Archive for June, 2014

Glock 26 VS Springfield XD-9 Subcompact

Saturday, June 21st, 2014

როდესაც ეს სტატია იწერებოდა ორი ძალიან მზგავსი პისტოლეტის შედარებაზე ცნობილი გახდა, რომ ამჯერად უკვე გერმანული ხეკლერ&კოხიც აყვა მოდას და შესთვაზა მომხმარებელს პისტოლეტი VP 9, პლასტმასის ჩარჩოთი და დამრტყმელით ჩახმახის ნაცვლად, კონცეფცია, რომელიც 30 წლის წინ გახდა პოპულარული მას მერე რაც გასტონ გლოკმა შექმნა თავისი გლოკ 17. ამბავს VP 9-ის გამოშვებაზე წინ უძღვოდა ზიგ-ზაუერის მიერ შექმნილი P 320-ის წარდგენა, რომელიც ასევე არის იგივე კონცეფციით შექმნილი რაც გლოკი და შესაბამისად VP 9 და ძალიან ბევრი სხვა მოდელი. როგორც ჩანს ეს ტენდენცია გაგრძელდება და მომავალში ამ ტიპის პისტოლეტების მოდელების გამა კიდევ უფრო გაიზრდება. წლების განმავლობაში ძალიან ბევრმა მწარმოებელმა სცადა გლოკის წარმატების გამეორება მაგრამ გლოკის პისტოლეტების ასეთი წარმატება არ იყო განპირობებული მარტო იმ ფაქტით, რომ ავსტრიული პისტოლეტი იყო კარგი იარაღი, უბრალოდ ის გაჩნდა იმ დროს და იმ მომენტში როდესაც მოთხოვნა ასეთ იარაღზე იყო ძალიან მაღალი, ხოლო დღეს როდესაც ბაზრი გაჯერებულია უამრავი გლოკის „კოპიებით“ იგივე წარმატების გამეორება გლოკის მორიგი კოპიის შექმნით 30 წლის მერე უბრალოდ შეუძლებელია. კომპანიას რომელიც ამ გზით წავა უნდა ქონდეს იმედი, რომ მისი გლოკის ინტერპრეტაცია უბრალოდ კარგად გაიყიდება. რა თქმა უნდა,  უნდა აღინიშნოს ზოგი გლოკის კოპია იყო წარმატებული ზოგი ნაკლებად წარმატებული. ნაკლებად წარმატებულებს განეკუთვნება პირველ რიგში მაგალითად სმიტ&ვესონ სიგმა, შექმნილი როგორც ლეგენდა იუწყება მას მერე რაც გაბრაზებულმა სმიტ&ვესონის ტოპ მენეჯერმა საერთო თათბირზე დაახეთქა გლოკი მაგიდაზე განცვიფრებული თანამშრომების წინ და განაცხადა, რომ თუ არ შეგიძლიათ გლოკზე უკეთესი პისტოლეტის გაკეთება უბრალოდ დააკოპირეთ ის. რა მოყვა ამას ყველამ ვიცით,  ხოლო ვინც არ იცით გეტყვით მხოლოდ რომ გლოკმა უჩივლა სმიტ&ვესონს საპატენტო უფლებების დარვევის გამო და სოლიდური კომპენსაციაც მიიღო. რაც შეეხება წარმატებულ კოპიებს მე პირველ რიგში ვიხსენებ ორ პისტოლეტს, რომელიც გახდა ძალიან პოპულარული, ეს არის ისევ სმიტ&ვესონის M&P სერია (შექმნილი სიგმას შექმნისას დაშვებული შეცდომების გათვალსიწინებით) და ამერიკულ ხორვატული Springfield XD/HS Produkt HS 2000 და მისი მოდიფიკაციები.  სწორედ ეს უკანასკნელი მოხვდა ჩვენ ხელში და რა თქმა უნდა ჩვენ ვერ გაუშვებდით ხელიდან შანსს, რომ ეს პისტოლეტი საფუძვლიანად არ შეგვესწავლა და არ შეგვედარებინა ის გლოკთან.  ორივე ეს პისტოლეტი ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოში და ორივე არის ჩვენი ძალოვნების შეიარაღებაში იმყოფება ასე რომ დარწმუნებული ვარ სტატია ბევრს დააინტერსებს.

