Archive for the ‘რუბრიკა კვირის იარაღი’ Category

კვირის იარაღი – Ruger AC-556

Monday, October 23rd, 2017

RugerAC

ამჯერად კვირის იარაღი არის Ruger AC-556, ამავე კომპანიის პოპულარული შაშხანის .223 კალიბრის Mini-14-ის „გასამხედორებული“ ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ 70-ნი წლების ბოლოსკენ, როგორც იქნა M14-ზე დაფუძნებული Mini-14 საკმარისად დაიხვეწა, გახდა საიმედო და გამძლე იარაღი და ასევე მისი ნაკლებად მილიტარისტული იერსახის გამო მოწონებულ იქნა სხვადასხვა პოლიციური სამსახურების მიერ, ბილ რუგერს მაინც არ ტოვებდა იდეა გაეხადა მისი კარაბინი ჭეშმარიტი სამხედრო საბრძოლო იარაღი. სწორედ ამისთვის 80-ნი წლების დასაწყისში რუგერმა გამოუშვა „საბრძოლო“ „მინი-14“ სახელად AC-556 (AC, Automatic Carbine, ავტომატური კარაბინი). ახალ იარაღს გააჩნდა მთელი რიგი ცვლილებების, რისი წყალობითაც სამოქალაქო კარაბინი ბილ რუგერის ჩანაფიქრით უნდა გამხდარიყო საბრძოლო იარაღი. ოდნავ შეცვლილი ფორმის რესივერში განლაგებული იყო დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა, ერთჯერად, უწყვეტი ჯერით და ფიქსირებული ჯერებით სროლის საშუალებას. საინტერესო თავისებურება ის იყო, რომ ფიქსირებული სამ გასროლიანი ჯერებით სროლისას თუ მსროლელმა თითი მოაცილა სასხლეტს სანამ ჯერი დასრულდებოდა და ამით გაწყვიტა ციკლი და ისროლა ორი გასროლა, სასხლეტზე მომდევნო დაჭერას მოყვებოდა მხოლოდ ერთი „დარჩენილი“ გასროლა. ჯერებით სროლის ტემპი შეადგენდა დაახლოებით 700 გასროლას წუთში.

switch ruger

უკანა სამიზნესთან განლაგებული სროლის რეჟიმის სელექტორი ზედ განლაგებული ღილაკით რომელსაც უნდა დააჭიროთ რომ შეძლოთ სელექტორის გადართვა.

18.5 ინჩიან ლულაზე განლაგდა ბჯენი ხიშტის გამოყენების უზრუნველსაყოფად, უფრო მოკლე 13 ინჩიან ვარიანტზე ხიშტის სამაგრი აღარ იყო გათვალისიწნებული. სამხედრო ტიპის ლულის ალმქრობი უზრუნველყოფდა ასევე ლულაზე წამოსაცმელი ყუმბარების გამოყენებას. მთლიანობაშიც, კონსტრუქციაც იყო გაძლიერებული, მაგალითად დგუშის ღერძი გასქელდა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ იარაღს გაეძლო ჯარში ექსპლუატაცია. ამასთანავე ახალმა შაშხანამ შეინარჩუნა სამოქალაქო კარაბინისთვის დამახასიათებელი შედარებით კომპაქტური ზომები და პატარა წონა რომელიც შეადგენს 2.8 კგ-ს. ასვე შენარჩუნებული იყო დაახლოებით დეტალების 90% თავსებადობა „მინის“ სამოქალაქო ვარიანტთან.

AC556

AC556 დასაკეცი ლითონის დუგლუგით და 13 ინჩიანი ლულით დაკეცილ მდგომარეობაში

იარაღი გამოდიოდა ორ ძირითად კონფოგურაციაში ხის კონდახით და დასაკეცი ლითონის დუგლუგით, რომელიც გვერდიდან იკეცებოდა. უკანასკნელ ვარიანტს ასევე გააჩნდა პისტოლეტის ტიპის სახელური. ლულის სიგრძე იყო 13 და 18.5 ინჩი. მოსახსნელი მჭიდი იტევდა 30 ვაზნას. ასევე ხელმისაწვდომი იყო ვარიანტები შესრულებული უჟანგავი ფოლადის გამოყენებით.

მთლიანობაში იარაღი გამოვიდა კარგი და იყიდებოდა საკმარისი რაოდენობით რომ მისი გამოშვება გაგრძელებულიყო 1999 წლამდე. აქიდან ყველაზე მსხვილი შეკვეთა მოვიდა საფრანგეთიდან 2500 ერთეულზე, მაგრამ ბილ რუგერის ოცნება AC-556 გამხდარიყო ჭეშმარიტი საბრძოლო შაშხანა მაინც არ აღსრულდა. AC-556 უბრალოდ გაჩნდა ძალიან გვიან და ვერ უწევდა კონკურენციას ინოვაციურ და ტექნოლოგიურ AR-15-ს. გარდა ამისა კონსტრუქცია მთლად ბოლომდე დახვეწილი არ იყო, მაგალითად AC-556-ს კონსტრუქციაში შედიოდა ადვილად დაზიანებადი და დაკარგვადი არასწორი აწყობისას პატარა დეტალი, გადაბმა, გარეთ განლაგებული სროლის რეჟიმების სელექტორსა და იმ დეტალს შორის რომელიც უზრუნველყოფდა რეჟიმის შეცვლას უშუალოდ დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმში. მოგეხსენებათ თუ იარაღში არის რამე რაც შეიძლება დაზიანდეს არასწორი აწყობსას (იარაღის აწყობისას სელექტორი უნდა იყოს ერთჯერად რეჟიმზე დაყენებული) ან დაიკარგოს ის ჯარში გარანტირებულად და ხშირად დაიკარგება და დაზიანდება. ასევე შედარებით თხელი პროფილის ლულა ადვილად ხურდებოდა ინტენსიური ცეცხლის წარმოების დროს. არც ოპტიკის დაყენება არ იყო ისეთი ადვილი, როგორც AR-15-ზე. რესივერის კონსტრუქციიდან გამომდინარე (გახსნილი ზევიდან) მაყუჩის გამოყენებისას მსროლელს სახეში ხვდება დენთის აირების და დენთის წვის პროდუქტების ნარჩენები.

5e20d47414589ae88b98fad6fd87741d

AC556 პოპულარობის მიზეზი იყო არა მისი სამხედრო კარიერა არამედ მონაწილეობა იმ დროს ძალიან პოპულარულ სერილაში A-team, რომელიც ეკრანებზე გავიდა 1983 წელს. სერიალში გამოყენებული იყო მოდელი AC556K დამზადებული უჟანგავი ფოლადის გამოყენებით.

ამ ბოლო დროს ინტერესი AC-556-ის მიმართ აშშ-ში გაიზარდა გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ლეგალური ავტომატური იარაღი, რომლის შეძენა შესაძლებელია უბრალო მოქალაქისთვის, შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ და შედარებით სხვა ანალოგიური კლასის და კალიბრის (ლეგალური ჯერებით მსროლელი) იარაღებთან ის ღირს ბევრად ნაკლები. ასე, რომ ამ იარაღს ყავს ვიწრო მაგრამ ლოიალური მოყვარულების და ფანატების წრე. იმის გათალისწინებით, რომ რუგერმა 2009 წლიდან შეწყვიტა ამ იარაღის დეტალების გაყიდვა და მათი შეკეთება АС-556 ნელ-ნელა გადავა საკოლექციო იარაღის კატეგორიაში. ამჯერად აუთენტური AC-556-ის ფასი 10 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ასეთი ფასი განპირობებულია იმით, რომ სამოქალაქო ბრუნბვაში შედარებით ცოტა იარაღია ჯერებით სროლის საშუალებით მას მერე რაც 1986 წელს აიკრძალა სამოქალაქო ჯერბეით მსროლელი იარაღების პირველადი რეგისტრაცია და ბრუნვაში დარჩა მხოლოდ ის იარაღები, რომლებიც დარეგისტრირდა აკრძალვამდე.

