის ტექსტურა საკმაოდ კომფორტულია და უზრუნველყოფს იარაღის კომფორტულ და საიმედო ჭერას. თითი ადვილად წვდება მართვის ყველა ელემენტს. სასხლეტი წააგავს ზიგ-ზაუერის სხვა პისსტოლეტების სასხლეტს რბილი ზომიერად მძიმე ერთგვააროვანი სვლით ორმაგი მოქმედების რეჟიმში და საკმაოდ გრძელი „რესეტით“ რაც ზიგ ზაუერის პისტოლეტებისთვის დამახასიათებელია. სასხლეტი არ ხრაშუნობს, არის ერთგვაროვანი, ის არ არის საუკეთესო რაც მე მინახია მაგრამ ცუდიც ნამდვილად არ არის. სასხლეტის წონა ორმაგ რეჟიმში არის 4.5-5 კილოგრამი და 2 კილოგრამი ერთმაგი რეჟიმისთვის. ყურადღებას იქცევს მაღალი საკეტი და ის რომ ხელში იგრძნობაა საკეტის სიმაღლე და სიმძიმე. ესთეტის ყურადღებას ეს ფაქტი მიიქცვს, მაგრამ საშუალო სტატისტიკურმა მომხმარებელმა შეიძლება ამას ყურადღება სულაც არ მიაქციოს. გაბარიტებით და მჭიდის ტევადობით SP2022 არის გლოკ 19-ის წონით კატეგორიაში. შედარებით მოკლე საკეტი და ლულა “მიერთებულია” სრული ზომის პისტოლეტის ტარზე, რომელიც იტევს ორ რიგიან 15 ვაზნიან მჭიდს.

როგორც, ყველა „ზიგ-ზაუერის“ პისტოლეტი, SP2022 არის უმაღლესი ხარისხით დამზადებული, რაც გამოიხატება პისტოლეტის საიმდოობაში და ძალიან მაღალ სიზუსტეში. პისტოლეტი იწონის 715 გრამს რაც არც ისე ცოტა არის ასეთი პისტოლეტისთვის  (შედარებისთვის გლოკ 19 იწონის მხოლოდ 590 გრამს) და ამიტომ ადვილად შთანთქავს უკუცემას. სროლა კომფორტულია და პისტოლეტი ზუსტია. სროლისუნარიანობის მხრივ SP2022 მაღალ შეფასებებს იმსახურებს. მაღალი ლულის ღერძი არ ქმნის პრობლემებს. ეს იარაღი არის საბრძოლო/თავდაცვითი იარაღი და არა სპორტული ინსტრუმენტი.

P1020819

სიზუსტე ხელიდან სროლისას 12 მეტრზე. (ორი ჯგუფი). გამოხმაურებები ნეტიდან ადასტურებენ ამ პისტოლეტის მაღალ სიზუსტეს. 

ზიგ-ზაუერი ყოველთვის იყენებდა ძალიან კარგ სტანდარტულ სამიზნე მოწყობილობებს თავის პისტოლეტებზე და ამ მხრივ SP2022 არ დაიჩაგრა. სტანდარტული სამიზნე მოწყობილოების გარდა SP2022-ზე ასევე ყენდება ღამის სამიზნე მოწყობილობები Sig-lite. ნებისმიერი სამიზნე მოწყობილობები, რომელიც განკუთვნილია P22X სერიის პისტოლეტებისთვის შეიძლება დაყენდეს SP2022-ზეც. შესაძლებელია როგორც უკანა ასევე წინა სამიზნე მოწყობილობის გამოცვლა.

pro6

პისტოლეტს ადრე მხოლოდ ერთი მჭიდი მოყვებოდა, რაც ასევე ფასის შემცირების მცდელობა იყო. პისტოლეტის მჭიდებს (ტევადობა 15 ვაზნა) ზიგ-ზაუერისთვის ამზადებს იტალიური კომპანია Mec-gar, რომელიც ამ საქმეში ცნობილი ავტორიტეტები არიან ამიტომ პისტოლეტის ამ დეტალისგან პრობლემებს არ უნდა ველოდოთ.  SP2022-ში მიდის მხოლოდ ამ პისტოლეტისთვის განკუთვნილი მჭიდები და არ მიდის „ზიგის“ სხვა მჭიდები რაც ცუდია.