მიუხედავად იმისა, რომ მე ვაღიარებ არასდროს არ მქონდა დიდი ინტერესი ამ ხორვატიული პისტოლეტის მიმართ (მისი სპეციფიური დიზაინის გამო მე ის უბრალოდ ვიზუალურად არ მომწონდა), მე ყოველთვის მიკვირდა, როგორ შეძლეს ხორვატებმა თავის პატარა ლამაზ, მაგრამ ომით დაზარალებულ ქვეყანაში შექმნან იარაღი, რომელიც რამდენიმე წლის მერე პატრიოტულ და კონსერვატიულ ამერიკაში აღიარებული იქნებოდა წლის საუკეთესო პისტოლეტად. და თან ორჯერ, 2006 და 2009 წელს. კონკრეტულად ვინ აღიარა? The Shooting Industry Academy of Excellence, 500 წევრიანი საბჭო რომელიც წელიწადში ერთხელ აჯამებს შედეგებს და ირჩევს საუკეთესო პროდუქტებს სხვადასხვა ნომინაციებში.  ამერიკულ ბაზარზე ის გაჩნდა ჯერ როგორც იმპორტირებული ხორვატიული წარმოების პისტოლეტი, მაგრამ 2001 წლიდან ის უკვე იყიდება, როგორც Springfield Armory-ის პროდუქცია და ამ კომპანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა მოდელების ნომენკლატურა და ეს დღეს XD და მოდიფიცირებული XD(M) ოჯახი ათეულობით განსხვავებულ მოდელს ითვლის.

როდესაც ეს იარაღი გაჩნდა საქართველოში და მიღებულ იქნა შეიარაღებაში მე გავიფიქრე რომ ეს მართალია გლოკი არ არის მაგრამ ბევრად უკეთესია ვიდრე „იერიხო“ და „მაკაროვი“, რომლებიც წარმოადგენდნენ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების პისტოლეტების ძირითად არსენალს.  რატომ? იმიტომ, რომ განსხვავებით ორი უკანასკნელისაგან ეს იარაღი ნამდვილად არის თანამედროვე, heavy-duty, სამსახურეობრივი იარაღი. დამზადებული საუკეთესო მასალებისგან ის ისევე როგორც ყველა მაღალი კლასისი იარაღი დაფარულია მაღალტექნოლოგიური დამცავი დაფარვით (ტენიფერით), ძალიან მარტივია და საიმედო. გააჩნია ყველა ოფცია რაც უნდა ქონდეს თანამედროვე პისტოლეტს.  გარდა ამისა პისტოლეტი აღჭურვილია გაცილებით უფრო მეტი დამცავი აქტიური და პასიური მექანიზმით, რაც იდეაში არის კარგი თუ გავითვალისწინებთ  ჩვენი ძალოვნების მომზადების დონეს.

P1030946

ასეთი რაკურსიდან კარგად ჩანს ვის ედრებოდნენ ხორვატები. ეს არც არის ცუდი, თუ დაისახავ მაღალ მიზნებს შედეგებიც მაღალი იქნება. ეს არ ესმით ჩვენი პისტლეტის „გამომგონებლებს“, რომლებიც როგორც ჩანს ჯერ ვერ გაცდნენ ციხის „სამაძელკების“ დონეს.

მზგავსობები XD-სა და გლოკს შორის ბევრია. დავიწყოთ დაცვის სისტემებით. როგორც გლოკზე სასხლეტი აღჭურვილია მცველით, მაგრამ განსხვავებით გლოკისგან ის მთლიანად „იძირება“ დაჭერისას სასხლეტში და ხანგრძლივი სროლის შემთხვევაში თითი არ „იღლება“ (არის ქვეყნები სადაც პისტოლეტებს მარტო სტუმრებთან „სამარიაჟოთ“ არ იყენებენ არამედ ისვრიან და ხანდახან მთელი დღის განმავლობაში), პისტოლეტი ასევე აღჭურვილია დამრტყმელის მცველით, როგორც გლოკი მაგრამ დამატებით მას აქვს ვაზნის ინდკატორი, რომელიც იუწყება რომ ვაზნა სავაზნეშია, ასევე დამრტყმელის მდგომარეობის ინდიკატორით, რომელიც გვეუბნება, რომ პისტოლეტი შეყენებულია და ასევე ტარის მცველით, რომელზეც დაჭერის გარეშე პისტოლეტი უბრალოდ არ გაისვრის (მასზე დაჭერის გარეშე შეუძლებელია საკეტის გახსნაც). არც ერთი პისტოლეტი არ არის აღჭურვილი მექანიკური მცველით რაც კარგია.