კვირის იარაღი – Remington Nylon 66

Thursday, September 14th, 2017

18036722_2

1959 წელს აშშ-ში ალიასკა იქნა აღიარებული 49-ე შტატად, კუბა გახდა კომუნისტური, ხოლო ეკრანებზე გამოვიდა მათ შორის საქართველოში ძალზედ პოპულარული კლასიკური ფილმი „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია“. ამავე წელს “რემინგტონმა” დაიწყო მცირეკალიბრიანი ავტომატური შაშხანის გაყიდვები უცნაური სახელით „ნეილონ 66“. სახელის ასეთი არჩევანი განპირობებული იყო იმით, რომ ეს იარაღი იყენებდა ალბათ პირველად, პლასტმასისგან დამზადებულ კონდახს. ნეილონი არის შეკრებითი დასახელება სინთეტიკური მასალების, რომელსაც 1935 წლიდან ამზადებდა მსოფლიოში ცნობილი კომპანია DuPont და „რემინგტონმა“  გადაწყვიტა სწორედ ასე შეარქვას თავისი ახალი იარაღი, როდესაც სახელის თავდაპირევლი ვარიანტი „Bearcat” „მიითვისა“ „რუგერმა“, რომელმაც ეს სახელი თავის რევოლვერს დაარქვა. როგორც უკვე გიამბეთ „რემინგტონის“ „ნეილონ 66“ არის ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი შაშხანა პლასტმასის კონდახით. გაცილებით ნაკლებად ცნობილი ფაქტი ის არის, რომ „ნეილონ 66“-ის რესივერიც იყო დამზადებული პალსტმასისგან, რაც იმ დროისთვის იყო საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილება. ამიტომ პლასტმასის რესივერს გადაკრული ქონდა ზევიდან მეტალის თხელი გარსაცმი, რომელიც აძლევდა იარაღს უფრო ტრადიციულ იერსახეს.  „რემინგოტნის“ მიერ გამოყენებული ნეილონის მარკა კომერციული დასახელებით  Zytel 101 იყო შექმნილი რეკორდულად მოკლე ვადებში (4 თვე) და სპეციალურად ამ იარაღისთვის. პირველი სარეკლამო პროსპექტები ასახელებდნენ „ნეილონ 66“-ს, როგორც მომავლის იარაღს და ხაზს უსვავდნენ პლასტმასის გამოყენების დადებით მხარეებს, რომლებიც დღეს უკვე ყველასთვის ცნობილია. პლასტმასა კარგად უძლებს დარტყმებს, არის თბილი, არ იწოვს ნესტს და პრაქტიკულად ნეიტრალურია ყველა სამწენდი საშუალებების და ზეთების მიმართ. კარაბინის ინსტრუქციის თანახმად იარაღის დაზეთვაც კი საჭირო არ იყო, ვინაიდან პლასტმასა ქმნიდა მინიმალურ წინაღობას საკეტის შიგნით მოძრაობისას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ „რემინგტონი“ ცდიდა და ამოწმებდა ახალ იარაღს თითქმის 4 წელი, სანამ მას გაყიდვაში გაუშვებდა. ეს წარმოუდგენლად გრძელი პერიოდია, დღეს როდესაც მწარმოებლები რეგულარულად იჭრებიან ნედლი და ხარვეზებიანი იარაღის ნაადრევად გაყიდვაში გაშვებით. რა თქმა უნდა ასეთი სიფრთხილე განპირობებული იყო იმით, რომ ისედაც არატრადიციული იარაღის გაშვება გაყიდვაში იყო საკმაოდ დიდი რისკი, ამიტომ „რემინგტონში“ უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ იარაღს ექნებოდა საუკეთესო მახასიათებლები და მართლაც ამ შრომის საბოლოო შედეგი გამოვიდა ძალიან კარგი. იარაღი გამოვიდა მსუბუქი, ის იწონიდა მხოლოდ 1.8 კგ-ს, ითხოვდა მინიმალურ დეტალების მორგებას საბოლოო აწყობის დროს, დეტალების უმეტესობა იყო ნაშტამპი.  გარდა ამისა ახალი კარაბინი გამოდგა ზე-საიმედო.  ერთი ტესტირებისას „რემინგტონში“, ერთმა კარაბინმა ისროლა 75 000 ვაზნა ხოლო დაბრკოლებების წილმა შეადგინა სასაცილო 0.005%.  და ეს იყო მხოლოდ ერთი ტესტი იმ მრავალისგან, რომელიც 4 წლის განმავლობაში ჩატარდა, სანამ „რემინგტონში“ დარწმუნდნენ, რომ იარაღი მზად იყო და შეიძლებოდა მისი გაყიდვების დაწყება. ასეთი რამე დღეს წარმოუდგენლად გვეჩვენება იმის, ფონზე რომ აშშ-ის შტატების არმია მზად არის დახარჯოს ათობით მილიონი დოლარი პისტოლეტზე, რომელიც არც გამოუცდია. იმ განსხვავებულ ეპოქაზე მეტყველებს ასევე კონდახის შესრულების ვარიანტების დასახელებები, რომლებსაც „რემინგტონი“ სთავაზობდა მსროლელებს: ესენია  Mohawk Brown, Apache Black  და Seneca Green.  ინდიელების ეს ტომები დასახლებულები იყვნენ იმ მიწების ირგვლივ ილიონში, ნიუ-იორკი, სადაც მდებარეობდა „რემინგოტნის“ ქარხანა.

ყველაზე პირველი „ნეილონ 66“ იყო თვითდამტენი კარაბინი, კონდახში განლაგებული ცილინდრის ფორმის მჭიდით, რომელიც გათვლილიიყო 14 ვაზნაზე. კომერციული წარმატების შემდეგ ამ მოდელს დაემატა კარაბინები ბერკეტით და გრძივად მოძრავი საკეტით გადატენვის მექანიზმებით. სხვა მოდელებიც გამოვიდა “ნეილონის” კონდახებით, მაგრამ მათი წარმოება იწყებოდა და წყდებოდა და “ნეილონ 66″ აგრძელებდა ცხოვრებას.  ”ნეილონ” 66 ქონდა შესანიშნავი ნაკრები თვისებების. ზუსტი, საიმედო, გამძლე, კარგი სამიზნე მოწყობილობებით, საუკეთესო ერგონომიკით, სრული ზომის კონდახი ხდიდა იარაღს ძალიან ერგონომოულს, რა გასაკვირია რომ კარაბინმა საყოველთაო  მოწონება და პოპულარობა დაიმსახურა. აქიდან Mohawk Brown შავი მოსევადებით და ყავისფერი კონდახით იყო ყველაზე პოპულარული შესრულების ვარიანტი. სულ რემინგტონმა 1991 წლამდე ამ სერიის 1,050,350 ცალი კარაბინი გამოუშვა, რაც ნიშნავს, რომ „ნეილონის“ სერიის კარაბინები იყო ამ კომპანიის ყველაზე წარმატებული მცირეკალიბრიანი იარაღები.  ამჯერად ფასი მეორად “ნეილონ 66″-ებზე ცხადია ბევრად მაღალია ვიდრე თავდაპირველი 50 დოლარი.  მეორადი იარაღების ფასი 250-300 დოლარიდან იწყება, უხმარი და იშვიათი მოდელების ფასმა შეიძლება 1000 დოლარს გადააჭარბოს.

‘ნეილონ 66“-ის ისტორია კარგი ილუსტრაცია არის იმ ეპოქისთვის, როდესაც აშშ-ში წარმოების კულტურა, ინოვაციურობა და კრეატიულობა მიუღწეველ დონეზე იყო, ხოლო მწარმოებლები ბოლომდე ზრუნავდნენ საბოლოო მომხმარებელზე.

კვირის იარაღი – “M16A2″

Tuesday, August 1st, 2017

01292016-001-01

არა, ეს ის M16A2 არ არის, რომელიც თქვენ იფიქრეთ, შეიარაღებაში 80-ან წლებში მიღებული საბრძოლო შაშხანა გათვლილი ახალ ვაზნაზე, რომელიც იყენებდა ბელგიურ 62 გრანიან ტყვიას. სინამდვილეში ასე თავიდან ერქვა იარაღს, რომელიც კოლტმა წარუდგინა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ბევრად ადრე, ჯერ კიდევ 1969 წელს, როდესაც M16-ს შეექმნა პირველი პრობლემები ვიეტნამში. ძირითადი გამანსხვავებელი ნიშანი ამ იარაღის ის იყო, რომ ეს პროტოტიპი  იყო პირველი დგუშიანი AR-15 სისტემის იარაღი. კოლტის ქარხნული შიდა კლასიფიკაციით მას მიენიჭა ინდექსი 703 და ის წარმოადგენდა M16 და АК-47-ის თავისებურ ჰიბრიდს. პროტოტიპს ასევე მიენიჭა პირობითი დასახელება “M16A2” და ამ სახელით ის იქნა შეთავაზებული ამერიკელი სამხედროებისთვის, იმიტომ, რომ კოლტის აზრით ის უნდა გამხდარიყო M16A1-ის შემცვლელი. 703-ე მოდელი იყენებდა „კალაშნიკოვის“ ანალოგიურ დენთის აირების კამერას, ავტომატიკას გრძელი სვლით და კონდახში განთავსებულ საწმენდ ნაკრებს. M16-სგან მას ერგო ქვედა რესივერის პრაქტიკულად უცვლელი კონსტრუქცია, სროლის მეოთხე დამატებითი რეჟიმით, რომელიც ითვალისწინებდა სამ გასროილიან ფიქსირებულ ჯერს. გარდა ამისა დამატებით მას გააჩნდა რეგულირებადი დენთის აირების ბლოკი, რაც უზრუნველყოფდა საიმედოობას სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. განსხვავებით დღევანდელი დგუშიანი სისტემებისაგან რომელიც გამოიყენება AR-15-ის ტიპის იარაღებში, საკეტი 703-ე მოდელში მოძრაობდა მიმმართველებზე რაც გამორიცხავდა მის გადაბრეცას აპერში, პრობლემა რომელმაც თავი იჩინა პირველ ნაკრებებში, რომლებსაც გადაყავდა დგუშიან სისტემაზე AR-15-ები პიდაპირი შეფრქვევის სისტემით. ვინაიდან AR-15-ის საკეტის და აპერის კონსტრუქცია გათვლილია, იმაზე რომ დენთის აირების ენერგია გადაეცემა მას პირდაპირ ცენტრში, როდესაც საკეტის შიგნით ხვდება დენთის აირები და წარმოიშობა ავტმატიკის მუშაობისთვის საჭირო წნევა, ხოლო დგუშიან სისტემაში ენერგია საკეტს გადაეცემა დგუშის მეშვეობით რომელიც არის დაციილებული საკეტის ცენტრიდან. სწორედ ამ მიზნით საკეტი კოლტის ამ პროტოტიპში მოძრაობდა მიმმართველებზე, რომლებიც შესრულებული იყო აპერში. ასეთი მიმმართველები უზრუნველყოფდნენ საკეტის სწორ პოზიციონირებას აპერში და არ ხებოდა აპერის ან ბუფერის მილის ზედმეტი ცვეთა. ასევე «M16A2-ში“ დგუში არ წარმოადგენდა საკეტის მატარებლის განუყოფელ ნაწილს (როგორც „აკ“-ში) არამედ იყო დამაგრებული მასზე შტიფტით. არსებულ ინფორმაციით ცნობილია, რომ პროტოტიპი იყო მხოლოდ 180 გრამით უფრო მძიმე ვიდრე M16A1, აქიდან მოძრავი ნაწილების მასა მხოლოდ 130 გრამით გაიზარდა. ეს მონაცემები წარმოდგენილია კოლტის მიერ მაგრამ ჩემი აზრით ეს იარაღი ბევრად უფრო მძიმე იყო ვიდრე M16A1, დგუშის, მსხვილი დენთის აირების კამერის და მასიური აპერის წყალობით. სამაგიეროდ მისი კონსტრუქცია 20 ნაწილით ნაკლებს შეიცავდა.