პისტოლეტი ადვილად იშლება. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი მოდულური კონსტრუქციის არის და ორი პინის ამოგდების შემდეგ შესაძლებელია ის მთლიანად მოხსნათ ჩარჩოს. ეს აადვილებს პისტოლეტის მექანიზმის უფრო დეტალურ წმენდას და ასევე აადვილებს საჭირო დეტალის გამოცვლას. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი წააგავს  P220 მოდელის პისტოლეტის ანალოგიურ მექანიზმს. ყურადღებას იქცევს დამაბრუნებელი ზამბარა, რომელიც არ არის გადაბმული ზამბარის ღერძთან რაც აფერხებს აწყობას მაგრამ ცხადია ეს უმნიშვნელო დეტაალია. პისტოლეტის ლულის სიგრძე არის 98მმ და მას კლასიკური ხრახნები აქვს. როგორც „ზიგის“ სხვა პისტოლეტებში სავაზნის ზედა ნაწილი გაპრიალებულია, ამიტომ არ ჩათვალოთ ეს დეფექტად. არ ვიცი ამზადებს თუ არა SP2022-ის ლულებს Hammerli, მაგრამ არ გამიკვირდება თუ ეს ასეა. SP2022-ს პრაქტიკულად სპორტული პისტოლეტის სიზუსტე აქვს.

pro1

მჭიდის სამკუთხედის ფორმის ღილაკის გადატანა შეიძლება მარჯვენა მხარეს ცაცია მსროლელებისთვის.

ადრინდელი მოდელის კომპლქტი მოიცავდა „ზიგის“ საფირმო მუყაოს ყუთს პისტოელტით, ერთი ან ორი მჭიდით და სატესტო სამიზნით. შემდგომ პისტოლეტის კომპლქტი შედგებოდა პლასტმასის კეისისგან, რომელშიც იდო პისტოლეტი, ორი მჭიდი, სატესტო სამიზნე, პატარა ბოთლი ზეთით, სავაზნის ალამი (პლასტმასის ალამი, რომელიც თავსდება სავაზნეში და იუწყება რომ პისტოლეტის სავაზნე არის ცარიელი), სტაფილოს ფერი პლასტმასის ლულით, რომელიც გამოიყენება სავარჯიშოდ და ასევე მოწყობილობით რომელი აადვილებს მჭიდის ავსებას ვაზნებით.  არც ისე ცუდია იარაღისთვის, რომელიც 20-30% ნაკლები ღირს ვიდრე მისი ახლო კონკურენტები.

სიმართლე გითხრათ ამ პისტოლეტს არ ეტყობა რამე ეკონომია. მე ვერ ვუწოდებ მას „ღარიბი ადამიანის P226-ს“ იმიტომ, რომ SP2022 თავად ქმნის თავის კლასს და არ არის საჭირო მისი შედარება P226-თან ან სხვა “ზიგთან”.  თუ ვინმეს სურს ტრადიციული ორმაგი მოქმედების პისტოლეტი გარეთ განლაგებული ჩახმახით SP2022 ფასი-ხარისხის მიხედვით არის ალბათ საუკეთესო არჩევანი, თუ რა თქმა უნდა ის ოდესმე გამოჩნდა კონკურენტულ ფასად საქართველოში.