P1030947

მართალია გლოკის ექსტრაქტორი ასრულებს ნაწილობირვ სავაზნის მდგომარების ინდიკატორის როლს მაგრამ XD-ში აშკარად ცალკე დეტალი ამ ფუნქციას უკეთ ასრულებს. ორივე პისტოლეტი ვაზნით სავაზნეშია.

თანდაყოლილი უსაფრთხოების მაღალ დონეს ასვე უზრუნველყოფს ის ფაქტი, რომ XD-ს დაშლა ვაზნით სავაზნეში შეუძლებელია ვინაიდან მის დასაშლელად საჭირო არის გახსნათ საკეტი. ასევე გლოკისგან განსხვავებით, რომ დაშალოთ ის საჭირო არ არის სასხლეტზე დაჭერა თუ დამრტყმელი შეყენებულია. უფრო სწორედ სასხლეტს აჭერთ ხელს მაგრამ მას მერე რაც საკეტს გახსნით. გლოკში პირიქით არის ალბათობა იმისა, რომ პატრონს დარჩება ვაზნა სავაზნეში და პისტოლეტის  დასაშლელად მექანიკურად  სასხლეტზე დაჭერისას მოხდება გასროლა (თუ დამრტყმელი შეყენებულია ორივე პისტოლეტს საკეტს ვერ მოხსნით). ამ მხრივ XD-ს დაშლის წესი თეორიულად უფრო უსაფრთხოა. თუ თქვენ ყოველთვის დაიცავთ უსაფრთხოების წესებს  თეორიული ალბათობა არასდროს არ გადაიზრდება რეალურ უბედურ  შემთხვევაში.

XDm-9mm_013

როდესაც ხორვატია იყო იუგოსლავიის შემადგენლობაში მასზე მოდიოდა მხოლოდ 7% შეიარაღების წარმოების. იუგოსლავიის გავლენა XD-ში იგრძნობა იმით, რომ პისტოლეტს აქვს ისეთივე კონსტრუქციის ექსტრაქტორი როგორც ძალიან წარამტებულ იუგოსლავიურ პისტოლეტს CZ99. 