დსფბსდ

დაშლილი მოდელი 703. სურათზე არის პირველი პროტოტიპი, კონდახში ღვედის გასაყრელით და ოთხ პოზიციანი სელექტორით. მეორე პროტოტიპში ამ გადაწყვეტილებებზე უარი ითქვა. 

1968 წელს პრინციპში უკვე იყო გასაგები რა გახდა მიზეზი სერიოზული პრობლემების M16-ებთან ვიეტნმაში დაცხადი იყო, რომ ეს პრობლემები ნაკლებად უკავშირდებოდა იარაღის კონსტრუქციას და მისი ავტომატიკის სქემას, არამედ მათი მიზეზი იყო დენთის მარკის ცვლილება, რამაც განაპირობა წნევის ზრდა, რასაც მოყვა სროლის ტემპის ზრდა და ეს ნეგატიურად აისახა იარაღის საიმედოობაზე და გამძლეობაზე. 1969 წლიდან, როგორც კი მოხდა პრობლემის მიზეზების იდენტიფიკაცია, M16 მეტ წილად გათავისუფლდა ყველა სერიოზული პრობლმისგან და ცხადია მოდელ 703-ის მიმართ ინტერესი გაქრა. კოლტმა სულ ორი პროტოტიპი შექმნა და აღარ დაბრუნებულა დგუშიან სქემასთან პრაქტიკულად 2000-ან წლებამდე, როდესაც აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალებმა არ მოითხოვეს ახალი საბრძოლო შაშხანა და კოლტმა მიიღი კონკურსში მონაწილეობა სამი პროტოტიპის წარდგენით. აქიდან Type C იყენებდა დგუშიან სქემას.

01292016-001-07

კოლტის Type C განსხვავებით მოდელ 703-სგან იყენებს დგუშს მოკლე სვლით, რის გამოც შენარჩუნებულია აპერის კომპაქტური გაბარიტები და შედარებით მცირე მასა.

საინტერესო ფაქტი ის გახლავთ რომ 1972 წელს სამხრეთ კორეამ დაიწყო საკუთარი კონსტრუქციის და წარმოების საბრძოლო შაშხანისკონსტრუირება და 1982 წელს შეიარაღებაში მიღებული Daewoo K2, რომელიც ძალიან გავს კოლტის ექსპერიმენტულ შაშხანას. ეს იარაღი დღემდე არის სამხრეთ კორეის შეიარაღებაში.

Daewoo-K2565

Daewoo K2

კვირის იარაღი – Mk12 SPR

Wednesday, June 14th, 2017

a10227eb8c6bbadaa

აშშ-ში MK12 შეიარაღებაში მიღებულ იქნა 2002 წელს, როდესაც ამერიკა უკვე ჩართული იყო გლობალურ ომში ტერორიზმის წინააღმდეგ, რამაც წარმოშვა მოთხოვნა ბევრ სპეციალიზირებულ ცეცხლსასროლ იარაღზე. იარაღის მწარმოებლები ხანდახან საკუთარი ინიციატივით და ხანდახან სახელმწიფო სტრუქტურების მოთხოვნით ქმნიდნენ ახალი ტიპის იარაღებს და აწვდიდნენ მათ შეიარაღებულ ძალებს ტესტირებებისთვის და შესწავლისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ თუ კონვენციონალური სამხედრო შენაერთები (არმიის, ფლოტის, საჰაერო ძალების) მეტ წილად კმაყოფილები იყვნენ საშტატო იარაღით სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობა მუდმივად ეძებდა ახალ იარაღებს, რომლებიც მისცემდმნენ მის მებრძოლებს უპირატესობას ბრძოლის ველზე. ამ პროცესის შედეგად ბევრი ახალი იარაღი გაჩნდა, რომელსაც უნდა ქონოდა უპირატესობა სტანდარტულ M4/M16 ტიპის იარაღებზე და საბოლოო ჯამში შეეცვლა ისინი შეიარაღებაში.  მათ შორის იყო H&K 416, Robinson Armament XCR, FN SCAR-L და SCAR-H  და ასე შემდეგ. ნაწილი ამ იარაღების ვერ გაცდა პროტოტიპის სტადიას, ნაწილი იქნა მიღებული შეიარაღებაში ხანმოკლე პერიოდით, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ უწევდა კონკურენციას ან უფრო სწორედ არ იძლეოდა გადამწყვეტ უპირატესობას გაუმჯობესებულ M4A1-ზე, რომელიც SOPMOD-ის ნაკრების წყალობით გახდა ნამდვილად უნივერსალური პლატფორმა და მეტ ნაკლებად სრულად აკმაყოფილებდა მოთხოვნილებების მთელ სპექტრს, რომელიც წაყენებული იყო ასეთი იარაღის მიმართ. სწორედ SOPMOD-ის პროგრამიდან იღებს სათავეებს, „გაზუსტებული“ 5.56 კალიბრის MK12 Special Purpose Rifle – სპეციალური დანიშნულების შაშხანის შექმნის ისტორია. იდეა ამ იარაღის შექმნის ეკუთვნის მარკ ვესტრომს (არმალაიტის მომავალ პრეზიდენტს), რომელიც ეყრდნობოდა სპეც დანიშნულების ძალების (კონკრეტულად მე-5 დაჯგუფების) სურვილს ქონოდათ ახალი “აპერი” უფრო დიდი ეფექტური სროლის მანძილით ვიდრე M4 და ამავდროულად უფრო კომპაქტური ვიდრე სტანდარტული M16, მათ შორის ახალი 5,56 კალიბრის მუხტის გამოყენებით. იარაღის შექმნა, აწყობა და ტესტირება მიმდინარეობდა საზღვაო ძალების სახმელეთო საბრძოლო მოქმედებების ქრეინის ცენტრში. თავდაპირველად ლულა უნდა ყოფილიყო 20 ინჩიანი მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით სახმელეთო ძალების სარდლობა უარს იძახდა 20 ინჩიანი ლულების შეძენაზე, რომლებიც ისედაც იყო დასაწყობებული, მაგრამ ცხადია საჭირო იყო არა სტანდარტული M16-ის ლულა არამედ უფრო მაღალი კლასის საასპარეზო დონის ლულა და ამიტომ გადაწყდა, რომ ლულის სიგრძე იქნებოდა 18 ინჩი, რაც შესაძლებელს გახდიდა მის შეძენას.  დენთის აირების სისტემის სიგრძე იყო 12 ინჩი, ისევე როგორც M16 ტიპის შაშხანაზე. საასპარეზო დონის ლულების მიმწოდებლად არჩეულ იქნა Douglas Barrels, Inc., რომელიც აწვდიდა ქრეინის ცენტრს  უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ სქელკედლიან ლულებს 1:7 ტვისტით. თავდაპირველად MK12 არ უნდა ყოფილყო დამოუკიდებელი პლატფორმა და იგეგმებოდა სპეციალურად აწყობილი აპერების დაყენება უკვე არსებულ სტანდარტულ ლოუერებზე, რისთვისაც გამოიყენებოდა უკვე არსებული სტანდარტული M4A1-ის და ჩამოსაწერად გამზადებული  M16A1-ის ლოუერები, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც MK12 მიენიჭა ცალკეული იარაღის ინდექსი, Precision Reflex Incorporated-მა (PRI)  დაიწყო მთლიანი იარაღების დამზადება. მინიმუმ ოთხი მოდიფიკაციის (გენერაციის) MK12 არსებობს თუმცა ოფიციალური კლასიფიკაციით ისინი დაჯგუფებულია ორ ტიპად Mod 0 და Mod 1, სადაც ძირითადი განსხვავება მათ შორის არის გამოყენებული თავისუფალი ტიბჟირების ტიპი, რომლებიც მზადდებოდა PRI-ს და Knight Armament-ის მიერ. უკანასკნელი ასევე იყო სათადარიგო, დასაკეცი სამიზნე მოწყობილობების მომწოდებელი, რომელიც ასევე ყენდებოდა ამ შაშხანაზე (MOD 1-ზე). იარაღს შეიძლებოდა ქონოდა როგორც სტანდარტული ა2 ტიპის ფიქსირებული კონდახი ისევე, LMT-ს წარმოების ტელესკოპური SOPMOD კონდახი. პირველი გამოიყენებოდა MK12-ზე იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო ჯერებით სროლის საშუალება, ანუ საჭირო იყო შაშხანის ბუფერის მილის და ბუფერის გამოყენება. როგორც კი საბრძოლო ნაწილებში ჩათვალეს, რომ ჯერებით სროლის შესაძლებლობა ასეთ იარაღში იყო ზედმეტი, დაიწყეს შაშხანებზე კარაბინის ბუფერის მილის გამოყენება, რონელზეც უკვე შესაძლებელი გახდა ტელესკოპური კონდახის დაყენებაც. სხვადასხვა დროს ამ იარაღზე გამოიყენებოდა სხვადასხვა ოპტიკური სამიზნეები, მაგრამ თავდაპირველი არჩევანი გაკეთდა Leupold-ის 3.5–10×40  LR M3 სკოპზე. ამ ოპტიკის შესწორების მექანიზმი სპეციალურად გათვლილია MK262 mod1 ვაზნის ბალისტიკაზე. Blackhills-ის წარმოების MK262 MOD 1 წარმოადგენს მაღალი კლასის, საასპარეზო სიზუსტის მქონე ამუნიციას, რომლის შექმნაც მიმდინარეობდა MK12-ის შექმნის პარალელურად. იარაღი ასევე კომპლექტებოდა OPS Inc.-ის მაყუჩით, რომელიც ამავე კომპანიის ალმქრობ-კომპენსატორზე ყენდებოდა. სადგარი იყო Harris-ის წარმოების.  ბუნებრივია ზუსტი შაშხანა წარმოუდგენელია საასპარეზო სასხლეტის გარეშე და საბოლოო არჩევანი გაკეთდა Knight Armament-ის ორ საფეხურიან საასპარეზო სასხლეტის მოდულზე. განსხვავებით სხვა იარაღებისგან, რომელიც შეიქმნა იმ პერიოდში სპეც. დანიშნულების ნაწილების და ჯარის მოთხოვნით, MK12 აღმოჩნდა წარმატებული და ხანგრძლივი პროექტი. “სიერას”  77 გრანიანი ტყვიის ტერმინალური ბალისტიკა და სიზუსტე გამოდგა ბვერად უკეთესი ვიდრე M855-ის, შედარებით დაბალი გასროლის ხმის და ლულის ალის გამო, კარგად გაწვრთნილ მსროლელს შეეძლო ეფექტურად და შეუმჩნევლად ცეცხლის წარომება 600-700 მეტრამდე მანძილზე, დადასტურებული მკვლელობები მოხდა 850 მეტრზეც, თუმცა უფრო ხშირად ეს მანძილი იშვიათად აღემატებოდა 400-500 მეტრს. დეტალების მაქსიმალური თავსებადობა, აადვილებდა იარაღის მომსახურებას და შეკეთებას ხოლო საბრძოლო შენაერთებმა მიიღეს ერთ ბაზაზე (AR15) შექმნილი იარაღების ჯგუფი, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად ფარავდა მათ მოთხოვნილებებს მსუბუქ ცეცხლსასროლ იარაღში. Mk18 10 ინჩიანი ლულით ახლო მანძილებზე სამუშაოდ, M4A1 მძიმე SOPMOD ლულით უზრუნველოფდა საჭირო საცეცხლე ძალას და სიზუსტეს საშუალო დისტანციებზე და MK12 წვდებოდა სამიზნეებს, რომლებიც M4-ის ეფექტური სროლის მანძილის მიღმა იყვნენ განლაგებული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ახალი Mk12-ის შეძენა უკვე აღარ ხდება, მაგრამ იარაღი დღემდე იმყოფება შეიარაღებაში და აქტიურად გამოიყენება. გამომდინარე ამ იარაღის კარგი საბრძოლო რეპუტაციიდან და იმ ფაქტიდან, რომ ის გამოჩნდა რამდენიმე გახმაურებულ ბლოკბასტერში, რამდენიმე კომპანია უშვებს MK12-ის სამოქალაქო კლონებს. შეიძლება ითქვას რომ MK12 არის თავისებური სუბ-კულტურა თავისი უამრავი მიმდევარით ზოგადად AR-15-ის მოყვარულთა შორის.