P1020842

გასაწმენდად დაშლილი SP2022

მინუსები ამ პისტოლეტის არის აქსესუარების და სათადარიგო ნაწილების ნაკლები ხელმისაწვდომობა, ისევე როგორც შედარებით რთული იქნება ბუდის არჩევა. პირადად  მე არ მომეწონა ზედმეტად მძიმე საკეტი, მაგრამ ეს ძალიან სუბიექტურია. მთლიანობაში პისტოლეტი იმსახურებს უმაღლეს შეფასებას და ბოლო დროს ამ პისტოლეტის მიმართ გაიზარდა ინტერესი და მიუხედავად იმისა, რომ ის პრაქტიკულად საიდუმლოება იყო რომელიც ბევრისთვის უცნობი იყო ეხლა რამდენიმე სერიოზულმა ინტერნეტ-მიმოხილველმა დადო საკმაოდ დადებითი შეფასებები ამ პისტოლეტის. განსაკუთრებულად SP2022-ის მიმართ ყურადღება გაიზარდა მას მერე რაც ზიგ-ზაუერი ახალი თაობის პოლიმერის ჩარჩოიანი პისტოლეტი P250 არ გამოდგა წარმატებული და ყველას გაახსენდა რომ უკვე 10 წელზე მეტია ამ კომპანიას აქვს ასეთი პისტოლეტი, რომელსაც არავინ ყურადღებას არ აქცევდა. დღეს აშშ-ში SP2022-ის ქუჩის ფასი შეადგენს 350-400 დოლარს რაც ძალიან, ძალიან იაფია ასეთი კლასის პისტოლეტისთვის. გასაკვირი არ არის, რომ ის ასე კარგად იყიდება. პოპულარული ინტერნეტ-მაღაზია აშშ-ში cheaperthandirt.com-ის განცხადებით SP2022 შედის 20 ყველაზე გაყიდვადი პისტოლეტის ნუსხაში.  SP2022-ის ფასი საქართველოში ძნელად დასადგენია, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მე გაყიდვაში სულ ორ სამი ცალი ვნახე. დღევანდელი ფასების გათვალისწინებით მისი ფასი უნდა იყოს 1300, 1600 ლარი მაქსიმუმ.

P1020843

საკეტი და ჩარჩო “შიგნიდან”. პისტოლეტი დამზადებულია მაღალი ხარისხით. ზედა სურათზე კარგად ჩანს პლასტმასის ჩარჩოში ჩასმული ფოლადის “შასი”, რომელზეც დადის საკეტი. 

შეხვედრა SP2022-თან და გაცნობა შედგა. ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა. მთლიანობაში SP2022-მა დატოვა ძალიან კარგი შთაბეჭდილებები. ეს არის ძალიან კარგი იარაღი, რომელიც გამოდგება ნებისმიერი როლისთვის, იქნება ეს თავდაცვა, სამხედრო თუ პოლიციური სამსახური. უბრალო და ბანალური ერთი შეხედვით ეს პისტოლეტი დეტალურად გაცნობის შემდეგ გვევლინება როგორც დახვეწილი და ეფექტური ინსტრუმენტი. როგორ შევადარებდი მე მას „ზიგ-ზაუერის“ ახალი თაობის პოლიმერის პისტოლეტებთან? ჩემი არჩევანი იქნება დროით და სამსახურით გამოცდილი SP2022. ბოლო წლებში ზიგ-ზაუერმა მკვეთრად გაზარდა პისტოლეტების ნომენკლატურა და წარმოების ტემპი და სანამ მე არჩევანს ახალ ‘ზიგზე“ გავაკეთებდე ჯერ დავიცდიდი როგორ მიიღებს მათ სასროლოსნო საზოგადოება.

მოკლედ თუ წააწყდით SP2022-ს და თან კარგ ფასად, არც დაფიქრდეთ ისე იყიდეთ. თქვენ ყიდულობთ პისტოლეტს რომელსაც აქვს ყველაფერი რაც ზიგ-ზაუერის პრემიუმ მოდელებს და ცოტა უფრო მეტიც.