მე ნამდვილად გამიჭირდება შევაფასო ორივე პისტოლეტი კონსტრუქციების და ტექნიკური გადაწყვეტილებების მიხედვით. მე არ ვარ იარაღის კონსტრუქტორი, მე ვაფასებ იარაღს, როგორც მისი საბოლოო მომხმარებელი და ასევე იმ პოპულარული კრიტერიუმებით რაც დღეს მიღებულია. მაგალითად დეტალების საერთო რაოდენობა და კონსტრუქციის სიმარტივე, დაშლის სიმარტივე, მომსახურების სიმარტივე, ერგონომიკა და ასე შემდეგ. ამ მხრივ გასაკვირი არ არის რომ გლოკი გაცილებით უკეთესად გამოიყურება. წლების განმავლობაში მხოლოდ ერთმა პისტოლეტმა აჯობა გლოკს სიმარტივით და დეტალების სიმცირით. ეს არის ავსტრიელი კონსტრუქტორის შექმნილი პისტოლეტი Сaracal, რომელიც ფაქტობრივად არის იგივე გლოკი და ითვლის 28 დეტალს გლოკის 32 დეტალის წინააღმდეგ. XD-ს რაც შეეხება ის უფრო რთულია ვიდრე გლოკი, უფრო ძნელად იშლება და საკეტიც აწყობილია შტიფტების გამოყენებით, მაშინ როდესად გლოკის საკეტში არც ერთი შტიფტი არ არის. სწორედ შტიფტს, რომელიც ადგილზე იჭერს დამრტყმელს XD-ში უკავშირდება პრობლემა, რომელზეც მეტ ნაკლებად ხშირად წერენ ნეტში. ის სამწუხაროდ ტყდება მაგრამ საბედნიეროდ ძალიან იშვიათად და საკმაოდ დიდი რაოდენობა გასროლების შემდეგ. მე დამატებით გამოვიძიე ეს საკითხი და იმისთვის, რომ აბსოლუტურად გამორიცხოთ ამ დეტალის მწყობრიდან გამოსვლა გირჩევთ ყოველთვის გამოიყენოთ ფუჭი ვაზნები, რომ მშრალად ვარჯიშისას არ დაიტვირთოს ეს დეტალი რასაც მოყვება მისი რესურსის შემცირება. როდესაც დამრტყმელი არ ურტყავს ამაალებელს ეს ენერგია იხარჯება რამე სხვაზე და ამ შემთხვევაში ის გადაეცემა შტიფტს. თემა რომ დავხურო აღვნიშნავ, რომ ეს დეტალი, გატეხვის შემთხვევშიც იძლევა იარაღიდან სროლის წარმოების საშუალებას  გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. თუ ეს პრობლემა შეგექმნათ გაითვალისწინეთ, რომ დამრტყმელს იჭერს სტანდარტული 3მმ-ნი ხვეული შტიფტი (3mm roll pin), რომლის შეძენა ნეტში არ არის პრობლემა. თუ თქვენ აპირებთ ინტენსიურ ექსპლუატაციას თქვენი XD-ს პისტოლეტის გირჩევთ ეს ნაწილი  ყოველი შემთხვევისთვის მოიმარაგოთ.

P1030791

ჩვენი ტესტირების გმირები ერთმანეთის პირისპირ.  Glock 26 Gen 3 და XD-9 Sub-compact. ერთი კლასის ორი თვალსაჩინო წარმომადგენელი.

რომ გავაგრძელოთ XD-ს სამუშაო სტაჟის შესწავლა მე ასევე მქონდა საშულება გავსაუბრებოდი ადამიანებს ვისაც ქონდა შეხება ამ პისტოლეტთან და ეს პისტოლეტები (დიდი რაოდენობა) საკმაოდ ინტენსიურ ექსპლუატაციაში იყო. აღინიშნა ორი პრობლემა რომელიც უკავშირდება მჭიდის კონსტრუქციას. მჭიდის პლასტმასის ხუფი გამოდის მწყობრიდან თუ სავსე მჭიდი დავარდება საკმარისი სიმაღლიდან მყარ ზედაპიზრე. გარდა ამისა მჭიდის კორპუსს აქვს ნაწილი, რომელიც გამოშვერილი არის და წარმოადგენს პრაქტიკულად ფოლადის თხელ ფირფიტას. თუ მჭიდი ამ ნაწილით დაეცა მყარ ზედაპირზე ის უბრალოდ დაიღუნება და  ვაზნები შიგნით გაიჭედება. მეორეს მხრივ უნდა დავსძინო გლოკის მჭიდები ცნობილია თავისი გამძლეობით და გლოკის გარდა სხვა იარაღებშიც გამოიყენება სწორედ ამის გამო. ზოგადად მე ვთვლი, რომ პლასტმასის ხუფიანი მჭიდის არსებობა სამხედრო-პოლიციურ იარაღში არის არასწორი, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში მე  არაერთხელ შემხვედრია ეს დეტალი გაბზარული ან გატეხილი. გლოკის მჭიდის ხუფი კი არის პლასტმასის მაგრამ მჭიდის და ხუფის კონსტრუქცია ისეთია, რომ ეს დეტალი იშვიათად  გამოდის მწყობრიდან ყველაზე ინტენსიური ექსპლუატაციის პირობებშიც კი. ჩემი აზრით იმ პისტოლეტებში, რომელიც შეძენილია ჩვენი ძალოვნებისთვის მჭიდის ხუფი უნდა ყოფილიყო ფოლადის. როდესაც დიდ შეკვეთას აძლევ მწარმოებელი ასეთი „კაპრიზის“ დაკმაყოფილებაზე არასდროს არ იძახის უარს. პრინციპში ამით მე დავსრულებ საუბარს XD-ს კონსტრუქციის საიმედოობაზე. გლოკზე მე ვერფაერს ახალს ვერ ვიტყვი ეს პისტოლეტი დიდიხანია არის სტანდარტი გამძლეობის და საიმედოობის. XD-ს რომ დაუბრუნდეთ ის ნამდვილად არის საიმედო იარაღი და მას აქვს შესანიშნავი რეპუტაცია მსროლელებში. მართალია ორივე კომპანიას ქონდა შემთხვევები, როდესაც ხდებოდა გაყიდული პისტოლეტების უკან დაბრუნება. გლოკის შემთხვევაში ეს მეტ წილად განპირობებული იყო დაშვებული ხარვეზებით საწარმოო პროცესებით, ხოლო Springfield Armory-იმ მაგალითად ერთხელ ძალიან იჩქარა ახალი პისტოლეტის გაშვება ბაზარზე და აღმოჩნდა რომ მათ გამოეპარათ ის თავისევურება რომ XD-S პისტოლეტს არ აქვს “რესეტი” თუ არ არის გააქტიურებული ტარის მცველი. ასეთი რამეები ხდება და ამას ვერ გავექცევით, უბრალოდ ორივე კომპანია მოწადინებულია ახორციელოს მკაცრი ხარისხის კონტროლი და ყოველთვის უზრუნველყოფდა საუკეთესო მომსახურებას და საგარანტიო პირობების შესრულებას.