SPRC

MK12 Leupold-ის სკოპით, LMT-ს კონდახით, PRI-ს ტიბჟირით. ტიპიური Mod 0 კონფიგურაცია თუ არ ჩავთვლით დასაკეც კონდახს. ასეთი კონდახების დაყენება ხდებოდა უშუალოდ საბრძოლო ნაწილებში.

 01082016-001-01

MK12 Mod 1 KAC-ის ტიბჟირით და Ops. Inc-ის მაყუჩით

 BCM-URG-Mk12-1 RAS-3

BCM-ის წარმოების MK12-ის სამოქალაქო კლონი SPR Mk 12 Mod Bravo 1R

კვირის იარაღი – Colt Python

Friday, April 28th, 2017

Python_1

1955 წელს სამი მნიშვნელოვანი რამ მოხდა რევოლვერის მოყვარლთათვის, კოლტმა განაახლა ლეგენდარული „პისმეიკერების“ წარმოება, სმიტ&ვესონმა გამოუშვა .44 მაგნუმის კალიბრის რევოლვერი მოდელი 29 და მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა ისევ კოლტს უკავშირდება, რომელმაც ამ წელს გამოუშვა რევოლვერი, რომელიც ისევე არის ასოცირებული .357 მაგნუმთან როგორც სმიტ&ვესონის მოდელი 29 არის ასოცირებული .44 მაგნუმთან. თუ ჯერ ვერ მიხვდით, 1955 წელს კოლტმა დაიწყო სახელგანთქმული კოლტ „პიტონის“ წარმოება.  წოდებული იარაღის მოყვარულების მიერ, როგორც „როლს&როისი“ რევოლვერებს შორის სინამდვილეში კოლტის ისტორიკოსმა რ.ლ. ვილსონმა მას უფრო მოკრძალებულად უწოდა „როლს&როისი“ კოლტის რევოლვერებს შორის, ხოლო  იარაღების ცნობილი ისტორიკოსი იენ ჰოგი მას უწოდებდა საერთოდ ყველა დროის ყველაზე საუკეთესო რევოლვერი.  

იდეა „პიტონის“ შექმნის ეკუთვნის კოლტის ერთ-ერთ მსხვილ დილერს, რომელიც აკვირდებოდა როგორ აუმჯობესებდნენ მსროლელები არსებული კოლტის რევოლვერებს და მან ჩათვალა, რომ მძიმე, ძლიერი მაღალი ხარისხის სერიული წარმოების რევოლვერი საასპარეზო იარაღის თვისებებით კარგად გაიყიდებოდა თუნდაც, ძალიან მაღალი ფასის მიუხედავად. კოლტში იდეა მიჩნეულ იქნა როგორც პერსპექტიული და ახალი რევოლვერის შექმნაზე პასუხისმგებელ პირად დაინიშნა კოლტის გამოცდილი კონსტრუქტორ ელ გიუნტერი.   აგებული .38 კალიბრის ოფიცრის საასპარეზო მოდელის (Officers Match Model) ბაზაზე, „პიტონის“ („პიტონი“ იყო მეორე რევოლერი კოლტის რევოლვერების სიაში გველის სახელწოდებით, .38 კალიბრის „კობრას“ შემდეგ და ლეგენდის თანახმად ამ სახელის იდეა ეკუთვნოდა კოლტის იმჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტს ფილ შვარცს) კონსტრუქცია იყო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და გაძლიერებული იმისთვის, რომ რევოლვერს გაეძლო უფრო ძლიერი კალიბრისთვის, რომელიც უნდა ყოფილიყო ავი .357 მაგნუმი, ხოლო ის ფაქტი რომ ასევე შეასძლებელი იქნებოდა უფრო სუსტი და იაფი .38 „სპეშელის“  გამოყენება კოლტის მარკეტოლოგების აზრით გაზრდიდა რევოლვერის უნივერსალურობას და შესაბამისად ხელს შეუწყობდა კარგ გაყიდვებს. გაძლიერდა ჩარჩოს კონსტრუქცია, ფირფიტა რომელშიც გადიოდა დამრტყმელი (ამჯერად განთავსებული ჩარჩოში და არა ჩახმახზე) ამოღებულ იქნა კონსტრუქციიდან და გახდა ჩარჩოს განუყრელი ნაწილი, გასქელდა ლულა, რომელზეც შესრულდა დოლურას ღერძის სრული სისქის გარსაცმი და დამატებით ლულის ზევიდან, სპეციფიური იერსახის თამასა სავენტილაციო ნასვრეტებით, რაც გახდა „პიტონის“ დიზაინის ყველაზე თვალში საცემი ელემენტი. აღნიშნული თამასის გაჩენა რევოლვერზე მისი კონსტრუქტორების განმარტებით გაჩნდა მხოლოდ, როგორც ესთეტიური დეტალი და არანაირი პრაქტიკული დატვირთვა მას არ ქონდა.  ცხადია როლს&როისის სტატუსს ეს რევოლვერი ასე ტყვილ-უბრალოდ ვერ დაიმსახურებდა. რევოლვერი იყო დახვეწილი კონსტრუქციის და უმაღლესი შესრულებით. კოლტს დაჭირდა ახალი დაზგების შეძენაც, რომლებიც შეძლებდნენ რევოლვერის რთული გეომეტრიის დეტალების დამზადებას უჟანგავი ფოლადის ნაჭრებისგან, იმიტომ რომ არსებული დაზგები ნაადრევად იცვითებოდნენ. ყველა დეტალი იყო გაპრიალებული, როგორც გარედან ისე შიგნიდან. „პიტონებს“ აწყობდნენ მხოლოდ საუკეთესო ოსტატები, რომლებსაც ჭირდებოდათ ჩვულებრივზე უფრო მეტი დრო იმისთვის, რომ აეწყოთ და შეემოწმებინათ ეს რევოლვერი. პირველი ორი წლის განმავლობაში „პიტონებს“ აწყობდა მხოლოდ ორი ოსტატი, რის გამოც 1955 წელს აიწყო მხოლოდ ერთი, ხოლო მომდევნო წელს მხოლოდ 300 რევოლვერი. ასევე „პიტონზე“ კოლტმა პირველად გამოიყენა დაფარვა, რომელსაც მათ უწოდეს “Colt Royal Blue”. რევოლვერი პრიალდებოდა მანამდე სანამ ზედაპირი არ ხდებოდა სარკესავით პრიალა, ისევე როგორც მაშინ როდესაც ხდებოდა იარაღის ნიკელით დაფარვის დროს მაგრამ ამის ნავლად ხდებოდა პიტონების ოქსიდირება. ყველაფერი ამის შედეგად, „პიტონი“ გახდა პრაქტიკულად სერიული წარმოების შეკვეთით დამზადებული იარაღი, შეუდარებელი ყურადღებით დეტალებისადმი. ოქსიდირებას მალევე დაემატა ნიკელით დაფარვა, ხოლო უკანასკნელი შემდგომ შეიცავალა უჟანგავი ვარიანტით სამი შესრულებით, „მქრქალი“, „გაპრიალებული“ და „ელიტარული გაპრიალება“. ლულების სიგრძის მიხედვით გამოდიოდა 2.5-ინჩიანი (6.4 cm), 3-ინჩიანი  (7.6 cm), 4-ინჩიანი  (10 cm), 6-ნინჩიანი  (15 cm) და 1980 წლიდან 8-ინჩიანი (20 cm) მოდელები საიდანაც 3 ინჩიანი მოკლე „პიტონი“ არის შედარებით იშვიათი. ხელმისწვდომი იყო ასევე გრავირებული მოდელები, ყველაზე უბრალოს ფასი ორჯერ უფრო მაღალი იყო ვიდრე სტანდარტული შესრულების რევოლვერის და შემდგომ ფასი უკვე შეზღუდული იყო დამკვეთის ფანტაზიით. კოლტი სხვადასხვა დროს ექსპერიმენტირებდა სხვადასხვა კალიბრის „პიტონებით“, მაგრამ სერულად ის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ორ კალიბრში, თავდაპირველ „.357 მაგნუმში“ და შემდგომ მოკრძალებულ „.38 სპეშელში“.  საასპარეზო იარაღის „ჟანრის ტრადიციებიდან“ გამომდინარე „პიტონს“ ასევე ქონდა საუკეთესო სასხლეტი, რომელიც შეიძლება შეგხვდეთ მხოლოდ შეკვეთით, ინდივიდუალური წესით დამზადებულ იარაღში. ყველაფერი ამის წყალობით „პიტონი“ გარდა იმისა, რომ გახდა კომერციულად წარმატებული კოლტის პროექტი, ის ასევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი იარაღი ისტორიაში.