P1030949

ადგილი, რომელსაც უნდა მოუფრთხილდეთ ამ მჭიდის ესქპლუატაციისას. 

ორი პისტოლეტი წინ რომ დავიდოთ შევამჩნევთ, რომ გლოკ 26 არის უფრო კომპაქტური და უფრო ლაკონური ფორმების მქონე. ლულის ღერძიც უფრო დაბლა არის განლაგებული. ცხადი ხდება რომ XD-ს გაუჭირდება შერკინება გლოკთან სროლაში და ის მხოლოდ ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის იმედზე რჩება. თეორიულად ასეთ კონსტრუქციას უნდა ქონდეს უფრო კარგი სასხლეტი ვიდრე გლოკს სადაც ყოველი გასროლის წინ მსროლელი თითით სასხლეტზე დაჭერით დამატებით კუმშავს დამრტყმელის ზამბარას.  აშკარა ისიც არის რომ ტარებისას გლოკი უფრო კომფორტული იქნება. გლოკს პრაქტიკულად არ გააჩნია გამოშვერილი ნაწილები რასაც ვერ ვიტყვით XD-ზე, რომელიც სიგანით ოდნავ უფრო დიდია ვიდრე .45 კალიბრის სუბკომპაქტური გლოკ 30. “სპრინგფილდმა” მოახდინა ამზე კაპიტალიზირება, როდესაც გამოუშვა 14 ვაზნიანი XD 45, და განაცხადა, რომ შექმნა ყველაზე ტევადი .45 კალიბრის პისტოლეტი, რომელიც პრაქტიკულად იმეორებდა 9მმ-ნი პისტოლეტის გავარიტებს, თუმცა მათი 9მმ-ნი პისტოლეტი თავიდანვე იყო საკმაოდ “მსუქანი”. XD-ს აქვს მაღალი და უფრო მძიმე საკეტი რის გამოც ხელში ჭერისას ეს აშკარად იგრძნობა. პისტოლეტებს აქვთ განსხვავებული ტარის კუთხეები და რა თქმა უნდა ზოგს მოუხდება გლოკი ზოგს კიდე პირიქით. კლასიკურ პისტოლეტებს, რომ  შევადაროთ გლოკის კუთხე წააგავს P-08-ს ტარს, ხოლო XD უფრო იმეორებს ბრაუნინგ “ჰაი პაუერის” ტარის კუთხეს.   ლულებს რაც შეეხება გლოკის ლულა უფრო გრძელია და პოლიგონალური ხრახნების გამო (XD-ზე ლულა კლასიკური ხრახნებით არის) უზრუნველყოფს მეტ საწყის სიჩქარეს და უფრო გაადვილებულ წმენდას. საწყის სიჩქარეს რაც შეეხება ეს წმიდა თეორიული უპირატესობაა, მაგრამ მაინც უპირატესობაა.

მიუხედავად იმისა, რომ XD არის უფრო დიდი და უფრო მძიმე ვიდრე გლოკი, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ გლოკის სტანდარტული მჭიდის ტევადობა არის 10 ვაზნა ხოლო XD-სი 13 ვაზნა. 6 დოლარიანი ხუფის დაყენების შემდეგ გლოკის მჭიდის ტევადობა იზრდება 12 ვაზნამდე. მაქსიმალური მჭიდის ტევადობა, რომელიც მიიღწევა გლოკ 26 ისე რომ მჭიდის გაბარიტები არ ცდება გონივრულ სიგრძეს არის 19 ვაზნა, როდესაც გლოკ 26-ში თავსდება 17 ვაზნიანი გლოკ 17-ის მჭიდი და +2 მჭიდის ხუფის დაყენებით. უნდა ავღნიშნო, რომ ასეთი ხუფი ხელმისაწვდომია XD-ს პისტოლეტისთვის, მაგრამ Pierce-ის დამზადებული ხუფის დაყენებისას ჩვენ წავაწყდით პრობლემებს და მას მერე რაც გადავაკეთეთ ხუფის კონსტრუქცია მჭიდის ტევადობა გაიზარდა მხოლოდ ერთი ვაზნით. ეს პრობლემა ამ კომპანიის ამ პროდუქტთან ცნობილია და მე გირჩევდით სხვა კომპანიის ხუფის შეძენას. ორივე სუბკომპაქტზე მიდის უფრო დიდი ზომის იგივე მოდელების პისტოლეტების მჭიდები.

სამიზნე მოწყობილობები გლოკზე ქარხნიდან ყენდება პლასტმასისგან დამზადებული. ეს დეტალები ცნობილია იმით, რომ ადვილად ზიანდება და ტყდება. XD-ზე ქარხნულად აყენია რკინის სამიზნე მოწყობილობები. სერიოზულად განწყობილი იარაღის მფლობელი, როგორც წესი ყოველთვის ცვლის ქარხნულ რკინებს იმ სამიზნე მოწყობილობებზე, რომლებიც ჭირდება მას და ამიტომაც პისტოლეტების იმის მიხედვით შედარება ვის როგორი სამიზნეები უყენია არაკორექტული იქნება. საკმარისია ითქვას, რომ ორივე პისტოლეტზე შესაძლებელია სამიზნე მოწყობილობების ადვილი შეცვლა.