ცნობილი ექსპერტი და რევოლვერების დიდი ქომაგი მასად აიუბი ხსნის „პიტონის“ პოპულარობას სამი ფაქტორით: სიზუსტე; ბალანსი; შესრულება. მისი აზრით „პიტონი“ იყო (და ალბათ არის), ყველაზე ზუსტი .357 კალიბრის ხელის იარაღი, რაც მიღწევა მაღალი ხარისხის ლულით და ოპტიმალური ტვისთით (1:14), რომელიც უზრუნველყოფს ოპტიმალურ სიზუსტეს, როგორც „რბილ“ საასპარეზო ასევე „ცხელ“ თავდაცვით მუხტებთან. გარდა ამისა კოლტის მექანიზმი უზურნველყოფდა დოლურას საიმედო ფიქსაციას ლულასთან მიმართებაში და ტყვიის “გადასვლას” სავაზნიდან ლულაში ერთნაირად გასროლიდან გასროლამდე.  წონის განაწილება და ქარხნულად დაყენებული მძიმე ლულა, უზრუნველყოფს კარგ ბალანსს და წონის გადანაწილებას, რომელიც კარგად შთანთქავს უკუცემას. რევოლვერის შესრულებაზე უკვე გიამბეთ და რამის დამატება ზედმეტია.

მიუხედავად მაღალი ფასისა, რის გამოც მხოლოდ რამდენიმე პოლიციიის სამსახურმა შეიძინა „პიტონები“, მოთხოვნა ამ რევოლვერზე სამოქალაქო ბაზარზე იყო იმდენად მაღალი, რომ კოლტის პრეზდიდენტის ელ ვერნერის სიტყვებით, მოთხოვნა „პიტონზე“ ვერ დაკმაყოფილდებოდა, თუნდაც კომპანიას ორჯერ გაეზარდა მისი წარმოება.

„პიტონის“ წარმოება გრძელდებოდა 2000-ან წლებამდე, სანამ კოლტის ახალი ხელმძღვანელი არ გახდა ყოფილი გენერალი უილიამ კეისი. მან  (შეცდომით) გადაწყვიტა გადაეტანა მთელი ფოკუსი სამხედრო და სახელმწიფო კონტრაქტებზე და ამიტომაც მნიშვნლოვნად შეამცირა სამოქალაქო იარაღების ნომენკლატურა. „პიტონის“, „ანაკონდას“ და „პისმეიკერის“ წარმოება შეწყდა.  თუმცა მას მერე, რაც „პიტონის“ სერიული წარმოება შეწყდა, ის 2004 წლამდე კვლავ მზადდებოდა შეკვეთით, მცირე რაოდენობით. გამომდინარე იქიდან, რომ თუნდაც 50-ნი წლების სტანდარტებით, როდესაც ხელით მუშაობა იყო ნორმამ  „პიტონი“ითხოვდა მეტ შრომას და მაღალი კვალიფიკაციის ოსტატებს, ნაკლებად სავარაუდოა როდესმე აღდგეს ამ რევოლვერის წარმოება, ამიტომ დღეს ეს რევოლვერი არის საკოლექციო იარაღი და მისი ფასი აშშ-ში იწყება 2000 დოლარიდან ყველაზე გავრცელებულ მოდელებში და ადის 7-8 ათასამდე შედარებით იშვიათ სტანდარტულ მოდელებზე. ცხადია გრავირებული და არასტანდარტული მოდელების ფასი გაცილებით მაღალია.  

კოლტ „პიტონი“ უდაოდ არის ლეგენდარული ისტორიული იარაღი და კარგი მაგალითი, რისი მიღწევის შესაძლებლობა ქონდა ამერიკის იარაღის წარმოებას გასული საუკუნის 50-ან, 60-ან წლებში  და რამდენად მაღალი იყო წარმოების კულტურა ამ ქვეყანაში და თუ გნებავთ განასახიერებს, იმას რაც ასე ძალიან აკლია იარაღის თანამედროვე წარმოებას.

rickclint

 

თუ .44 მაგნუმი ყოველთვის იქნება ასოცირებული სმიტ&ვესონის მოდელ 29-თან და კლინტ ისტვუდის განსახირებულ ბინძურ გარისთან, .357 მაგნუმი ასოცირებულია კოლტ „პიტონთან“ და ალბათ რიკ გრაიმსთან სერიალიდან Walking Dead.

კვირის იარაღი – “როდეზიული ბრაუნინგი”

Monday, March 20th, 2017

ალბათ უმეტესობას ვინც ჩემ ბლოგს კითხულობს და მონადირეების აბსოლუტურ უმეტესობას გაგონილი აქვს ბრაუნინგ აუტო-5-ის შესახებ. პირველი წარმატებული და მასობრივად წარმოებული თვითდამტენი თოფი, რომლის კონსტრუქციის ავტორი, ჯონ ბრაუნინგი თვლიდა მას თავის საუკეთესო ქმნილებად. უკიდურესად გამძლე, საიმედო და დახვწილი კონსტრუქციის აუტო-5 გამოდიოდა თითქმის 100 წელი. თოფის მთავარი დანიშნულება იყო ნადირობა, ის იყენებდა გადატენნვისთვის ლულის უკუცემის ენერგიას და შესაბამისად არ გააჩნდა დენთის აირების სისტემა. მისი გამძლეობის და სიმარტივის გამო ეს იარაღი ასევე აქტიურად გამოიყენებოდა როგორც პოლიციის ასევე სამხედროების მიერ. 60-ნი წლების ბოლოს ბელგიურმა FN-მა მიაწოდა სამხრეთ აფრიკას აუტო-5-ის ტიპის 12 კალიბრის თოფების პარტია, რომლებიც განსხვავდებოდა სხვა მოდიფიკაციებისგან უჩვეულოდ გრძელი მჭიდით, რომელიც იტევდა 7 (ზოგი წყაროს მიხედვით 8) ვაზნას და ბოლომდე დაფარული/დაცული იყო მასიური ხის ტიბჟირით რაც აძლევდა ამ იარაღს სპეციფიურ იერსახეს. ასევე თოფის განსაკუთრებულ თვისებებს განეკუთვნეებოდა მჭიდის ბლოკირატორით (ნაჩვენებია სურათში), რომელიც იძლეოდა საშუალებას თოფიდან სროლის, საექსტრაქციო ფანჯარაში ცალი ვაზნის ხელით მოთავსებით. ბლოკირატორის მოხსნა ათავისუფლებდა მჭიდს და მსროლელის განკარგულებაში ჩნდებოდა 7/8 დამატებითი ვაზნა. ეს თოფები მოგვიანებით მოხვდა როდეზიაში სადაც აქტიურად გამოიყენებოდა ე.წ. ბუშის ომებში (bush wars), რომლებიც მიმდინარეობდა 1964 წლიდან 1979 წლამდე არაღიარებულ როდეზიას (ეხლანდელი ზიმბაბვე) შორის რომელიც სარგებლობდა სამხრეთ აფრიკის მხარდაჭერით და ორი ნაცინალისტური პარტიის სახმედრო ფრთებს შორის რომლებიც სარგებლობდნენ მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერით და იყენებდნენ მათ ტერიტორიას, როგორც პლაცდარმს როდეზიის ტერიტორიაზე ოპერაციების განხორციელებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ 12 კალიბრის თოფების გამოყენება მცირე ზომის შენაერთებში და ახლო მანძილზე საბრძოლო მოქმედებებში უკვე კარგად იყო დაცდილი ბევრად ადრე, მაგრამ როდეზიელებმა გადმოიღეს აღნიშნული ტაქტიკა ინგლისებელისგან რომლებიც წარმატებულად იყენებდნენ 12 კალიბრის იარაღებს (მათ შორის გადაჭრილ აუტო5-ებს) სამხრეთ აზიაში, მალაიას კამპანიაში, რომელიც დამთავრდა 1960 წელს კომუნისტების დამარცხებით. მიღებული საბრძოლო გამოცდილების თანახმად, მცირე ქვეითი პატრულის პირველი ჯარისკაცები იარაღდებოდნენ 12 კალიბრის თოფით, რომელიც დატენილი იყო კარტეჩით. ასეთი იარაღი უზრუნველყოდა დიდ საცეცხლე ძალას უეცარი კონტაქტისას ჯუნგლებში, რომელიც ხდებოდა უკიდურესად მოკლე დისტანციებზე. შესაბამისად როდეზიელები, რომლებიც აღმოჩდნენ იგივე მდგომარეობაში დაინტერესებულები იყვნენ მიეღოთ შეიარაღებაში გამძლე 12 კალიბრის თოფები, რომლებიც გაუძლებდნენ ქსპლუატაციას საბრძოლო მოქმედებების პირობებში და მოითხოვდნენ მინიმლაურ მომსახურებას და შეკეთებას. გამომდინარე იქიდან რომ არაღიარებულ როდეზიაში იარაღის იმპორტი იყო ძალიან რთული, სწორედ სამხრეთ-აფრიკიდან, პრაქტიკულად არალეგალურად, აუტო-5-ები განკუთვნილი სამხრეთ-აფრიკის უსაფრთხოების სამსახურებისთვის მოხვდა როდეზიაში, სადაც ის წარმატებულად გამოიყენებოდა როდეზიელების მიერ და ომის შემდეგ ეს თოფები დაბრუნდა საწყობებში და გაიყიდა. გრძელი და მასიური მუხისგან დამზადებული ხის ტიბჟირი კარგად იცავდა მილისებრი ფორმის მჭიდს დაზიანებებისგან, ხოლო თოფი იმდენად გამძლე გამოდგა, რომ ხანგრძლივი ომის შემდეგ მათი ნაწილი დაბრუნდა სამოქალაქო მიმოქცევაში. კონკრეტულად 500-მდე ერთეული გაიყიდა აშშ-ში და რამდენადაც ცნობილია თოფები მიუხედავად იმისა რომ ატარებენ ცვეთის ნიშნებს და გარეგნულად შელახულებია, მაინც იდეალურად მუშაობენ, ხის კონდახი და ტიბჟირი პრაქტიკულად ყოველთვის ორიგინალია და როგორც წესი არ არის დაბზარული. ასევე იარაღები როგორც წესი მთლიანად ორიგინალურ მდგომარეობაშია რაც ერთის მხრივ მეტყველებს დამზადების ხარისხზე რომელიც უკვე იშვიათად გვხვდება დღეს და მეორეს მხრივ იმათ მომზადებაზე და დისციპლინაზე ვინც იყენებდა ომში ამ იარაღს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ როდეზიული სამხედრო ნაწილები, განსაკუთრებით სკაუტები და ე.წ. როდეზიული მსუბუქი ფეხოსნები გამოირჩეოდნენ მაღალი პროფესიონალიზმით და მომზადებით. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ქონდათ არც რაოდენობრივი უპირატესობა და არც უპირატესობა საცეცხლე ძალაში, მათ მიაღწიეს შთამბეჭდავ ეფექტურობას. დაახლოებით 1600 დაღუპულ როდეზიელ ჯარისკაცზე მოდიოდა 10 000-ზე მეტი მოკლული მოწინააღმდეგე. ტაქტიკა რომელსაც იყენებდნენ როდეზიელები იმდენად წარმატებული გახდა რომ გავლეენა სხვა ქვეყნების მიერ მცირე ზომის შენაერთების ტაქტიკის ევოლუციაზე და გარდა ამისა შექმნა ახალი ტიპის შეიარაღების სისტემები, კონკრეტულად სპეციალური ჯავშან-მანქანები, ნაღმებისგან დაცვის მაღალი ხარისხით. ცხადია, რომ იარაღის დეფიციტის პირობებში, მის მოვლასაც ექცეოდა სათანადო ყუარადღება, რისი წყალობითაც ეს გარკვეულწილად უნიკალური იარაღი, ცნობილი როგორც “როდეზიული ბრაუნინგი” შემორჩა ჩვენ დღემდე და აქტიურად გამოიყენება მათი იღბლიანი მფლობელების მიერ.

ps ერთადერთი რასაც ვერ ვხვდები, ჯუნგლებში ომის დროს როგრო არ გარკავდნენ იმ პაწაწინა ხრახნებს რომლებითაც აწყობილია თოფი. როგორც ჩანს იმ დროს თოფებსაც სხვანაირად აწყობდნენ და ხალხიც სხვანაირი იყო….

fder07

კვირის იარაღი – Colt Z40.

Monday, February 27th, 2017

ეს ნახევრად-ავტომატური პისტოლეტი არის შედეგი ორი ცნობილი მწარმოებლის „ალიანსის“ რომელიც იმ დროს არც ისდე დიდიხნის წინ ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ შეთანხმება რომელზეც ვსაუბრობთ დაიდო 1998 წელს ამერიკულ კოლტსა და ჩეხურ CZ-ს შორის. სულ რაღაც 8 წლის წინ კაპიტალისტური კოლტი ვერასდროს ვერ იმუშავებდა ერთად სოციალისტური ბანაკის ქვეყნის იარაღების მწარმოებელთან, მაგრამ მადლობა ღმერთს საბჭოთა კავშირი დაიშალა და მასთან ერთად სოციალისტური ბანაკიც, ჩეხოსლოვაკია ორ დამოუკიდებელ ქვეყანად გაიყო, და CZ-ს მიეცა საშუალება ძალები მოესინჯა თავისუფალ ბაზარზე. როგორც ხვდებით ამ დავალებას ჩეხებმა წარმატებით გაართვეს თავი და დღეს CZ-ს ადგილი უკავია ცეცხლსასროლი იარაღების მსხვილ და ცნობილ მწარმოებლებს შორის.  ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენ საკმაოდ იშვიათ და ნაკლებად ცნობილ პისტოლეტს. მიზეზი ამ პისტოლეტის გაჩენის იყოს “კოლტის” ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომელშიც ის ჩავარდა 90-ან წლებში. მოგეხსენებათ “კოლტის” წინა მცდელობები შეექმნა თანამედროვე ორმაგი მოქმედების პისტოლეტი სრული კრახით დასრულდა და არც Double Eagle და არც All American არ გახდა კომერციულად წარმატებული პროექტები და უნდა ითქვას, რომ მექანიკური თვალსაზრისითაც ეს პისტოლეტები არაფრით არ გამოირჩეოდნენ. ამას დაემატა წარუმატებლობა OHWS-ს პროგრამაში, რომელიც შეგახსენებთ მიზნად ისახავდა სპეციალური დანიშნულების ნაწილისთვის ახალი პისტოლეტის შექმნას და სადაც გერმანულმა ხეკლერ&კოხმა დაამარცხა კოლტი. სწორედ ამიტომ კოლტმა მიმართა CZ-ს, დახმარებისთვის, იმიტომ, რომ საკუთარი რესურსი შეექმნა კიდევ ერთი ახალი პისტოლეტი მას უბრალოდ აღარ ქონდა. რეალურად “კოლტის” ერთადერთი შემოწირულობა ამ ახალ პროექტში იყო სიტყვიერი თხოვნა CZ-ს გუნდისთვის, რომ ახალი პისტოლეტის ვიზუალი ყოფილიყო M1911-ის მსგავსი. მეტი არაფერი. ახალ პისტოლეტზე მუშაობა მთლიანად და დამოუკიდებლად მიმდინარეობდა CZ-ს წარმოებაზე. პისტოლეტის დიზაინის ავტორი იყო ვოიტეკ ანდერლე, რომელსაც ეკუთვნის CZ 100-ის დიზაინი, ხოლო პისტოლეტის „შიგნეულობაზე“ მუშაობდა რადეკ ჰაუერლანდი მომავალში CZ2075 Rami-ს ერთ-ერთი კონსტრუქტორი. ახალი პისტოლეტის ავტომატიკის სქემა და მოწყობილობა მთლიანად იყო აღებული СZ-75-სგან. იერსახით პისტოლეტი უფრო გავდა ზომაში გაზრდილ Rami-ს ვიდრე კოლტის რომელიმე პისტოლეტს, თუმცა სამაგიეროდ Z-40-ს ქონდა M1911-ის ტარის კუთხე. პისტოლეტი იყენებდა მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს, ორ რიგიან თორმეტ ვაზნიან მჭიდს და რაც მთავარია მისი კალიბრი იყო .40S&W, რომელიც იმ დროს ახალ და პერსპექტიულ კალიბრად ითვლებოდა. შესაბამისად თავიდან გათვლილი ძლიერ ვაზნაზე, პისტოლტი საკმაოდ დიდი და მძიმე გამოვიდა. სულ 800-მდე პისტოლეტის გამოშვება მოხერხდა, როდესაც “კოლტმა” გააუქმა შეთანხმება და ცალმხრივად დატოვა პროექტი. პროექტის შეწყვტის მიზეზი იყო, ის რომ Z-40-ს არ გაუმართლა გამხდარიყო “კოლტის” პარალელური პროგრამის სატესტო იარაღი. პროგრამის რომელიც ითვალისწინებდა „ჭკვიანი“ იარაღის შექმნას, რომელიც მოახდენდა მსროლელის იდენტიფიცირებას და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდოდა საბრძოლო მდგომარეობაში. ბუნებრივია წავიდა შეტევა ჩვეულებრივ იარაღზე და არ ვიცი, ალბათ “კოლტში” ჩათვალეს რომ იდეა კანონით აეკრძალად ჩვეულებრივი იარაღები და შემდგომ შეეთავაზებინა სხვებს თავისი „გამოსავალი“, “ჭკვიანი” Z-40-ის სახით, უზრუნველყოფდა კომპანიის ნათელ მომავალას. რა გასაკვირია სასროლოსნო საზოგადოებამ პირიქით ჩათვალა და “კოლტის” ამ მცდელობას მოყვა ძალიან ცუდი გამოხმაურება. ვის უნდა რომ მისი იარაღი კონტროლირდებოდეს რაღაც უხილავი რადიო ტალღებით? ამის გამო “კოლტმა” დახურა ეს პროგრამა და რადგანაც Z-40 იყო ამ პროგრამის სახე (კოლტის „ჭკვიანი“ იარაღის პროტოტიპად გამოყენებული იყო Z-40) მიახურა ისიც. ასე შეეწირა სხვაგვარად ტექნიკურად აბსოლუტურად გამართული იარაღი “კოლტის”, მოდით ასე ვთქვათ ტრაკის თამაშს. კოლტმა არ გაანადგურა პისტოლეტების პირველი პარტიები და მთლიანად გადასცა ის გასაყიდათ სადილეროს ABN Sports. პისტოლეტები იყიდებოდა კოლტის ინსტრუქციებით, კოლტის საფირმო ლურჯ პლსტმასის კეისებში დაახლოებით 500 დოლარად. უნდა ვივარაუდოთ რომ, რაც უფრო მეტი ხალხი იგებს ამ პისტოლეტზე მათი ფასი ბევრად გაიზრდება. CZ თავის მხრივ 2000 წლამდე უშვებდა ამ პისტოლეტს ინდექსით CZ40b და ამჯერად დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი იყო კლასიკური, ორმაგი მოქმედების, როგორც უმეტესობა სხვა CZ-75 პისტოლეტებზე.