რაც შეეხება სროლას, ჩვენ ალბათ გვაინტერესებს როგორი სიზუსტე აქვთ პისტოლეტებს და როგორ იქცევა პისტოლეტი სწრაფი „თავდაცვითი“ სროლისას. სიზუსტეს რაც შეეხება ორივე პისტოლეტი სტატიკური პოზიციიდან წყნარი სროლისას აჩვენა ერთი და იგივე შედეგი, რომელიც პრაქტიკულად ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ XD-ს დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი არის ერთმაგი მოქმედების ხოლო სასხლეტი უფრო მსუბუქია და უფრო მოსახერხებელიც გლოკმა მაინც არ დაუთმო. ჩემი აზრით ხორვატიულ-ამერიკული პისტოლეტი ცოტათი უფრო მეტი თანდაყოლილი სიზუსტე აქვს მაგრამ სროლების დროს ეს პრაქტიკულად არ გამოვლენილა და პისტოლეტები ერთნაირად ზუსტად ისროდნენ. რაც შეეხება უფრო რეალისტურ სროლას აქ უკვე ითამაშა როლი XD-ს ლულის ღერძის სიმაღლემ. რის გამოც გლოკით ნასროლი double-tap-ები და კონტროლირებადი წყვილები ქმნიდნენ უფრო მცირე ზომის ჯგუფებს. არაფერი განსაკუთრებული სხვაობა არ იყო, რომ გვეთქვა რომ ცალსახად გლოკი ჯობნის კონკურენტს ვინაიდან ორივე პისტოლეტი აბსოლუტურ ადეკვატურ ეფექტურობას აჩვენებდა უბრალოდ გლოკიდან ნასროლი ჯგუფები გავმეორდები უფრო მცირე იყო. ჩაფიქრებული ზუსტი სროლის დროს იჩინა თავი XD-ს უფრო რბილმა სასხლეტმა, მაგრამ გრძელი „რესეტის“ გამო ეს უპირატესობა მან დაკარგა სწრაფი სროლის დროს.  სროლის დროს, უფრო სწორედ სროლებს შორის გადატენვების გამოჩნდა კიდე ერთი თავისებურება, რომელმაც ადრე არ მიიქცია ყურადღება.  მჭიდის ღილაკი XD-ზე ორმხრივია მაგრამ იმისთვის რომ აიძულოთ მჭიდს დატოვოს პისტოლეტი საჭიროა დიდი ძალის დატანება. ეს ერთის მხრივ არის ცუდი იმიტომ რომ სტრესში შეიძლება ვერ ამოაგდო მჭიდი საკმარისად სწრაფად მაგრამ კარგია, იმიტომ რომ შემთხვევით მასზე დაჭერის ალბათობა მცირდება.  ასეა თუ ისე ყველამ ვისაც შეხება ქონდა ამ ორ პისტოლეტთან ტესტირების პერიოდში აღნიშნა, რომ მჭიდის ღილაკი არ მოეწონათ გლოკის ღილაკთან  შედარებით. ერთხელ სროლის დროს ბოლო ვაზნაზე XD-მ გაჭედა, მასრამ არ დატოვა იარაღი და გაიჭედა საკეტსა და სავზნეს შორის. დაბრკოლება აღმოფხვრილ იქნა თვალის ერთ დახამხამებაში მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი რამეები თანამედროვე გამართულ პისტოლეტში პრაქტიკულად არ ხდება, გაჩნდა უსიამოვნო გრძნობა. ერთი “stove pipe” კატასტროფა არ არის, შეიძლება მჭიდი არ იჯდა ბოლომდე, ან ვაზნა იყო დეფექტური, მაგრამ მე ვთვლი რომ მაინც ამაზე უნდა დავწერო. ამ შემთხვევამ საბოლოოდ გადხარა სასწორი გლოკის სასარგბელოდ მაგრამ მეგობრებო მხოლოდ ჩემ თვალში. XD უდაოდ არის ძალიან კარგი პისტოლეტი. მან ვერ აჯობა მეფეს მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდია. პირიქით ეს პისტოლეტი არის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემი აღმოჩენას, როდესაც რამდენიმე წელი თავს არიდებ რამეს და მერე უცბად აღმოჩნდება რომ სულ ტყვილად. ჩემი ღრმა რწმენით ეს პისტოლეტი იმსახურებს ადგილს „ზიგების“, „გლოკების“ და „ხეკლრებს“ ანუ საუკეთესოებს შორის.

P1030819

ორი სურათი ამ კომენტარის ზევიდან და ქვევიდან იუწყება მხოლოდ ერთ რამე ორივე პისტოლეტი აბსოლუტურად ადეკვატურია  სწრაფი თავდაცვითი სროლისთვის (ზედა სამიზნეზე პატარა ნახვრეტები არის .223 კალიბრის AR15-ით მუშაობის შედეგი) . თუმცა გლოკი  ცოტათი უფრო უკეთეს შედეგს აჩვენებს. 

1781844_1493254447555094_5226016783455574972_o

targetgxd

წითლად მონიშნული არის XD-ს შედეგი, ცისფრად გლოკის. ნელი ჩაფიქრებული სროლისას სხვადასხვა მანძილებიდან პირველი აჩვენებს მცირე უპირატესობას ჩემი აზრით მხოლოდ უფრო რბილი სასხლეტის წყალობით.

სიზუსტის თვალსაზრისით ორივე პისტოლეტი გადის  ტესტს და იღებს ჩათვლას. მიუხედავად პატარა ზომებისა ორივე პისტოლეტი პრაქტკუად ისევე კარგად ისვრის, როგორც მათი დიდი “ძმები”.  მომსახურებისას/წმენდისას ორივე პისტოლეტი ადვილად იშლება და იწმნინდება. სხვაობა გამოიხატება იმაში, რომ გლოკის საკეტი ადვილად იშლება გასაწმენდად ხოლო XD-ს საკეტი არც ისე ადვილად. გლოკის კონსტრუქციული სიმარტივე შეუდარებელია და ცხადია ცალსახად აქ გლოკი უკეთესად გამოიყურება მაგრამ არც XD-ს სრული დაშლა არ წარმოადგენს მაინც და მაინც დიდ პრობლემას.