 

16938762_2282002508690951_560070620502515119_n

16864413_2282002518690950_2340343153367161785_nუკანა პლანზე არის CZ40b

 

 

კვირის იარაღი – H&K Mk23 Mod 0

Monday, November 14th, 2016

mk23123

Mk23-ის კომერციული ვარიანტი  

შექმნილი აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობის მოთხოვნების და სპეციფიკაციების მიხედვით, გერმანული სუპერ პისტოლეტი არის უნიკალური და ყოველმხრივ შთამბეჭდავი იარაღი. ამასთანავე ის არის პირველი .45 კალიბრის იარაღი რომელიც მიიღეს შეიარაღებაში აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში M1911-ის შემდეგ. ჩაფიქრებული, როგორც “თავდასხმითი შეიარაღების სისტემა” კომპლექტი შედგებოდა თავად პისტოლეტისაგან, საპრესორისგან და ლაზერული დამიზნების მოდულისგან. მისი მიწოდება საბრძოლო ნაწილებში დაიწყო 1996 წელს. Mk23-ის უნიკალურობას განსაზღვრავს პირველ რიგში ის რომ ეს პისტოლეტი თავიდანვე იქმნებოდა იმ პირობით რომ გაუძლებდა ექსპლუატაციას მხოლოდ “ცხელი” +p კატეგორიის .45 ACP ვაზნების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში მისი რესურსი გეგმიურ შეკეთებამდე უნდა ყოფილიყო და არის არანაკლებ 30 000 გასროლა. გეგმიური რემონტის შემდეგ (რაც გულისხმობს გარკვეული დეტალების გამოცვლას) მისი ძირითადი ნაწილების რესურსი კვლავ უნდა ყოფილიყო 30 000 გასროლა. ტესტირებებმა დაადგინეს რომ პისტოლეტის სიზუსტე 30 000 გასროლის შემდეგ კვლავ იყო უკეთესი ვიდრე ამას დამკვეთი ითხოვდა. 25 მეტრის მანძილზე ქარხნული წესით დამზადებული პისტოლეტი ისროდა პრაქტიკულად ტყვიას ტყვიაში, საპრესორით და მის გარეშე. მოთხოვნა, 2000 გასროლა დაბრკოლებებს შორის გადაჭარბებით შესრულდა და შეადგინა 6027 გასროლა. Mk 23-ის კონსტრუქციულ თავისებურებებს წარმოადგენდა დაპატენტებული უკუცემის იმპულსის შემცირების მექანიზმი, რომელიც წარმოადგენდა მექანიკურ ბუფერს და ამცირებს უკუცემის იმპულსს, შესაბამისად დატვირთვას იარაღზე და ამავე დროს ხდიდა სროლას უფრო კომფორტულს. ამ მექანიზმის წყალობით Mk23-ის და მისი უმცროსი ძმის USP-ს ჩარჩოს რესურსი პრაქტიკულად ამოუწურავი გახდა. შესანიშნავ სიზუსტეს უზრუნველყოფდა, როგორც დამზადების უმაღლესი ხარისხი, ასევე ლულაზე წამოცმული რეზინის რგოლი, რომელიც უზრუნველყოფდა გასროლიდან გასროლამდე ლულის ზუსტ განლაგებას საკეტთან მიმართებაში. აღნიშნული რგოლის რესურსი 20 000 გასროლაა და მის შეცვლას უნდა სულ რამდენიმე წამი. ასევე პისტოლეტი იყო აღჭურვილი ღილაკით რომელიც უზრუნველყოფდა ჩახმახის უხმო შეყენება-დაშვებას. მიუხედავად იმისა, რომ ხეკლერ&კოხმა წარმატებით გაართვა თავი ამ დავალებას და დაამარცხა კონკურსში ერთადერთი კონკურენტი “კოლტის” სახით, როგორც ეს ყოველთვის ხდება ხოლმე, ჩაისვარა საბიუჯეტო ორგანიზაციამ, რომელმაც მოითხოვა იარაღი, რომელიც ჯარისკაცს სინამდვილეში არ ჭირდებოდა. მიჩვეულები 9მმ-ან “ზიგებს” და “ბერეტებს”, რომლებიც Mk23თან შედარებით კომპაქტური იარაღებია, უკანასკნელმა დაიმსახურა “ჯგუფური იარაღის” სტატუსი თავისი გაბარიტების გამო და მხოლოდ შეზღუდული გამოყენება ნახა. ხეკლერ&კოხში მიხვდნენ რომ იგივე თვისებების მქონე მაგრამ უფრო კომპაქტურ იარაღზე დიდი მოთხოვნა იქნებოდა 1998 წელს გამოუშვეს H&K USP 45 Tactical, რომელიც აკეთებდა ყველაფერს რასაც Mk23, მათ შორის ქარხნული კომპლექტაციით ეგრევე მზად იყო საპრესორის გამოყენებისთვის და ამავე დროს ბევრად უფრო კომპაქტური იყო. მიუხედავად ამისა უნდა აღინიშნოს რომ არც Mk 23 Mod 0-ის სამოქალაქო ვერსია არ იყიდებოდა ცუდათ. დიდი ფასის მიუხედავად (1800 დოლარი და ის ბუნებრივია იყიდებოდა საპრესორის და ლაზერული დამიზნების მოდულის გარეშე) ხეკლერ&კოხი ყიდდა სამოქალაქო ბაზარზე იმდენ Mk23-ს რამდენის გამოშვებასაც ასწრებდა. უდაოდ შეიძლება ჩაითვალოს რომ Mk23 არის დღეს ყველაზე ზუსტი, გამძლე, საიმედო და გამოცდილი სერიული წარმოების პისტოლეტი მსოფლიოში.

 

კვირის იარაღი: РПД

Saturday, October 15th, 2016

კვირაში ერთხელ ჩვენ გიამბობთ მოკლედ საინტერესო იარაღების მოდეკებზე. 

 

14633723_2160500944174442_1658127855016652688_o

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს რუსებისთვის, РПД (Ручной Пулемет Дегтярева) იყო საკმაოდ ინოვაციური იარაღი თავისი დროისთვის, მაგრამ ინოვაციური ის იყო არა კონსტრუქციით არამედ თავისი პარამეტრებით. ეს იყო ერთ-ერთი თუ არა ყველაზე პირველი ტყვიამფრქვევი, რომელიც იყენებდა შუალედურ ვაზნას და იკვებებოდა ფირის საშუალებით. ბევრი რამ, მათ შორის ავტომატიკის სქემა ერგო მას მისი წინამორბედისგან, ДП-ს ტიპის ტყვიამფრქვევისგან. ავტომატიკის სქემა იმეორებდა შვედი კონსტრუქტორის მიერ დაპატენტებულ ფარფლებიან ჩაკეტვის სქემას, რომელიც ასევე იყო გამოყენებული ДП-ში. РПД-ს კალიბრი იყო 7.62×39. მიღებული შეიარაღებაში 1945 წელში, მისი სრულფასოვანი სერიული წარმოება დაიწყო მხოლოდ 1953 წლიდან. РПД იყო სტანდარტული მსუბუქი ტყვიამფრქვევი საბჭოთა ჯარში სანამ ის არ შეცვალა კალაშნიკოვის კონსტრუქციის РПК-მ, რომელიც მეტი არაფერი იყო თუ არა კალაშნიკოვის ავტომატი სქელი, გრძელი ლულით და ორ-ფეხათი. ახალ ტყვიამფრქვევში ამჯერად ადრინდელ ДП-სგან განსხვავებით ტელესკოპური დამაბრუნებელი ზამბარა იყო განლაგებული საკეტის უკან და არა ლულის ქვეშ, რაც გამორიცხავდა მის გადახურებას და დაზიანებას. იარაღი ასევე გამოირჩეოდა სიმარტივით (მაგალითად დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი იძლეოდა მხოლოდ ჯერებით სროლის საშუალებას) და აქიდან გამომდინარე საიმედოობით, მაგრამ მას ასევე ქონდა თავისი ნაკლოვანებები რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კონსტრუქცია ფიქსირებული ლულით, რაც ზღუდავდა ტყვიამფრქვევის ეფექტურობას უწყვეტი სროლის რეჟიმში. რეკომენდირებული სროლის ტემპი იყო 100 გასროლა წუთში. გადახურების დროს ხის ტიბჟირს ეკიდებოდა ცეცხლი რაც ერთგვარი გაფრთხილება იყო რომ იარაღი გაცდა რეკომენდირებული სროლის ტემპს. ამერიკელებმა გამოცადეს ვიტენმაში ხელში ჩაგდებული საბჭოთა ტყვიამფრქვევები აბერდინის პოლიგონზე და ასევე დაადგინეს რომ 7.62 კალიბრის ვაზნას არ ქონდა საკმარისი ენერგია რომ ფირის მიწოდების მექანიზმს ემუშავა საიმედოთ განსაკუთრებით მის დაზიანების და დაბინძურების შემთხვევაში. დაზიანებისგან და დაბინძურებისგან ფირის დაცვის მიზნით РПД-ში გამოიყენებოდა მრგვალი დოლის ფორმის კონტეინერი, რომელიც მაგრდებოდა ტყვიამფრქვევზე ხოლო შიგნით თავსდებოდა 100 ვაზნიანი ფირი. იარაღი ასევე აღჭურვილი იყო დენთის აირების რეგულატორით რომელიც კოროზიული ვაზნების გამოყენების და არასაკამარისი მოვლის შემთხვევაში უბრალოდ იჭედებოდა და მისი გახსნა საველე პირობებში იყო პრაქტიკულად შეუძლებელი. მიუხედავად ამისა, სწორი მომსახურების და სუფთა და დაუზიანებელი ფირების გამოყენებისას ტყვიამფქვევი საიმედოთ მუშაობდა რაც გამოშვებულ ტყვიამფრქვევის დიდ რაოდენობასთან ეერთად განაპირობა მისი ფართო გავრცელება. მისი წარმოება საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა თავის დროზე დანიელების მიერ აშენებულ კოვროვის ქარხანაში, მაგრამ ასევე РПД-ს უშვებდნენ ჩინეთში, ჩრდილო კორეაში, პოლონეთში და ასევე არც ისე დიდი ხნის წინ სამოქალაქო ბაზრისთვის აშშ-ში რაც განაპირობა ის ფაქტი რომ ამ იარაღს დღემდე აქტიურად იყენებენ სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში დედამიწის სხვადასვხა კუთხეებში.

 

 

დღის იარაღი: Garand M1C

Tuesday, August 30th, 2016

14199297_2128310810726789_2953589914782898321_n

Garand M1C მიღებული შეიარაღებაში 1944 წელს, არის 30-06 კალიბრის გარანდის სისტეემის ნახევრად-ავტომატური შაშხანის სნაიპერული ვერიანტი. იმ დროისთვის დასავლური ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლებოდა სტანდარტული საბრძოლო შაშხანების “კონვერტაცია” სნაიპერულ იარაღში. აღნიშნული ხორციელდებაოდა გადარჩეულ შაშხანებზე ოპტიკური სამიზნეების მონტაჟით და მათი ერგონომიკის გაუმჯობესებით, რაც მეტ წილად გამოიხატებოდა უფრო მოხერხებული კონდახების და სალოყეების გამოყენებაში. კონსტრუქციიდან გამომდინარე გარანდის შაშხანა იტენებოდა ვაზნების შეკვრებით, რომლებიც თავსდებოდა იარაღში ზევიდან, რაც ცხადია შეუძლებელს ხდიდა ოპტიკური სამიზნის განლაგებას იარაღის ზევიდან. აქიდან გამომდინარე და ჯარის მოთხოვნების შესაბამისად ოპტიკა იარაღზე განთავსდა მარცხენა მხარეს. M1E7 ტიპის ოპტიკის სამაგრი იქნა არჩეული (წარმოებული Griffin & Howe-ს მიერ) ხოლო ოპტიკური სამიზნე იყო Lyman-ის მიერ დამზადებული მოდელი Alaskan, 2.2 გადიდებით (სამხედრო ინდექსი M81). აღნიშნული კომბინაციაში Garand M1C იყო ეფექტური 500 მეტრამდე მანძილზე. იდეაში ამ იარაღს უნდა შეეცვალა სპრინგფილდის M1903A4 ტიპის სნაიპერული შაშხანა და რიგი სხვა სისტემების, რომლებიც გამოიყენებოდა ჯარში მაგრამ ეს არ მოხდა. M1C თავიდან აღმოჩნდა “პრობლემური შვილი” და გარდა იმისა, რომ მისი პოტენციალი, როგორც სნაიპერული სისტემის არც ისე მაღალი იყო, მთელი რიგი პრობლემები წამოიჭრა ამ მოდიფიკაციის იარაღის წარმოებისას. ასე მაგალითად შაშხანის დამზადებისას სალულე კოლოფის/რესივერის და ოპტიკის სამაგრსი წრთობა ხდებოდა ერთად რაც იწვევდა რესივერის დეფორმაციას. ასევე პრობლემას წარმოადგენდა დაშვებების შენარჩუნბა იარაღის ძირითადი ნაწილების წარმოებისას, რაც ნიშნავდა რომ ყოველი კომპონენტი იარაღის უნდა გადარჩეულიყო და ხელით გაზომილიყო იმის დადასტურებისთვის რომ ეს დეტალი შეესაბამებოდა სპეციფიკაციებს. ამის გამო ნაცვლად 21 ათასი შაშხანის მაგივარდ მეორე მსოფლიო ომის დრს დამზადდა მხოლოდ 7 ათასი, თუმცა უმეტესობა პრობლემების ნელ-ნელა გადაიჭრა წარმოების პროცესში. ამის გამო მეორე მსოფლიო ომის დროს სნაიპერული “გარანდების” გამოყენება არ იყო მასობრივი. M1C მომავალში დაემატა მოდელი M1D, ხოლო სხვაობა ორ იარაღს შორის იყო ოპტიკის დაყენების განსხვავებულ მეთოდი, სადაც მოდელ “D”-ში ოპტიკა მაგრდებოდა ერთ წერტილზე, გვერდიდან პირდაპირ ლულის უკანა ნაწილზე, სავაზნესთან და ლულა ახალ მოდელში იყო უფრო სქელ კედლიანი. 1945 წლიდან სნაიპერულ “გარანდებზე” დამატებით ყენდებოდა კონუსური ფორმის ლულის მოწყობილობა რომელიც ამცირებდა ლულის ალს და ართულებდა სნაიპერის აღმოჩენას. 1952 წელს აშშ-ის საზღვაო ფეხოსანთა კორპუსმა M1C მიიღო შეიარაღებაში როგორც სტანდარტული სნაიპერული შაშხანა ინდექსით MC52. ამჯერად იარაღი იყო აღჭურვილი “Kollmorgen”-ის მიერ წარმოებული ოპტიკური სამიზნით ოთხჯერადი გადიდებით. ორივე მოდიფიკაციის სნაიპერული ვარიანტების წარმოება გაგრძელდა კორეის ომის დროს და ამ ომში მოხდა სნაიპერული “გარანდების” პირველი და უკანასკნელი მასობრივი გამოყენება. ნაწილი სნაიპერული “გარანდების” იყენებდა “ახალ” M84 ტიპის ოპტიკურ სამიზნეს, რომელიც გამოირჩეოდა უკეთესი გამძლეობით მაგრამ იყო არაადეკვატურად სუსტი 2.2 გადიდებით. ასევე კორეის ომის დროს ხდებოდა კომერციული შაშხანების და ოპტიკური სამიზნეების გამოყენება დიდი ეფექტურობით, ასე მაგალითად მეიარაღე კაპიტანი და კარგი მსროლელი უილიამ ბროფი ხშირად სტუმრობდა წინახაზებს საკუთარი სანადირო “ვინჩესტერ M70″ ტიპის შაშხანით, რომელზეც ეყენა კომერციული, Unertl-ის წარმოების ოპტიკური სამიზნე ათჯერადი გადიდებით. ამ იარაღიდან ის ანადგურებდა კორეელ და ჩინელ ჯარისკაცებს 800-1000 მეტრის მანძილებზე და ასე ახდენდა ამ ტიპის იარაღის ეფექტურობის დემონსტრირებას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უკვე ცხადი იყო რომ სნაიპერებს ესაჭიროებოდათ სპეციალიზირებული სნაიპერული სისტემა ძლიერი ოპტიკით და შაშხანი გრძივად მოძრავი საკეტით, შეიარაღებული ძალების სარდლობა ეწინააღმდეგებოდა ახალი სისტემის იარაღის შეიარაღებაში მიღებას. 1959 წელს “გარანდის” შაშხანი მოიხსნა შეიარაღებიდან. მიუხედავად ბევრი ნაკლოვანებისა რომელიც ახასიათებდა ამ იარაღს, “გარანდი” იყო პირველი მასობრივი წარმოების, ზომიერად საიმედო და ეფქტური ნახევრად ავტომატური საბრძოლო შაშხანა რის გამოც ის დამსახურებული სიყვარულით სარგეებლობს იარაღის და სროლის ენთუზიასტებს შორის.

 

14141579_2128310620726808_4137430134743675831_n

 

 

14199671_2128310887393448_6319232477701846318_n