მოდიფიკაციების საშუალებას და აქსესუარების ხელმისაწვდომობას რაც შეეხება, გლოკი უფრო დიდი ხანია გაყიდვაშია და უფრო გავრცელებულიც არის, შესაბამისას ამ ნომინაციაში ის ავტომატურად გამარჯვებული გამოდის მაგრამ არც XD არ არის ამ მხრივ დაჩაგრული. პისტოლეტისთვის ასევე ხელმისაწვდომია აქსესუარები და აღჭურვილობა საკმარისი რაოდენობით.

არ შეიძლება არ ავღნიშნო XD-ს ერთი დადებითი მხარე, რომელიც არ ეხება პისტოლეტს არამედ ეხება იმ კომპლექტაციას რა კომპლექტაციითაც ეს იარაღი მიეწოდება მომხმარებელს. პისტოლეტი დევს დიდ პლასტმასის ყუთში და მას მოყვება გარდა სტანდარტული კომპლეტქტაციისა (ორი მჭიდი, ინსტრუქცია, საწმენდი ღერძი) ასევე იარაღის ბუდე და მჭიდების ბუდე (ორ ადგილიანი). ჯამში მათი ღირებულება არის დაახლოებით 50-60 დოლარი. თუ პოლიმერის ბუდე დამზადებულია ისრაელში მაინც და მაინც არ არის საუკეთესო ეკიპირების ნიმუში, მჭიდების ბუდე არის საკმაოდ კარგი. ანუ პისტოლეტის ყიდვისას ასევე საჩუქრად იღებთ მინიმალურ ნაკრებს მის სატარებლად. ჩვენი პისტოლეტები ორივე სუბ-კომპაქტია, მაგრამ განსხვავებით გლოკისგან, XD-ს მოყვება ერთი სტნდარტული და ერთი სრული ზომის პისტოლეტის მჭიდი უკვე დაყენებული ტარის ადაპტორით, რომლებიც გათვლილია შესაბამისად 13 და 16 ვაზნაზე. ამ მხრივ XD აშკარად უკეთესი შენაძენია ვიდრე გლოკი. ერთი შეძენით თქვენ ყიდულობთ XD-ს შემტხვევაში გაცილებით მეტს ვიდრე როდესაც არჩევანს აკეთებთ გლოკზე.

P1030948

გლოკის კომპლექტის ფასი 1900 ლარი, XD-ს კომპლექტის ფასი 1590 ლარი (ფასებია მითითებული სტატიის დაწერის პერიოდისთვის). XD-ს კომპლექტაცია აშკარად უფრო მიმზიდველია.

ჩვენი ვერდიქტი შემდეგია: გლოკი კვლავ რჩება მეფის ტახტზე. Springfield Armory-ის XD იმსახურებს საყვედურს,რომ მიუხედავად იმისა, რომ უფრო ახალგაზრდაა, ვერაფრით ვერ აჯობა გლოკს გარდა იმისა, რომ უფრო მეტი უსაფრთხოების ოფციები აქვს და უფრო მეტი თანდაყოლილი უსაფრთხოება გააჩნია რაც ნამდვილად გამოადგება ახალბედა და გამოუცდელ მსროლელს.  მიუხედავად ამისა XD არის ძალიან კარგი პისტოლეტი და ამ ტიპის იარაღების თვალსაჩინო წარმომადგენელი. მოწონებას იმსახურებს ზრუნვა მყიდველზე და ის ბონუსები, რომლებსაც ღებულობთ XD-ს შეძენის დროს. საბოლოო არჩევანი პატივცემულო მკითხველო შენზეა. ორივე პისტოლეტის არჩევისას არ შეცდებით. ჩემი არჩევანი გლოკია თუმცა XD მასთან ვაღიარებ ძალიან ახლოს მოვიდა.